კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის აღიარებას მოითხოვდა „კაგებე“ ნუგზარ კვაშალისგან და რა ვერ უთხრა მან ყველაზე მძიმე მომენტში ალექსანდრე ბასილაიას

საქართველოში ყველას კარგად ახსოვს. მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, რომლის მონაწილეებს შორის ერთ-ერთი გამოკვეთილი სახეა ბუ – ნუგზარ კვაშალი და დღეს სწორედ მისი ცხოვრების დღიურს გაგაცნობთ.

– რატომღაც, მგონია, რომ ბავშვობიდან ხართ საინტერესო ადამიანი.

– რომელ ბიჭს არ უყვარს ფეხბურთის თამაში, შატალოებზე წასვლა და გაკვეთილების გაცდენა?! როგორ არა, ყველაფერი ეს იყო, მაგრამ, ჩემი ბავშვობა უფრო მეტად იმ დღიდან მახსოვს, როცა გიტარა ავიღე ხელში. ჩემს კლასში ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყვნენ. ერთი თანაკლასელი გვყავდა – გურამ ჭელიძე, ძალიან სიმპათიური და ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც ისე შემიყვარდა და ისეთი ძმაკაცი გახდა ჩემი, რომ გიტარაზე დაკვრა ვასწავლე, ოღონდ კი ჩემ გვერდით ყოფილიყო. დაკვრა რომ დავიწყე, უცბად შეიცვალა ჩემი სამყარო: დანჯღრეული აპარატურა, გასტროლები... ჩემი მეუღლე ახლაც მეუბნება: შენ ბავშვობა არ გაგივლია, პირდაპირ დაბერებული დაიბადეო. ალბათ, ასეა. პირველი გასტროლი 1968 წელს მქონდა. მაშინ ზურა ყიფშიძე დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. ჯგუფში ყველაზე ლამაზი იყო, მაგრად უკრავდა და მთელი ნაშებიც მაგას დასდევდნენ. ჩვენს ჯგუფს ერქვა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ჯეჯილი“. ეს იყო პირველი ეტაპი. პატარა რომ ვიყავი, მშობლები ჩემს სიმღერებს ჩუმად იწერდნენ მაგნიტოფონზე და მერე მასმენინებდნენ. დღესაც არსებობს ის ჩანაწერები, სადაც მე და ჩემი ძმა სასაცილო სიმღერებს ვმღერით. მამაჩემი მთელი ცხოვრება პროკურატურაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მაგრამ ძალიან კარგად მღეროდა. ის რომ სიმღერას დაიწყებდა, ჩვენ საერთოდ ვერ ვიღებდით ხმას, პირდაღებულები ვუსმენდით. ამასთან, კარგი თამადა იყო. მეტყოდა ხოლმე: მე როცა „მომეხოშება“, მაშინ ვიმღერებ, მაგრამ, შენ რომ „მოგეხოშება“, პროკურორი ვერ გახდებიო. ბაბუა, ბიძა... – ყველა მღეროდა. ასე რომ, ეს გენი დევს ჩვენში. რაც შეეხება დედას, დიასახლისი იყო, სამი შვილი გაგვზარდა. მინდა ბებია-ბაბუებზეც ვისაუბრო. ბაბუები სადმე რომ წავიდოდნენ სტუმრად, შვილიშვილები ყველგან თან დავყავდით – უნდოდათ, ნათესავები, მათი ოჯახები გაგვეცნო, რომ მერე ახლო ურთიერთობა გვქონოდა. ღამე რომ ვდგებოდი ტუალეტში გასასვლელად, ერთი, ხუთი კაცისთვის უნდა გადამებიჯებინა და ისე უნდა გამევლო: ოჯახებში დაუსრულებელი ქეიფები იყო ხოლმე და ღამით ერთმანეთთან რჩებოდნენ – ეს იყო ყველაზე დიდი პატივისცემა. ორივე ბაბუა მღეროდა. მამაჩემის მამა ძალიან ლამაზი კაცი იყო, ორმეტრიანი (მე ვის დავემსგავსე, არ ვიცი). კარგი კრინი ჰქონდა და, რომ დალევდა, მერე ძილში უყვარდა სიმღერა. მეორე ბაბუა, ხათრი რომ არ გაეტეხა, გვერდით მიუწვებოდა და ბანს აძლევდა. ერთხელ, მესამე დღეა უკვე, სტუმრად არიან ახლობელთან და ბაბუაჩემმა მეორე ბაბუას უთხრა: კაცო, ერთი უცნაური ჩვევა მაქვს – ღამე ვმღერი და ხომ არ შეგაწუხებო. აგაშენა ღმერთმა, სამი დღეა ბანს გაძლევ, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეო. ასე ატარებდნენ დროს ჩვენი წინაპრები, სიყვარულსა და სიკეთეს გვინერგავდნენ, გვასწავლიდნენ, როგორ გვექეიფა, როგორ მოვფერებოდით ერთმანეთს. ბაბუას უყვარდა, ყველა ერთად რომ ცხოვრობდა. იტყოდა: მე იმისთანა კაცის დედა ვატირე, ოჯახში სადილად მაგიდასთან ერთი თორმეტი კაცი მაინც რომ არ ზისო. ერთ ოთახში ცხოვრობდნენ დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და-ძმა; მეორეში – ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი თავიანთი ორი შვილით, მესამეში მე და ბაბუა ვიყავით. ბებია სხვაგან გადააწვინა და, სანამ არ გარდაიცვალა სულ მასთან მეძინა. წარმოიდგინეთ, ამდენი სულისთვის რომ მზადდება სადილი, თან ას კილოზე ნაკლებს არც ერთი რომ არ იწონის. ერთი დიდი ქვაბი გვქონდა, რომელშიც ბებია სადილს ამზადებდა. ერთხელ მეზობელი გარდაიცვალა და ქელეხისთვის ითხოვეს. ასორმოცდაათი კაცის საჭმელი მოამზადეს იმ ქვაბში. მესამე დღეს რომ აღარ დააბრუნეს, ბებიამ მოკრძალებით უთხრა: ბოდიშს გიხდით, მაგრამ, ქვაბი უნდა დამიბრუნოთ, თორემ, შიმშილით დავიხოცებითო.

