კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

„ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ იწვევენ საუკეთესო ქალებში ინტერესს გამოუსწორებელი ნაძირლები.”


გვამი პირდაპირ ასფალტზე ეგდო, პირდაღმა, თითქოს ვიღაცისთვის სახეში შეხედვის რცხვენიაო. უცებ ვერც მიხვდებოდით, იქვე, ადგილზე მოკლეს, თუ უკვე მკვდარი მიიტანეს და დააგდეს, თუმცა გამვლელებისთვის ამას ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა. „რა თქმა უნდა! – იტყვით თქვენ, – ისინი ხომ გვამის დანახვამ დაზაფრა და შოკში ჩაყარა!“ როგორი გულუბრყვილობაა! ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ ჩვენს საზოგადოებას ჩვეულებრივი გვამი შოკში ჩააგდებს, თუნდაც ეს გვამი პირდაპირ შუა ქუჩაში იყოს გაშხლართული, ტანთ მხოლოდ საბანაო ტრუსი ემოსოს და მათხოვრის, ან მაწანწალა ლოთის შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებდეს?! იქნებ, კარგიც იყოს, რომ ასე გამოვიბრძმედეთ, გამოვიწრთეთ და შევეჩვიეთ სიკვდილს, ძალადობას, ყოველგვარ სისაძაგლეს?! ვინ იცის. მაგრამ, მთავარი ეს არ არის, მთავარი გვამია – ტრუსისამარა მამაკაცი, ქალაქის პრესტიჟულ უბანში, ხალხმრავალ ქუჩაზე პირქვე ჩამხობილი, მოკლული ან გარდაცვლილი. ერთი შეხედვით ძნელია, რამე თქვა. შეიძლება, თავი მოიკლა – ამოუტრიალდა „შარიკი” და ტყვია იკრა შუბლში; ან, მეშვიდე, მერვე, მეცხრე... მოკლედ, რომელიღაც სართულიდან ისკუპა. მაგრამ, არა, ეს ვერსია გამორიცხეთ. ჩვეულებრივი გვამი იყო და, რადგან გამვლელთა შეძრწუნება კი არა, მხოლოდ ინტერესი გამოიწვია, „სპეცეფექტების” გარეშე უნდა ყოფილიყო გარდაცვლილი. რაც, ჩვეულებრივ, თან ახლავს ხოლმე თვითმკვლელობას „მაღალი პილოტაჟიდან”. ერთი სიტყვით, ქალაქში მორიგი უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა მოხდა.

***

მარიკა ცალ ფეხზე ხტუნვით შევარდა სასადილო ოთახში, სადაც მთელი ოჯახი მშვიდად სვამდა ჩაის დილის ეთერის წამყვანების ჟღურტულის ფონზე და მთელი ხმით იყვირა:

– მომილოცეთ! მეშველა! როგორც იქნა, მეღირსა! გაჭრა ჩემმა ხვეწნა-მუდარამ. დღეიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, გესმით? შეიცვლება! იმედი თითქმის გადამეწურა, რომ ჩემს თხოვნას ყურადღებას მიაქცევდნენ და საერთოდ, ჩამთვლიდნენ ყურადღების ღირსად. ასეთი გაოცებული სახეებით რატომ მიყურებთ, არ გიხარიათ?

პირველად ოჯახის უფროსი, მარიკას მამა, ბატონი ზურაბი მოეგო გონს. ცოლს გამამხნევებლად გაუღიმა და შვილი მაგიდასთან მიიპატიჟა:

– მარიკუნა, იქნებ ჩვენთან ერთად დამჯდარიყავი. გესაუზმა და უფრო გასაგებად აგეხსნა, რა უნდა გვიხაროდეს?

– რა უნდა გიხაროდეთ? აქამდე ვერ მიხვდით? მამ, მომისმინე! შენ ხომ იცი, როცა იურიდიულზე ვაბარებდი, რაც მაინტერესებდა, მკვლელობები იყო.

– ღმერთო ჩემო! ეს ის გოგო არ არის, ექიმობაზე კატეგორიული უარი რომ განაცხადა, სისხლის დანახვას ვერ გავუძლებო?! – ამოიოხრა ქალბატონმა თათამ. ტყუპ ქალიშვილებს მზრუნველად შეუსწორა წინსაფრები და ერბოკვერცხიანი თეფშები უფრო ახლოს მიუჩოჩა.

– არა, დე, შენ არ გესმის, ეს სულ სხვა რაღაცაა. მე იმას ვერ ვიტან, სისხლი ცოცხალ ადამიანს რომ მოსდის, თანაც საოპერაციო მაგიდაზე, თორემ, მკვლელობა, გვამი – არაჩვეულებრივად საინტერესოა.

– ზურაბ, უთხარი, გაჩუმდეს, ბავშვებს აშინებს! – სერიოზულად გაბრაზდა ქალი.

