კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განხორციელდა საუკუნის ძარცვა

პატიმარი ¹1313

ლენინგრადის ცნობილი ციხის – „კრესტების“ მესამე კორპუსი ამ დაწესებულების ყველაზე კარგად დაცული ადგილი იყო, რადგან იქ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იყვნენ გამომწყვდეულები და ციხის ადმინისტრაცია მათ საგანგებოდ იცავდა. ¹78-ე საკანში 29 წლის მერაბ ჯაში იხდიდა სასჯელს, რომელიც მესამედ მოხვდა განსასჯელის სკამზე. მას თავისი არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში 11 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული.

ზედამხედველმა ¹78 საკნის „კარმუშკა“ გააღო და დაიძახა:

– ნომერი „ცამეტი-ცამეტი“, გამოდი!

„ცამეტი-ცამეტი“ მერაბ ჯაში იყო. ამიტომ ის „კარმუშკასთან “ მივიდა და ზედამხედველს გაეხუმრა:

– „სვაბოდაზე“ გავდივარ?

– კი, გადიხარ, ოღონდ, ხელბორკილებით. ხელები გამოყავი, რომ ბრასლეტები დაგადო! – სხაპასხუპით მიუგო მერაბს ზედამხედველმა, შემდეგ ჯაშის „კარმუშკაში“ გაყოფილ ხელებს ხელბორკილები წამოაცვა და კარი გააღო. პატიმარი გარეთ რომ გამოიყვანა, საკანი ჩაკეტა და მერაბს უთხრა: – ზომიერი ნაბიჯებით იარე, არ ილაპარაკო გზაში, არ შეჩერდე და ჩემი მითითებები ზუსტად შეასრულე.

მერაბმა მშვენივრად იცოდა ეს ყველაფერი. ამიტომ შეხსენება არ სჭირდებოდა და ზედამხედველთან ერთად „კრესტების“ დერეფანს გაუყვა.

– სეროვ, წადი და გამოგიძახებ, – უთხრა ციხის დირექტორმა ზედამხედველს, შემდეგ კი მერაბს მიუბრუნდა:

– დაჯექი, გააბოლე. ეს, ალბათ, მოწეული არც გექნება, – და ჰოლანდიური სიგარა გაუწოდა.

– რით დავიმსახურე ასეთი პატივი? – ჩაეცინა მერაბს და სიგარა გააბოლა, – თან თქვა, – მართლაც მაგარია. გისმენთ, უფროსო....

ციხის უფროსმა ჩაყვითლებული საქაღალდე გადაშალა და კითხვას შეუდგა:

– პატიმარი ცამეტი-ცამეტი, მერაბ ბესარიონის ძე ჯაში, დაბადებული ქალაქ თბილისში, ოცდაცხრა წლის, აქედან თერთმეტი წელი ციხეში აქვს გატარებული ქურდობისა და ძარცვის გამო, – ციხის დირექტორმა საქაღალდე მაგიდაზე დააგდო და განაგრძო: – ამჟამად კი ჩემს უწყებაში ზის, თორმეტწლიანი სროკი აქვს და, ციხიდან რომ გამოვა, თუ, რა თქმა უნდა, სროკი არ დაიმატა, ორმოც წელს იქნება მიტანებული.

– ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემას ხომ არ აპირებთ? – ირონიით იკითხა მერაბმა.

– არა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეა და, გირჩევ, დამეთანხმო.

– რა საქმე?

ციხის დირექტორმა კაბინეტის კარი ჩარაზა, შემდეგ დიდ მაგიდაზე უზარმაზარი გეგმა გაშალა და მერაბს უთხრა:

– ესაა ცარიზმის დროს, პირადად იმპერატორ ალექსანდრე მესამის მითითებით გაყვანილი ორასორმოცდაათმეტრიანი საიდუმლო გვირაბი, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სამეფო ოჯახის ევაკუაციისთვის იყო განკუთვნილი. ეს კი ცენტრალური შემნახველი ბანკის საცავია, სადაც ძალიან ბევრი ფული, ოქროს ზოდები და, სავარაუდოდ, სხვა ძვირფასეულობაა შენახული. გვირაბსა და საცავს სულ რაღაც სამმეტრიანი კედელი ყოფს და, თანაც, ყოველგვარი დამცავი ბადეების გარეშე. ამიტომ, გთავაზობ, რომ შენ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ეს კედელი გაჭრათ, საცავში შეხვიდეთ და იქიდან სიმდიდრე გამოზიდოთ.

