კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ბანქოს საიდუმლო

– გაზეთები იმპრესარიო ჰენრი რიდბერნის მკვლელობაზე წერენ, – ვუთხარი პუაროს, – წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ოჯახი სტეტჰემის შემოგარენში. წუხელ მთელი ოჯახი, სასტუმრო ოთახში „ბრიჯის“ სათამაშოდ შეიკრიბა. მოულოდნელად ბაღში გამავალი კარი გაიღო და ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვარდა. მას აბრეშუმის კაბაზე წითელი ლაქა აჩნდა. მხოლოდ ერთ სიტყვა თქვა – „მკვლელობა” – და გონება დაკარგა. ოჯახმა ქალი იცნო: ვალერია სენტკლერი – ბალეტის მოცეკვავე, რომელიც თავისი ნიჭით ლონდონს ატყვევებდა. პოლიციამ მონ-დეზირში, რიდბერნის დიდებულ ვილაში, რომელიც ხსენებული ოჯახის – ოუგლანდერების კოტეჯის ახლოს მდებარეობს, იმპრესარიოს გვამი ბიბლიოთეკაში იატაკზე იპოვა – თავი ჰქონდა გახეთქილი...

ამ დროს პუაროს პრინც პოლ მორანიელის სტუმრობის შესახებ მოახსენეს. პრინცი სწორედ იმ საქმესთან დაკავშირებით იყო მოსული, რომლის შესახებაც ჩემს მეგობარს ვუყვებოდი. მადმუაზელ სენტკლერი მისი საცოლე იყო.

– იმედი მაქვს, მე და ვალერია მალე დავქორწინდებით, – უთხრა პუაროს, – პირველი მე არ ვარ ჩვენს ოჯახში, ვინც დაბალი წრის წარმომადგენელზე ქორწინდება. თუმცა, მადმუაზელ სენტკლერის ძარღვებში კეთილშობილი სისხლიც ჩქეფს: ამბობენ, რომ მისი დედა რუსი თავადის ქალი იყო. მისტერ რიდბერნი მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო, თუმცა ვალერია მის გრძნობას არ პასუხობდა. უფრო მეტიც გაურბოდა მას. მიუხედავად ამისა, არ მჯერა, რომ ის ვალერიამ მოკლა! მოჰკიდებთ ხელს ამ საქმეს?

მონ-დეზირი წარმოუდგენლად თანამედროვე და კოხტა სახლი აღმოჩნდა. ირგვლივ ბაღი ერტყა, პარმაღისკენ კი ხეივანი იყო გაჭიმული. ბიბლიოთეკა, სადაც მკვლელობა მოხდა, ძალიან დიდი ოთახი იყო. მას სხვადასხვა მხარეს ორი მოზრდილი ფანჯარა ჰქონდა. ერთი ფანჯრიდან ხეივანი და გზა მოჩანდა, მეორიდან კი – ბაღი. სწორედ ამ ფანჯარასთან იპოვეს გვამი. რომ მოვედით, გვამი უკვე წაეღოთ, მოსამსახურემ გვითხრა, რომ ოთახში დანარჩენი ყველაფერი ისე იყო, როგორც მკვლელობის მომენტში. სახლის პატრონი ამ ოთახში ხშირად იღებდა ქალებს. ისინი იმ კარიდან შემოდიოდნენ, რომელიც ტერასაზე გადიოდა და ამიტომ მსახურები მათ ვერ ხვდებოდნენ. სავარაუდოდ, მასთან სტუმრად ქალი წუხელაც იყოო, – თქვა მსახურმა.

ჩვენ მისტერ რიდბერნის ექიმსაც ველაპარაკეთ. მისი განმარტებით, რიდბერნი ფანჯრის გვერდით იწვა. ცხვირის ძვალი გატეხილი ჰქონდა, კეფა კი – ჩაჩეჩქვილი.

პუარომ ფანჯრის რაფა დაათვალიერა – ეს იყო მარმარილოს სკამები, სახელურებად ლომის თავები ჰქონდა გაკეთებული. პუარომ კარს გახედა, რომელიც ტერასაზე გადიოდა. ექიმმა განუმარტა, რომ მადმუაზელ სენტკლერი სწორედ ამ კარიდან გავარდა.