– დედაშენი მართალია. დილაუთენია, ამათთან მკვდრებზე, სისხლსა და საშინელებებზე ლაპარაკს თუ მოვერიდებით, აჯობებს. რამდენჯერ გითხარი, დილა სასიამოვნო ინფორმაციით უნდა დაიწყო-მეთქი. მით უმეტეს, ძალიან პოზიტიური დღე გექნება, თუ საუზმეს ნეგატიურ ახალ ამბებს არ „დააყოლებ” დესერტად. რაც, ჩვენი ტელემაუწყებლობის მონდომების წყალობით, პრაქტიკულად შეუძლებელია – მაუწყებლობას პირდაპირ ცუდი ამბით იწყებენ. დღესაც ვიღაც მოუკლავთ.

– სწორედ ეგ არის ჩემი სიხარულის მიზეზი! – წამოიძახა მარიკამ და თვალები გაუბრწყინდა, – ჰო, მაგ გვამმა ჩემი სანუკვარი ოცნებისკენ გამიხსნა გზა!

– არა, მეტის ატანა აღარ შემიძლია! ზურა, ბავშვებს დღეს მე წავიყვან ბაღში, საღამოსაც მე გამოვიყვან. შენ და შენმა ქალიშვილმა კი, ისიამოვნეთ გვამებზე და მოკლულებზე ლაპარაკით, – თათამ ტყუპებს ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გაათრია.

ზურაბმა შემრიგებლურად გაუღიმა შვილს:

– არ გაბრაზდე, ნაწილობრივ მეც ვეთანხმები დედაშენს, მაგრამ, პატივს ვცემ შენს არჩევანს და მიხარია, შენი პროფესია ასე რომ გიყვარს. აბა, რისი თქმა გინდოდა? ოღონდ, ჯერ ჩაი დაისხი.

– არა რა, არ მშია. ისეთი გახარებული ვარ, ისეთი, რომ... მოკლედ, ასისტენტად ამიყვანეს. ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ გამომძიებლის თანაშემწე ვიქნები. კრიმინალურ საქმეთა დეპარტამენტში უნდა წავიდე.

– ჩაი დალიე და მე წაგიყვან. რადგან ტყუპები არ მყავს ბაღში წასაყვანი, შენ მოგემსახურები.

– არ არის საჭირო, მანქანა მომაკითხავს. დრო თითქმის არ მაქვს, სასწრაფოდ უნდა ჩავიცვა, ჩაის დალევასაც ვერ ვასწრებ.

ზურამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი:

– არა, არა, ასე არ ივარგებს, რომ ყოველ დილით უჭმელ-უსმელი გახვიდე სახლიდან.

– მხოლოდ დღეს, მამიკო, რა! ერთი სული მაქვს, საქმეში როდის ჩავერთვები. გპირდები, პირველი შესაძლებლობისთანავე შევჭამ რამეს, საღამოს კი ყველაფერს მოგიყვები.

– კარგი. ისე, ერთ დროს მეც მაინტერესებდა კრიმინალისტიკა.

გოგოს თვალები გაუბრწყინდა:

– ვიცოდი, ვიცოდი, რომ ეს სიყვარული გენეტიკური იყო! მე ისედაც შენ გგავარ ყველაფერში, – მარიკა მამას მოეხვია.

– არა, არა. გენეტიკა არაფერ შუაშია. ჩემი არჩევანი ჩვილ ბავშვთა ქირურგიაა, შენი – მკვლელობების გამოძიება. წარმატებებს გისურვებ. შენი მობილური რეკავს, მგონი მოგაკითხეს. მშიერი არ იყო, იცოდე!

***

– მოკლული ძალადობის ნიშნების გარეშე, – წაღიღინებასავით ჩაილაპარაკა ექსპერტმა. საკმაოდ სიმპათიურმა, ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობის მამაკაცმა და რეზინის ხელთათმანები გაიხადა, – ამ ეტაპზე მოვრჩი, შეგიძლიათ, პროზექტურაში გადაიყვანოთ, დანარჩენს იქ მივხედავ.

– მოიცა, ეს რას ნიშნავს? აგათა კრისტის მოთხრობები ჩვენც წაგვიკითხავს. შენ ის მითხარი, კონკრეტულად რისი თქმა შეგიძლია, – შეიჭმუხნა მთავარი გამომძიებელი.

– კონკრეტულად? – ექსპერტმა ხელები გაშალა, – მეტი კონკრეტულობა რაღა გინდა? – მოკლულია, მაგრამ ძალადობის კვალი არ ჩანს.

– აბა, რითი ამტკიცებ, რომ მოკლულია? იქნებ, თავი მოიკლა?

– ბატონო თემო, რა ეტყობა ახლა ამას, რომ თავს მოიკლავდა? თვითმკვლელები ასე არ გამოიყურებიან, – გაიცინა ექსპერტმა და ხელი მრავალმნიშვნელოვნად შემართა. მერე თავის ოდნავ შესამჩნევი გაქნევით იქვე, გვამისგან ოდნავ მოშორებით ჩაცუცქულ მარიკაზე ანიშნა: – ეს ვინ არის?

