კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რა სასწაულის მოწმე გახდა ინგა გრიგოლია საბერძნეთში და ვინ ჩაუშალა მას დაგეგმილი იუბილე

მას შემდეგ, რაც ინგა გრიგოლია აქტიურ ჟურნალისტიკას ჩამოშორდა და საკრებულოს საჯარო მოხელის ამპლუა მოირგო, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაინც ხშირად ხვდება – ცოტა ხნის წინ პოპულარულ პროექტში მონაწილეობისთვის, მორიგი თავდასხმების ობიექტი გახდა. თუმცა, ამ მხრივ გამობრძმედილ ინგა გრიგოლიაზე, ეს იერიშები თურმე აღარ ჭრის და არც იმის შეცვლას აპირებს, რითაც საკუთარი იმიჯი წლების წინ შექმნა.

– ინგა, მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში, ქალების ვოიაჟში მოხვდი, შენი პირადი ცხოვრება ისევ აქტუალური გახდა და თბილისური ჭორაობაც დაიწყო.

– ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო პროექტი იყო და რა კრიტიკაც არ უნდა მოჰყოლოდა საზოგადოების ერთი ნაწილისგან ამ ვოიაჟს, ჩემთვის ეს სასაცილოა. ხან ვის ეცნენ, ხან – ვის, ეს იცით, რა არის? მარტივად გეტყვით – შური. ვიღაც-ვიღაცეებს შეშურდათ ნანუკასი, რომ ძალიან მაგარი გადაცემა გამოუვიდა. მე მას ვუთხარი კიდეც: ეთერში რომ ვყოფილიყავი და ეს გადაცემა სხვას გაეკეთებინა, კონკურენციის მომენტით, გული გამისკდებოდა-მეთქი. ჩვენს ქვეყანაში ასეა, მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რაც უფრო მაგარი გამომდიოდა გადაცემა, მით უფრო მეტად მლანძღავდნენ და მესხმოდნენ თავს. ამას გაძლება უნდა, თუმცა მერე და მერე, მე ამ ხრიკებს აღარ ვეგებოდი. იმის მიუხედავად, რომ გარეგნულად აფექტური ვჩანვარ და ვარ კიდეც, სინამდვილეში, რკინის ნერვები მაქვს. როცა არაფერს აკეთებ, მოწყვეტილი ხარ პროცესებს, მაშინ კარგი გოგო ხარ. როგორც კი აქტიურდები და შენი პერსონა საინტერესო ხდება, მაშინვე იწყება თავდასხმები. ვისაც რა უნდა წეროს და იკითხოს, მე ვარ ძალიან სტაბილური ნერვების ადამიანი და ჩემი წყობიდან გამოყვანა გაუჭირდებათ. არ მესმის, არ შეიძლება, საკრებულოს წევრი წავიდეს ეგვიპტეში? რომელი პოლიტიკოსი გაბედავს და იტყვის, რომ არ ყოფილა უცხოეთში იმ პერიოდში, რაც ის „ხალხზე ზრუნავდა.” მე არ ვფარისევლობ იმ ადამიანების მსგავსად, ვინც ამბობს, რომ საკრებულოს წევრი ასეთ პროექტებში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას. შარავანდედს არ ვიდგამ თავზე, ვისაც მოსწონს პოლიტიკური შარავანდედი, შეუძლია, ამით შეიფუთოს. საზოგადოებას უარი არ უნდა უთხრა ურთიერთობაზე. ასეთ პროექტშიც წავალ, სერიალშიც მივიღებ მონაწილეობას და არც ინტერვიუებზე ვიტყვი უარს. მე რომ ინტერვიუზე უარი ვთქვა, ხომ იტყვით, ამან „გაუბერაო“? ამ პროექტში მე ვიყავი ჩვეულებრივი, ტიპური ინგა გრიგოლია, რომელიც წლების წინაც, ასე თავისუფლად საუბრობდა თავის ცხოვრებაზე. მე ყოველთვის გახსნილი და გულწრფელი ვარ, როგორც პირად თემებზე, ასევე სამსახურებრივ საკითხებზე სასაუბროდ. მე ვარ ადამიანი, ვისზეც, ალბათ ამის გამო, წლების წინ თქვეს გიჟი თავისუფალიაო (იცინის). არც ახლა შემიზღუდავს საკუთარი თავი თუ ვინმე ჩემით უკმაყოფილო დარჩა, ესენი იყვნენ – დედაჩემი და მამაჩემი. დედამ პროექტში ჩილიმის მოწევა გამიპროტესტა, ერთგვარი დაკითხვა მომიწყო – რას ეწეოდიო. ვერ მიხვდა, ცუდი იყო თუ კარგი. მე დავამშვიდე: დედა, ცუდი არაფერი მომიწევია-მეთქი. დედაჩემიც ამ საზოგადოების ისეთივე წარმომადგენელია, როგორც სხვები. მამამ მითხრა: რა არის, რატომ ხარ ასეთი გულწრფელი, რა საჭიროა ამ თემებზე საუბარიო. ძალიან გამიკვირდა, მამაჩემის ამგვარი რეაქცია. გადაცემით აღფრთოვანებულები დარჩნენ – ჩემი შვილი და დისშვილი. მათი აზრი ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე. ჩემს ინტერვიუში, რომელსაც სკანდალური უწოდეს, მე ვისაუბრე ორ ისეთ თემაზე, რომელიც ქართველი ქალებისთვის ძალიან ჩვეულებრივია: ესაა წონა და მამაკაცები.

