კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჩნდება მეფის რუსეთის კარზე ჩერკასკების საგვარეულო და რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ბაგრატიონებთან

ანტიკურ კავკასიაში ორ ქვეყანას ჰქონდა ახლო ურთიერთობები დასავლეთთან, ესენი იყვნენ ქართველები და მათი მეზობლები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში – მეოთები და სინდები – დღევანდელი ყაბარდოელების, ჩერქეზების, ადიღეელების წინაპრები. მომავალში ამ ორი სახელმწიფოს სამეფო საგვარეულოთა წარმომადგენლები მოწინავე ადგილს იკავებენ რუსეთის სამეფო კარზე, ესენი არიან ჩერკასკები და ბაგრატიონები. თუ რა ურთიერთობები იყო თავად ამ საგვარეულოებს შორის და როგორ შეიცვალა მათ მიერ, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული პოლიტიკა კავკასიაში ძალდატანებითით, კოლონიალურით, ამას დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი ჯონი კვიციანი გვიამბობს.

– აგრარული ცივილიზაცია, რომელშიც კაცობრიობამ დროის უდიდესი ნაწილი გაატარა, ევროპაში მეთექვსმეტე საუკუნეში ბარდება წარსულს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში ეს პროცესი გვიან შუა საუკუნეებშიც გაგრძელდა, ჩვენი ლტოლვა ევროპული ფასეულობებისკენ მაინც ყოველთვის იგრძნობოდა. უფრო მეტიც, ეს ჩვენს ტრადიციულ ზნე-ჩვეულებაში მანამდეც იყო ჩადებული, მაგალითად: საქალაქო კულტურა, თვითმმართველობის ტრადიცია, ხელოსნობა, ვაჭრობა და ასე შემდეგ.

არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ ამ პერიოდის კავკასიაში უპირატესობა და მზაობა ამ პროცესების რეალიზაციისა, გააჩნდათ საქართველოს და, ჩრდილოეთ კავკასიაში – ყაბარდოს. ამ ორი ეთნოსის განვლილი ისტორიაც ცხადყოფს, რომ ეს ქვყნები იზიარებდნენ დასავლურ ფასეულობებს. ცნობილია, რომ ძველი ბერძნების ქალაქები – პოლისები, რომლებიც კავკასიაში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო წამოდგენილი, ამ პროცესებს აჩქარებდნენ და აღრმავებდნენ. შავი ზღვის სანაპიროზე ჰქონდათ დაარსებული კოლონიები, ახალშენები. ფოთიდან, ანუ ფაზისიდან დაწყებული, გორგიპიამდე, ანუ, დღევანდელ ანაპამდე. შავი ზღვის ზოლში ოცდაათზე მეტი ასეთი კოლონია-ახალშენი არსებობდა და მათი მართვის პრინციპები დაფუძნებული იყო ქალაქის მმართველის არჩევითობაზე, თვითმმართველობისა და საკუთრების მრავალფეროვნებაზე და სხვა. გარდა ამისა, ამ კოლონია-ახალშენებს გაცხოველებული ურთიერთობები ჰქონდათ დასავლეთთან და გარკვეულწილად ისინი გვევლინებოდნენ დამაკავშირებლად და კულტურათა დიალოგის საშუალებად კავკასიასა და დასავლეთს შორის. ამ პროცესებმა ბევრად განაპირობა სახელმწიფოებრივი კულტურის განვითარება კავკასიაში, კერძოდ: საქართველოში მოხდა სახელმწიფოებრიობის შემდგომი განმტკიცება, ჩრდილოეთ კავკასიაში კი სინდთა და მეოთთა მიერ სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში და ისინი გვევლინებიან დღევანდელ ყაბარდოელ, ჩერქეზ, ადიღელ და სხვათა წინაპრებად, რომლებსაც იმ დროისთვის ეკავათ ჩრდილოეთ კავკასიის შავი ზღვისპირეთის სივრცე აზოვის ზღვის შესართავამდე.

მომავალში ეს ორი ქვეყანაც აქტიურად ეზიარება ქრისტიანულ კულტურას, თუმცა, წარმართული და ადგილობრივი ადათ-წესები, როგორც მაშინ დღესაც, დომინირებენ ამ ხალხთა ცხოვრებაში.

– როდის გახდა ეს ქვეყანა მუსლიმანური?

– დღევანდელი ყაბარდოელების ისტორიულ მეხსიერებაში გავრცელებულია აზრი, რომ გამუსლიმანების პროცესი მათში დაიწყო მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებიდან და რომ ისინი მანამდე ქრისტიანები იყვნენ.

– შუა საუკუნეების კულტურულმა ცვლილებებმა დასავლეთში რა ასახვა ჰპოვა ამ ორ ქვეყანაზე?

