კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაჩაღდა საკავშირო ქურდული ომი თბილისში შემდგარი „სხოდკის“ შემდეგ

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში თბილისის მკაცრი რეჟიმის ციხეში ქურდული შეკრება გაიმართა, რომელმაც კრიმინალური დანაშაულების სერიას დაუდო სათავე, რაც ეგრეთ წოდებულ ქურდულ ომში გადაიზარდა და არაერთი კრიმინალური ავტორიტეტის სიცოცხლე შეიწირა. გასაგები მიზეზების გამო, ამ ისტორიის რამდენიმე მონაწილის სახელი და გვარი შევცვალეთ, მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს. მასალა ექსკლუზიურია და პრესაში პირველად იბეჭდება.

ქურდული მსჯავრი

1970 წლის გაზაფხულზე, თბილისში მოკლეს 41 წლის კოტე ბერიძე, მეტსახელად „კოსტა”. ის კანონიერი ქურდი იყო და მილიციასთან ურთიერთსროლისას დაიღუპა.

კოსტა და მისი სამი მეგობარი ვაკეში, ერთ-ერთი „ცეხავიკის” ბინის ქურდობისას მოიხელთა მილიციამ და დანებება უბრძანა. ორი ბოროტმოქმედი ხელაწეული გამოვიდა ბინიდან. ხოლო კოსტას მესამე მეგობარმა, ციხიდან გაქცეულმა კაკო ჭედიამ, მეტსახელად „მუმუმ”, მილიციას ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა. გაიქცა კოსტაც, რომელიც, მართალია, არ ისროდა, მაგრამ ხელში პისტოლეტი ეკავა. გაქცეულებს მილიცია დაედევნა და მუმუსა და კოსტას ლიკვიდაცია ვაკის პარკთან მოხდა. კაკო ჭედიას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი – ორი გულში, ერთი მარჯვენა მხარში და ერთიც – მარჯვენა თვალში. ოთხიდან სამი ჭრილობა სასიკვდილო იყო. კოსტას კი ერთი ტყვია კეფაში მოხვდა და ის ადგილზევე გარდაიცვალა. მუმუ მილიციის კაპიტანმა ვანო ხერხაძემ მოკლა, კოსტა კი – კაპიტანმა ემზარ სვანიძემ.

ემზარ სვანიძის უმცროსი ძმა, 19 წლის ზაზა კრიმინალი იყო, ქურდის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა და, როდესაც მისმა ძმამ ქურდი მოკლა, მიმალვაში იმყოფებოდა. კოსტას მკვლელობის ამბავი რომ შეიტყო, ზაზამ ქურდებში ხმა გაავრცელა, რომ კოსტას სისხლს აიღებდა და მილიციელ ძმას თავისი ხელით გამოასალმებდა სიცოცხლეს. ქურდული კანონების თანახმად, ქურდის მკვლელი სიკვდილს იმსახურებს, ხოლო სისხლის ამღები პიროვნება (თუკი ის ქურდულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს) კანონიერი ქურდი ხდება. 1970 წლის შემოდგომაზე, ანუ კოსტას მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ზაზა სვანიძემ ქურდებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და თავისი უფროსი ძმა, მილიციის კაპიტანი, ემზარ სვანიძე, თავისსავე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პისტოლეტიდან ერთი გასროლით მოკლა.

ემზარ სვანიძე „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან გასროლით იყო მოკლული და ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი. მკვლელობის ადგილიდან ზაზა გატაცებული თეთრი „ვოლგა გაზ-21-ით” მიიმალა. ასე აღასრულა მან ქურდული მსჯავრი.

