კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

კილოგრამი ხორცი

ვაჭარი მევახშეს ხუთი ათას რუპიას დაესესხა, რომ თამასუქები დაეფარა. ვერაგმა მევახშემ იმ პირობით ასესხა ფული, რომ თუ ვაჭარი ვალს ერთ კვირაში ვერ დაუბრუნებდა, მევახშე მას სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან ერთ კილოგრამ ხორცს ამოაჭრიდა. მოულოდნელად ვაჭარს გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და იძულებული გახდა, ქალაქიდან გამგზავრებულიყო. დროზე ვერ დაბრუნდა და ვალის გადახდის ვადა ძალაუნებურად დაარღვია. ვაჭარმა მევახშეს დიდი პროცენტი შესთავაზა, მაგრამ სისხლმოწყურებულმა წურბელამ მტკიცე უარი სტკიცა: პირობისამებრ, კილოგრამი ხორცი უნდა ამოგაჭრაო. შეძრწუნებული ვაჭარი ფადიშაჰ აკბართან გაიქცა, ეგებ მბრძანებელმა მაინც გადამარჩინოსო. ფადიშაჰის ვეზირი ბირბალი განთქმული იყო თავისი სიბრძნით და ამიტომ ვაჭარ-მევახშის დავის გარჩევა მას მიანდეს. ბირბალი ჯერ ცდილობდა, დაეყოლიებინა მევახშე დიდი სარგებლის მიღებაზე, მაგრამ ვირივით გაჯიქებულს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა, უთხრა: – პირობა პირობაა. აი, დანა და ამოაჭერი ვაჭარს კილოგრამი ხორცი, რომელი ნაწილიდანაც გინდა. მაგრამ ამოჭრილი ხორცის ნაჭერი კილოგრამზე ერთი მისხალითაც მეტი ან ნაკლები რომ გამოდგეს, შენ და შენი ოჯახი სიკვდილით დაისჯებით. თქვენი ქონება კი ხაზინის საკუთრება გახდება. მევახშემ იკადრა და თავის მოთხოვნაზე იმ წამს უარი განაცხადა. სასამართლომ მას შვიდი ათასი რუპია დააკისრა ჯარიმად, ხოლო ბოროტი განზრახვისთვის ოთხი წლით პატიმრობაც.

დიდებული ალმასი

ერთხელ ღატაკი გლეხი თავის მიწაზე მუშაობდა და ძალიან ლამაზი, ბრჭყვიალა კენჭი იპოვა. გლეხმა გაიფიქრა, შვილებს გავახარებო და კენჭი სახლში წაიღო. ბავშვებმა თამაშით რომ გული იჯერეს, კენჭი ფანჯრის რაფაზე შეაგდეს და დაივიწყეს მისი არსებობაც კი. გამოხდა ხანი. გლეხის სოფელში მოხეტიალე ბერი მოვიდა და ღამის გასათევს ეძებდა. ღატაკმა გულით მიიპატიჟა ღვთის მსახური, რითაც შეძლო, დააპურა და მწირი ვახშმისთვის მოუბოდიშა კიდეც. სტუმარ-მასპინძელი მასლაათს შეჰყვნენ. მოგზაურს ბევრი რამ ჰქონდა ნახულ-გაგონილი და გლეხის მთელი ჯალაბი სულგაკმენდილი უსმენდა მის მონაყოლს. ბოლოს სტუმარმა გლეხს მიმართა:

– ვხედავ, როგორ გიჭირს, რას ზიხარ სახლში? ამბობენ, არსებობს მდინარე, რომლის ნაპირზეც ალმასებია ბლომად. შეძლებ ზღაპრული სიმდიდრე დააგროვო, მაშინ როდესაც შენი მწირი მიწა, რამდენი ოფლიც უნდა ღვარო, ოჯახს მაინც ვერ გამოგიკვებავს. რა აზრი აქვს ასეთ ფუჭ შრომასო. მეორე დღეს ბერი გლეხს დაემშვიდობა და თავის გზას გაუდგა. მისმა ნათქვამმა კი გლეხის გულში იმედის ნაპერწკალი გააღვივა. მოსვენება დააკარგვინა და ერთი ნატვრით აღავსო: ის მდინარე ეპოვა. გლეხმა თავისი მიწა გაყიდა. ოჯახს სარჩო დაუტოვა და ბედის საძებრად გასწია. გამომშვიდობებისას ცოლ-შვილს აღუთქვა, რომ დიდი-დიდი ხუთი წლის შემდეგ გამდიდრებული დაგიბრუნდებითო. გლეხი ჩვეული მუყაითობით მუშაობდა ყველა მდინარის ნაპირზე, რომელიც გზად შეხვდა, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში ერთი ალმასიც ვერ იპოვა. თუმცა მათი ცნობა აღარ უნდა გასჭირვებოდა, იმდენი ცოდნა დააგროვა ამ უძვირფასესი ქვის შესახებ. გულდაწყვეტილმა და იმედგაცრუებულმა შინისაკენ გამოსწია. თავის ქოხს რომ მიუახლოვდა, თვალებს არ დაუჯერა: დიდი, სუფთა წყლის, უიშვიათესი და ულამაზესი ალმასი ფანჯრის რაფაზე ბრწყინავდა, ყველასგან დავიწყებული. მაშინ გაახსენდა გლეხს, როგორ იპოვა ეს სიმდიდრე. ბავშვებისთვის უბრალო, ბრჭყვიალა გასართობი რომ ეგონა.


скачать dle 11.3