ციხის დირექტორის სიტყვებმა მერაბი შოკში ჩააგდო, პოლკოვნიკი ზუევი შეათვალიერა და უთხრა:

– უფროსო, გააფრინე თუ მე მაგიჟებ?

– დამშვიდდი, ჯაშო! – ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიდო ზუევმა, – ყველაფერი რიგზეა. მე შენ საქმესა და თავისუფლებას გთავაზობ და, წესით, უარი არ უნდა თქვა. ხოლო, თუ ჭკუაში დაგიჯდება, მაშინ ზეგიდანვე დავიწყოთ ჩალიჩი.

– თუ ჭკუაში არ დამიჯდა?

– მაშინ, კარცერში ჩალპები, მაგრამ, არა მგონია, ისეთი სულელი იყო, რომ უარი თქვა.

– ნაკოლი საიდან გაქვთ?

– ერთი ძველი პატიმრისგან. საცოდავი, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მოკვდა აქ და საქმეს ავტომატურად გამოაკლდა. თუმცა, წილს მისი ოჯახი მიიღებს, რა თქმა უნდა, ინკოგნიტოდ და, იმ შემთხვევაში, თუკი საქმე გაკეთდა.

– საქმეში რამდენი კაცია?

– შენი და ჩემი ჩათვლით – ექვსი.

– ვინაა ის დანარჩენი ოთხი?

– „კრესტების“ პატიმრები.

– მე რატომ ამირჩიეთ ამ საქმისთვის?

– პირველ ყოვლისა, კვალიფიკაციისა და შინაგანი წესიერების გამო, თან, ინტუიციამაც მიკარნახა. დანარჩენი ოთხიც ამავე პრინციპით შევარჩიე.

– გასაგებია. ახლა დაწვრილებითი გეგმა გამაცანით, – უთხრა მერაბმა და მოსასმენად მოემზადა.

საუკუნის ძარცვა

„კრესტების“ დირექტორი, 50 წლის პოლკოვნიკი ვალერი ზუევი მერაბის პირისპირ, სავარძელში მოკალათდა და უთხრა:

– შენი პაძელნიკები უკვე საქმის კურსში არიან და შენს პასუხს ელოდებიან. გეგმა კი ასეთია: ზეგიდან, პარასკევიდან, სამი დღის განმავლობაში კედლის დაშლაზე იმუშავებთ, კვირა დილას კი საცავიდან ფული და სხვა ძვირფასეულობა გამოზიდეთ და საქმეც გაკეთდება. მერე ციხეში დაბრუნდებით, ორი თვის შემდეგ კი აქედან გაიქცევით და თავისუფლები და მდიდრები იქნებით. როგორია, ხომ კარგი აზრია?

– ორი მინუსი აქვს ამ საქმეს, – თქვა მერაბმა, – პირველი – შეიძლება, ჩვენ ფულიანად მოვტყდეთ. მეორე, თუკი დაგიჯერეთ და ციხეში დავბრუნდით, მაშინ თქვენ მოტყდებით, ჩვენ კი სიცოცხლის ბოლომდე დაგვალპობენ აქ.

– არანაირი მინუსები, – გაეცინა ზუევს, – პირველი: თქვენ ვერ მოტყდებით ფულით, რადგან გვირაბის ამოსასვლელთან ჩემი ორი კაცი იდგება და ისინი წაიღებენ და გადამალავენ ნაძარცვს; მეორე: იმის გარანტია, რომ თქვენ აქ არავინ დაგალპობთ, მე არსად გავიქცევი ფულით და თქვენ ნამდვილად გაგაქცევთ „კრესტებიდან“, აი, ეს კინოფირია, რომელზეც ჩემი სიტყვაა ჩაწერილი. ამ ჩანაწერში მე ყველაფერს დაწვრილებით ვყვები და, საკმარისია, ეს ფირი მილიციამ მიიღოს, რომ მაშინვე დამაპატიმრებენ.