გამომძიებელმა ხელი წყრომით ჩაიქნია.

– არ მკითხო. სტაჟიორია, მაინც „შემომტენეს”. იციან, როგორ ვერ ვიტან ახალგამოჩეკილ, შეუბუმბლავ ბარტყებთან მუშაობას, მაგრამ... ერთი შეხედე, ამან რა უნდა გამოიძიოს, ვიტრინის თოჯინას ჰგავს.

ექსპერტმა მუშტრის თვალით შეათვალიერა გოგო და ერთი სიტყვით შეაფასა:

– მშვენიერია!

– ჰო, შენ რა გენაღვლება, მე გამიბურღავს ტვინს შეკითხვებით. ესე იგი, შენ ამბობ, რომ ეს თავს არ მოიკლავდა?

– სავარაუდოდ, ასეა. ის, ვინც საკუთარ თავზე ასეა შეყვარებული, რეციდივისკენ მიდრეკილი ვერ იქნება: შეხედე, როგორი მოვლილ-ნაფერები ხელები და ფრჩხილები აქვს და მთლიანობაში იმ ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, საკუთარი სიამოვნებისთვის არც დრო და არც ფული რომ არ ენანება.

– ეს მხოლოდ ვარაუდია, – მოიღუშა გამომძიებელი.

ექსპერტმა თავი დაუქნია:

– რა თქმა უნდა. დასკვნას საღამოსთვის მოგაწვდი. ისე, მეც არ ვიტყოდი უარს ასეთ სტაჟიორზე ძალიან მონდომებული ჩანს.

– ჰოდა, მეც სწორედ ეგ მაღიზიანებს. თუ ასე გშურს, შენც აიყვანე სტაჟიორი, ვინ დაგიშალა?

– ბატონო თემურ, არ იცოდით, რომ სასამართლო ექსპერტიზა მოდაში აღარ არის? აღარავის უნდა თავი მოიკლას გროშების სანაცვლოდ.

– კარგი, კარგი, გეყო წუწუნი.

– მე და წუწუნი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ, ფაქტია – ჩვენი პროფესიის ადამიანები ადრე იხოცებიან.

– არც გამომძიებლები ვართ უკვდავები.

– რა შედარებაა, ბატონო თემურ, რა შედარებაა! თქვენ ჟურნალისტები მაინც გწყალობენ და, აი, ასეთი მშვენიერი სტაჟიორები შემოგციცინებენ თვალებში. ჩვენი საზოგადოება კი გვამებია. მართალია, საინტერესო „მოსაუბრეები” არიან, მაგრამ ცოცხლებთან ურთიერთობა მაინც გაცილებით უკეთესია.

გამომძიებელმა არაფერი უპასუხა, ექსპერტის ნათქვამზე ფიქრობდა. გვამს მექანიკურად ჩააშტერდა ხელებზე. მერე მარიკას მიუბრუნდა.

– თქვენ რომელ კურსზე ხართ?

– მეოთხეზე, – სწრაფად, ბეჯით მოსწავლესავით უპასუხა გოგომ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ჩემი პირველი დავალება ასეთია; ხომ დაინახე, გარეთ ჟურნალისტების მთელი ჯარი რომ იდგა? რამე უნდა მოიფიქრო და, როცა გავალ, ერთიც აღარ უნდა დამხვდეს იქ.

მარიკას სახე შეეცვალა, მაგრამ, ვერც შეკამათება გაბედა და ვერც უკმაყოფილების გამოთქმა. წყენა თავისთვის დაიტოვა და უხალისოდ გაემართა კარისკენ.

– თავს ნუ შეაძულებ ამ გოგოს, – უთხრა ექსპერტმა გვამთან დახრილ გამომძიებელს.

– არა უშავს, ბავშვებს წყენა მალე გაუვლით ხოლმე. შოკოლადს ვუყიდი და შემირიგდება.

– ბავშვი? ეს არის ბავშვი? მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი ასეთ „ბავშვთან,” თუმცა, შენი საქმეა. მოკლედ, წავედი და გვამს პროზექტურაში დაველოდები. ისე, ჯობდა, პირველი დათვალიერება ადგილზე მომეხდინა.

– არ გამომივიდა, პირდაპირ შუა გზაზე იყო გახიდული და მოძრაობას აფერხებდა. შენს ჩამოსვლასაც არ დაადგა საშველი.

– ჰო, ქალაქგარეთ ვცხოვრობ და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით – ფორმალინით გაჟღენთილ ჩემს ფილტვებს მეტი სუფთა ჰაერი სჭირდება. ვინაობა უკვე დაადგინეთ?

– ვმუშაობთ.

– იმუშავეთ, იმუშავეთ, – ექსპერტმა გვამს ერთხელ კიდევ შეხედა.

– რას უყურებ?

– მის საცვალს. მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ, ვფიქრობ, საკმაოდ ძვირფასი უნდა იყოს და არა ბაზრობაზე ნაყიდი.

