კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რაოდენობით თანხის აღება უკავშირდება იაპონიის პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანის ფინანსურ სკანდალს და რა აღიარა მან დამანგრეველ მიწისძვრამდე ერთი დღით ადრე

„იაპონელები არ შეუშინდებიან გამოწვევას და ქვეყანას თავიდან ააშენებენ, თუნდაც ყველაფერი ნულიდან იყოს დასაწყები”, – ნაოტო კანს, ქვეყნის არსებობის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია იაპონიის პრემიერმინისტრობა. ამომავალი მზის ქვეყანას კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს – მიწისძვრა, რომელმაც მიწასთან გაასწორა რამდენიმე ქალაქი; ცუნამი, რომელიც მხოლოდ ფილმ-კატასტროფებში თუ ჰქონდა ნანახი პლანეტის მოსახლეობას და ბირთვული სადგურის „ფუკუშიმა 1-ის” ავარია, რომელმაც მსოფლიოს საზოგადოებას „ჩერნობილის” კატასტროფა გაახსენა. ნაოტო კანის, იაპონიის რიგით 94-ე პრემიერ-მინისტრის ბიოგრაფიის ყველაზე საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ ამჯერად.

* ნაოტო კანი 1946 წელს იაპონიის დასავლეთში, იამანასის პრეფექტურის ქალაქ უბეში, ადგილობრივი ბიზნესმენის ოჯახში დაიბადა. 1965 წელს ტოკიოს კოიამა-დაის სკოლის დამთავრების შემდეგ, კანი ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის გამოყენებითი ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მისი ბიოგრაფიის არაოფიციალურ ვერსიაში აღნიშნულია ფაქტი, რომ 1968 წელს, იგი მასობრივ სტუდენტურ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა, როგორც მემარცხენე რადიკალების ფრთის ლიდერი. 1970 წელს ნაოტო კანმა ინსტიტუტში სწავლა დაასრულა და დააარსა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია. 1971 წელს მან პატენტის საკითხებში ადვოკატის ლიცენზია მიიღო, ხოლო 1974 წელს საპატენტო ბიურო გახსნა.

* ნაოტო კანის პოლიტიკური კარიერა 1974 წელს დაიწყო, როდესაც იგი სათავეში ჩაუდგა იაპონიის ფემინისტური მოძრაობის ლიდერის, ფუსაე იტიკავის საარჩევნო შტაბს, რომელთან ერთად გამარჯვებასაც მიაღწია. 1976, 1978 და 1979 წლებში ის იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატის მანდატისთვის იბრძოდა არჩევნებზე, თუმცა სამივეჯერ წარუმატებლად. 1980 წელს კანი პარლამენტის დეპუტატი გახდა და სამთავრობო პარტიის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი სოციალ-დემოკრატების ფრაქციას შეუერთდა. ეს ის ფრაქცია გახლდათ, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი 1977 წელს თვითონ იყო. მოგვიანებით, კანი კიდევ არაერთხელ იყო არჩეული პარლამენტში, ხოლო 1996 წელს იგი ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მინისტრად დაინიშნა რიუტარო ჰასიმოტოს მინისტრთა კაბინეტში. პარალელურად კი, იაპონიის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა. მინისტრობისას კანმა სახელი გაითქვა იმით, რომ კორუფციული სქემა ამხილა. ამ სქემით ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებს, სისხლის ბანკის დაზოგვის გამო, შიდსით დაავადებული ადამიანების სისხლს უსხამდნენ.

* 1999 წელს ნაოტო კანი იძულებული შეიქნა იაპონიის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, რადგან მის სახელს ორი გახმაურებული სკანდალი უკავშირდებოდა: პირველი – აღმოჩნდა, რომ კანს გადახდილი არ ჰქონდა აუცილებელი გადასახადი სახელმწიფო საპენსიო ფონდში, ხოლო მეორე სკანდალი კანისა და ცნობილი იაპონელი ტელეწამყვანის, იუკო ტონომოტოს შესაძლო რომანს უკავშირდებოდა. პრეზიდენტის პოსტის დატოვების მიუხედავად, კანმა პარტიის მდივნის პოსტი შეინარჩუნა და მხოლოდ 2001 წელს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ამბობენ, რომ პარტიის პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, ნაოტო კანმა სინანულის ნიშნად თავი გადაიპარსა და სიკოკუს კუნძულის 88-ე ბუდისტურ ტაძარში გაემგზავრა პილიგრიმად.

* პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან, სულ ცოტა ხანში, ნაოტო კანმა იაპონიის მთავრობის სახელით სენსაციური განცხადება გააკეთა. კანმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში კორეელ ერს 1910-1945 წლების გამო. იმ წლებში იაპონიას, ფაქტობრივად, ოკუპირებული ჰქონდა კორეის ნახევარკუნძული. კანმა ბოდიში მოუხადა თითოეულ კორეელს, იაპონელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამო და სინანული გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საჯარო ბოდიში იაპონიის მთავრობამ ოკუპაციის დაწყებიდან ასი წლის თავზე მოიხადა.

* 2011 წლის 10 მარტს, დამანგრეველ მიწისძვრამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა აღიარა, რომ უცხოეთის მოქალაქისგან მიღებული ჰქონდა გარკვეული თანხა შემოწირულობის სახით, რაც იაპონიის კანონმდებლობის თანახმად, უმძიმესი დანაშაულია და ამან შესაძლოა, კანს პრემიერის პოსტი დააკარგვინოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, კანი არ აპირებს გადადგომას, რადგან ფულის აღების მომენტში, მან არ იცოდა, რომ ადამიანი, რომელმაც გაიღო თანხა იაპონელი არ იყო. „მას ჰქონდა იაპონური სახელი და გვარი, მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ ის ჩვენი მოქალაქე არ იყო“, – განუცხადა ჟურნალისტებს კანმა. ოფიციალურად უცნობია, თუ რა თანხაზეა საუბარი. თუმცა, იაპონური გაზეთ „ასაჰი შიმბუნის” ვერსიით, თანხა 12,5 ათას დოლარს შეადგენს და ის ნაოტო კანის ფონდმა 2006-2009 წლებში მიიღო. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია შეექმნა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს სეიძი მაეჰარას, რომელმაც სამი ათასი დოლარი მიიღო სამხრეთ კორეის მოქალაქისგან შემოწირულობის სახით, ამის გამო მას პოსტის დატოვება მოუხდა.

* იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა დიმიტრი მედვედევის ვიზიტს კურილიის კუნძულებზე „უპატიებელი შეურაცხყოფა” უწოდა. შეგახსენებთ, რომ კურილიის ოთხი კუნძული: იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი რუსეთსა და იაპონიას შორის დავის საგანია 1945 წლიდან, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა ეს იაპონური მიწები მიისაკუთრა. ნაოტო კანმა ტოკიოში გამართულ მიტინგზე, რომელიც 2010 წლის ნოემბერში შედგა და მედვედევის ვიზიტს „უპატიებელი შეურაცხყოფა” უწოდა, რუსეთის მთავრობას მოუწოდა დაუბრუნონ იაპონიას ისტორიული მიწები. აღსანიშნავია, რომ კანის განცხადებამ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია კრემლში. საინტერესოა, რომ აღნიშნული დაპირისპირების ფონზე, მიწისძვრიდან მეორე დღეს, მედვედევი კანს დაუკავშირდა და დახმარებისთვის მზადყოფნა აღუთქვა.

* ნაოტო კანი დაქორწინებულია. მის მეუღლეს ნობუკო ჰქვია და მათ ორი შვილი ჰყავთ. მათგან უფროსი – გენტირო ორჯერ: 2003 და 2005 წლებში ცდილობდა, იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატაში მოხვედრას, თუმცა ორივეჯერ წარუმატებლად. თავისუფალ დროს ნაოტო კანი იაპონური ეროვნული თამაშით – გოთი ირთობს თავს, ხოლო ალკოჰოლური სასმელებიდან იგი, იაპონურ – სეტიუს ანიჭებს უპირატესობას. ტემპერამენტული ხასიათის გამო, ნაოტო კანს ხალხმა – „ირა-კანი” შეარქვა, რაც სიტყვასიტყვით „გამაღიზიანებელ კანს” ნიშნავს.


скачать dle 11.3