კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-11(533)

თუ მამაკაცი შეყვარებულია, ის ტყუილსაც ხალისით იჯერებს ან თავს ისე აჩვენებს, ვითომ დაიჯერა. იმ მომენტისთვის მისთვის მთავარი მიზანია და სწორედ ამ მიზნით ამართლებს საშუალებას. ეს ჩემი თეორიული ცოდნაა, რადგან ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეყვარებული და მაშინაც ყველაფერი ქორწინებით დასრულდა. მართლა არ ვიცი, გამიმართლა თუ არა, ახლა ამაზე ფიქრი დაგვიანებულია, მაგრამ, ფაქტია, რომ ამის გამო არც დეპრესია დამწყებია და არც უბედურ კაცად მიგრძნია თავი. ამბობენ, შეყვარებულ მამაკაცს მთების გადადგმაც შეუძლიაო, მაგრამ, ვინმეს მილიარდები ეშოვოს საყვარელი ქალის გულის დასაპყრობად, ჯერ არ გამიგია. ისედაც, ჩვეულებრივ ადამიანს მილიარდერად გახდომის შანსი ძალიან მცირე აქვს. იმდენად მცირე, რომ პრაქტიკულად, ეს შანსი არ არსებობს. სამაგიეროდ, ყველას შეუძლია, უყუროს ტელევიზორს და ნახოს იმ ერთეულთა ფუფუნება, რომელთაც მინიმალური შანსი გამოიყენეს...

... ლევანმა ვერ გაბედა რეზოსთვის ეკითხა, რატომ ჰქონდა ბედნიერი და კმაყოფილი გამომეტყველება, რატომ შეუკვეთა სადილი ტელეფონით პიცერიაში და, საერთოდაც, რას გულისხმობდა, როცა თქვა, ამ საღამოს ყველაფერი გაირკვევა და ჩვენც დავემშვიდობებით ერთმანეთსო. იძულებული იყო, იმ მწირი ინფორმაციით დაკმაყოფილებულიყო, რაც მიიღო. ვახოც ნერვებს უშლიდა წუწუნითა და ოხვრით.

– შეყვარებული მყავს... – დაიწყო მერამდენედ, – იცი, რა გოგოა?! ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი გოგო საერთოდ თუ შემამჩნევდა, მაგრამ, მგონი, ვუყვარვარ. ჩემი ცხოვრება ახლა იწყებოდა, მე კიდევ... მე... როგორ გგონია, დამიჭერენ?

– იცი, ძალიან დამღალე და ჩემი ნება რომ იყოს, უფრო სწორად, მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად დაგიჭერდი, – შეუბღვირა ლევანმა და შეეცადა, სკამის საზურგესთან პატარა ბალიში უფრო მოხერხებულად ჩაეტენა.

– რა? დამიჭერდი? კი მაგრამ, რატომ?

– ხომ გითხარი, ძალიან დამღალე-მეთქი. აი, მაგიტომ. და, კიდევ ერთი მიზეზია – დამნაშავე ხარ.

– ეგ ჯერ უნდა დაამტკიცო.

– დანაშაულის დამტკიცება ჩემი პროფილი არ არის, მაგას სხვები გააკეთებენ. თუმცა, არსებობს ინტუიციაც, რომელიც მკარნახობს, რომ არც ისეთი უდანაშაულო ხარ, როგორც თავს გვაჩვენებ. იმ შენი შეყვარებულისთვის ფული ხომ გჭირდებოდა? ჰოდა, დანაშაულის ჩადენასაც მეტი არაფერი უნდა. როცა არსებობს მოტივი, საშუალებაც გამოიძებნება ხოლმე – ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი და ჯერ არ შევმცდარვარ.

– ანუ ციხეს ვერ გადავურჩები?

ლევანმა მხრები აიჩეჩა:

– ხომ გითხარი, ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის-მეთქი. სავარაუდოდ, ხვალ დილით რაღაც გაირკვევა.

ვახომ ამოიოხრა.

– აჰა, ესე იგი, ამას ველოდებით?

ერთი შეხედვით უბრალო შეკითხვამ ლევანი არაბუნებრივად გააღიზიანა:

– ძალიან ბევრ კითხვას სვამ, ეტყობა, გავიწყდება, პატიმარი რომ ხარ.

– ეტყობა მთლად ჩვეულებრივი პატიმარიც არ ვარ, თორემ აქ არ მოგვიყვანდით.

– არც ეს არის შენი საქმე! – ისევ იფეთქა ლევანმა. ვახოს უნებლიეთ გაეღიმა. აშკარად ხვდებოდა, რომ ამ ორს შორისაც არ იყო თანხმობა. შეეცადა, სერიოზული გამომეტყველება მიეღო და ამოიოხრა კიდეც, ლევანისთვის რომ დაენახვებინა, ძალიან ცუდად ვარო.

– არანაირად არ მხიბლავს ის პერსპექტივა, რომ საღამომდე შენი საზოგადოება უნდა ავიტანო. არც ღამე იყო სასიამოვნო. ამიტომ, ეცადე, ნაკლები ივიშვიშო.

– ეს ჩემი უფლებაა.

– რა არის შენი უფლება? – კისრის ძარღვები დაებერა ლევანს.

– ემოციების გამოხატვას ვერ ამიკრძალავთ. შემიძლია, ვიტირო კიდეც და, რაც მთავარია, ადვოკატი მოვითხოვო.

– რა უნდა მოითხოვო?

– ადვოკატი, – მშვიდად გაიმეორა ვახომ, – მეც ვიცი ჩემი უფლებები. სანამ ადვოკატს არ შემახვედრებთ, ერთ სიტყვასაც კი აღარ ვიტყვი.

