კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როდის აწუხებს ქალს სინდისი ჩადენილი ღალატის გამო და რატომ ვეღარ ახერხებს ის საიდუმლოს შენახვას

ბრიტანელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქორწინების პერიოდში ღალატი ორივე პარტნიორის სინდისზეა, ანუ, მარტო ის მეუღლე არ არის დამნაშავე, რომელიც უშუალოდ ღალატობს. ალბათ, არ უნდა ვილაპარაკოთ ისეთ შემთხვევებზე, როცა საქმე პათოლოგიურ გადახრებთან გვაქვს, რადგან, არსებობენ განსაკუთრებულად მექალთანე მამაკაცები და გარყვნილი ქალები, რადგან, მორალთან და ფიზიოლოგიასთან პრობლემები ბუნებრივად იწვევს, ნორმიდან გადახრას.

ღალატი მძიმე შედეგების მომტანიცაა და მძიმედ გადასატანიც. ეს არ არის მხოლოდ ცოლის ან მხოლოდ ქმრის პრობლემა. უნდა იცოდეს თუ არა შენმა საყვარელმა ადამიანმა, რომ უღალატე?! ერთი შეხედვით, საკითხი თითქოს მარტივია. ასევე პასუხიც, – არა! მაგრამ, როდემდე შეძლებ დამძიმებული სინდისით ცხოვრებას, როდემდე ვერ გაუსწორებ თვალს ადამიანს, რომელიც შენთვის ყველაზე ახლობელია?! თუმცა, თითოეული ჩვენგანი მაინც თავად წყვეტს, რა არის მისთვის უკეთესი. ზოგიერთი ფსიქოლოგი შეცდომადაც კი მიიჩნევს სურვილს, მეუღლეს შენი ეროტიკული თავგადასავლის შესახებ უამბო (სურვილის მოტივებს მნიშვნელობა არ აქვს). ისინი გვირჩევენ: თუ გინდათ, შეინარჩუნოთ ოჯახი, ჯობია, საიდუმლოდ შეინახო ინფორმაცია შენი ღალატის შესახებ. მაგრამ, დანაშაულის განცდასთან გამკლავება სერიოზული გამოცდაა, ტანჯვაა, რომელსაც ყველა ვერ უძლებს.

დეიკო (27 წლის): ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ თემაზე საუბარი მომიწევდა. მით უმეტეს, უცხო ადამიანთან. მე მიყვარდა ჩემი ქმარი და ამიტომაც, ვერც იმაში დამაჯერებდა ვინმე, რომ ეს დამემართებოდა ოდესმე. მართლა არ მინდოდა მეღალატა ქმრისთვის. რატომღაც, მგონია, რომ წინასწარ არც ერთი ქალი არ ფიქრობს ღალატზე. თხოვდები იმიტომ, რომ შენს რჩეულთან ერთად იცხოვრო მთელი ცხოვრება მშვიდად და ბედნიერად. მერე რა ხდება, ამ კითხვაზე პასუხი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ორივე ფეხით ებმები და იხლართები ლაბირინთებში, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს. მით უმეტეს, თუ სინდისი გაქვს და იცი, რას ნიშნავს, როცა ის გაწუხებს – ადგილს ვერ პოულობ, ამ დედამიწაზე ყველა შენი მტერი გგონია. ისეთი ტკივილია, არაფერი შველის. მე არ ვიცი, ყველა მოღალატე ქალს აქვს თუ არა ასეთი განცდები, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ სიმშვიდეს ყველა კარგავს.

– ყველაში მამაკაცებიც იგულისხმებიან?

– რატომაც არა. მამაკაცი რა, ადამიანი არ არის? ზოგიერთს კი აქვს „პროფესიად“ გადაქცეული ქალებში ძრომიალი, მაგრამ, გამონაკლისებზე ხომ არ ვსაუბრობთ. თან, რატომღაც, მგონია, რომ რაღაც მომენტში სინდისის ქენჯნას ასეთი კაცებიც განიცდიან. ქალი, მით უმეტეს, მგრძნობიარე არსებაა და ორმაგად განიცდის, თუ ღალატი მის ხასიათში არ ზის.

