კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

წელიწად-ნახევარი პატიმრობა ქმარგაცილებული არასრულწლოვნის გამო

17 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 44 წლის კოტე კ-ს წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, გაუპატიურება არ მომხდარა, პატიმარი მზადაა გოგონა ცოლად შეირთოს. როგორ განვითარდება მოვლენები წელიწად-ნახევრის შემდეგ, დრო აჩვენებს, მაგრამ არაა გამორიცხული, გოგონა ყოფილ პატიმარს მართლაც გაჰყვეს ცოლად. მართალია, 17 წლის მადონა გაუპატიურებამდე გათხოვილი იყო, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, ქმარყოფილმა მასთან შერიგება ინდომოს.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, კოტე კ. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში უცხოეთში წასული დეიდის სახლს პატრონობდა. 17 ოქტომბერს ის ბირჟაზე მყოფ ბიჭებთან ერთად დათვრა და საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, მისსავე უბანში მცხოვრებ მერი ც-ს ოჯახში მივიდა. ნასვამ კოტე კ-ს მისმა 17 წლის არასრულწლოვანმა შვილმა – მადონა ც-მ გაუღო კარი და მიუხედავად იმისა, რომ დედა სახლში არ იყო, სტუმარი მაინც სახლში შეიპატიჟა. გამოძიების ვერსიით, კოტე კ-მ გოგონას უთხრა, რომ დედამისთან აუცილებელი საქმე ჰქონდა და დაელოდებოდა (მადონა ც-ს მამა გარდაცვლილი ჰყავს).

გოგონამ, რომელმაც მეზობელს დარჩენის ნებართვა მისცა, ცოტა ხანში თბილი საუბარიც გაუბა და ხილი და ყავაც მიართვა. კოტე კ-მ საბოლოოდ გაარკვია, რომ დიასახლისი გვიან დაბრუნდებოდა. ამის შესახებ მას თავად გოგონამ უთხრა, რადგან სწორედ იმ დროს დაურეკა დედამ და გააფრთხილა, ჩემი ძმა იგვიანებს და მის მოსვლამდე ვერ წამოვალო. მადონა ც-მ „სტუმარს” ისიც აუხსნა, რომ მის ბიძაშვილს ანუ დედამისის ძმისშვილს, ორ დღეში ნიშნობა ჰქონდა. ამის გამო დედა დღედაღამ მათთან იყო, სუფრისთვის თადარიგს იჭერდნენ.

გამოძიების ვერსიით, სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა კოტე კ-მ და გაუკუღმართებული ფორმით გააუპატიურა გოგონა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, სუფრასთან მჯდომ გოგონას ახლოს მიუჩოჩდა და ცდილობდა მოჰხვეოდა, მოფერებოდა, ბოლოს კი ინტიმური კავშირიც დაამყარა. უცნაურია, როგორც დაზარალებული აცხადებს, თავიდან ცუდი არაფერი უფიქრია და კოტე კ-ს საქციელი მის სიმთვრალეს დააბრალა.

თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა – კოტე კ-ს ბრალი დაედო გაუპატიურების მცდელობაში, რისთვისაც საპატიმროში წელიწად-ნახევარს გაატარებს.

მადონა ც-მ, რომელმაც გამოძიებას ჩვენება რამდენიმე დღეში მისცა, კოტე კ. ამხილა, თუმცა არ დაუმალავს, რომ გაუპატიურებამდე მათ შორის სასიყვარულო თემაზე საუბარი შედგა – კაცი სიყვარულში გამოუტყდა.

მადონა ც-ს ჩვენებით, კოტემ მას უთხრა, რომ ერთი წლის წინ, დეიდის ბინაში, მხოლოდ რამდენიმე დღით, ისიც მშობლების დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდა, რომ უპატრონოდ მიტოვებული სახლისთვის დაეხედა. სწორედ იმ პერიოდში, უბანში შემთხვევით დაინახა მადონა და შეუყვარდა. ანუ, დაზარალებულის თქმით, მასზე ასაკით უფროსი მამაკაცი არწმუნებდა, რომ სოფელში მის გამო დარჩა. მაგრამ, რადგან გოგო ჯერ პატარა იყო, უკან ჩუმად დაჰყვებოდა. შეცდა ასე რომ მოიქცა – მისი თავი სხვამ მოსტაცა. მაგრამ, მთავარია, რომ ახლა ქმარს დაცილდა და სთხოვდა ცოლად მას გაჰყოლოდა.