– ჰო?! ეს, ალბათ, წუხელ მოიფიქრე, ძილშიც შენს ადვოკატს ხომ არ ელაპარაკებოდი? რაღაც, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

– არა, ძილში ლაპარაკი არ მჩვევია.

– ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები, – ლევანმა წელზე მოისვა ხელი და შეიჭმუხნა, – საშინელებაა სავარძელზე ძილი.

– არც მე მძინებია უკეთესად, – დააყვედრა ვახომ, – თუმცა, ალბათ ნარზე ძილი უარესია.

– არ ვიცი. პრინციპში, არც მაინტერესებს. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ.

– ძალიან მშია, ჩვენი კვება გათვალისწინებული არ არის?

– გათვალისწინებულია, გათვალისწინებული, – ჩაიბურტყუნა ლევანმა, – ოღონდ, ცოტა ხანს მოცდა მოგიწევს – ჯერ პირველი „ცვლა” სადილობს. შენ და შენი მეგობარი ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ. თუ მომცემ პირობას, რომ ოთახიდან არ გამოხვალ, გავიგებ, რა მოგვიტანეს სადილად.

ვახომ ხელები გაშალა.

– თუ მენდობი, არ გამოვალ, თუ არა და... ისე, შემიძლია, დავიფიცო კიდეც.

ლევანმა ცოტა იყოყმანა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

– გენდობი. იმედია, ფანჯრიდან არ გადახტები – მეშვიდე სართულია მაინც. სამზარეულო კი აქვეა და, თუ გამოხვალ, აუცილებლად გავიგებ.

სამზარეულოში მარტო რეზო დახვდა. მაგიდაზე პიცის ოთხი ყუთი და ორი ბოთლი ლიმონათი იდო.

– პიცა კარგია, მიყვარს. „ის” სად არის?

– ოთახში, კარი გარედან ჩავუკეტე. მოგშივდა?

– მე რა, ჩემსას მოშივდა.

რეზომ გაიღიმა:

– თუ გინდა, ჯერ თქვენ ისადილეთ.

– არა, არ არის პრობლემა, არც ისე ცუდად არის საქმე.

– მაშინ, ნუ იბღვირები.

– აი, ეს უკვე ჩემი პრობლემაა, – უხეშად მიუგო ლევანმა და მაშინვე დაამატა: – თავს მასხარად ვგრძნობ, პატიმარიც კი დამცინის.

რეზო შეიჭმუხნა:

– მალე, ვეღარ გაიცინებს. ძალიან ცოტა დრო დარჩა გადაწყვეტილების მიღებამდე.

– რომელი გადაწყვეტილების? რომლის შესახებაც მე არაფერი ვიცი? განყოფილებაში უნდა წავიდე, დავიღალე აქ ჯდომით და გაუგებრობით.

– სად უნდა წახვიდე, სრულ ჭკუაზე ხარ? რა გინდა განყოფილებაში, ოპერაცია უნდა ჩამიშალო? შენ ხომ არ გგონია, დამლაგებლიდან დაწყებული, დაცვის ბიჭებით დამთავრებული, ყველამ იცის, ჩვენ რას ვაკეთებთ? ამ ტიპს რომ ვერაფერი დავუმტკიცოთ, მთელი სამმართველო მასხრად აგვიგდებს. ეს გინდა? მითხარი, ეს გინდა? შენი პირველი საქმეა და, ჩათვალე, რომ სერიოზულ საქმეზე აღარავინ მიგვიშვებს. კი, ბატონო, შენი ნებაა, წადი, ოღონდ, რაც მოხდება, საკუთარ თავს დააბრალე.

ლევანმა ტუჩი მოიკვნიტა. რამდენიმე წუთი იდგა და ნიკაპს იწიწკნიდა ორი თითით.

– კარგი, მაგრამ, ერთ კითხვაზე მიპასუხე.

რეზომ თავი დაუქნია და შეაგულიანა:

– მიდი!

– შენ ამ საქმეს იმიტომ მოჰკიდე ხელი, რომ რაღაცის იმედი გაქვს?

– მოიცა, „რაღაცის იმედი” რას ნიშნავს, რა გინდა ამით თქვა?

– მშვენივრად ხვდები. მიპასუხე, ოღონდ გულახდილად, სიმართლის გარკვევას მართლა ცდილობ, თუ...

– „თუ” ზედმეტია, გესმის? შენ ძალიან გეშლება. არ არის ისე, შენ რომ გგონია. ფული რომ იყოს ჩემი მიზანი, ავიღებდი იმ ჩანთას და გამომხმარ პიცას ვიღაც თაღლითის სახლში არ შევჭამდი, მაგრამ, სიტუაცია მაქვს ისეთი, ამაზე ძალიან არაფერი მეგემრიელება. რას იზამ?! ასეა, ჩემო კარგო. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?

– პრინციპში, კი, – თქვა ლევანმა და ტუჩები ირონიულად მობრიცა.

– პრინციპში, დიდად არ მაინტერესებს, შენ რას იფიქრებ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ.

– ჰო, შენს საქმეს ნამდვილად აკეთებ. მაგაში მეც გეთანხმები, – ისევ ვერ დამალა ირონია ლევანმა.

– ხომ გითხარი, შენ რას ფიქრობ, არ მაინტერესებს-მეთქი, მაგრამ, სანამ ერთად ვართ, შენც მოგიწევს შენი საქმის კეთება, თორემ, პატაკის დაწერასაც გასწავლი, არ არის პრობლემა.