– იმის თქმა გინდათ, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა?

– ვერ ვიტყვი ამას. ადამიანი პასუხს უნდა აგებდეს საკუთარ საქციელზე, რადგან აზროვნებისა და ფიქრის უნარი გააჩნია. შენს გადადგმულ ნაბიჯს რა მოჰყვება, უნდა განსაზღვრო და გააანალიზო. შიშველი ემოციები ძალიან ცუდი მრჩეველია. საშინელება განვიცადე. გადავიტანე-მეთქი, ვერ ვამბობ, იმიტომ, რომ შოკიდან ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვარ გამოსული. სამი დღე მაინც, სრული კოშმარი იყო. ვფიქრობდი, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება გულზე ასეთი ლოდით-მეთქი. მაინც, როგორ შემეძლო ასეთი წარმოუდგენელი სიგიჟე დამეშვა?! ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ შევხვდებოდი ქმარს, ოთხი დღე დავრჩი სახლში მარტო და მეორე დღესვე მოხდა მოსახდენი. თანაც ვისთან – ქმრის მეგობართან! თუმცა, ალბათ, ამას არც ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს.

– მნიშვნელობა როგორ არა აქვს?

– ჰო, ვხვდები, ორმაგად დამიმძიმდა მდგომარეობა, მაგრამ, პირადად ჩემთვის, თავად ღალატის ფაქტი უფრო მძიმე და დამთრგუნველია. ჩემმა ქმარმა იცოდა, მისი მეგობარი ცოლთან ერთად სტუმრად მოსვლას რომ აპირებდა ჩვენთან – რამდენჯერმე გვითხრეს, თქვენი რემონტის ნახვა გვინდაო; მაგრამ, იმდენჯერ გადაიდო და არ მოვიდნენ, როცა კიდევ დაგვირეკეს, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვეღარ ვუთხარით, რომ ჩემი ქმარი ოთხი დღით ბავშვებთან ერთად დედამისთან მიდიოდა რაიონში. რომ არ წასულიყო, ესეც არ შეიძლებოდა. მოკლედ, ბოლოს ჩემმა ქმარმა მითხრა, რა ვქნა, მოვიდნენ და შენ დახვდი. უფრო ცუდად გამოგვივა, თუ სტუმრობაზე უარს ვეტყვით. იფიქრებენ, რომ მათი მოსვლა, არ გვინდა, დედაჩემიც, მთელი თვეა გველოდება და გაგიჟდება, რომ არ ჩავიდეთო.

– ბავშვი რამდენი გყავთ?

– ორი ბიჭი – 5 წლის და 3 წლის. მე ვერაფრით წავიდოდი ჩემი სამსახურის გამო. მაინც ვრჩებოდი, სტუმრები რომც არ მოსულიყვნენ.

– როგორი ურთიერთობა გქონდათ მეუღლის მეგობართან? ვგულისხმობ, მანამდე, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა.

– ძალიან კარგი. ოჯახებით ვმეგობრობდით. ვერ გეტყვით, რომ სულ ერთად ვიყავით, მაგრამ, ვახლობლობდით, არასდროს არაფერი შემიმჩნევია „ისეთი”. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ახლაც ძალიან ცუდი სიზმარი მგონია ეს ყველაფერი. მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობაა, თანაც, ისეთი რეალობა, რომელიც დღითიდღე სულ უფრო ხელშესახები და მტკივნეული ხდება. რომ შეიძლებოდეს, მეხსიერებიდან ამოვშლიდი, ამოვჭრიდი ან ამოგვლეჯდი, მაგრამ, ჩვენი წარსული ჩვენივე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვერსად გაექცევი და დაემალები. არავის ჰქონდეს იმედი, რომ „ხვალ” აღარ შეაწუხებს. გათენდება და ამით ყველაფერი მორჩება.