– „დოლჩე და გაბანა”, ორიგინალი! – წამოიძახა ოთახში, უფრო ზუსტად, ოთახად გამოყენებულ სათავსოში დაბრუნებულმა მარიკამ, – მოდა ჩემი ჰობია!

გამომძიებელმა შესაბრალისი თვალებით გახედა ექსპერტს და ამოიოხრა. დევიმ გაიცინა, გოგოს მოწონებით მოუტყაპუნა მხარზე ხელი და შეაქო:

– ყოჩაღ, ერთი მოდის ექსპერტი ნამდვილად გვაკლდა აქ. დარწმუნებული ვარ, გამოძიებას დიდ სამსახურს გაუწევ...

***

რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს? – ეს კაცობრიობის მთავარი კითხვაა, თუმცა, ნაკლებად აქტუალური. საქმე ისაა, რომ ადამიანები ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზით ხოცავდნენ ერთმანეთს. თავიდან შესაჭმელად. ჰო, რატომ არ გაიოცეთ. არ იცით, ადამიანები ერთმანეთს რომ იყენებდნენ საკვებად (სხვათა შორის, ერთმანეთის ჭამა დღესაც აქტუალურია, ოღონდ ოდნავი სახეცვლილებით. ცივილიზაციის და პროგრამების შესაბამისად)? ჰოდა, მოდი და უპასუხე შეკითხვას, რატომ კლავს ადამიანი ადამიანს. მართალია, ამაზე პასუხს შესაბამის უწყებებს სთხოვენ ხოლმე და არა უბრალო მოკვდავთ, მაგრამ, გულახდილად აღიარეთ, არ არის საინტერესო? ხვალ შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ მოკლულის ან, თუნდაც, მოსაკლავის მდგომარეობაში. ინფორმაციის გარეშე უფრო ადვილად აღმოჩნდებით მსხვერპლის როლში. თავდაცვისთვის რაც მეტი გეცოდინებათ, მით უკეთ იქნებით დაცული. სამწუხაროდ, ადამიანი არც ისე ძალიან დაშორდა ცხოველთა სამყაროს. ეს ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ჩვენ განვითარების მაღალ ეტაპზე ვართ. ტექნიკური პროგრესი ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ მენტალობის პროგრესი არ მოხდა. რა მნიშვნელობა აქვს, ფეხით ივლი, თუ ბოლო მოდელის „ბეემვე-ჯინათი,” ტანთ „ჰუგო ბოსი” და „დოლჩე და გაბანა” გეცმევა თუ დათვის ტყავი, ან სულაც ფოთლები გექნება აფარებული?! არავითარი პროგრესი, თუნდაც ხვალ მთვარეზე შევძლოთ „უიქენდის” გატარება. ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი შორეული წინაპრისგან განსხვავებით, ფეშენებელურ რესტორანში მიირთმევს შეფ-მზარეულების მიერ გულმოდგინედ მომზადებულ შედევრებს; იცის, რომელი კერძი რომელი ჩანგლით უნდა ჭამოს, საზოგადოებამ ალმაცერად რომ არ დაუწყოს ყურება, დიდად არ განსხვავდება ტყე-ტყე მოსიარულე ჰომოსაპიენსისგან. თუ სკეპტიკურად განეწყვეთ და გაუღიმეთ, უფრო ხშირად უყურეთ საინფორმაციო გამოშვებებს – ყოველდღიურად, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით წარმოუდგენელ სისასტიკეს და ყველაზე საშინელი ის არის, რომ აღარ გვიკვირს.

***

თემო პაპავა – უფროსი გამომძიებელი. ცოლშვილიანი. კარგი რეპუტაციის პროფესიონალი. უმცროსი გამომძიებლიდან უფროსობამდე მისაღწევად ერთი გახსნილი საქმე აღმოჩნდა საკმარისი. მერე კიდევ ბევრი გახსნილი საქმე იყო, თუმცა, მის კარიერულ წინსვლას ეს აღარ დასტყობია. თავიდან არ ჰქონდა ამბიცია, მაგრამ, მერე იმდენი უფროსის უფროსი გამოუვლია, იმდენი უფროსის უფროსი, რომ... უკმაყოფილებას მაინც არ გამოთქვამდა. არც არავის აჩვენებდა. გულის სიღრმეში მალავდა ემოციას. იქნებ, შესაფერის მომენტსაც ელოდა.

კარგად გარემონტებულ, კომფორტულ და ძვირფასი ავეჯით მოწყობილ კაბინეტში, შავი ხის გაპრიალებულ მაგიდასთან, ახალგაზრდა, ოცდაათ წლამდე (შეიძლება, ცოტა მეტისაც) ასაკის, კარგად მოვლილი მამაკაცი იჯდა და საქმიანი იერით იქექებოდა მის წინ დახვავებული ქაღალდების გროვაში. მან კარის გაღებისთანავე ასწია თავი და შემოსულს მბრძანებლური ტონით მოუხმო თავისკენ.