ლევანმა პასუხად რაღაც ჩაილაპარაკა, მაგრამ რეზოს მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია.

„როცა რაღაცას ნატრობ და ოცნებობ, ჯერ კარგად დაფიქრდი, ეს მართლაც ის არის, რისი ასრულებაც ნამდვილად გინდა, თუ... დიახ, – თუ... ადამიანებს ხშირად წარმოდგენა არ გვაქვს საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესახებ. ანგარიშმიუცემლად ოცნებობენ და ოცნებობენ. მერე, ერთ მშვენიერ თუ არამშვენიერ დღეს, ეს ოცნებები ხორცს ისხამს, რეალური და ხელშესახები ხდება, ისეთი რეალური, როგორიც თავად ცხოვრებაა და ჩნდება სინანული: განა ჩვენ ამაზე ვოცნებობდით?!“

სოფო ცდილობდა, სერიოზულად არ მიეღო ანდროს ნათქვამი, მაგრამ, როგორც არ უნდა შეეტრიალებინა, ან როგორი ქვეტექსტითაც უნდა განგეხილა, რეალურად არ ჟღერდა. „გახდი, ჩემი ცოლი!“ – ეს სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ მოსვენება დაეკარგა. ისევ ლოგინში იწვა, თვალებგახელილი ჭერს უყურებდა, ფიქრობდა: „რა უნდოდა, ამით ეთქვა? მთვრალი აშკარად არ იყო, თანაც, ანდროსთვის აქამდე მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ერთხელაც არ წამოსცდენია, რომ ჩემთან ოფიციალური ურთიერთობა უნდოდა. რამდენი წელია, ერთად ვართ. არასდროს, ერთხელაც კი არ წამოსცდენია, არც იმისი ილუზია შეუქმნია ჩემთვის, რომ ვუყვარდი. შეუძლებელია, შეყვარებული მამაკაცი მშვიდად უყურებდეს, როგორ ხვდება მისი საყვარელი ქალი სხვა კაცებს. მართალია, ბინა მიყიდა და ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის, მაგრამ, ყოველთვის ცდილობდა, შორს ყოფილიყო. წუხელ კი“... – სოფო ფრთხილად შებრუნდა და, ისე, რომ კაცი არ გაეღვიძებინა, კომოდისკენ გაიწოდა ხელი.

– არ მძინავს, – თქვა ანდრომ ისე, რომ თვალი არ გაუხელია.

– სიგარეტი მინდოდა.

– რად გინდა ამ დილაუთენია რომ ეწევი? – ანდრო წამოჯდა და ქალს წელზე მოხვია ხელი, – არ გინდა. მით უმეტეს, არ მინდა, რომ ინერვიულო.

– მე? – სოფომ მხრები აიჩეჩა, – რაზე უნდა ვინერვიულო? პირიქით, საკმაოდ მშვიდად ვარ.

ანდრომ გაიცინა და თავი გადააქნია:

– ან მატყუებ, ან ჩემს წინადადებაზე არ გიფიქრია. რატომ?

– პირიქით, ძალიან ბევრი ვიფიქრე, მაგრამ...

– რა „მაგრამ“... – ანდრომ თმა მოუჩეჩა, – იცი, რას გეტყვი? არავითარი „მაგრამ“. მე მივიღე გადაწყვეტილება და აღარ შევცვლი. მით უმეტეს, რომ ჩემი ყოფილი ცოლი უკვე რეალურად ყოფილია – გუშინ განქორწინების საბუთებს მოვაწერე ხელი.

სოფოს თვალები დაუმრგვალდა გაოცებისგან:

– არა, არა, მოიცადე, მე ასე არ შემიძლია. კარგად ამიხსენი, ცოლს გაეყარე?

– ჰო, აქამდეც გაყრილი არ ვიყავი?! უბრალოდ, ახლა ეს ყველაფერი ოფიციალურადაც არის დადასტურებული. ჩემს ყოფილზე შეგიძლია არ ინერვიულო. იმდენი მიიღო, ცხოვრების ბოლომდე ეყოფა. თან, თხოვდება. ასე რომ შეგვიძლია, დამშვიდებული სინდისით ვიფიქროთ საკუთარ ბედნიერებაზე.

– ანუ, საერთო ბედნიერებაზე?

– ჰო, მგონი, დავიმსახურეთ.

სოფომ ამოიოხრა:

– არ ვიცი, ანდრო... განა ასე ადვილია?

– სირთულეს რაში ხედავ? შენც თავისუფალი ხარ, მეც... ერთად თავს კარგად ვგრძნობთ. პრინციპში, ერთნაირები ვართ. ძალიან კარგი წყვილი ვიქნებით.

სოფომ თავი გააქნია:

– არა!

– რა „არა“?! – შეიჭმუხნა ანდრო და მხარზე მოქაჩა – რა არა-მეთქი? გაპრანჭვა რად გინდა? წუხელ პირველად ხომ არ ვიყავით ერთად, ერთმანეთს ისე კარგად ვიცნობთ, ბევრ ცოლ-ქმარს შეშურდება.

– ჰო, მაგრამ, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.

ანდრო დაფიქრდა. მერე შუბლზე მოისვა ხელი და გაიცინა:

– ახლა არ მითხრა, რომ გინდა, სიყვარული აგიხსნა.

სოფომ არ უპასუხა, სიგარეტის კოლოფი აიღო და გახსნა, მაგრამ ანდრომ არ მოაკიდებინა – კოლოფი გამოსტაცა და მოისროლა.