ქურდული „სხოდკა”

ზაზა სვანიძის საქციელმა საბჭოთა კავშირის კრიმინალურ სამყაროში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მართალია, მან კანონიერი ქურდის სტატუსი მიიღო, მაგრამ, ძმის მკვლელს გულის სიღრმეში თითქმის არავინ სცემდა პატივს. თუკი კრიმინალთა უმეტესობას ზაზასი ეშინოდათ, იმის გამო, რაც მან ჩაიდინა, ძალიან მცირე ნაწილი მას საერთოდ, არ ცნობდა და „კაენს“ უწოდებდა. ზაზას მოძულეთა შორის იყო მრავლისმნახველი, ცნობილი კანონიერი ქურდი, 49 წლის თემურ მხეიძე, მეტსახელად „მედუზა”, რომელსაც 23 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. იგი ზაზა სვანიძის საქციელს საჯაროდ გმობდა და სწორედ მან უწოდა ძმის მკვლელს „კაენი“. როდესაც მედუზამ ზაზას ამბავი შეიტყო, ის როსტოვის ციხეში იჯდა და თავის კოლეგებს უთხრა:

– ფორმალურად, ქურდული საქციელია და სტატუსს უდავოდ იმსახურებს, მაგრამ, მან კაენის ცოდვა ჩაიდინა – ძმა მოკლა და ჩვენს საძმოში გამოუსწორებელი ბიბლიური ცოდვით შემოვიდა. მკვლელობა კი, მით უმეტეს, ღვიძლი ძმის მკვლელობა, დიდი ვერავითარი დამსახურებაა, რომ ქურდის სახელს ატარებდეს. ვიმეორებ, ის ფორმალურად ქურდული საქციელის გამო გახდა ქურდი, მაგრამ მე მას პატივს არ ვცემ, თუმცა, ქურდად ვაღიარებ, ოღონდ, ფორმალურ ქურდად!

მიუხედავად იმისა, რომ როსტოვის ციხეში არავინ შედავებია მედუზას, მისი სიტყვები მალევე მიუვიდა მიმალვაში მყოფ ზაზა სვანიძეს და მან სახელიანი ქურდის მიმართ ბოღმა ჩაიდო გულში. ზაზა 19 წლის ასაკში გახდა ქურდი, რაც იმ პერიოდში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. იგი საგულდაგულოდ იმალებოდა, რადგან დაპატიმრების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ელოდა – მან იცოდა, რომ მილიციელის განზრახ მკვლელობის მუხლს მიუსჯიდნენ, რაც უპირობო სიკვდილს ნიშნავდა.

– მაგასაც ვნახავთ, ვინაა ჩვენს შორის ფორმალური ქურდი! მედუზას ამ სიტყვებისთვის პასუხს ვაგებინებ. იმ მომენტში მე ქურდის მკვლელს, ბოზს ვკლავდი და არა ძმას, მედუზა კი ბოზს აფარებს ხელს. ეს კი, არაქურდული საქციელია და ბოზის მფარველობის გამო, მედუზაც ბოზია! – თქვა ძმის მკვლელმა მედუზაზე, როდესაც მას ცნობილი ქურდის სიტყვები მიუტანეს და დაამატა: – უახლოეს პერიოდში ქურდული სხოდკის შეკრებას მოვითხოვ, რომ მედუზას ამბავი გაირჩეს და ბოზის იარლიყი მიეკრას, ის ამას იმსახურებს და მე ამას ყველას გასაგონად ვაცხადებ.

ზაზა სვანიძის სიტყვები მედუზასაც მალე მიუვიდა, მაგრამ ის ეტაპით ციმბირში გაგზავნეს და სამი წელი „ბელი ლებედის” ერთადგილიან საკანში აყურყუტეს. ამის გამო „სხოდკა” ვერ შეიკრიბა. თუმცა, „ბელი ლებედიდან” მედუზა თბილისის „კრიტში” გადმოიყვანეს და, როგორც კი ის ქურდულ საკანში მოათავსეს, კოლეგებმა მას „სხოდკის” შესახებ ამცნეს.

– მე მზად ვარ, რომ ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხი გაგცეთ, – თქვა მედუზამ.

