კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უძახდა დონარა კინწურაშვილს საკუთარი მეუღლე ქურდსა და ყაჩაღს



დონარა კინწურაშვილი: ერთადერთი, რაც მე ოჯახში არ მეხებოდა, ბაზარი იყო. სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, პროდუქტი მას მოჰქონდა. ძალიან კარგი ყიდვა იცოდა. ესთეტი იყო. ცოტას ჭამდა, მაგრამ საუკეთესო უნდა ეჭამა. დანარჩენი ყველაფერი მე ვიყავი (იცინის). ამიტომ ეს თემა ძალიან აქტუალურია ჩემთვის. არადა, ძიძამ გამზარდა. დედაჩემი არაფერს მაკეთებინებდა და ეუბნებოდნენ ხოლმე, „ბელარუჩკა“ გაიზრდებაო. არა უშავს, ისეთი გენები აქვს, რომ დასჭირდება, ყველაფერს გააკეთებსო.

– გაგონილი მაქვს თქვენი არაჩვეულებრივი „ნაპოლეონის“ ამბავი და, მოდი, აქედან დავიწყოთ.

– მე ყველას ვასწავლე მაგ „ნაპოლეონის“ გაკეთება, თანაც, ყოველთვის ზუსტ რეცეპტს ვიძლევი. ზოგმა რომ იცის, ბოლომდე არ გასცემს „საიდუმლოს,“ ასეთი არ ვარ. ერთხელ ერთმა ახლობელმა მითხრა, მე რისი გაკეთებაც კარგად ვიცი, იმას სხვას ბოლომდე არ ვასწავლიო. გავგიჟდი. როგორ, წვალობს ადამიანი, აკეთებს და ცოდვა არ არის? ვუთხარი, ესე იგი, მეც არ უნდა მესწავლებინა შენთვის. ამ „ნაპოლეონის“ რეცეპტი-მეთქი, ერთხელ ჟურნალშიც იყო და მთელი ვერა მეკითხებოდა, ხომ ყველაფერი ზუსტად ეწერაო. მაგრამ, რა არის იცით? ხელზეა დამოკიდებული. ერთხელ ისე მაწყენინეს მაგ „ნაპოლეონის“ გამო, რომ გავბრაზდი, საერთოდ რატომ ვისწავლე გამოცხობა-მეთქი. ერთმა ახლობელმა მითხრა, არც ერთხელ არ გამომივიდა, ეტყობა, რეცეპტი სხვანაირად ჩამაწერინეო. ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ ვიყიდე საჭირო მასალა, ჩავჯექი ტაქსიში და მივადექი იმ ჩემს ახლობელს სახლში. ვაა, დონარა, რა კარგია, რომ მოხვედიო. „ნაპოლეონის“ გასაკეთებლად მოვედი, დაჯექი აქ და მიყურე, ის ჩემი რეცეპტიც მოიტანე-მეთქი. დავიწყე კეთება. გაიკვირვა – მეც ზუსტად ასე გავაკეთე, მაგრამ არ გამომივიდაო. ჰოო, მაგაშია საქმე-მეთქი. სამი დღის შემდეგ დამირეკა კიდევ გამოვაცხვე და ისევ არ გამომივიდა, არადა, ყველაფერი თითქოს ისე გავაკეთე, როგორც შენ. ჩემ დღეში „ნაპოლეონს“ აღარ გავეკარებიო (იცინის). არადა, მართლა ჩვეულებრივად ვაკეთებ, ცომზე მარგარინის წასმითა და მაცივარში შედებით. ჩემი „ნაპოლეონის“ რეცეპტს ქვემოთ შემოგთავაზებთ.

– თქვენი რეცეპტით ვიღაცამ ჯემიც ვერ მოხარშა.

– ეგ ეთერი იყო, კაკულია. ჯემის ქვაბი მაგიდაზე რომ დადგა და ადუღებას ელოდებოდა. (იცინის). ეთერი ამ ამბავს ყოველ ჯერზე, ახალი და ახალი ინტერპრეტაციით ყვება და თვითონ ყველაზე ბევრს იცინის.

– ჟურნალისტები სულ იმას ჩივიან, რომ საოჯახო საქმისთვის დრო არ რჩებათ. თქვენს მეოჯახეობაზე კი, ისეთი საოცრებები მსმენია... როგორ ასწრებდით?

– ვანაწილებდი დროს, ყველა წუთი გათვლილი მქონდა. თან, ახლა რომ ვუყურებ, ტელევიზიებში ისეთი არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვთ, ბევრად გაიოლებულია საქმე. იმხელა ტექსტებს ვსწავლობდი, თან, სულ იმას ვიხვეწებოდი, რა მოხდება, ეს ტექსტი ცოტა ადრე მომცეთ-მეთქი. შრიფტსა და ქაღალდის ხარისხზე აღარაფერს ვამბობ (იცინის). ძალიან ენერგიული ადამიანიც ვარ. ჩემს მეუღლეს სულ უკვირდა, ასეთი დაღლილი მოხვედი, სახლშიც ამდენი საქმე გააკეთე და კიდევ ცეკვის თავი გაქვსო? კარგ მელოდიას როგორც კი გავიგონებდი, ფეხები თავისით იწყებდნენ ცეკვას. მართლა არ შემიძლია უქმად ყოფნა, სულ რაღაცას ვაკეთებ.