– ბატონო გიორგი, მითხრეს გეძებდაო, – ნელა წარმოთქვა თემომ და მაგიდისგან ყველაზე მოშორებით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.

– სწორედ ახლა გირეკავდი. მობილური გამორთული გაქვს?

– არა. პროზექტურაში ვიყავი, დევისთან და შეიძლება არ იჭერდა. გისმენთ, ბატონო გიორგი.

– ალბათ, უკვე ხვდები, რატომაც დაგიბარე.

თემომ ოდნავ დაუქნია თავი. აცოფებდა ამ ბიჭის თავდაჯერებული იერი და შეფერებული პოზა.

– არა, მე შენს პროფესიონალიზმში კი არ მეპარება ეჭვი, მაგრამ ამ საქმეს თავისი სპეციფიკური განსხვავებები აქვს, უფრო სწორად, ნიუანსები. ბევრი ისეთი რაღაცის გათვალისწინება მოგვიწევს, მოკლედ, ძალიან არ მინდა, ამ მკვლელობის ამბავი გახმაურდეს.

– დააგვიანეთ, – უემოციოდ ჩაილაპარაკა თემომ და საკუთარ ხელებს ჩააშტერდა.

– რა? – გაშრა უფროსი. თემო მიხვდა, მისი უფროსი თავისი უფროსის, ანუ, „უფროსის უფროსისგან” იყო დამოძღვრილ-დაპროგრამებული.

– თუ ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა იყო აუცილებელი, გეუბნებით, რომ უკვე დავაგვიანეთ. ყველა საინფორმაციო გამოშვებამ აჩვენა, ჩვენზე ადრე მივიდნენ. ჩემზე უკეთესად იცით მაგათი ამბავი.

– საინფორმაციოებს მთავარი არ უთქვამთ, იმედია, თქვენც არაფერი წამოგცდენიათ.

– მე? ბატონო გიორგი. თქვენ ამ თანამდებობაზე ახალი ხართ და ჯერ არ იცით, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა ჩემი ჰობი არ არის.

– იმაზე გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე გგონიათ. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბატონი დევისთვის მინდოდა იგივე მეთქვა: დასკვნები მხოლოდ ჩემს მაგიდაზე, მაქსიმალური კონფიდენციალობაა საჭირო – მისი ოჯახის წევრები პირდაპირ ითხოვენ ამას.

– ოჯახის წევრებს ჯერ არ დავლაპარაკებივარ.

– სამაგიეროდ, მე დამელაპარაკნენ. ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. კიდევ უფრო ცნობილი, ქორწინების მერე გახდებოდა. ორ კვირაში ქორწილი ჰქონდა დანიშნული, იცოდი?

თემომ თითები გაატკაცუნა:

– ბატონო გიორგი, ჯერჯერობით ვეცნობი საქმეს. ძიების დეტალებს მოგახსენებთ.

– ჰო, აუცილებლად. სკანდალი, მით უმეტეს – დიპლომატიური, არაფერში გვჭირდება.

– მესმის. კიდევ არის რამე?

– არა. შეგიძლია, წახვიდე და შეეცადე, მობილური არ გაგეთიშოს. შეიძლება, ყოველ წუთს დამჭირდე.

თემო ადგა, სავარძელი ხაზგასმული თავაზიანობით გაასწორა. მისი იერი აშკარად გამოხატავდა ირონიას, მაგრამ მასზე უფროსს (თანამდებობით უფროსს) საიმისო გამოცდილება არ ჰქონდა, ხელქვეითის სახეზე მისი ჭეშმარიტი ემოცია ამოეკითხა. პირიქით, ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი საქციელით. დარწმუნებულმა, რომ გამომძიებელს სათანადო მითითებები მისცა, სათანადო ტექსტითა და ინტონაციით, მოწყალედაც კი გაუღიმა და ისევ ძალიან საქმიანი კაცის პოზა მიიღო.

კართან მისული თემო შემობრუნდა.

– ბატონო გიორგი...

– დიახ, რაშია საქმე?

– ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან.

– სათხოვარი? დიახ, თემო, გისმენ.

– არ იფიქროთ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ ან მეზარება, მაგრამ იქნებ სხვა შეგერჩიათ აღმზრდელ-პედაგოგად.

– რაო?! – ბატონმა გიორგიმ უცებ ვერ გაიაზრა ნათქვამის არსი.

– იმ გოგონას ვგულისხმობ. არ შემიძლია, მით უმეტეს, როცა ასეთი სერიოზული საქმეა. არანაირი პრეტენზია არ მაქვს კონკრეტულად მის მიმართ. პირიქით, მშვენიერი გოგოა, მაგრამ...

– ანუ, თუ სწორად გავიგე, სტაჟიორის წინააღმდეგი ხართ.

– დიახ, უფრო სწორად, წინააღმდეგი კი არ ვარ. მხოლოდ იმას ვითხოვ, სხვასთან ერთად იმუშაოს. მე საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს. ცოდოა ბავშვი.