კარლო ხერკილაძე, იგივე „ხოჭო”, მედუზას თაობის ქურდი და მასთან დაპირისპირებული ადამიანი იყო. ხოჭოს, მედუზას მიმართ დიდი ხნის ბოღმა ჰქონდა გულში ჩადებული და იმედოვნებდა, რომ უახლოეს ქურდულ შეკრებაზე თემურ მხეიძეს გაამტყუნებდა, ქურდულ სტატუსს აჰყრიდა და ახალგაზრდობის დროინდელ ბოღმას ამგვარად ამოიყრიდა.

თბილისის „კრიტის” ქურდულ საკანში გამართულ „სხოდკას” 25 ქურდი დაესწრო და, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას მედუზას გაფუჭება უნდოდა, მათ ეს ვერ მოახერხეს.

– მე ხომ არ ვამბობ, რომ ზაზა სვანიძე არაქურდი ან ბოზია, – თქვა მედუზამ, – ის ქურდია, მაგრამ, ფორმალურად ქურდი, თუმცა, მაინც ქურდი.

– ახსენი, რას ნიშნავს „ფორმალურად ქურდი“, – თქვა ხოჭომ.

– მართალია, მან ქურდული საქციელი ჩაიდინა და ქურდის სისხლი აიღო, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენს კანონებში ცვლილება უნდა მოხდეს. ძმის მკვლელობის გარდა, რა დიდი ქურდული საქმეები ჰქონდა გაკეთებული 19 წლის ბიჭს, რომ ქურდი გახდა? – თქვა მედუზამ, კოლეგებს თვალი მოავლო და დაამატა: – ამიტომ, ძმებო, წინადადება შემომაქვს, რომ დიდი საკავშირო სხოდკა მოვიწვიოთ, ზოგიერთი კანონი შევცვალოთ და ჩვენს რიგებში ფორმალური ქურდების მიღება არ დავუშვათ. ზაზა სვანიძე, რა თქმა უნდა, ქურდია, მაგრამ მომავალში ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა დავუშვათ.

მედუზას სიტყვებმა ქურდები დაადუმა. ხოჭომ კი პაპიროსის ქაღალდი ამოაცურა ჯიბიდან, გაშალა და მედუზას უთხრა:

– ეს ზაზა სვანიძის ქსივაა, რომელიც ამ დილით შემოვიდა და სპეციალურად ამ სხოდკისთვისაა დაწერილი. წავიკითხო?

– უეჭველად, – ღიმილით მიუგო მედუზამ, თან, დარწმუნებული იყო, რომ „ქსივა” მისი შეურაცხყოფით იქნებოდა სავსე და პასუხისთვის მოემზადა.

– მომისმინეთ, – თქვა ხოჭომ და ციხეში შეგზავნილი წერილის კითხვას შეუდგა: „ძმებო! მედუზა არასწორია, როდესაც მე ფორმალურ ქურდს მიწოდებს და არ მაღიარებს ქურდად. მე კი, თქვენი ძმა, მზად ვარ, რომ თქვენთვის, ქურდული საქმისთვის დავდო თავი. მედუზა კი ისეთივე ბოზია, როგორც ჩემი ძმა, რომელიც მე მოვკალი. გადაწყვეტილების გამოტანისას გთხოვთ, ჩემი აზრი გაითვალისწინოთ. თქვენი ძმა – ზაზა სვანიძე”.

– ეს ნამდვილად ზაზა სვანიძის დაწერილია? – ჰკითხა ხოჭოს მედუზამ.

– თავს ვდებ! – მიუგო ხოჭომ.

– მაშინ ვამბობ, რომ ის ბოზია. მან მე ბოზი მიწოდა ყოველგვარი მტკიცების გარეშე, რაც ცილისწამებაა. ქურდის ცილისმწამებელი კი ბოზია.

– ბოზია, ბოზი! – ერთხმად აჰყვნენ მედუზას ის ქურდებიც, ვინც თავიდან მის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები და იგივე გაიმეორა ხოჭომაც.