– მოკლედ, ასე: ვიცი, რომ პასპორტი გაქვს. მე ახლა წავალ, რაღაც საქმეებს მოვაგვარებ და ამ საღამოსვე წავიდეთ. შენ ბევრი არაფერი წამოიღო. რაც დაგვჭირდება, ვიყიდით. ხელს ბათუმში მოვაწერთ, ან, სულაც, ჯვარი დავიწეროთ – როგორც შენ გადაწყვეტ.

სოფო გაოგნებული უსმენდა. ბოლოს დაბნეულმა ჩაილაპარაკა:

– ალბათ, ვერ შევძლებ. მაპატიე...

– ეე, ახლა უკვე ურევ, სოფო! შენ ჭკვიანი და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი ხარ, თითქმის ისეთი, როგორიც მე. არ მომატყუო და არ მითხრა, რომ ჩემს ცოლობაზე არ გიოცნებია. მოიცადე, არ შემაწყვეტინო. ყველა ქალი ოცნებობს ამაზე. თუ ხშირად არა, ხანდახან მაინც. თქვენ ეს კოდირებული გაქვთ.

სოფომ ერთბაშად იფეთქა:

– გეყოფა ირონია. ასეც ვიცოდი, რომ შენი ნდობა არ შეიძლებოდა. წადი და რაც გინდა ის ქენი. საერთოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან! მეც მივიღე სერიოზული გადაწყვეტილება – ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, სადაც შენი ადგილი არ იქნება!

ანდრო მოღუშული უსმენდა მთელ ამ ტირადას, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ისე მოხვია ხელი და ტუჩებზე დაეკონა.

***

როცა უფრო ხშირად და ხარისხიანად გიმართლებს, ვიდრე ეს წესიერ, კანონმორჩილ ადამიანს შეეფერება, ჯობია, ფრთხილად იყო. ადამიანებს არ უყვართ იღბლიანები. ისეთი პოზა უჭირავთ, თითქოს მათი იღბლიანობის არ სჯერათ და მას უკანონობის საბურველში ხვევენ. არადა, გულის სიღრმეში არათუ იციან, რომ იღბალი არსებობს, დარწმუნებულიც კი არიან ამაში და ოცნებობენ, ერთ დღეს მათაც გაუღიმოს ფორტუნამ.

***

რეზომ რამდენჯერმე შეისხა პეშვით სახეზე ცივი წყალი და სარკეში ჩაიხედა. საკუთარმა გამოსახულებამ დააფრთხო – სარკიდან სახეარეული, თვალებჩაწითლებული და ქოჩორაშლილი უცნობი მამაკაცი უყურებდა. სველი ხელით თმა დაიტკეპნა, ამოიოხრა და ოთახში დაბრუნდა.

ლაშა მშვიდად იჯდა.

– მითხარი, ამას როგორ აკეთებ?

– როგორც გითხარი, ისე – არავითარი ჯადოქრობა და თაღლითობა. მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ, მართლა. მარტო იმას ვაკეთებ, რასაც მეუბნებიან.

– ვინ არის ეგ ქალი?

– არ ვიცი.

– შეუძლებელია, უნდა იცოდე. არ მჯერა, გესმის შენ? არ მჯერა! მაგრამ, ისეთი სულელიც არ ვარ, მთლიანად უარვყო ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ასე ხშირად ხდება?

– თითქმის ყოველთვის, როცა იმ დივანზე ვიძინებ.

– და, წარმოდგენა არ გაქვს, ვინ არის?

– არა. რატომ მოგატყუებ? – ლაშამ მაგიდაზე დაყრილ ფულს დახედა, – ამას რა ვუყოთ და, საერთოდ, რა მოხდება ახლა, რის გაკეთებას აპირებთ?

რეზომ არ უპასუხა. საკუთარ თითებს ჩაშტერებული, რაღაცას ბუტბუტებდა.

– მე ვიცი, თქვენ რა გინდათ. – თქვა უცებ ლაშამ, – პრინციპში, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

რეზო შეკრთა. ლაშა მიხვდა, რომ მიზანში მოარტყა.

– ან რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო, მაგრამ, ვფიქრობ, არ გამოვა.

– რატომ?

– არ ვიცი, რა გეგმა გაქვთ თქვენ, მაგრამ, ყოველთვის გამოჩნდებიან თქვენნაირები, ისეთები, რომლებიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ მოგვცემენ, უბრალოდ რომ ვთქვათ, არ შეგვარგებენ. მე კი არ მინდა, სულ ის ვამტკიცო, რომ თაღლითი არ ვარ. თუ ახლა არ დამიჭერთ, მე მზად ვარ, მთელი ეს თანხა მოგცეთ სიმშვიდის სანაცვლოდ.

– რატომაც არა, ერთი ღამე და ისევ მილიონერი იქნები, – ჩაიცინა რეზომ. ლაშამ თავი გააქნია, უარყოფის ნიშნად.

– არა, აღარ მინდა. მაგ დივანს, თქვენ თვალწინ გადავაგდებ მდინარეში.

– ასე მარტივად არ არის საქმე. მოკლედ, უნდა ვიფიქრო. დროც ბევრი არ გვაქვს.

– „გვაქვს?” – გაეღიმა ლაშას, – დრო თქვენ არ გაქვთ, თორემ, მე რომ დამიჭერთ, ციხეში დრო თავზე საყრელად მექნება.

რეზოს აღარაფერი უთქვამს, სამზარეულოში გავიდა და მეორე ოთახიდან ლევანი გამოიხმო:

– ეს საქმე უნდა დავხუროთ. არაფერი მკითხო და არც შენებური გაუშვა, თორემ, ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები. ასეა საჭირო და მორჩა.