– თქვენი შემოქმედება „ჯეჯილით“ დაიწყო და „ივერიით“ გაგრძელდა. გაიხსენეთ საინტერესო ამბები ანსამბლში ყოფნის ამდენწლიანი მოღვაწეობიდან.

– მაშინ მოდაში იყო მოსკოვში ჩაბარება – მოსკოვში თუ სწავლობდი, პირველი კაცი იყავი. ბაბუამ, როგორ, ჩემი შვილიშვილი მოსკოვში არ უნდა სწავლობდესო?! – დამავლო ხელი და წამიყვანა. რა მემოსკოვებოდა... რაღაც სასწავლებელში მომაწყო, სახელიც არ მახსოვს. ორი თვე არ გასულა, რომ სახლში დავბრუნდი. მერე მე და ზურა ყიფშიძემ გადავწყვიტეთ, თეატრალურში ჩაგვებარებინა – ზურას იდეა იყო. დედამისმა, ქალბატონმა ლენა ყიფშიძემ ლექსები, იგავ-არაკები მოგვამზადებინა. ჩავაბარეთ, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მე სხვა ჯგუფში მოვხვდი, ზურა – სხვა ჯგუფში. მერე, როგორც მოვხვდით ერთად, ასევე ერთად გაგვრიცხეს. ზურა წავიდა მოსკოვში, „ვგიკში“, მე კი წამოვედი ესტრადაზე. იყო ასეთი ანსამბლი – „ციცინათელა“, სოსო ებრალიძის ხელმძღვანელობით, სადაც იყვნენ: თემურ წიკლაური, მისი მეუღლე, დათო აბულაძე, თენგიზ ჩხეიძე. 1972 წელს მივედი „ივერიაში“ – მაშინ უკვე ოთხი წლის იყო „ივერია“. ძალიან კარგი გიტარისტი ვიყავი და, რომ მივედი, მითხრეს: ვიცით, რომ კარგი გიტარისტი ხარ, მაგრამ დასარტყამ ინსტრუმენტზე გვჭირდება კაცი. ის, ვინც აქამდე უკრავდა, ციმბირელია და თავის სამშობლოში მიდისო. გავოცდი, იმიტომ, რომ ამ ინსტრუმენტზე დაკვრა არ ვიცოდი და როგორ უნდა დამეკრა. შემოვიდა ვიღაც დაბალი ტანის კაცი – ჩემი თავი იმასთან გულივერი მეგონა – და მან მასწავლა დაკვრა. ორ კვირაში უკვე პროგრამაში ჩავჯექი. პირველი გასტროლი „ივერიასთან“ ერთად, უნგრეთში მქონდა. გადავწყვიტე, ანსამბლში დავრჩენილიყავი, სადაც უკვე თითქმის ორმოცი წელია, ვარ. სხვათა შორის, დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 11 მარტს, – ავტორი). ალექსანდრე ბასილაიას დაბადების დღეა და მე და თემურ წიკლაურმა მას, როგორც ცოცხალს, რადიოდან მივულოცეთ. მე და ბუთხუზმა იმდენი დრო გავატარეთ ერთად, ჩემს მშობლებთან არ ვყოფილვარ იმდენ ხანს. ძალიან გვიჭირს მის გარეშე, მაგრამ ვითმენთ, ვიცით, რომ ის ჩვენთან არის და სულ ასე იქნება, სანამ მისი მუსიკა იარსებებს.