გიორგი კიდევ უფრო შეიჭმუხნა, წამოდგა და პიჯაკი გაიხადა.

– თქვენი ხასიათი საქმესთან კავშირში არ უნდა იყოს, მით უმეტეს – სამსახურთან. ჯერჯერობით მე ვწყვეტ სტაჟირების საკითხს. ახალგაზრდა კადრები გვჭირდება, ჩემო კარგო... ასე ვთქვათ, „ახალი სისხლი.” არაფერია, შეეჩვევით. მით უმეტეს, რომ თქვენვე თქვით, მშვენიერი გოგოაო! ძალიან ბევრი კანდიდატიდან ეგ ერთი შევარჩიე. ეს საქმე მისთვის ძალიან კარგი პრაქტიკა იქნება. ვწუხვარ, მაგრამ თხოვნაზე უარი უნდა გითხრათ. დანარჩენი, რაც უნდა დაგჭირდეთ, შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ.

კაბინეტიდან გამოსულმა თემომ კბილები გააღრჭიალა.

„ლაწირაკი... – გაიფიქრა უფროსის მისამართით, – თავი ყოვლისშემძლე და ყველაფრისმცოდნე ჰგონია. სიცოცხლეს გამიმწარებს დაუსრულებელი შენიშვნებით“...

***

მარიკა ინტერესით ადევნებდა თვალს ექსპერტის საქმიანობას. ცოტათი უკვირდა მისი უდარდელი, მხიარული განწყობა, მაგრამ ძალიან მოსწონდა. პირველივე დანახვისას მოეწონა. ისეთი იყო, ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან რომ პოულობენ საერთო ენას. გვამს გარშემო სტვენით უვლიდა და შიგადაშიგ მოკლე მელოდიასაც ჩაურთავდა ხოლმე.

– ოცდაოთხი, ხომ? – მარიკამ გვიან გააცნობიერა, რომ შეკითხვა მას ეკუთვნოდა.

– რა ბრძანეთ?

– ოცდაოთხი წლის ვარო, თემურს ხომ უთხარით. უფრო პატარას ჰგავხართ.

– ოცდაორის ვარ, – გაეღიმა მარიკას და შეეცადა, გამოეცნო, მელოდია, რომელსაც ეს მხიარული ადამიანი ღიღინებდა.

– ოცდაორის? მე კიდევ უფრო ნაკლების მეგონე, მაგრამ, არა უშავს. მალე გაიზრდები. მით უმეტეს, აქ, ჩვენთან. ისე ყოჩაღ, კარგად გაუძელი.

– მშობლები ექიმები მყავს. – აუხსნა მარიკამ.

– გასაგებია, თუმცა, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. ოღონდ, არ მითხრა, საოპერაციო მაგიდასთან გავიზარდეო. კონკრეტულად რა პროფესიის არიან? ვიწრო სპეციალობას ვგულისხმობ.

– მამა ჩვილ ბავშვთა ქირურგიაში მუშაობს. დედა – კარდიოლოგია. არ მკითხოთ, შენც ექიმი რატომ არ გამოხვედიო. არ მინდოდა და არ მაინტერესებდა მედიცინა.

დევის გაეცინა და ცოტა ხნით ღიღინი შეწყვიტა.

– არა. არ გკითხავ. მესმის შენი. მედიცინა ისეთი მოსაწყენია. მეც სწორედ ამიტომ წავედი სასამართლო მედიცინაში, მოწყენილობის გასაფანტავად, სხვათა შორის –დევიმ მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი – ჰო, სხვათა შორის, თავისი არსებობის დასაწყისიდანვე, სასამართლო მედიცინამ ისწავლა ბრძოლა და ცვალებადობა. მთელი ეპოქის განმავლობაში, სასამართლო მედიცინა ცდილობდა, დაემტკიცებინა საკუთარი დედისთვის – ანუ, მედიცინისთვის, რომ მას სხვა შინაარსი და სხვა მიზნები აქვს. უნდოდა, რომ ხიდი ყოფილიყო კრიმინალისტიკასა და მედიცინას შორის. ეს ბევრს არ ესმის და ჩვენ, სასამართლო ექიმებს, ალმაცერად გვიყურებენ. არადა ჩვენ ვუერთდებით მედიცინას, ბუნებისმეტყველების ცოდნას და ტექნიკის მიღწევებსაც. რა ეშველებოდა კრიმინალისტიკას ჩვენი, სასამართლო ექიმების გარეშე? საზოგადოებას ყურადღებას ყოველთვის მკვლელის ვინაობა და ის გარემოება იპყრობდა, რომელშიც ეს მკვლელობა მოხდა, მაგრამ, ვის აინტერესებს თავად გვამი? – ჩვენ, რადგან, ზუსტად ვიცით, რომ სწორედ მას შეუძლია, გვიამბოს რა მოხდა სინამდვილეში და დააკმაყოფილოს საზოგადოების ცნობისმოყვარეობა. – დევიმ ღიმილით ჩაუკრა თვალი მოღიმარ მარიკას, – ეს მოკლე ექსკურსი სასამართლო მედიცინაში, ახლა კი – საქმე. აბა, ვნახოთ რა მიირთვა ჩვენმა რაინდმა, სანამ საყვარელს ჩაუგორდებოდა ლოგინში, – წაიღიღინა დევიმ და სკალპელი ხელში შეათამაშა.