ლევანმა მხრები აიჩეჩა:

– ძალიან უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. რას ნიშნავს, „საქმე უნდა დავხუროთ“? ზემოდან გვიბრძანეს – თუ არასაკმარისი მტკიცებულებები გაქვთო...

– ჩავთვალოთ, რომ გიპასუხე.

– მოიცა, როგორ, ჩავთვალო, რას მელაპარაკები? თუ ასეა საჭირო და გვიბრძანეს, უნდა გვითხრან, ხომ მართალი ვარ? აბსოლუტურად ლოგიკური კითხვები მიჩნდება.

– ლოგიკურად გაგაგდებენ სამსახურიდან და საერთოდ ვეღარ შემოყოფ ცხვირს ჩვენს სისტემაში. ოღონდ, ამას მეგობრულად გეუბნები. ყოველგვარი ბრძანების ან ჩხუბის გარეშე. ახლა ის გააკეთე, რაც გინდა.

ლევანმა სახეში შეხედა:

– იცი, რას გეტყვი? ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ ერთად აღარასოდეს ვიმუშაოთ. არ გემუქრები და არც ინტრიგანი ვარ, რამე რომ გავნო, მაგრამ, დებილად და იდიოტად თავს აღარ ჩაგათვლევინებ.

– იდიოტები და დებილები მაშინ ვიქნებით ორივე, როცა იმას არ გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც აუცილებელია. მტკიცებულებები არ გვაქვს და, საერთოდაც, იცი, ეს საქმე ასეთ უცნაურ გარემოებაში, არასტანდარტულად რატომ მიდიოდა? – თავიდანვე ეჭვქვეშ იდგა ამათი ბრალეულობის საკითხი.

– ანუ, თუ სწორად გავიგე, არავითარ თაღლითობას არ ჰქონდა ადგილი და ეს ტიპი მართლაც ასეთი იღბლიანია?

– არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ არ დავიჭერთ. ვერაფერს დავუმტკიცებთ და იმიტომ. გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, გესმის? მე არ მიმიღია. საქმის დახურვას ვგულისხმობ. ეს სხვამ გააკეთა. მე არ მიკითხავს ვინ და შენც ამასვე გირჩევ. მეგობრებად დავშორდეთ ერთმანეთს. რა იცი, რა ხდება! ცხოვრება საინტერესო სიურპრიზებს ხშირად გვიწყობს და გამორიცხულიც არაფერია.

– მე შენი მეგობარი ვერ ვიქნები, – კატეგორიული ტონით თქვა ლევანმა – უკვე შემიძლია წავიდე?

– როგორც გინდა.

ლევანმა მობილური ჯიბეში ჩაიტენა და სკამის საზურგეზე გადაკიდებული ქურთუკი აიღო. კარამდე რეზომ მიაცილა. საპატიო მანძილზე მიჰყვებოდა უკან.

– მე და შენ სხვადასხვა პრინციპები გვაქვს. როგორც მივხვდი, სხვადასხვა ღირებულებებიც. წეღან თქვი, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდესო და ახლა გპასუხობ: – მე არ ვისურვებდი, ერთმანეთს სხვა დროს და სხვა გარემოებაში შევხვედროდით. მართლა არ ვისურვებდი ამას. კარგად იყავი... – ლევანმა კარი გაიხურა.

ვახომ ფრთხილად შეაღო კარი და ოთახში ლაშას გარდა სხვა რომ ვერავინ დაინახა, შვებით ამოისუნთქა.

– რა ხდება, ტო, შეგვეშვნენ? შენიც წავიდა? ვა! ფულიც აქ არის? ლაშა, რა გითხრა იმან, რაო, აღარ გიჭერთო? მაგრები ხართო? დაუმტკიცე, ხომ, რომ მართლა მაგარი ხარ? ბიჭო, ვერ ვიჯერებ, ხომ იცი?! თავი სიზმარში მგონია. ოღონდ, იმ სიზმარში არა, შენ რომ იცი და მე რომ ვიცი... აუ, ლაშა! მოდი, რა, სანამ რამეს გადავწყვეტთ, ჩვენს პირად საქმეებს მივხედოთ. შენ ლიკა ნახე და მოაგვარე ურთიერთობა, მე ჩემს სოფიასთან გავიქცევი. ვაა, ფულიც როგორ არ წაიღეს ტო!.. ოღონდ, აღარ ითამაშოო, ხომ ასე გითხრეს? შენც კარგი-თქო, უთხარი და მორჩა, ხომ? მაგარი ჭკვიანი ხარ, დედას გეფიცები! უჰ, დედაჩემი როგორ დამავიწყდა! უნდა ვნახო და ვუთხრა, რომ კარგად ვარ. გადარეული იქნება. წერილი დავუტოვე – არ ინერვიულო, სამოგზაუროდ მივდივარ-მეთქი და სულ ეს იყო.

– მორჩი? – ამოიოხრა ლაშამ, როგორც კი ვახო სულის მოსათქმელად გაჩუმდა.

– ახლა კი, მომისმინე. საქმე ისე არ არის, როგორც შენ გგონია. ჯერ არაფერია გარკვეული. ცოტა მეტი თავისუფლება ნამდვილად გვაქვს. შენი ბადრაგი საერთოდ წავიდა, მგონი. ჩემიც გავიდა, მაგრამ, დაბრუნდება. ამ ხნის განმავლობაში, ანუ, სანამ ყველა წვრილმანი ბოლომდე გაირკვევა, ამ ბინიდან ვერსად წავალთ. არც ტელეფონზე დარეკვის უფლება გვაქვს. ასე რომ, დამშვიდდი და ლოდინი ისწავლე.