მადონა ც-ს ჩვენებიდან: „ვიცოდი, რომ კოტე კ. სოფელში დეიდამისის ბინას პატრონობდა. მისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, რადგან თითქმის მამაჩემის ასაკისაა. ერთადერთი, მაშინ დავინტერესდი, როდესაც თქვეს, რომ ჩვენს თანასოფლელ ქალთან დადიოდა. ის ქალი მასზე ასაკით ბევრად უფროსია და ყველა ხუმრობდა, მარინას ბედი გაეხსნა, ახალგაზრდა კაცი გამოუჩნდაო. კოტე კ. მეც არაერთხელ შემხვედრია, მაგრამ ზოგჯერ გამარჯობასაც არ ვეუბნებოდი.

სიყვარულზე ლაპარაკი რომ დამიწყო, ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი, წასულიყო, მაგრამ – შენ გარეშე არ წავალ, დეიდაჩემის სახლში არავინაა, იქ წავიდეთ და ჩემთან დარჩიო. ვურჩიე, მისთვის ჯობდა წასულიყო, რადგან ამ ყველაფერს დედაჩემი და ჩემი ბიძები არ აპატიებდნენ, მაგრამ ამის პასუხად ორივე ხელი შემიკრა და თავისკენ მიმიზიდა... ტანსაცმელი ძალით გამხადა და გაუკუღმართებული გზით, სქესობრივი კავშირი დაამყარა... რამდენადაც შემეძლო, წინააღმდეგობას ვუწევდი, მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი. ერთადერთი ის შევძელი, რომ მთელი ძალით თმაზე მოვქაჩე და ვუთხრი, მომხდარს ყველას ვეტყვი- მეთქი”, – განაცხადა ჩვენებაში დაზარალებულმა, რომლის თქმითაც, მუქარით გაღიზიანებულმა კოტე კ-მ სილა გაარტყა. „ჩემი მუქარით შეფიქრიანებულმა, ჯერ იქვე დივანზე წამაქცია და პირზე ხელი ამაფარა. ვეღარ ვსუნთქავდი, ჩემს მოგუდვას ცდილობდა. ცოტა ხნით გონება გამეთიშა. გონზე რომ მოვედი და თვალი გავახილე, მიხვდა, არაფერი მჭირდა. როგორც ჩანს, ივარაუდა, რომ ეს ამბავი გახმაურდებოდა და მთხოვა, არავისთვის არაფერი მეთქვა. ჩემგან რომ გაიგო, ამ ამბავს ყველას ვეტყოდი, სახეში გამარტყა და წავიდა. ცუდად ვიყავი, მაგრამ გავიგონე, ბინის კარი გარედან როგორ ჩაკეტა...” – განაცხადა დაზარალებულმა, თან ირწმუნებოდა, რომ არა მისი ოჯახი, ის კოტე კ-ს მხილებას არ აპირებდა.

რაც შეეხება მის ოჯახს, როგორც საქმიდან ირკვევა, ინციდენტიდან დაახლოებით ნახევარ საათში, სახლში გოგონას დედა და ბიძა დაბრუნდნენ, რომელთაც კარი დაკეტილი დახვდათ. რადგან სახლში შუქი ენთო, მადონას ფანჯარაზე დაუკაკუნეს – ეგონათ, ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ, რადგან მაინც ვერ გააგონეს, მადონა ც-ს ბიძა ჯერ აივანზე აძვრა, შემდეგ კი, ფანჯრიდან ოთახში გადავიდა. იქ კი ტანსაცმელშემოხეული დისშვილი დახვდა, რომელიც ტიროდა...

საინტერესო დეტალი: ვინაიდან არასრულწლოვანი მადონა ც. ქმარს რამდენიმე თვის წინ გაცილდა, ბიძამ ივარაუდა, რომ მარტო მყოფ მის დისშვილს შინ ყოფილმა ქმარმა მოაკითხა და მისი გაუპატიურება სცადა. ამიტომ, ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე, ყოფილ სიძესთან, ასევე 17 წლის მალხაზ ზ-სთან ანგარიშის გასასწორებლად წავიდა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ იმავე დღეს მადონა ც-ს ბიძა დააპატიმრეს...