– რა იცით, რომ საყვარელთან იყო?

– სახეზე ეტყობა.

– რაო? აბა, რა ეტყობა სახეზე? – იკითხა თემომ და საუბარში გართულ წყვილს თავზე წამოადგა.

– კოლეგას ვუხსნიდი, – სიტყვა „კოლეგა“ დევიმ, გამოკვეთილად და ხუმრობანარევი ტონით წარმოთქვა, – თემურჩიკ, ერთი შეხედე, როგორი ნასიამოვნები სახე აქვს. ფაქტია, რომ სიკვდილის წინ ძალიან ასიამოვნეს, – თვალი ჩაუკრა დევიმ.

– ნუ მაიმუნობ, არ არის ამისი დრო! – არც გაჰღიმებია თემოს.

– პირიქით, ძაფს გაძლევ, ხელი რომ მოჰკიდო. ჩემი ვარაუდია, მაგრამ, მგონი, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი გმირი სიკვდილს არ ელოდა და განცხრომაში იყო. როდის არის მამაკაცი განცხრომაში, მით უფრო, თუ სხეულის ინტიმურ ნაწილებს „დოლჩე და გაბანას”... – ხომ სწორად წარმოვთქვი, კოლეგავ? – დაიმოწმა დევიმ შესამჩნევად გაწითლებული მარიკა, – მოკლედ, ჩემი ახსნა რად გინდა, შენც მშვენივრად ხვდები, რაშიც არის საქმე.

– ქალთან თუ კაცთან? – წარბისგაუხსნელად იკითხა თემომ.

დევიმ თვალები მოჭუტა:

– პრინციპში, სწორი შენიშვნაა, თემურჩიკ, არაფერია გამორიცხული. თუ არსად გეჩქარება და ცოტა ხანს დამელოდები, მაგასაც მოგახსენებ.

– გვეტყვით, ქალთან იწვა თუ გაცთან? – აღმოხდა მარიკას აღფრთოვანებით.

– რა პრობლემაა, ძვირფასო, ეს ჩემი ვიწრო პროფილია.

– ჩვენ გარეთ დაგელოდებით, – თემური კარისკენ წავიდა.

დევიმ მხრები აიჩეჩა.

– როგორც გენებოთ, თემურჩიკ, მაგრამ ბავშვი აშკარად გამოხატავს ინტერესს.

– ბავშვი ჩემი სტაჟიორია და არა შენი, – მოუჭრა თემომ და მარიკა დერეფანში გამოიყვანა.

– რადგან აუცილებელია, რომ შენ ჩემი სტაჟიორი იყო, – დაიწყო ყოველგვარი შესავლის გარეშე, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ.

– გისმენთ, ბატონო თემურ.

– ჰო, უნდა შევთანხმდეთ. არავითარი ინიციატივა. ბრძანებებს მე ვიძლევი და გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ, ვერ ვიტან, როცა წინააღმდეგობას მიწევენ. საშინლად არ მომწონს ჯიუტები და ზედმეტად ცნობისმოყვარეები.

– ბატონო, თემო...

– ვერც იმას ვიტან, როცა ლაპარაკს არ მაცდიან, – ხელის აქნევით გააჩუმა თემომ, – ახლა საქმეზე: გამოძიება განსაკუთრებით კონფიდენციალური უნდა იყოს. ძალიან კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებსაც არ მოუყვები საქმის დეტალებს. სადაქალო-საძმაკაცოზე აღარაფერს ვამბობ.

– მე ჭორიკანა არ ვარ, – წყენით ჩაილაპარაკა მარიკამ.

– ძალიან კარგი. მეც ამისი იმედი მქონდა. ალბათ, არც ბუტია.

– შეიძლება რაღაც გკითხოთ?

– ახლა შეიძლება, მაგრამ მოწმეების თანდასწრებით შეკითხვების დასმას არ გირჩევ.

– გავიგე.

თემომ მოწონებით დაუქნია თავი:

– ახლა მკითხე, რა გაინტერესებდა.

– არაფერი.

– არაფერი? თუმცა, შენი ნებაა. მე დევისთან უნდა შევიდე. შეგიძლია, აქ დამელოდო ან განყოფილებაში დაბრუნდე. პროზექტურაში სასიამოვნო არაფერია, ჰაერიც მძიმეა.

– არა უშავს, გავუძლებ.

– კარგი, შემოდი, – უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები თემომ.

დევი ხელებს იბანდა.

– მოხვედით? თემო, რა კაციჭამიასავით გვიყურებ?

– საქმეზე გადადი, მეჩქარება.