ყოფით პრობლემებსაც თქვენ აგვარებდით?

– რა თქმა უნდა. ჩემი მეუღლე ძალიან შორს იყო ამ ყველაფრისგან. თვითონ ხომ არაფრის გაკეთება არ ეხერხებოდა, მეც ხელს მიშლიდა. ერთ დღეს გადავწყვიტე, მომენგრია აივანი და ოთახები მომეშენებინა. მივადექი და დავშალე. ჩემი მეუღლე სახლში რომ მოვიდა, გაგიჟდა, მიწისძვრა იყოო? მოვკლავ დონარასო. მე ზემოთ ვიყავი და კიბეც მონგრეული იყო. გადმოვძახე: შენ ქვევითა ხარ, მე ზევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო... თუ ამოხვალ, მომკალი-მეთქი (იცინის). სულ მუშტები მიქნია, ძალიან გაბრაზდა. რადგან ეგრეა, არაფერში არ მოგეხმარები და ვნახავ, როგორ ააშენებო, – გამიწია ჯიბრი და თითი არ გაუნძრევია. ყველაფერმა ჩემს კისერზე გადაიარა. ხელოსნებთანაც მე დავრბოდი და მათი დამხმარეც მე ვიყავი. „სამასვალებშიც“ ვიჯექი და ისე მომქონდა მასალები. თითქმის ყველაფერი მაჩუქეს. (იცინის), ყველგან მცნობდნენ და არ მართმევდნენ ფულს. ორივე ბუხარი მე დავახატვინე და მისი მოსაპირკეთებელი ფილებიც ჩემი დიზაინით არის ჩამოსხმული. მაგრამ, დამაკლდა რამდენიმე პარკი ცემენტი. ვთხოვე ჩემს ქმარს, ამხელა სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე ხარ, რა მოხდება, ცემენტი რომ წამომიღო-მეთქი. გაგიჟდა, მეორედ აღარ მითხრაო. კარგი-მეთქი. დავურეკე პარტკომს და ვთხოვე, მალულად ჩაედოთ მისი მანქანის საბარგულში ცემენტის პარკები, ყოველდღე თითო ცალი. ჩემი მეუღლე ვერაფერს ხვდებოდა. მოდიოდა და მოჰქონდა ცემენტი. მე მოვპარავდი მანქანის გასაღებს, გადავუგდებდი მეზობლის ბიჭს, ისიც ამოიღებდა ამ პარკს და დამალავდა სარდაფში. ჩემს მეუღლეს უკვირდა, საიდან ჩნდება ამ მანქანაში ცემენტის მტვერიო. ძალიან სუფთა კაცი იყო. თუ სამსახურში ვინმე მაიმუნობს და ჩემი მანქანით იმიტომ სარგებლობს, რომ გასასვლელში ჩემს მანქანას არ ამოწმებენ, დავხოცავ ყველასო. ერთხელაც, რომ აბობოქრდა, ვუთხარი რა გააჭირე საქმე, შენ თვითონ მოგაქვს ყოველდღე სახლში ცემენტი. მე ვთხოვე და გიდებენ საბარგულში. რა მოხდა ბოლოს და ბოლოს, გასაყიდად ხომ არ მინდა-მეთქი. გადაირია. არ იცით, როგორ შემამკო, რა სიტყვებით... (იცინის) ქურდი, ყაჩაღი და ავანტიურისტი მეძახა, ეს როგორ გააკეთეო. ჰო, ვარ ავანტიურისტი აბა, არ გამეკეთებინა-მეთქი? ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. ეს როგორ გამიბედეო. მოკლედ, სანამ მე რემონტს ვაკეთებდი, სულ იმას იძახდა, მოგკლავო. მაგ შენი რემონტისა და მტვრისაგან, კანზე ბუსუსები გამიჩნდა, ალერგია მაქვსო. ტერორში ვაკეთებდი ყველაფერს. სამჯერ დაგვაგორა კიბეზე მე, ჩემი ძმისშვილი და ხელოსანი (იცინის). მერე, ყველაფერი რომ მორჩა და დალაგდა, მოეწონა. მოვიდნენ მისი მამიდა და ბიცოლა სტუმრად. ათვალიერებენ ამ ჩემს ნაწამებ რემონტს და გაიძახიან: ოჰ, რა კარგია, რა კარგია, ყოჩაღ, ზურიკოო. ეს ჩემი ქმარი დასდევს უკან და აჩვენებს ყველაფერს. მე ვზივარ ღარიბი ნათესავივით კუთხეში და ხმას არ ვიღებ. ბოლოს, ისეთი თვალებით შევხედე ჩემს ქმარს, რომ გავგმირე. შეეშინდა: არა, არა, მე არაფერი გამიკეთებია, დონარამ გააკეთაო. იქ რომ არ ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, შეიფერებდა (იცინის). ძალიან პატიოსანი კაცი იყო. სამაგიეროდ, ცოლი მყავს ყაჩაღიო, იტყოდა ხოლმე. რატომ ვიყავი ყაჩაღი, ჩვენთვის ნორმალური პირობების შექმნა რომ მინდოდა?!


скачать dle 11.3