– თუ დააკვირდებით, ხეებს შორის ოუგლანდერების კოტეჯს შეამჩნევთ. ის აქედან საკმაოდ შორსაა, მაგრამ ამ მხრიდან სხვა სახლი არ ჩანს.

მე და პუარო მადმუაზელ სენტკლერის კვალს გავყევით. ბაღზე გავიარეთ, შემდეგ ცოტა ხანს ტყეში ვიბორიალეთ და ბოლოს ოუგლანდერების ჭიშკარს მივადექით. მოახლემ სასტუმრო ოთახში შეგვიპატიჟა. ეტყობოდა, რომ გუშინდელს მერე ეს ოთახი არავის დაელაგებინა – ბანქოც ისევ ისე ეყარა მაგიდაზე. ვიდრე მასპინძელი გამოჩნდებოდა, კედელზე ოჯახურ პორტრეტებს ვათვალიერებდით. ერთზე ბაკენბარდებიანი მამაკაცი, ქალი, კარგად ნაკვები ბიჭუნა და ორი პატარა გოგო იყო გამოსახული. ამ დროს კარი გაიღო და ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. მან თავიდანვე მოგვიბოდიშა:

– ბოდიშს ვიხდი ასეთი უწესრიგობისთვის, მაგრამ, მოსამსახურეები მომხდარის გამო ისე აღელდნენ, საკუთარი მოვალეობების შესრულებაც კი ვერ შეძლეს.

– წუხელ ამ ოთახში იჯექით? – ჰკითხა პუარომ, – პირადად თქვენ რომელ მხარეს იჯექით?

– ფანჯრისკენ და კარისკენ სახით ვიჯექი. მოულოდნელად კარი გაიღო და...

ზედა სართულზე ავედით. მის სენტკლერი ჯერ ისევ ლოგინში იწვა. პუარომ მას წუხანდელი ამბის გახსენება სთხოვა.

– საქმე ისაა, რომ ამ კაცმა, რიდბერნმა, – დაიწყო თხრობა მის სენტკლერმა, – ჩემი ერთი საიდუმლო იცოდა და მაშანტაჟებდა. მხოლოდ პოლის სიყვარულის გამო გადავწყვიტე მასთან მოლაპარაკება. პოლის დაკარგვის მეშინოდა... რიდბერნს ფული შევთავაზე, მან შეხვედრა დამინიშნა და მეც მივედი.

– მაპატიეთ, მადმუაზელ, მაგრამ, ღამით იმ კაცთან მარტო წასვლის არ შეგეშინდათ? – ჰკითხა პუარომ.

– შემეშინდა, მაგრამ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. არავინ იყო, ვისაც გაყოლას ვთხოვდი. სასოწარკვეთილი ვიყავი. რიდბერნმა ბიბლიოთეკაში მიმიღო. იგი როგორც კატა თაგვს, ისე მეთამაშებოდა, დამცინოდა. მე მთელი ჩემი ძვირფასეულობა შევთავაზე, ბოლოს მან თავისი ფასი დაასახელა... ალბათ, ხვდებით, რაც მოითხოვა. მე დავწყევლე, ის კი ისევ დამცინოდა. მოულოდნელად რაღაც ხმა გავიგონე, რომელიც ბაღის მხარეს არსებული ფანჯრიდან მოდიოდა. რიდბერნმაც გაიგონა, ფანჯარასთან მივარდა და ფარდები გასწია. იქ ვიღაც კაცი იმალებოდა, საშინელი გარეგნობა ჰქონდა – ალბათ, მაწანწალა იყო. ის რიდბერნს ეცა და მანამდე ურტყა, ვიდრე არ დააგდო. მერე მაწანწალამ გასისხლიანებული ხელი წამავლო. მე გავუსხლტი და გავიქეცი. რომელიღაც სახლის განათებული ფანჯრები დავინახე, იქითკენ გავქანდი და ეს ხალხი დავაფეთე.