– კი ბატონო, იყოს საქმეზე. შოკოლადი, შამპანურები, ხილი, კონკრეტულად – ბანანი და ფორთოხალი. შამპანურის მარკას ნუ მომთხოვ, არ მგონია, ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. რაც შეეხება მის პარტნიორს, აქ პატარა სირთულეა – შეიძლება, ქალიც ყოფილიყო და კაციც.

– მოიცა, ეგ როგორ? – მაშინვე ვერ მიხვდა თემო.

– არატრადიციულ სექსზე არაფერი გსმენია? ეტყობა, ჩვენს გმირს მარტო საცვლები არ მოსწონდა ეგზოტიკური, მრავალფეროვნება ჰყვარებია.

– ეგ საქმეს ართულებს. სიკვდილი რამ გამოიწვია?

– სავარაუდოდ, საწამლავმა. ინფარქტი, ინსულტი და რაიმე მსგავსი გამორიცხულია. მეტსაც გეტყვი: ჯანმრთელობას აშკარად არ უჩიოდა და განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთარ სხეულზე. აი, სულზეც ზრუნავდა თუ არა, არ ვიცი.

თემო დევისკენ გადაიხარა და ხმადაბლა რაღაც უთხრა.

– აჰა! – წაუსტვინა დევიმ და თავი თანაგრძნობით დააქნია – ნამდვილად შევდივარ შენს მდგომარეობაში. საგარეოს „სასტავი” ცალკე გამოიჩენს თავს.

– საგარეოს „სასტავი” ჩემს საქმეში ვერ ჩაერევა. იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი. ხომ მიცნობ. თუმცა, ვაღიარებ, „მხიარულება” არ მომაკლდება, – თემო მარიკას მიუბრუნდა.

– შენ ხომ არ გეცნობა? სახეზე კარგად დააკვირდი.

– გვამზე გეუბნება, ძვირფასო, გვამზე, – უკარნახა დევიმ, მარიკას დაბნეულობა რომ შეამჩნია.

– მომეჩვენა, რომ ნაცნობი სახე ჰქონდა, თუმცა... – მარიკამ გაფატრულ გვამს გვერდიდან შემოუარა და დააშტერდა.

– ჰე, „დოლჩე და გაბანა”, არ შემარცხვინო! – წააქეზა დევიმ და თემოს თვალი ჩაუკრა, – ყოჩაღი ვინმეა, – ჩასჩურჩულა ხმადაბლა.

– დაგიტოვებ, თუ გინდა, – ვალში არ დარჩა თემო.

– არა, არ ვიცი, ვინ არის, – დარწმუნებით თქვა მარიკამ და ფერწასულ სახეზე მოისვა ხელი.

– ესე იგი, ბომონდის წევრი არ ხარ, „დოლჩე და გაბანა”. მის საცვლებსაც კი სცნობ, მაგრამ ის არ გცოდნია, ვინ არის ქალაქში ჭორების სამიზნე.

– ასეთი რაღაცეები არ მაინტერესებს. არც ბომონდურ წვეულებებზე დავდივარ, მოსაწყენია.

– სახლში ზიხარ და დეტექტივებს კითხულობ? – დევიმ თითები გაატკაცუნა.

– შენ ამბობ, რომ მოწამლეს? რითი? – ჰკითხა თემომ.

– ჰოო, ძნელი სათქმელია. კიდევ რამდენიმე საათი დამჭირდება მაგ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

– არ შეგიძლია, ცოტა სწრაფად იმოქმედო? ძალიან ბევრი ვინმეა ამ საქმით პირადად დაინტერესებული. სულს ამომხდიან. ჭირისუფალიც თავის მკვდარს ითხოვს. მალე ჟურნალისტებიც მოგიცვივდებიან.

– მერე, წაიყვანონ თავისი მკვდარი. ქსოვილები ავიღე. ყველაფერი მაქვს, მშვიდად რომ ვიმუშაო. წადი და დაგირეკავ.

თემო შეყოყმანდა:

– ესე იგი საწამლავი?

– ჰო, ჯერჯერობით ეს ერთადერთი ვერსიაა.

– კი, მაგრამ გვამი ქუჩაში როგორ აღმოჩნდა? თანაც, შიშველი...

– მაგას ვერ გეტყვი. მეეჭვება, იმდენი დაელიოს, ქუჩაში ტრუსისამარა მოენდომებინოს სირბილი.

– გამოდის, მკვლელს თანამზრახველი ჰყავდა და...

– ... და „სიყვარულის ბუდეც” იქვე ახლოს უნდა ეძებო, – დაასრულა დევიმ თემოს სათქმელი. აბა, ბატონი ელჩი მგლოვიარე იქნება.

– თუ უკვე იცის – კი. თუმცა, რამდენად იყო აღფრთოვანებული შვილის არჩევნით, ეგ კიდევ გასარკვევია.

– თემურჩიკ, ძვირფასო, ჩვენ ძალიან პატარა, ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანებით გაძეძგილ ქალაქში ვცხოვრობთ და ასეთი ამბები დიდხანს არ იმალება.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3