– თქვენ გქონდათ პერიოდი, როცა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდით და ანსამბლიდან წასვლა დააპირეთ. რატომ?

– იყო ასეთი შემთხვევა: „ივერიიდან“ მივდიოდი მაშინ, როცა ანსამბლი ფეხზე დგებოდა და დიდი კონცერტებისთვის ემზადებოდა. ამ დროს რობერტ ბარძიმაშვილს მოუნდა ჩემი „ორერაში“ გადაყვანა, შემხვდა და დამელაპარაკა. მოსკოვშიც მეძახდნენ – გიული ჩოხელს ვჭირდებოდი, როგორც გიტარისტი. მისი მეუღლე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზმენი, პიანისტი იყო და, წარმოიდგინეთ, მათთან დაკვრა ჩემთვის რამდენს ნიშნავდა. შეიძლება, მსოფლიო დონის მუსიკოსი გავმხდარიყავი. ბაბუაჩემმა მკითხა: კი მაგრამ, რამდენს გიხდიანო. 25 მანეთს-მეთქი. მოდი, 35 მანეთს მე მოგცემ, ოღონდ ფეხი არ გაადგაო. ოჯახმა არ გამიშვა, რადგან, იცოდნენ, რომ იქიდან დამბრუნებელი არ ვიყავი. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა რობერტ ბარძიმაშვილმა შემომთავაზა თავისთან მუშაობა. რომ მითხრა, ახლა გასტროლებზე პარიზში მივდივარ და, რომ ჩამოვალ, მერე აფრიკაში წავალთო, ავენთე. ვინ იტყოდა უარს ასეთ ანსამბლში მისვლაზე – კარგი ჩაცმა, დახურვა, უცხოეთში გასტროლები, კარგი ქალები... ბილეთიც კი ამიღო. მოკლედ, ჭკუაზე არ ვიყავი. ვფიქრობ, როგორ ვუთხრა ეს ბუთხუზს, თანაც, სულ რაღაც ოთხი თვის მისული ვარ ანსამბლში. ერთი ორასი გრამი ჩავარტყი, რომ ცოტა გავთამამებულიყავი. მაშინ, ერთოთახიან ბინაში ცხორვობდა, ვაჟაზე. რომ მივედი, ეძინა. იმას ვერ ვაცნობიერებ, რომ ვღალატობ. სანამ რამეს ვეტყოდი, თითქოს იგრძნო და თვალები ცრემლით აემღვრა. მერე სიგარეტს მოუკიდა და მკითხა, რა იყოო. ამ დროს უბის ჯიბიდან ბილეთი ამოვიღე, ის-ისაა, უნდა ვუთხრა და – გავჩერდი, – არა, არაფერი-მეთქი. იქვე დავხიე ბილეთი და წამოვედი. ვერ გავბედე, მეთქვა. მერე რობერტთან მივედი და ბოდიში მოვუხადე – მაპატიე, მაგრამ ბუთხუზს ვერ ვუღალატებ-მეთქი. ორ წელიწადში „ორერაც“ დაიშალა. მერე მიხვდა და მეფერებოდა – კარგი ბიჭი ხარ, რომ არ აწყენინეო. გამიგო. ერთი ოჯახი ვიყავით. ერთმანეთის შვილები, შვილიშვილები გვყავს მონათლული.