ოთახიდან რომ გავდიოდით, პუარო მოულოდნელად გაჩერდა და ლაკის ფეხსაცმელზე მიუთითა:

– ესენი თქვენია, მადმუაზელ?

– დიახ, მესიე, მოახლემ ახლახან გაწმინდა და ამომიტანა.

– რა უცნაური მსახურები არიან ამ სახლში, – შენიშნა პუარომ, როდესაც კიბეზე ჩამოვდიოდით, – აღელვებისგან ოთახების დალაგება ავიწყდებათ, მაგრამ ფეხსაცმელების მოწესრიგება ახსოვთ.

ჰოლში მის ოუგლანდერი გველოდა. მან გვითხრა, რომ ჩვენთან საუბარი დედამისს სურდა. პუარომ მაგიდიდან ბანქო აკრიფა და თავისი კოტიტა თითებით არევა დაიწყო და უცებ ადგილზე გაშეშდა.

– ჰასტინგს, შეხედეთ! დასტაში ჯვრის მეფე არ არის! – წამოიძახა მან.

ამ დროს ოთახში მისის ოუგლანდერი შემოვიდა.

– მითხარით, მადამ, წუხელ ჟალუზები ჩამოშვებული იყო?

– არა და, ალბათ, ამიტომაც დაინახა ჩვენს ფანჯარაში სინათლე მის სენტკლერმა.

– წუხელ ხომ მთვარიანი ღამე იყო? უცნაურია, რომ თქვენ ვერ შეამჩნიეთ მადმუაზელ სენტკლერი, თუმცა, ფანჯრისკენ სახით იჯექით.

– მართალი ხართ. ვფიქრობ, თამაშში ძალიან ვიყავით გართულები.

ჩვენ ისევ მკვლელობის ადგილას დავბრუნდით. როდესაც ბიბლიოთეკაში შევედით, პუარო იმ ფანჯრისკენ დაიხარა, რომელიც ხეივნისა და გზისკენ გადიოდა. ცოტა ხანში მეც მიხმო და ლომის თავზე მიმითითა. მარმარილოს მბრწყინავ ზედაპირზე ძლივს შესამჩნევი ლაქა მოჩანდა, ასეთივე ლაქა იყო იატაკზეც.

– ვიღაცამ რიდბერნს მუშტი დაარტყა ცხვირში. ის წაიქცა, თავი მარმარილოს ლომს ჩამოარტყა და იატაკზე დავარდა. შემდეგ ის მეორე ფანჯარასთან გადაათრიეს და იქ დააწვინეს. მე იმ ადამიანს მკვლელსაც ვერ დავარქმევ. ის მის მოკვლას არც აპირებდა, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. საქმე დამთავრებულია!

– ო, არა! – წამოვიძახე მე, – არის კიდევ ერთი რაღაც, რაც თქვენ არ იცით. სად არის დაკარგული ჯვრის მეფე.

– საქმე ისაა, რომ ჯვრის მეფე მე მაქვს ჯიბეში, – პუარომ გამარჯვებული სახით ამოიღო ჯიბიდან ნახსენები ბანქო. „მისი უდიდებულესობა“ მთელი გუშინდელი საღამო ბანქოს ყუთში იყო ჩარჩენილი. იქიდან მისი ამოღება დაბნეულობის გამო დაავიწყდათ. სწორედ იქ ვიპოვე.

როდესაც მივედით, ოუგლანდერები სადილობდნენ. მალე ჩვენთან მისის ოუგლანდერი გამოვიდა.

– მე აქ იმისთვის ვარ, რომ უბედური დედა დავაწყნარო, – მიმართა პუარომ გაკვირვებულ ქალს, – მისტერ რიდბერნის მკვლელს ვერასდროს დაიჭერენ. ხომ მართალი ვარ, დედას რომ მივმართავ, თუ, ცოლს ველაპარაკები?

წუთიერი დუმილის შემდეგ მისის ოუგლანდერმა წყნარად უპასუხა:

– როგორ მიხვდით? ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ, არ შემცდარხართ.

– სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა, – უთხრა მას პუარომ, – არ იდარდოთ, თქვენი ინგლისელი პოლიციელები, რომლებიც სულაც არ ჰგვანან ერკიულ პუაროს, ამ ამოცანის ამოხსნას ვერ შეძლებენ.

ეს რომ თქვა, პუარომ თითით კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტს მიუკაკუნა:

– თქვენ კიდევ ერთი ქალიშვილი გყავდათ. ის გარდაიცვალა?

– დიახ, გარდაიცვალა.

– გასაგებია. ნება მომეცით, ქალბატონო, ეს ბანქოს ქაღალდი ადგილზე დავაბრუნო. არადა, ეს თქვენი ერთადერთი „ჩავარდნა” იყო. „ბრიჯს“ თამაშობდით და ვერ შეამჩნიეთ, რომ დასტას ჯვრის მეფე აკლდა, – ამას ვინ დაიჯერებს?!

– ვინ მოკლა რიდბერნი? ვერაფერი გავიგე, – ვუთხარი პუაროს, როდესაც გარეთ გამოვედით.

– ჯონ ოუგლანდერ-უმცროსმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ოუგლანდერების ოჯახის რომელიღაც მამაკაცმა გააკეთა, თუმცა, არ ვიცოდი, მამამ, თუ შვილმა. შემდეგ შვილზე შევჩერდი, როგორც უფრო ახალგაზრდასა და ძლიერზე. ვალერიამ გასაქცევად იმ კარით ისარგებლა, რომელიც ბაღში გადიოდა, ამიტომ, საჭირო გახდა, ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ის ოუგლანდერებთან შემთხვევით მოხვდა, არადა, ვალერიამ გონება იქვე დაკარგა და ჯონს კოტეჯამდე მისი ხელით ტარება მოუწია. სწორედ ამიტომ არ დასვრილა მისი ფეხსაცმელი. გახსოვთ, როგორ დაიბნა, როდესაც ვკითხე, ღამით რიდბერნთან მარტო მისვლის არ შეგეშინდა-მეთქი? მან ჯონ ოუგლანდერი წაიყვანა, რამაც, ვფიქრობ, რიდბერნს ხასიათი ძალიან გაუფუჭა. მათ იჩხუბეს. რიდბერნმა, ალბათ, ვალერიას შეურაცხყოფა მიაყენა, ჯონი აფეთქდა და დაარტყა. დანარჩენი იცით. ალიბის შესაქმნელად კი განაცხადეს, რომ მთელი ოჯახი „ბრიჯს“ თამაშობდა. მოგეხსენებათ, ამ თამაშს ოთხი კაცი სჭირდება.

– ვერ ვხვდები, რა საერთო აქვს მოცეკვავე ვალერია სენტკლერს ბურჟუების ოჯახთან?

– შეიძლება, მისის ოუგლანდერის მეორე ქალიშვილი მთელი ოჯახისთვის მკვდარია, მაგრამ დანარჩენი სამყაროსთვის ის აღდგა, როგორც ვალერია სენტკლერი! როგორ ვერ შეამჩნიეთ როგორ ჰგავდნენ დები ერთმანეთს? ყველაზე შოკის მომგვრელი ისაა, რომ ვალერიას ოჯახს რცხვენია მის გამო და ისიც ამითვე პასუხობს. მიუხედავად ამისა, საფრთხის დროს მან მაინც საკუთარ ოჯახს მიმართა. მე, ისევე, როგორც პრინც პოლს, მჯერა მემკვიდრეობითობის. მათ კინაღამ მეც მომატყუეს, მაგრამ, ბედნიერი შემთხვევის და ერთი კითხვის წყალობით, რომელიც ორივე ქალს დავუსვი, მათ ეს ვერ შეძლეს. გამოდიოდა, რომ ორივე, დედაც და შვილიც „ბრიჯის“ დროს ფანჯრისკენ სახით იჯდა, ეს კი ვერაფრით მოხდებოდა. პრინცი მართალია – ამ გოგოს ძარღვებში მართლაც კეთილშობილი სისხლი ჩქეფს.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3