– მართალია, ეს ლტოლვა დასავლეთისკენ ამ ორ ქვეყანას ამ პერიოდში არ შენელებია, მაგრამ შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ორივე ქვეყნის დიდგვაროვნები რუსეთის კარზე მიიყვანა იმ იმედით, რომ ეპოვათ სამხედრო მოკავშირე ყირიმის სახანოსა და სპარსეთ-ოსმალეთის აგრესიისგან დასაცავად. ამ პერიოდისთვის მოსკოვის სამთავრო გაფართოვდა და მის ადგილზე ჩამოყალიბდა რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფო. ეს პროცესი დასრულდა ივანე მრისხანის მეფობისას.

მინდა გითხრათ, რომ კავკასიიდან პირველები, რომლებმაც სამხედრო-სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო რუსეთთან, იყვნენ: ყაბარდოს დიდი მთავარი თემრუყ იდაროვი (1557) და მოგვიანებით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე (1783), თუმცა, ამ ტიპის მოლაპარაკებები რუსეთთან, უფრო ადრე კახეთის მეფის – ალექსანდრე პირველის დროსაც მიმდინარეობდა (1483).

აღსანიშნავია, რომ თემრუყ იდაროვისა და ივანე მრისხანის ეს გადაწყვეტილება განმტკიცებული იყო ქორწინებით: იდაროვმა თავისი მშვენიერი ქალიშვილი გუაშანეი მიათხოვა დაქვრივებულ ივანე მრისხანეს. გუაშანეი, რომელიც რუსეთში მოინათლა და მარია ეწოდა, ივანე მრისხანის მეორე მეუღლე იყო.

– როგორც მახსოვს, ივანე მრისხანე და მარია დიდი რუსი მწერლის ალექსეი ტოლსტოის ისტორიული რომანის პერსონაჟები არიან.

– ამ რომანიდან ერთ დიალოგს გავიხსენებ, რომელიც კარგად ასახავს ამ სამი ქვეყნის ერთმანეთისადმი შეხედულებას, როცა ივანე მრისხანე მიმართავს მარიას: შენ ჭკვიანი და გაბედული ხარ, მე კი ველური ყაბარდოელი მეგონეო. მარია ქედმაღლურად პასუხობს: მე მცხეთის მონასტერში მივიღე განათლება და მრავალი ხელსაქმე შევისწავლე. თბილისში მეფის კარზე დიდი პატივითა და სიხარულით მხვდებოდნენ, შენი მოსმენა კი ჩემთვის მოსაწყენიაო.

– დავუბრუნდეთ ისტორიას.

– ისტორიულად მარიას ძმა, მიხეილი, რომელიც კარზე ჩეკრასკების საგვარეულოს ფუძემდებელია რუსეთის სამეფო კარზე, ივანე მრისხანის პოლიტიკის განსაზღვრაში აქტიურ როლს თამაშობდა. მოგეხსენებათ, მომავალში რუსეთის სამეფო კარზე ორი კავკასიური საგვარეულო აქტიურად იყო მიმდინარე პროცესებში ჩართული.

– რომელ საგვარეულოებს გულისხმობთ?

– ესენი იყვნენ ჩერკასკები და ბაგრატიონები. ალბათ, ეს პრივილეგია, ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ რუსეთის ურთიერთობა მათ ქვეყნებთან სამხედრო სამოკავშირეო პოლიტიკას ატარებდა ამ პერიოდში.

– თვითონ ჩერკასკებსა და ბაგრატიონებს რა ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან?

– ამ ორ კავკასიურ საგვარეულოსა და ქვეყნებსაც ახლო, მეზობლური და სოლიდარული ურთიერთობები აკავშირებდა. ერთმანეთთან ჰყავდათ მივლენილი ელჩები, რომლებიც ერთ ჭრილში ხედავდნენ ზოგად კავკასიურ პრობლემებს. ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ვახტანგ მეექვსის მეუღლე, ერეკლე მეორის ბებია, მზეთუნახავი რუსუდანი, ყაბარდოელი დიდებულის ასული გახლდათ.

– როდის იცვლება ურთიერთობები ამ სამ ქვეყანას შორის?

– დროთა განმავლობაში ზემოთ ხსენებული ცივილიზაციური ცვლილებები რუსეთსაც შეეხო – ეს მოხდა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. თუმცა, რუსეთმა გამოსავალი მოდერნიზაციის ნაცვლად ძალდატანებითი, კოლონიური პოლიტიკის განხორციელებაში ჰპოვა. თუ რამდენად უპერსპექტივო გამოდგა რუსეთის ამგვარი პოლიტიკა სამივე ქვეყნისთვის, ყველას კარგად მოგვეხსენება.


скачать dle 11.3