კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ პოზირებდა ანანო ბახტურიძის ფიროსმანის „აქტრისა მარგარიტას“ პანოს შექმნისას

ერთი წელიც არაა, რაც 13 წლის ანანო ბახტურიძემ თექაზე მუშაობა შეისწავლა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკვე მოასწრო საკმაოდ შთამბეჭდავი კოლექციის შექმნა, გამოფენებში მონაწილეობის მიღება და დამთვალიერებელთა გულწრფელი აღფრთოვანებაც დაიმსახურა. თავის დროზე, ცეკვით, ქართული ხალხური ფოლკლორითა და ხატვით გატაცებულმა მოზარდმა, რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა, რომ თექაზე მუშაობა მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობა ყოფილა, რაშიც, უპირველესად, საკუთარ სკოლას უმადლის. ანანო ძალიან საინტერესო, მხიარული და გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა.

ანანო ბახტურიძე: 12 წლის ასაკიდან დავიწყე ხატვა. შარშან, უკვე ბოლო სემესტრში, მასწავლებელმა დაგვაწყებინა თექაზე მუშაობა. ეს საქმიანობა იმდენად მომეწონა, რომ ხატვა გადავდე და თავიდან ბოლომდე თექაზე მუშაობას დავუთმე თავისუფალი დრო. ახლა უკვე სურვილის მიხედვით შემიძლია ამა თუ იმ ნამუშევრის შექმნა. ვამზადებ: ბოსტნეულს, საყვავილეებს, ათასნაირ სუვენირს, თმის სამაგრებს, მაგრამ ყველაზე მეტად პანოებზე მუშაობა მომწონს.

– ახლა გასაგებია, რატომ ჭარბობს შენს ნამუშევრებში პანოები.

– შექმნილი მაქვს: ვან გოგის „მზესუმზირებისა” და „აქტრისა მარგარიტას” ასლები თექით, აგრეთვე, ვაკეთებ პანოებს საკუთარი ფანტაზიითაც, მაგალითად: „ცხენი”, „შვლის ნუკრი”, „ეკლესია”, „ჭიამაია”, „ბოლნისის ჯვარი” და სხვა. სხვათა შორის, „ბოლნისის ჯვარი” ჩემი პირველი პანოა.

– ვინ არიან შენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები?

– პირველ ყოვლისა, ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით კი ბებიები. სახლში ყველაზე პატარა ვარ, უფროსი ძმები მყავს. ამას იმიტომ გიყვებით, კარგად რომ წარმოიდგინოთ, როგორ მანებივრებენ ნაბოლარა შვილიშვილს მარგარიტა და კატო ბებია. მეც, ხან რას ვიგონებ და ხან – რას, მათ დასაბნევად...

– ანუ, ანცობ...

– (იცინის) „აქტრისა მარგარიტას” პანოს რომ ვამზადებდი, მარგარიტა ბებია მოვატყუე, შენს პორტრეტს ვამზადებ-მეთქი და ისიც მონდომებით პოზირებდა ჩემთვის რამდენიმე საათის განმავლობაში.

ერთხელ კიდევ, კატო ბებიას სამზარეულოში ნივრის წნულში თექისგან დამზადებული ნივრები შევურიე. უნდა გენახათ, რა სახე ჰქონდა, ხელში რომ თექის ნიორი აიღო და ვერაფრით მიხვდა, როგორ უნდა გაეფცქვნა.

მეუბნებიან, უკვე დიდი გოგო ხარ, დროა დასერიოზულდეო. ყველგან სერიოზული ვარ და სადღაც ხომ უნდა მოვახდინო ჩემი ფანტაზიების რეალიზება?!

– ანანო, რა დროს ანდომებ ერთი ნამუშევრის დასრულებას?

– რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ნამუშევრის სირთულეზე. ყველაზე მეტი დრო პანოს დამზადებას სჭირდება, რასაც ორიდან ოთხ დღემდე ვანდომებ.

– მომიყევი, როგორ მზადდება ეს ყველაფერი?

– სულ ადვილად: თავდაპირველად ბურთულებიან პლასტიკატის ნაჭერზე, აპარატურას რომ ფუთავენ ხოლმე, მატყლით ვაფენ ფონს, ჩემი აზრით, ფონად თეთრი ფერი ყველაზე მომგებიანია. ამის შემდეგ, პატარ-პატარა ლაქებს ვადებ, ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით. ამას მოჰყვება უკვე კონტურის შემოტარება. შემდგომ ყოველივეს ზემოდან ვაფენ ტულის ქსოვილს, ვასველებ ცხელი წყლითა და სარეცხის საპნით და ვიწყებ თელვას ხელებით, ყველა მიმართულებით, სანამ ერთგვარ, სწორ ფენას არ მივიღებ.

– არც ისე ადვილი დასამზადებელი ყოფილა, როგორც შენ ამბობ. ყველაზე ადვილად რას ამზადებ?

– ყვავილებს, ამისთვის რამდენიმე წუთი მჭირდება.

– განსაკუთრებით თუ გიყვარს რომელიმე?

– რა თქმა უნდა. ეს არის ამ ბოლო დროს შექმნილი „კვახი”.

მიყვარს მკვეთრი ფერები: მწვანე, წითელი, იისფერი... ეს ჩემს კოლექციასაც ეტყობა.

– საკმაოდ დიდი კოლექციის მფლობელი ხარ. რამდენი ნამუშევარია მასში თავმოყრილი?

– ამჟამად ამ კოლექციაში სამოცდაათი ნამუშევარია. სექტემბრიდან დავიწყე კოლექციის შეგროვება. ისე მომწონს ეს საქმიაობა, დაღლას ვერ ვგრძნობ. როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, სულ მინდა, რომ სამუშაო მაგიდას მივუჯდე და რაღაც ახალი შევქმნა. ფერებთან ურთიერთობით ვისვენებ.

– მართალია, არც ისე დიდი ხანია, რაც თექაზე მუშაობით ხარ გატაცებული, მაგრამ, როგორც ვიცი, ამ ხნის განმავლობაში მაინც მოასწარი რამდენიმე გამოფენაში მონაწილეობის მიღება.

– სასკოლო გამოფენებში. მე რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. საქმიანობაც, რითაც მე თქვენი ჟურნალის ყურადღება დავიმსახურე, სწორედ ამ სკოლის შრომის გაკვეთილებზე შევისწავლე. ეს გაკვეთილები იმდენად პოპულარული გახდა, რომ სხვა სკოლის მოსწავლეებმაც გამოთქვეს სურვილი, ჩვენს სკოლაში სხვადასხვა ხელსაქმის შესასწავლად იარონ. ამიტომ, დამატებითი წრე შეიქმნა მსურველთათვის. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მე ამ წრეების აქტიური წევრი ვარ.

ამჟამად თექაზე მუშაობა ჩემთვის ის საქმიანობაა, რაც ყველაზე ძალიან მომწონს და რაც არასდროს მომბეზრდება. ვიმედოვნებ, ამას ჩემი კოლექციაც მოწმობს.


скачать dle 11.3