– მილიციამ როგორ უნდა მიიღოს? – გაეცინა მერაბს.

– ირონიის გარეშე, – სერიოზულად თქვა ზუევმა, – ამაღამ მე ხუთივე თქვენგანს დროებით გაგიშვებთ ციხიდან, ამ ფირსაც გაგატანთ და საშუალება გექნებათ, რომ ეს ჩანაწერი თქვენი ნდობით აღჭურვილ პირს გადასცეთ და ყველაფერი უთხრათ. დავთქვათ თქვენი გაქცევის დღეც და თუ მე მოგატყუეთ, მაშინ ეს ფირი იმავე დღეს მილიციას ჩააბაროს. გაწყობს?

– მაწყობს, თუ რა თქმა უნდა, სხვებიც თანახმა არიან.

– სხვები თანახმა არიან, – თავი დააქნია ზუევმა.

იმავე საღამოს ციხის უფროსმა „კრესტების“ ხუთივე პატიმარი ციხიდან მალულად გააპარა და თან კინოფირი გაატანა. პატიმრებმა ეს ფირი ვინმე „ზებრას“ – ძველ რეციდივისტ ოლეგ ფიოლეტოვს მიაბარეს, ყველაფერი უამბეს და კვლავ ციხეში დაბრუნდნენ.

1970 წლის 10-დან 12 მარტამდე, პატიმრები სამმეტრიანი გვირაბის დანგრევაზე მუშაობდნენ, 12 მარტს კი, დილის 5 საათზე, ბანკის საცავში შეაღწიეს.

– ღმერთო, რა სიმდიდრეა! – ერთდროულად აღმოხდათ პატიმრებს, მერაბმა კი მათ მოუწოდა:

– აბა, საქმეს შევუდგეთ, სულ რაღაც ორი საათი გვაქვს. აქედან რაც შეიძლება მეტი ფული და ოქრო უნდა გავზიდოთ და ისევ საკნებში დავბრუნდეთ.

ზუევის ბანდამ ლენინგრადის შემნახველი ბანკის საცავიდან ორი საათის განმავლობაში 5 მილიონი მანეთი და 900 კილოგრამი ოქრო გაიტანეს. პატიმრები ციხეში დაბრუნდნენ, ხოლო ნაძარცვი ქონება საიმედოდ გადამალეს. ბანკის დაცვის თანამშრომლები საცავში რომ ჩავიდნენ, გაოგნდნენ – იქაურობა თითქმის დაცლილი დახვდათ. იმავე დღეს ლენინგრადის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დიდი რაოდენობით ქონების ძარცვის მუხლით. მთელი მილიცია და „კაგებე“ ფეხზე დადგა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს დანაშაული „კრესტების“ პატიმრებმა ჩაიდინეს ციხის უფროსის – ზუევის ხელმძღვანელობით.

რეისი ¹4001

ლენინგრადის ბანკის საცავის ძარცვიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, 1970 წლის 14 მაისს, ლენინგრადის „კრესტებიდან“ ხუთი პატიმარი გაიქცა, რომლებმაც აბანოდან გვირაბი გათხარეს და გამთენიისას გაუჩინარდნენ...

გაქცეულები პულკოვოში, ლენინგრადის ერთ-ერთ გარეუბანში, ზუევის აგარაკზე დაბინავდნენ და უცხოეთში გაქცევისთვის ემზადებოდნენ.

– მერაბ, მთელი ძაღლობა თქვენ გეძებთ! – უთხრა ჯაშს ზუევმა.

– მერე, რას უყურებ, უფროსო, გეგმა მზადაა და ავახვიოთ აქედან.