– რა ვისწავლო? აუუ! ლაშა, დამცინი? არ გინდა, მითხრა, რომ ყველაფერი მოგვარდა? ეს უსამართლობაა! მორჩი, რა, გეყოფა ტყუილები, ისედაც საკმარისი სტრესი მივიღე და ერთი სული მაქვს, მშვიდად როდის დავიძინებ.

– სხვათა შორის, მეც ერთი სული მაქვს, – გამოაჯავრა ლაშამ, – მაგრამ, ბოლომდე ვუძლებ.

– ლაშა, ნუ მაგიჟებ! – თავზე იტაცა ხელები ვახომ, – ბავშვი მაინც არ გენატრება? ეს შინაპატიმრობა ჭკუიდან შემშლის!

– შინაპატიმრობა ჯობია პატიმრობას. ეს კიდევ არ არის ყველაფრის დასასრული, ბავშვი კი მეორედ აღარ მიხსენო, თუ არ გინდა, რომ მართლა გადავირიო!

ვახო იატაკზე დაჯდა და თავი კალთაში ჩარგო:

– აუ, არ არის ჩვენი საშველი. მე ამას დიდხანს ვერ გავუძლებ. პრინციპში, გასაძლებიც ბევრი არაფერია – კარი ღიაა. რას იზამ, რომ გავიქცე?

– მე არაფერს, მაგრამ, იმის ილუზია ნუ გექნება, რომ გადარჩები. ხომ იცი, თუ მოუნდებათ, ყველგან გიპოვიან, – მშვიდად განუმარტა ლაშამ. ვახომ უნდობლად, ეჭვით შეხედა:

– რაღაც უცნაურად ლაპარაკობ. რაღაც ისეთი იცი, რაც ასე მშვიდად ყოფნის საშუალებას გაძლევს. დაგიჯერა?

– მე ტყუილი არ მითქვამს.

– აუუ! ბიჭო, მე მაინც რას მეთამაშები! ვიცი, რომ ტყუილი არ გითქვამს. კაზინოში იყავით, ხომ მართალი ვარ? ფულიც მოიგე და...

– ეს ყველაფერი ორივემ ვიცით. ბევრი ლაპარაკი რაღა საჭიროა.

– ჰო, მართალი ხარ, მაგრამ, რომ არ ვილაპარაკო, გული გამისკდება, – ვახოს ატირებას აღარაფერი აკლდა.

ლაშას შეეცოდა:

– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. იმ ტიპს, რეზოს, ჩვენი ციხეში ჩასმა არაფერში სჭირდება. აშკარად სხვა გეგმები აქვს.

– რა გეგმები? – საცოდავად ამოისლუკუნა ვახომ, – მითხარი, რა... მეტი აღარ შემიძლია...

– აბა, მიხვდი, – გაეღიმა ლაშას, – გამდიდრება უნდა. მე მისთვის თვითნაბადი ოქრო ვარ. ალმასების საბადო. გიჟი კი არ არის, ამაზე უარი რომ თქვას.

– მერე?

– რა მერე? ცოტა დრო მინდა, რომ ყველაფერში კარგად გავერკვე. აქ უნდა დაველოდოთ. უკეთესი ალტერნატივა გვაქვს? – არა! ასე რომ, დამშვიდდი.

– მერე, სოფო?

– რა სოფო... სოფოს პატიმარი შეყვარებული არაფერში სჭირდება. დღეს რომც ნახო, რას შესთავაზებ? – ვერაფერს.

– ვაიმე, არ დამელოდება! მისთვის არაფერს წარმოვადგენ, სულ არაფერს.

– ო, ეგ უკვე შენი პრობლემაა. თუმცა, პრობლემასაც ვერ დავარქმევდი. თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მე და რეზო ვვარაუდობთ, მაშინ აქეთ დაგვიწყებენ ხვეწნას.

... ახლა უკვე ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის და თავს იმდენის უფლებას ვაძლევ, რამდენიც მე მომინდება, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მომეგუნებება. ყველაზე სასაცილო და სახალისო ის არის, რომ ფიზიკურად არ დავღლილვარ და ძალა არ დამდგომია. ფსიქიკურ სტრესებსა და ნერვიულობას არ ვგულისხმობ. შეიძლება, ეს ფიზიკურ შრომაზე გაცილებით უფრო რთული და დამღლელია, მაგრამ ახლა ცუდი ნაკლებად მახსენდება. სიმშვიდეც ფული ღირს. არ იცოდით? ასეა, თუ მშვიდად ცხოვრება გსურს, უნდა გადაიხადო. ფუფუნება და კომფორტი ცალკე თემაა და მშვიდ ცხოვრებაში არ იგულისხმება. ნამდვილად არ ვწუწუნებ, მე ეს ყველაფერი ამად ნამდვილად მიღირდა.

***

ანდრომ უჯრებიდან ამოღებული ქაღალდები გადაარჩია, რაღაც ნაწილი დახია, დანარჩენი, საქაღალდეში ჩააწყო და ისევ უჯრაში ჩააბრუნა. მერე ღილაკს დააჭირა თითი და პატარა მიკროფონში ჩასძახა:

– ყავა მომიტანეთ და ინა შემოვიდეს!

ინას ცოტათი დაბნეული და შეშინებული სახე ჰქონდა.

– ბატონო ანდრო, ეს სიმართლეა? – თქვა და ცრემლიანი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა.

– ინა, აბა რას აკეთებ? ყავაც არ მომიტანე. ძალიან გთხოვ, ასე ნუ ნერვიულობ. ბევრი ვიფიქრე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და მივხვდი, რომ ამჯერად, ეს საუკეთესო არჩევანია. ძალიან დავიღალე, ყველაფრისგან დავიღალე.