დრო მაინც თავისას შვრება და, მეტ-ნაკლებად, წარსულსაც გვავიწყებს. ჯერ მაგდენი დრო არ გასულა. რამდენიმე თვეა, ეს ამბავი მოხდა და ყოველდღე თვალწინ მაქვს ეროტიკული სცენები ჩემი მონაწილეობით. ყველაზე მეტად იმაზე ვმწარდები, რომ ასეთი თავდაჯერებული ვიყავი – ქმარი ისე მიყვარს, არასდროს ვუღალატებ-მეთქი. რატომ მეგონა, რომ მხოლოდ ის ცოლები ღალატობენ, რომლებსაც ქმრები არ უყვართ?

– ვფიქრობ, ღალატი უფრო იმ პიროვნების პრობლემაა, ვინც ღალატობს და არა იმის, ვისაც ღალატობენ.

– ახლა უკვე გეთანხმებით, ნამდვილად იმ ადამიანის პრობლემაა, რომელიც ღალატობს. იმან, ვისაც უღალატებენ, შეიძლება, საერთოდ ვერასოდეს გაიგოს სიმართლე, ხოლო, როცა ინფორმაციას არ ფლობ, არც პრობლემა გაქვს. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია ყველაფერი. მაგრამ, ჩემი მაგალითით ვიტყვი: მე ვიტანჯები და ვწვალობ, ჩემს ქმარს კი მშვიდად სძინავს.

– დაცინვასავით ჟღერს.

– არა, არა, ნამდვილად არ დავცინი, მას დასაცინი არაფერი აქვს. მშვიდად იმიტომ სძინავს, რომ არაფერი იცის. ვერ ვრისკავ, რომ ვუთხრა, რაც მოხდა და ნელ-ნელა ვრწმუნდები იმაში, რომ ყველასთვის ასე ჯობია. რაღაც მომენტში თითქოს გადავწყვიტე, რომ ყველაფერს მოვუყვებოდი, მაგრამ, სიტუაცია აეწყო ისე, რომ არაფრით არ მომეცა ამისი შესაძლებლობა. მაშინ ვთქვი, რომ, ალბათ, არ უნდა ვუთხრა-მეთქი.

– აპირებდით თქვენი ღალატის შესახებ მოგეთხროთ?

– რა თქმა უნდა. ვაპირებდი კი არა, ეგ გადაწყვეტილება რომ მივიღე, ცოტათი მაშინ დავმშვიდდი. შეშლილივით დავრბოდი ოთახში და ადგილს ვერ ვპოულობდი, ვერ ვმშვიდდებოდი, ვტიროდი.

– შეიძლება, გკითხოთ, რამ გაიძულათ ამის გაკეთება? თქვენ ხომ ამბობთ, რომ გიყვართ ქმარი და ურთიერთობებში პრობლემები არ გქონიათ?

– არ ვიცი, რამ მაიძულა. მართლა არ ვიცი, რაც ქმარს ვუღალატე, სულ იმაზე ვფიქრობ, ეს რატომ გავაკეთე-მეთქი და პასუხს ვერ ვპოულობ. მთვრალი არ ვყოფილვარ, ამიტომ, ალკოჰოლს ვერ დავაბრალებ ჩემს დანაშაულს. არც იმას დაულევია იმდენი, რომ საკუთარი თავი ვერ გაეკონტროლებინა. ან ვერ მიმხვდარიყო, რას აკეთებდა. ის კი არა, მგონი, საერთოდ, სპეციალურად ამისთვის მობრუნდა, დადგმული სპექტაკლი გაითამაშა. ახლა რომ ვუფიქრდები, მგონი, შემთხვევითი არ ყოფილა ჩვენ შორის მომხდარი „ეროტიკული ინციდენტი.” სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რაც იყო. ერთად ხომ მოვიდნენ – ჩემი ქმრის მეგობარსა და მის ცოლს ვგულისხმობ – ბინა დავათვალიერებინე და მერე სუფრასთან დავსხედით. ტკბილეულის სუფრა იყო, „მარტინი” თვითონ მოიტანეს. არასდროს შემინიშნავს ამ კაცისთვის ჩემდამი ინტერესი. როგორც უკვე გითხარით, ქალი ხვდება, როცა კაცს მის მიმართ სხვანაირი ინტერესი უჩნდება. არც გამოხედვა, არც რაიმე მინიშნება, არც ორაზროვანი ღიმილი ან ფრაზა... ასე რომ ყოფილიყო, საერთოდ დავამთავრებდი მასთან ყოველგვარ ურთიერთობას, სახლის კარს კი არ გავუღებდი. მით უმეტეს, იმ დროს, როცა ჩემი ქმარი შინ არ იყო.