– ერთსაც ებრძვი და მეორესაც.

– არაფერსაც არ ვებრძვი, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში – ვიღებ იმას, რასაც ცხოვრება მთავაზობს. ჩემი ცხოვრებისეული ისტორიებით ყოველთვის ბედნიერი ვარ. რაც შეეხება სამსახურებს, ამ მხრივ მართლა სულ ბრძოლებში ვიყავი, მაგრამ ამის კომპენსაციაა ის, რომ არ ვიბრძოდი პირად ცხოვრებაში. ზუსტად ვიცი, რომ, რაც არ უნდა დავგეგმო ამ მხრივ ხვალინდელი დღე, მაინც ისე იქნება, როგორც გადაწყვეტილია. მე მიკვირს იმ ხალხის, ვისაც შეუძლია, ესა თუ ის ადამიანი ამოიჩემოს და „ათრიოს” აქეთ-იქით, ჩვენს ქვეყანაში ხომ ძალიან მოდური გახდა დემოკრატია და ლიბერალობა. ეს ჩემთვის ძალიან ანეკდოტური მომენტია. არასდროს მითქვამს, რომ ლიბერალი ვარ-მეთქი, პირიქით, სულ კონსერვატორობაზე მქონდა პრეტენზია, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დემოკრატი და ლიბერალი, ვინც კი შემხვედრია, თავად მე ვარ. არასდროს მომივა თავში აზრად, ადამიანებს დავცინო წონის გამო, მაგრამ ჩემს ნათქვამს მაინც მოჰყვა მსუქანი ქალების დიდი რისხვა. თუ გინდათ, ჩავატაროთ სოციოლოგიური კვლევა ქართველ ქალებში და ვნახავთ, რომელ ადგილზეა წონის და მამაკაცების პრობლემები სოციალური თემების შემდეგ.

– ამ ბოლო დროს ხშირად ხარ უცხოეთში, დაბადების დღეც საბერძნეთში გაატარე...

– ხშირად არ ვარ უცხოეთში, მაგრამ თუ საჭიროა, რატომ არ უნდა წავიდე? საბერძნეთში საკრებულოდან ვიყავი წასული საქმიანი ვიზიტით. იქ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. ჩვენ გვქონდა საქმიანი შეხვედრები სალონიკის მერიაში, სწორედ ქართველების პრობლემებზე. უბრალოდ, დაემთხვა, რომ დაბადების დღე იქ გავატარე. გავცივდი და სასტუმროში ვიყავი. ძალიან სასაცილო რამ მემართება ბოლო პერიოდში, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან რაღაც უბედურება ხდება. ამას წინათ ჩემი დაქალი მეუბნებოდა: ფეხი არსად გაადგაო. ეგვიპტეში წავედით და რევოლუცია დაიწყო. ამას წინათ ლონდონში ვიყავი და აეროპორტები ისე ჩაიკეტა, ერთი კვირის მერე ძლივსღა წამოვედი იქიდან. ახლა კი საბერძნეთში ისე თხლად ჩაცმული წავედი, რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთი სასწაული მოხდებოდა და მარტში იქ თოვლი მოვიდოდა (იცინის). დაბადების დღეს შევხვდი სალონიკში, ავად ვიყავი და ვიჯექი სასტუმროში. ცოტა კი მოვიწყინე, მაგრამ ჩვენთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომელთა გვერდითაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

– უჩვეულო დაბადების დღე გქონია.

– რაც მქონდა დაგეგმილი, ის ვერ განვახორციელე. 40 წლის ვხდებოდი და მინდოდა, ეს თარიღი განსაკუთრებულად აღმენიშნა – მასკარადის მსგავსი დღეობისთვის ვემზადებოდით. უკვე იმას ვფიქრობდით, რა უნდა ჩაგვეცვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ „გადავაგდე” ჩემი მეგობრები (იცინის). არასდროს დამიმალავს ასაკი, მაგრამ ამას წინათ „ფეისბუქზე“ დავწერე, ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ჩემს ასაკს ხმამაღლა ვაცხადებ, ამის შემდეგ ამას აღარ გავაკეთებ-მეთქი. ზუსტად ისეთივე განწყობა მაქვს, როგორი განწყობითაც ვცხოვრობდი ადრე.