– მართალი ყოფილა, – ამოისლუკუნა ინამ და ცრემლებს გზა მისცა.

– ოღონდ, არ იტირო, ძალიან გთხოვ. ყველაფერს ისე მოვაწყობ, რომ თქვენ პრობლემები არ შეგექმნებათ. ასეთი პირობა მაქვს: ყველანი თქვენს ადგილებზე დარჩებით, შენ დამატებით ექვსი თვის ხელფასსაც გამოგიწერ.

ინამ თავი გააქნია:

– თუ აქ თქვენ აღარ იქნებით არც გავჩერდები. მე და დათომ უკვე ვთქვით, რომ ორივე წავალთ.

– ჰო, შენი და დათოს ამბავი ვიცი. სოფომ მითხრა, – ანდრომ გაიღიმა, – სულ ტყუილად ნერვიულობ. ჩვენ თითქმის ნათესავები ვართ. მიხვდი, ხომ, რასაც ვგულისხმობ. ჩვენ უკვე ყველაფერი გადავწყვიტეთ. ახლა კი თქვენზეა, უფრო სწორად, შენზეა დამოკიდებული, თორემ, დათოს რომ დიდი ხანია, მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ეს მას სახეზეც ეტყობა.

– ბატონო ანდრო, ვიცი, ასე რატომაც იქცევით – დამნაშავე ის ერთი კაცია, ხომ მართალი ვარ? მაგრამ, უკვე აღარ მოდის და, ვფიქრობ, აღარც მოვა. ნუ შეცვლით თქვენს ცხოვრებას, ამ ერთი უმნიშვნელო ინციდენტის გამო.

– არა, ინა. შენ ვერ მიხვდი. „უმნიშვნელო ინციდენტი”, როგორც შენ თქვი, არც ისეთი უმნიშვნელო აღმოჩნდა. თანაც, მომწყინდა ასე ცხოვრება და მისი შეცვლაც იმიტომ გადავწყვიტე. ამ ინციდენტმა, უბრალოდ, დააჩქარა მოვლენები. თორემ, ბედნიერი მინდა ვიყო – სულ ეს არის. შენთან ერთი სათხოვარი მაქვს: თანამშრომლებთან გამომშვიდობება მინდოდა, მაგრამ, ვხვდები, რომ ასეთი სენტიმენტალური სცენების გაძლება ძალიან გამიჭირდება. ამიტომ, ჯობია, ეს შენ გააკეთო. უთხარი, რომ მათთვის ბევრი არაფერი იცვლება. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს.

– ბატონი ზურაბი? ისიც მიდის?

– სიმართლე რომ გითხრა, ბატონი ზურაბის გადაწყვეტილების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი და არც მაინტერესებს. პატარა აღარ არის და მიხედავს თავს, სანამ აქ ვარ, როგორმე ამარიდე მასთან ლაპარაკი, – ანდრომ კაბინეტი მოათვალიერა, – შეიძლება, მომენატროს კიდეც აქაურობა, მაგრამ, ეს მალე არ მოხდება.

– გნახავთ, ბატონო ანდრო?

– რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ მალე ნათესავები გავხდებით. თუმცა, დიდი ხნით ვაპირებ წასვლას. ამ ეტაპზე აქ ყოფნა არ მინდა. ინა, მე რომ წავალ, ახალი ამბავი მერე უთხარი თანამშრომლებს. ხელფასზე რაც გითხარი, ეს ჩემი საქორწილო საჩუქარია. ჰა, უარი არ უთხრა იმ ბიჭს. დათოს უყვარხარ და ამიტომაც ვარ მის მხარეზე. ბუღალტერს უკვე ველაპარაკე და დანარჩენებისთვისაც იქნება პატარ-პატარა პრემიები. მგონი, ცუდი უფროსი არ ვყოფილვარ, ჰა, რას იტყვი?

ინამ ისევ მოიწმინდა ცრემლები.

– ხომ გითხარი, სენტიმენტები მძულს-მეთქი. ახლა მიდი ბართან და კონიაკი და ორი ჭიქა მოიტანე, ჩვენი დანათესავებისა და მომავალი ბედნიერების დავლიოთ.

***

... არ მახსოვს, უკვე მოგიყევით თუ არა ჩემი ბავშვობის შესახებ. შეიძლება, აუცილებლობად არ ჩავთვალე. იმდენად უინტერესოდ და უფერულად მიმაჩნდა ყოველთვის, ამის მიზეზი კი არასრულფასოვნების განცდა იყო – კომპლექსი მქონდა, ჩემი ობლობისა და მარტოსულობის გამო. საწყალი ბებიაჩემი! რთული ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი – ჩემთვისაც უნდა მოევლო და იმაზეც ეზრუნა, საკვები და ტანსაცმელი არ მომკლებოდა. თან, იმაზეც უნდა ეფიქრა, როგორ ეთამაშა შვილიშვილით აღფრთოვანებული ბებიის როლი. ბედნიერი ბებიის, რომელიც ბედის მადლობელია, უდიდესი პასუხისმგებლობა რომ დააკისრა. ეჰ, საწყალი ბებო! რატომ არასოდეს მიკითხავს მისთვის, რას მიმალავდა? არ მაინტერესებდა? როგორ არ მაინტერესებდა, მაგრამ, ის დუმდა და მეც სირაქლემასავით, ქვიშაში თავჩარგულის პოზიცია მერჩივნა. მაშინ არ ვიცოდი, რომ წარსულს ისევე ვერ გაექცევი და დაემალები, როგორც საკუთარ ჩრდილს. გინახავთ ვინმე, ვინც საკუთარ ჩრდილს გაჰქცეოდეს?! ასეა ჩვენი წარსულიც. ჯობია, ყოველთვის მეტი იცოდე მის შესახებ, რადგან, ერთ დღეს აუცილებლად შეგახსენებთ თავს და ამ შეხვედრისთვის მზად უნდა იყოთ. მე უკვე ამ პრინციპით გავზრდი ჩემს შვილს – ყველაფერი ეცოდინება, ისიც კი, რაც თითქოს არ უნდა იცოდეს. შესაძლოა, თქვენი მოთმინებითაც ამიტომ ვისარგებლე ბოროტად. ცუდი განზრახვა ნამდვილად არ მქონია. დასაწყისშივე შემეძლო, მეთქვა, ეძღვნება ჩემს შვილს-მეთქი, მაგრამ, ვიცი ადამიანების ფსიქოლოგია და დარწმუნებული ვარ, იტყოდით, ხელმოცარული მამის აღსარების წასაკითხად დრო როგორ დავკარგოთო, ანუ, მაინც ვიეშმაკე. რას იზამთ, პატარ-პატარა ეშმაკობების გარეშე ფონს ვერ გახვალ.