– მიუხედავად ამისა, სტუმრადაც მიიღეთ და დანებდით კიდეც.

– ამას რომ ამბობთ, ასე მგონია, სხვაზე ვლაპარაკობთ, ჩემზე კი არა. ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად იყო. წავიდნენ, გავაცილე. ავალაგე და სამზარეულოში ჭურჭელი გავიტანე. ტელევიზორი ჩავრთე და სავარძელზე მივწექი. ზარის ხმა რომ გავიგონე, ვერ მივხვდი, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო როცა მითხრა, ვინ იყო. კარი გავაღე, მობილური ტელეფონი დამრჩაო, მითხრა და შემოდი-მეთქი.

– თქვენ ფიქრობთ, რომ სპეციალურად დატოვა?

– არ ვიცი, ვერ დავამტკიცებ. შეიძლება მართლა დარჩა ან დატოვა, რომ მოსაბრუნებლად საბაბი ჰქონოდა. პრინციპში, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ხომ მასში არ ვეძებ დამნაშავეს, მას არ ვაბრალებ მომხდარს, ჩემი ბრალია ყველაფერი. იმან რაც გააკეთა და იკადრა, იმის სინდისზე იყოს. თუ სპეციალურად მოაწყო ისე, რომ ვეცდუნებინე, ამასაც ვპატიობ, მაგრამ, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ, ვერასოდეს, თუმცა, ეს არც ჩემს დანაშაულს ამსუბუქებს და ვერც ჩემს დამძიმებულ სინდისს დააწყნარებს. წინააღმდეგობა არ გამიწევია. ხომ შემიძლია, ვთქვა, გავუძალიანდი და არ მომეშვა-მეთქი, მაგრამ ვინ მოვატყუო? იმ წუთში თავს „საბედისწერო ქალად” ვგრძნობდი. არაფრის რომ არ ეშინია. იმან მითხრა, ოღონდ, უკვე მერე: ძალიან უინტერესოა ცხოვრება, როცა არაფერი ხდება. ერთფეროვნებამ, შეიძლება, გაგაგიჟოს. ჩვენ ეს იმიტომ კი არ გავაკეთეთ, რომ ჩვენი მეუღლეები არ გვიყვარს, უბრალოდ, ყოველდღიურობაში ექსტრემი შევიტანეთო. სიმართლე გითხრათ, მისი არათუ მოსმენა, დანახვაც კი აღარ მინდოდა, მაგრამ ამაში გარკვეულწილად დავეთანხმე.

– რაში დაეთანხმეთ, რომ „ექსტრემის” სურვილმა გიბიძგათ ღალატისკენ?

– დიახ. უფრო სწორად, აკრძალულის გასინჯვის ცდუნებამ და სურვილმა. საფრთხის განცდამ გამაღიზიანა, აღმაგზნო და წუთით გონება დამეხშო. ხდება ასეთი რაღაც. ადამიანი არ არის დაზღვეული, რომ ყოველთვის, საღ აზრს დაემორჩილება და ქვენა გრძნობებს არ აჰყვება. ამასაც არ ვამბობ იმიტომ, რომ თავი გავიმართლო. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს და, შესაბამისად, ვისჯები კიდეც. სიმძიმისა და დანაშაულის განცდა, პრაქტიკულად, მაშინვე გამიჩნდა. კიდევ იყო იმედგაცრუება – ნუთუ ამისთვის დავიმძიმე სული და ვუღალატე ქმარს-მეთქი?! ეიფორიამ ძალიან სწრაფად გაიარა. შეიძლება, ახლა ბანალურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ, სიყვარულის გარეშე სექსი არ ტოვებს არანაირ პოზიტივს ან დადებით ემოციას.

– განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმარს ღალატობთ?

– აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს პათოსს, მაგრამ მე ამ წუთში უკვე ძალიან მესმის მამაკაცების, რომლებიც თან ღალატობენ ცოლებს და თან სიყვარულს უმტკიცებენ. იცით, რატომ მესმის? იმიტომ, რომ მეც აღმოვჩნდი მათ მდგომარეობაში.

– ანუ, ქმარმა რომ გიღალატოთ, ყოველგვარი სკანდალის გარეშე აპატიებთ?

– საერთოდ არ ამომეღება ხმა და კითხვაც აღარ უნდა იმას, რომ ვაპატიებ. უბრალოდ, უფლებაც აღარ მაქვს, არ ვაპატიო. შეიძლება, უღალატია კიდეც.

– ეს რას ნიშნავს, თავს იმშვიდებთ, რომ სამაგიერო გადაუხადეთ?

– არანაირად, რას ბრძანებთ! ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ. უბრალოდ, ალბათობა დავუშვი. ხომ გითხარით, ახლა უკვე კარგად მესმის მამაკაცების-მეთქი. იმასაც ვიგებ, რატომ ცდილობენ, ყველა საშუალებით დამალონ თავიანთი სასიყვარულო თავგადასავლები. ჯერ ერთი, ოჯახის დანგრევა არ უნდათ და, მეორე – შეიძლება, რცხვენიათ, ისევე, როგორც მე. საკუთარი თავისაც კი მრცხვენია.

ეს ისეთი ტანჯვაა... ორი დღე გაუნძრევლად ვიწექი დივანზე და, რომ შემძლებოდა, ყველაფერს დავამტვრევდი გარშემო. მაგრამ, თავს ვერაფერი ავუტეხე. ცრემლიც აღარ მქონდა, რომ მეტირა. მესამე დღეს ერთადერთი, რისი სურვილიც გამიჩნდა, ის იყო, რაც შეიძლება მალე მომეყოლა ყველაფერი ქმრისთვის. როცა ეს ვიგრძენი და გავაცნობიერე, ცოტა გულზე მომეშვა, ტექსტიც კი დავალაგე. საკუთარ თავს ვუთხარი, პირდაპირ ვეტყვი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე-მეთქი.

– მისი ვინაობის გამხელასაც აპირებდით?

– დიახ. თუ ვეტყოდი, ყველაფერი უნდა მეთქვა, ხომ მართალია? თუმცა, გაცნობიერებული მქონდა ისიც, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა – ვგულისხმობ მის ცოლს, რომელიც ავტომატურად ერთვებოდა ამ ამბავში. გულახდილად და ჩემდა სამარცხვინოდ გეტყვით, რომ მასზე საერთოდ არ მიფიქრია.

– ანუ, იმასაც რომ ტკივილს მიაყენებდით, არ გიფიქრიათ?

– არა. იცით, მე ისე განვიცადე მომხდარი, სხვის ტკივილზე ფიქრი აღარ შემეძლო. გეთანხმებით, ძალიან დამნაშავე ვარ იმის წინაშეც, მაგრამ მომხდარს აღარაფერი ეშველება. ქმართან ყველაფრის აღიარებაც ვერ შევძელი. კართან მივეგებე ჩემს ქმარს ჩემი გადაწყვეტილების თანახმად. გადმოაბიჯებდა თუ არა ზღურბლს, მაშინვე უნდა დამეწყო, მაგრამ, არ გამომივიდა. ჯერ ბავშვები შემოუშვა, უკან თვითონ მოსდევდა გაბრწყინებული. ხელში რაღაც ეჭირა – ნახე, შენი საყვარელი ნამცხვარი მოგიტანე და ნაყინიო. მუხლები მომეკვეთა, ვერ ვეტყოდი და ვერ დავანგრევდი ამ დილას, ვერ გავანადგურებდი იმას, რაც ჩემთვის ყველასა და ყველაფერზე ძვირფასია. ვიცი, ძალიან გამიჭირდება ცხოვრება დანაშაულის ამ განცდასთან ერთად, მაგრამ, კიდევ უფრო ცუდად ვიქნები, თუ ჩემს ქმარს სიმართლეს ვეტყვი.


скачать dle 11.3