როგორც ირკვევა, როდესაც ყოფილი სიძის სახლში მივიდა, ფანჯრიდან მას ბიჭის მამამ გამოხედა. მისულმა მას დედა შეაგინა და დაემუქრა, რომ მთელ ოჯახს ამოხოცავდა. გინებას გინება მოჰყვა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მადონა ც-ს ბიძამ მისი ყოფილი ქმარი სცემა, რასაც პოლიციის გამოძახება და მოძალადის დაკავება მოჰყვა. მაგრამ კურიოზი ის იყო, რომ რეალური დამნაშავე კოტე კ. აღმოჩნდა. ანუ, რომ არა გოგონას ბიძის ინიციატივა და მისი დაკავება, მადონა ც-ს ყოფილ ქმარს შესაძლოა, ვერაფერი გაეგო, მეტიც, კოტე კ. საერთოდ არც დაეკავებინათ. შესაბამისად, საქმე სასამართლომდე არც მივიდოდა, მაგრამ პოლიციამ კოტე კ. მეორე დღესვე დააკავა. თუმცა, მას გაქცევა ან მიმალვა არც უცდია...

საინტერესო დეტალი: მადონა ც-ს ბიძა პოლიციამ ორ დღეში 1 000 ლარის გირაოთი გაათავისუფლა. მაგრამ, დიდი შანსი იყო, იმავე დღეს ციხეში შეებრუნებინათ. საქმე ისაა, რომ მის სასამართლო პროცესს მისი დისშვილის ყოფილი ოჯახი დაზარალებულის სტატუსით ესწრებოდა, რომელთაც მადონას გაუპატიურების შესახებ უკვე ყველაფერი იცოდნენ. ამიტომაც, დარბაზიდან გათავისუფლებულს მიაძახეს, რომ მართლია, მათ ოჯახს მისი დისშვილის შესაფერისად არ მიიჩნევდა, მაგრამ მთავარია, ის იპოვა, რასაც იმსახურებდა. ამის გამო, სასამართლოში მეორე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, რაც რელურად დაპატიმრებით უნდა დასრულებულიყო, საუკეთესო შემთხვევაში, ჯარიმით მაინც. სახეზე იყო სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობა, მაგრამ რადგან იმ მომენტში მოსამართლე დარბაზში აღარ იმყოფებოდა, მხარეები დაკავებასა და დაჯარიმებას ასცდნენ...

რაც შეეხება კოტე კ-ს, მან თავი დამნაშავედ არ ცნო. სასამართლოს მოუთხრო, რომ მადონა ც. მას მართლა უყვარდა და ეჭვი გამოთქვა, რომ მისი გრძნობის შესახებ, თავად მადონამაც იცოდა. მისი თქმით, სწორედ ამიტომაც შეიპატიჟა გოგონამ სახლში და ამიტომ უსმენდა მისგან სიყვარულის ახსნას. განსასჯელის განმარტებით, გოგონას ერთხელ მაინც რომ ეთქვა, სახლიდან წადიო, აუცილებლად წავიდოდა.

განსასჯელის ჩვენებიდან: „სიყვარულში რომ გამოვუტყდი, არ გაჰკვირვებია. მითხრა, რომ ჩემს ყურადღებას ყოველთვის გრძნობდა. არ უარვყოფ, ახლოს მივიწიე, თავზე ხელი გადავუსვი და ჩემსკენ მივიზიდე, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია... სწორედ ამიტომ „მოვეფერე”, თუმცა რეალურად, ჩვენ შორის სქესობრივი აქტი არ მომხადარა. მერე მითხრა, რომ ვერ მიტანდა და მომხდარს ყველას ეტყოდა. ძალიან გავბრაზდი და სახეში მსუბუქად გავარტყი. ბოლოს ვუთხარი, რომ მიუხედავად მისი წარსულისა, მზად ვიყავი, ცოლად შემერთო და ვთხოვე, გამომყოლოდა. არ გამომყვა და მეც სახლიდან გავედი. მისთვის კარი შეგნებულად არ ჩამიკეტია, წასვლამდე კართან ვიდექი, სიგარეტს ვეწეოდი. კარში გასაღები ინსტინქტურად გადავატრიალე.

ჩემთვის ეს დაკავება მოულოდნელი იყო. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამის გამო დამიჭერდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მზად ვარ, მადონა ცოლად მოვიყვანო”, – განაცხადა განსასჯელმა საბოლოო სიტყვაში და მიუხედავად მისი გულისამაჩუყებელი ჩვენებისა, სასამართლომ მაინც დამნაშავედ ცნო და განსასჯელს წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა.

რა მოხდება შემდგომ ინსტანციებში, ძნელი სათქმელია. განსასჯელის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებასა და პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. ის არ ეთანხმება საქმის მასალებს, რომლის თანახმადაც კოტე კ. მოძალადეა...


скачать dle 11.3