– ჰოდა, თუ ბოზია, მაშინ სხოდკამ მას ქურდობა უნდა აჰყაროს, – თქვა მედუზამ, – მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, სროკიდან გავალთ და სხოდკაც მერე შედგება.

ქურდული ომი

მედუზა ციხიდან სამი თვის შემდეგ გათავისუფლდა და გარეთ მყოფმა ქურდებმა მას გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. მაისის თბილი, სასიამოვნო საღამო იდგა. ქალაქგარეთ, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ცხრა ქურდი და დაახლოებით სამჯერ მეტი ქურდული „მასტის” პიროვნება იყო შეკრებილი. შუა ქეიფის დროს, როდესაც თამადამ თანამესუფრეებს სიჩუმისკენ მოუწოდა და მორიგი სადღეგრძელოს სათქმელად მოემზადა, რესტორნის დარბაზში სამი ნიღბიანი მამაკაცი შევარდა. ორმა მათგანმა სტუმრებს მიუშვირა იარაღი და ყველას ადგილზე დარჩენა უბრძანეს, ერთი კი მედუზასკენ გაემართა, თან პისტოლეტი მიუშვირა და, ის იყო, ჩახმახისთვის უნდა გამოეკრა, რომ 25 წლის კარლო პაიჭაძემ, რომელიც ქურდის ტიტულის მაძიებელი იყო და მეტსახელად „მატროსს” უწოდებდნენ, ნაგანი იშიშვლა და მედუზას მოკვლის მსურველს ორჯერ ესროლა, ტყვიები შუბლსა და მარცხენა მხარში მოახვედრა და ადგილზევე მოკლა. პისტოლეტები მოიმარჯვეს დანარჩენმა სტუმრებმაც და რესტორანში სროლა ატყდა. მოკლეს მეორე თავდამსხმელიც, მესამემ კი გაქცევით უშველა თავს და, სანამ შემთხვევის ადგილზე მილიცია მივიდოდა, ჯერ იარაღიანი ხალხი გააპარეს, შემდეგ მოკლულებს ნიღბები მოხსნეს და თავდამსხმელებში ზაზა სვანიძის ორი „პაძელნიკი” ზურაბ ბუნიძე და ზურაბ ზუმბაძე ამოიცნეს.

– ხედავთ, რა გაბედა იმ ბოზმა? – თქვა მედუზამ და კოლეგებსა და სხვა სტუმრებს გადახედა, – ამიტომ ვამბობდი, რომ ჩვენი კანონები შესაცვლელია და არ შეიძლება ძმის მკვლელის ქურდად კურთხევა-მეთქი.

– არა უშავს, მედუზაჯან, – მიუგო თემურ მხეიძეს ვანო მეტრეველმა, მეტსახელად „ხუჭუჭამ”, – ამ შეცდომასაც გამოვასწორებთ და ქურდულ ზაკონებსაც შევცვლით.

რესტორანში მოსულ მილიციას მხოლოდ მომსახურე პერსონალმა მისცა ჩვენება, ქურდებმა და სხვა სტუმრებმა კი ზეპირად განაცხადეს, რომ სროლა ვიღაც ნიღბიანებს მოუვიდათ ერთმანეთში და მეტი არაფერი იცოდნენ. თუმცა, მილიციაში წაყვანის სანაცვლოდ, 3 ათასი მანეთი გადაიხადეს და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდ-წამოვიდნენ სახლებში.