– არ ფიქრობ, რომ, რაც აქტიური ჟურნალისტიკიდან წახვედი, საკრებულომ შენი პოპულარობის ტალღა ჩააქრო.

– არ მგონია, ასე იყოს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პოპულარობა უკანა პლანზე გადავიდა. ტელევიზიას აქვს განსაკუთრებულობა. დავასკვენი, რომ ტელევიზია ჩემთვის არის ყველაზე საინტერესო სფერო და სიტყვას გაძლევთ, როცა აღარ იქნება მიშა, რომელიც წყვეტს ვინ უნდა იყოს ტელევიზიაში და ვინ – არა, მე აუცილებლად დავბრუნდები ტელევიზიაში. ჩემთვის არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ არის მომხიბლავი. თუ სტატუსზეა საუბარი, დღეს მე მაქვს ასეთი სტატუსი – ფრაქციის თავმჯდომარე ვარ თბილისის საკრებულოში, მაგრამ, ეს იმდენად არ მაინტერესებს, რომ ტელევიზიას აჭარბებდეს. თუმცა საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ძალიან საინტერესოა და მთლიანად ვარ მასში ჩართული. სხვა ფრაქციების თავმჯდომარეებისგან განსხვავებით, მე არ მაქვს საკუთარი კაბინეტი – ზაზა გაბუნიასთან ერთად ვარ შეხიზნული ამ ოთახში. მაგრამ, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. შიგნიდან ვარ ანთებული იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის წასვლაში დიდი როლი შევასრულო. მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად დავუბრუნდები ტელევიზიას.

– ამ სამსახურმა ყველაზე საგრძნობლად რითი შეცვალა შენი ცხოვრება?

– ყველაზე საგრძნობლად შეიცვალა ჩემი ხასიათი, ძალიან დამიმძიმდა განწყობა. ჩემთან ძირითადად ის ხალხი მოდის, ვინც მოიარა ხელისუფლება, სამინისტროები, არავინ დაეხმარა და ბოლოს მომადგა მე. ამას წინათ ჩემი შვილი მეუბნებოდა: ნუღარ მიყვები ამ ისტორიებს, აღარ შემიძლია მოსმენაო. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ეს ამბები ძალიან დიდხანს მიმყვება. დღეს უფრო მეტს ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვიდრე ტელევიზიაში ყოფნის დროს. წარმოგიდგენიათ, რომ ბიუჯეტს სამი დღე და ღამე ვსწავლობდი, ვიდრე სხდომაზე გავიდოდა დასამტკიცებლად? როცა დამჭირდა, ჯანდაცვის ექსპერტებთან გავდიოდი კერძო გაკვეთილებს. ჩემი ჯიბიდან ვიხდიდი ამისთვის ფულს, რომ მესწავლა ის, რაც კარგად არ ვიცოდი. ახლა ძალიან მინდა, სამართალმცოდნეობაში გავიარო სერიოზული კურსი და ვფიქრობ, ხომ არ დავკავდე სამაგისტრო სწავლებით-მეთქი. ბევრი ისეთი ინტერესი გამიჩნდა ბოლო პერიოდში, რაც ადრე არ მქონდა. ამ სამსახურმა საკმაოდ შეცვალა ჩემი ცხოვრების რეჟიმიც. ის, რაც ადრე არ მიწევდა, ახლა მიწევს. დილის ცხრა საათზე არავინ მთხოვს სამსახურში მოსვლას, მაგრამ უფრო მობილიზებული გავხდი და ცხოვრების ევროპულ სტილზე გადავეწყვე, თუ ადრე გადაცემის შემდეგ, რა დღეც არ უნდა ყოფილიყო, სადაც მინდოდა იქ მივდიოდი გასართობად, ახლა სამუშაო დღეებში, გამონაკლისების გარდა, თითქმის არსად დავდივარ. მეგობრებისთვის და გართობისთვის გამოყოფილი მაქვს პარასკევი და შაბათი. ვცდილობ, მქონდეს სრულფასოვანი ადამიანის ცხოვრება – კვირაში ორი დღე საკუთარ „რელაქსზე“ რომ არ ვიფიქრო, ისეთი დაძაბული ცხოვრება მაქვს, ეს წარმოუდგენელი იქნება.


скачать dle 11.3