***

ლაშას თავადვე აოცებდა ის სიმშვიდე, რომელიც დაეუფლა. ვახოსგან განსხვავებით, ისიც არ აწუხებდა, ბინიდან გასვლა რომ არ შეეძლო. საჭმელიც არ უნდოდა და, ვახოს დაუსრულებელი წუწუნი რომ არა, ბოლომდე მიეცემოდა ნეტარებას.

– აღარც პური გვაქვს, შაქარიც გამოილია, ჩაისაც ვეღარ დავლევთ. დარეკოს და ის მაინც გვითხრას, ცოცხალია თუ არა, – დაიწყო ვახომ და ჩაი ხმაურით მოხვრიპა.

– არ შეგიძლია, გაჩუმდე? თავს ცუდად გრძნობ? გაწუხებს რამე?

– გადამრევ მე შენ. როგორ არ მაწუხებს, ტო! იცი, რა ჰქვია ჩვენს მდგომარეობას? არც ცოცხალი რომ ხარ და არც მკვდარი. უფრო სწორად, მკვდარი რომ ხარ, მაგრამ, თან ცოცხალიც ხარ. ფუჰ, რა სისულელეებს ვლაპარაკობ!..

– მეც მაგას გეუბნები, სისულელეებს ლაპარაკობ-მეთქი, ჯერ მხოლოდ ორი დღე გავიდა, მხოლოდ ორი. ეს კი არც ისე დიდი დროა.

– ორი დღე ცოტაა? რა მშვიდი ნერვები გაქვს! რა მინდოდა, ვიჯექი ჩემთვის კომპიუტერთან და ვაკეთებდი წიგნებს, ხანდახან ცოტა უფრო სერიოზულ პროექტებსაც მომანდობდნენ ხოლმე. ბევრი ფული არასდროს მქონია, მაგრამ, პრობლემებიც ხომ არ მაწუხებდა? აი, აგყევი და კისერიც მოვიტეხე.

– ახლა ყველაფერს მე ნუ დამაბრალებ. რაღაც, არ შემინიშნავს უკმაყოფილება, როცა ფულს ხელგაშლით ხარჯავდი.

– ეჰ, რა ხანმოკლე იყო ბედნიერება?! – ამოიოხრა ვახომ და ხელები გაშალა, – მოკლედ, მე რეალურ სიტუაციას გიხსნი: თუ ის შენი „მაძებარი” დღესაც არ გამოჩნდა, შიმშილით სიკვდილის პერსპექტივა არც ისეთი არარეალურია. რა სასაცილო იქნება?! – ოთახში ფულით სავსე ტომარა და შიმშილისგან გარდაცვლილი ადამიანების ორი გვამი ცარიელ სამზარეულოში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ პატიოსან სიტყვას არ ღალატობ.

– რა ვქნა, ასეთი ვარ. მით უმეტეს, რომ ამ სიტყვის ღალატშიც სასარგებლოს ვერაფერს ვხედავ. მას ის შესაძლებლობები აქვს, რასაც მე მოკლებული ვარ.

– კარგი ერთი, რა შესაძლებლობებზე ლაპარაკობ, ნახევარი მილიონის პატრონი ხარ!

– ეჰ, ვახო, კიდევ ვერაფერი გაიგე. ჯერ ერთი, ფული ყველაფერი არ არის, მით უფრო მაშინ, როცა მისი გამოყენების საშუალება არ მეძლევა. გარდა ამისა, კიდევ არის რაღაც, რასაც რეზოსნაირი ადამიანი სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად მჭირდება, – ლაშას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ სამზარეულოში რეზო შემოვიდა:

– აქ ხართ? ორივე? კარგია! ლაშა, მე ახლა ცოტა ვღელავ, მაგრამ, შენ ყურადღებას ნუ მომაქცევ. რაღაცას გაჩვენებ და შენს პასუხზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, ამიტომაც, არ უნდა ინერვიულო. ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია დაგჭირდება. ეს ჩვენი შანსია. ჩვენი, სამივესი, – რეზომ ქურთუკის შიდა ჯიბიდან ფოტოსურათი ამოიღო და ლაშას წინ დაუდო, – ამას დააკვირდი, კარგად დააკვირდი, მოიფიქრე და ისე მიპასუხე. ეს ქალი გესიზმრება და გკარნახობს, ფსონს რაზე უნდა ჩახვიდე?

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3