მეორე დღიდან თბილისში ქურდული ომი დაიწყო, რომელიც ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მთელ საბჭოეთში გავრცელდა და ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ზაზა სვანიძის მხრიდან დაიღუპა ოთხი მისი მომხრე ქურდი: „გოზალა”, „პეპე”, „ყედო” და „პაპუნა”, მედუზას მხრიდან კი ამ ომმა „შტოსა” და „ბუბას” სიცოცხლე შეიწირა. ცნობილმა ქურდმა „ვასია ბრილიანტმა” ქურდული ომის შესახებ რომ შეიტყო, ციხეში (ის „ბელი ლებედში” იჯდა) თავისი ნდობით აღჭურვილი პირები მიაგზავნა ორივე მხარეს და ომი შეაჩერა. შემდეგ „ბელი ლებედში” დიდი ქურდული „სხოდკა” შეკრიბა, ზაზა სვანიძეზე იმსჯელეს, გაამტყუნეს და ვასია ბრილიანტმა თქვა:

– დანაზე ააგეთ ეგ ბოზი! მართალია, ჯერ 25 წლისაც არაა და ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ, მაგის სიცოცხლე აღარ შეიძლება, რადგან მან სულ ტყუილად შეიწირა ბევრი ჩვენიანი.

არაქურდული შურისძიება

სწორედ იმ დღეს, როცა ემზარ სვანიძე საკუთარმა ძმამ მოკლა, მის ქალიშვილს გვანცას, 13 წელი შეუსრულდა, მეუღლეს, ნატოს კი დამბლა დაეცა, ლოგინად ჩავარდა და ერთადერთი ქალიშვილის მოსავლელი გახდა.

ძმები სვანიძეები ადრევე დაობლდნენ და პატარა ზაზას ემზარი ზრდიდა, რაც შეეძლო, ზრუნვას არ აკლებდა, მაგრამ მაინც, ვერ მოთოკა და მრუდე გზას ვერ ააცილა.

ემზარი უკვე მილიციაში მუშაობდა და ცოლ-შვილი ჰყავდა, როდესაც 14 წლის ზაზა პირველად დაიჭირეს. ზაზამ მაშინ მეზობლის, ცნობილი პროფესორის ბინა გაქურდა. მაგრამ, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ პროფესორი დიდ პატივს სცემდა სვანიძეების დაღუპულ მშობლებს და ზაზას დასჯა არ მოითხოვა, მეორე მხრივ კი მცირეწლოვნობის გამო, ზაზა სასჯელს გადაურჩა. თუმცა, 16 წლის ასაკში ზაზა კვლავ „ჩავარდა“, ამჯერად მან უკვე შორეული ნათესავი გაქურდა. ბაცაცა ყმაწვილი გაასამართლეს, ერთლიანი პირობითი სასჯელი მისცეს და გაუშვეს.

– იცოდე, რომ არ გაჩერდე, ჩემი ხელით მოგკლავ! – უთხრა ემზარმა ზაზას და სილა გაარტყა.

ზაზამ უფროსი ძმისგან ხელის გარტყმა იუკადრისა, სახლიდან გაიქცა და მოხეტიალე ქურდების ბანდას შეუერთდა, რომელიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში სჩადიოდა დანაშაულს. ზაზამ ორი წელი იხეტიალა საბჭოთა კავშირში და სოჭში, სასტუმრო „ინტურისტის“ ერთ-ერთი ნომრის გაქურდვისას მობინადრე დაჭრა, რომელიც მას თავზე წამოადგა, და გაიქცა. სწორედ ამის გამო იყო ზაზა სვანიძეზე გამოცხადებული ძებნა. ის თბილისში იმალებოდა, როდესაც კოსტას მოკვლის ამბავი შეიტყო და, ქურდული შურისძიების ნიშნად, საკუთარი უფროსი ძმა, ემზარი მოკლა.

ვასია ბრილიანტის მიერ გამოცხადებული ქურდული განაჩენის შესახებ ზაზა სვანიძემ მოსკოვში შეიტყო, სადაც ის იმ დროს ანატოლი სურკოვის, მეტსახელად, „ხელოსანის” ბინაში იმალებოდა, რომელიც კანონიერი ქურდი იყო. მან ზაზას უთხრა:

– ვასია ბრილიანტის მიერ გამოცხადებული განაჩენი ქურდების საბოლოო სიტყვაა და, წესით, უნდა მოგკლა, მაგრამ, შენ ჩემი სტუმარი ხარ და მე ამას ვერ ვაკეთებ, თუმცა, აქ შენი გაჩერება აღარ შეიძლება და უნდა წახვიდე. რაც არ უნდა იყოს, ძველი მეგობრები ვართ და შენი გზით გაგიმარჯოს.