– მომენტს ველოდები. კიდევ ორი კვირაც და ყველაფერი მოგვარდება. თქვენ კი თავი არ გამოყოთ.

– ჩვენი გაქცევის გამო ძალიან მოგხვდათ?

– მე არა, აი, რეჟიმის უფროსი პეტროვი კი მიწასთან გაასწორეს და სამსახურიდან გაუშვეს. თუმცა მას ჩვენ წილს მივცემთ.

– წილს?

– ჰო, წილს. ჩუმად მივუგდებ ნაგვის ბუნკერში, მერე დავურეკავ და ვეტყვი, ფული სად დევს.

– რამდენს ვაძლევთ?

– ოცდაათი ათასი არ ეყოფა?

– კი, – გაეცინა მერაბს და დაამატა, – მოკლედ, ქველმოქმედები ვართ.

1970 წლის 12 ივნისს პულკოვის აეროდრომზე თვითმფრინავი „ილ 62“ იდგა, რომელიც ვიეტნამში გასაფრენად ემზადებოდა, რადგან ჰუმანიტარული ტვირთი უნდა წაეღო.

– რეისი ¹4001, ერთ საათში მივფრინავთ და დატვირთვა დააჩქარეთ! – შეახსენა უნიფორმიან მტვირთავებს აეროპორტის ტექნიკური სამსახურის უფროსმა, – განრიგი გვაქვს, განრიგი და თქვენ შემდეგ სხვა თვითმფრინავია გასამზადებელი!

ზუსტად ერთი საათის შემდეგ, „ილ 62“, რეისი ¹4001, ჰაერში აფრინდა და ვიეტნამისკენ აიღო გეზი. თუმცა, ერთსაათიანი ფრენის შემდეგ პილოტების კაბინაში პისტოლეტით შეიარაღებული მერაბ ჯაში და ციხის უფროსი ზუევი შეცვივდნენ, პილოტებს იარაღები მიუშვირეს და თურქეთისკენ შეაცვლევინეს გეზი.

¹4001 რეისი თურქეთის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა და მეზობელი ქვეყნის მთავრობამ გაქცეულების უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება გატაცებულ 5 მილიონსა და 900 კილოგრამ ოქროს, სავარაუდოდ, ეს ქონება გამტაცებლებმა სამხრეთ ამერიკაში წაიღეს, სადაც ისინი საბოლოოდ დასახლდნენ.

P.S. 1989 წელს ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულუს შტატის პოლიციამ სიმპათიური შუახნის მამაკაცი დააპატიმრა, რომელიც „ფერარის” ფირმის ავტომობილით მოძრაობდა და პოლიციელთა ყურადღება იმით მიიქცია, რომ წითელ შუქზე გაიარა. ქუჩაში მოძრაობის წესების დამრღვევი დააკავეს. მას პაოლო-ალბერტო სერჟიოს სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აღმოაჩნდა. პოლიცია ჯარიმის გამოწერას და წესის დამრღვევის გაშვებას აპირებდა, როდესაც მას ქამარში გარჭობილი კოლტი დაუნახეს. პოლიციამ დაკავებულს იარაღის ტარების ნებართვა მოსთხოვა და რომ ვერ მიიღო, მანქანა გაჩხრიკეს და 6 ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდი აღმოუჩინეს საბარგულში, რომელზეც საბჭოთა ბანკის დამღა ერტყა. პაოლო-ალბერტო სერჟიო სინამდვილეში მერაბ ჯაში იყო, რომელიც ბრაზილიაში იმყოფებოდა, რომ 100 კილოგრამი ოქრო ალმასებში გადაეცვალა და ეს ძვირფასი ქვები ევროპაში ჩამოეტანა გასაყიდად. დაპატიმრებული სერჟიო-ჯაში მხოლოდ 2 დღე იმყოფებოდა ციხეში, რის შემდეგაც ის ბრაზილიელი კრიმინალების მეშვეობით გაიქცა და მის კვალს ვერავინ მიაგნო.


скачать dle 11.3