ზაზა სვანიძემ „ხელოსანი“ იმავე საღამოს, მისსავე ბინაში მოკლა, შემდეგ მისი ბინიდან 95 მანეთი, ოქროს სამკაული და „ტეტეს” სისტემის იარაღი გაიტაცა და გაიქცა.

„ხელოსნის” მკვლელობის შემდეგ ზაზაზე ნადირობა ქურდებმაც გააძლიერეს და მილიციამაც, თუმცა, ვერ იხელთებდნენ. ერთი წლის განმავლობაში ზაზამ თითქმის მთელი საბჭოეთი შემოიარა, მრავალი დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის, ორი მკვლელობაც და, მაისის ერთ თბილ საღამოს თბილისში დაბრუნდა. დევნილი ყოფილი ქურდი თავის ძველ საყვარელ, მუსიკის მასწავლებელ ეკა ნოზაძეს მიადგა და თავშესაფარი სთხოვა.

– შენზე გავიგე, ძმა მოკლაო, მართალია? – ჰკითხა ეკამ ზაზას.

– სისულელეა, ბოზები მივრცელებენ ხმებს, – მიუგო ზაზამ ეკას.

ეკა ოროთახიან ბინაში, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობდა. ერთი კვირის შემდეგ, დილას ეკამ ზაზა ასაუზმა, შემდეგ ჩაიცვა და სანამ სამსახურში წავიდოდა, უთხრა:

– ლუდი და არაყი მაცივარშია, იქვეა საუზმეც. ჩემს მოსვლამდე არ მოიწყინო.

– ბარემ პივა მომეცი და ისე წადი, – უთხრა ზაზამ ეკას.

ეკამ ზაზას ჭიქაში ჩამოსხმული ლუდი მიუტანა, ზაზამ ჭიქა მოიყუდა და იქვე გონმიხდილი დაეცა. ეკამ ზაზა თოკებით მაგრად მიაბა რკინის საწოლზე. შემდეგ ოციოდე წლის გოგონა იხმო, რომელიც მეორე ოთახში იმყოფებოდა და უთხრა:

– აი, გვანცა, მოდი და ჩაიბარე ეს ნაძირალა!

გვანცა საწოლთან ჩამოჯდა და მოთმინებით დაელოდა ზაზას გაღვიძებას, ხოლო თვალი რომ გაახილა და გვანცა და ეკა დაინახა, ეკას ჰკითხა:

– რატომ ვარ დაბმული, ეკა?

– იმიტომ, რომ მხეცი ხარ.

– ეს გოგო ვინაა?

– ჰკითხე და გეტყვის.

– ვერ მიცანი, ბიძაჩემო? – ირონიით უთხრა გვანცამ ზაზას, – შენ მიერ მოკლული შენი უფროსი ძმის, ემზარ სვანიძის შვილი ვარ, გვანცა.

გვანცას ვინაობის გაგონებაზე ზაზა გაფითრდა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გოგონამ მას შუბლზე პისტოლეტი მიადო და უთხრა:

– მოსაკლავი ხარ, მაგრამ, შენ გამო ციხეში არ წავალ და თავს არ დავიღუპავ. შენ კი, ბიძია, ჯოჯოხეთში გაგიშვებ!

გვანცა მილიციაში მუშაობდა და ზაზა სვანიძე პირადად მიიყვანა განყოფილებაში. იმავე დღეს, ზაზა სვანიძეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე განახლდა და ადამიანების მკვლელობისთვის მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, ბუტირკის ციხეში ყოფილი ქურდი პატიმრებმა საკანში აკუწეს და მისი სხეულის ნარჩენები ციხის ეზოში გადაყარეს.


скачать dle 11.3