– იცით, რა პერიოდი მახსოვს კარგად? ქართველი კაცები რუს ქალებზე რომ გიჟდებოდით. ქართველ ქალებს კი ზედაც არ უყურებდით. ვის ახსოვდა მაშინ თბილისში დატოვებული ცოლი ან შეყვარებული!.. ასე არ იყო, ბატონო ნუგზარ?

– შვიდთვიანი გასტროლების შემდეგ რომ ჩამოვიდოდი, მეუღლე ასე პირდაპირ ხომ არ მკითხავდა: – „მიღალატე?“ შვიდი თვე რომ წასული ხარ კაცი, ძალაუნებურად, რაღაც მოხდება. ამიტომ, თუ გასტროლები რუსეთში მქონდა, მაქსიმალურად ვცდილობდი, მეუღლე თან წამეყვანა, რომ რამე საბაბი არ ჰქონოდა. ერთი დადებითი მხარე ჰქონდა ამ გასტროლებს. მონატრებას უფრო მეტი სიყვარული შეუძლია. მაშინ სად იყო მობილურები! ღამით, სადღაც ფოსტაში უნდა წასულიყავი და იქიდან დაგერეკა ოჯახში. ისე, შენც არ ხარ დაზღვეული ღალატისგან, ახალგაზრდა ცოლს რომ ტოვებ ამდენი ხნით და მიდიხარ. თავში ათასი რამ გიტრიალებს. ჩვენთან ყველაზე მექალთანე ვახო ტატიშვილი იყო. საქმე რომ გვქონდა კულტურის სამინისტროში ან სადმე და ვატყობდით, ცოტა რთულად გასაკეთებელი ჩანდა, ამ საქმეს ვახო აგვარებდა. მაშინ ყველგან ქალები ისხდნენ, დაწყებული ოცდაათი წლიდან, დამთავრებული სამოცდახუთ წლამდე, მაგრამ, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველაფერზე მიდიოდა. მეორე დღეს საქმე გაკეთებული გვქონდა. ვერ ვჯობნიდით.

– თქვენი სიყვარულის ისტორიაც გვაინტერესებს.

– სანამ თიკას გავიცნობდი, მანამდე შეყვარებული არ მყოლია. ზაფხული იყო, ქობულეთში ჩემს დასთან ერთად ცხოვრობდა, ნაქირავებში. მეგობრობდნენ. ჩვენი ანსამბლი „ციცინათელა“ კონცერტებზე იყო ჩასული და რომ დავინახე, რაღაც მოხდა ჩემს გულში. სულ ორჯერ მყავდა ნანახი. დავიწყეთ მეგობრობა. ბევრჯერ მოვატყუე და შეხვედრაზე არ მივედი. მერე ჩემს ძმაკაცს, ჩვენი ანსამბლის უცვლელ წევრს და ჩემს დღევანდელ სიძეს (დის ქმარს), დათო აბულაძეს გავაცანი. მერე რაღაცაზე ვიჩხუბეთ და 8 მარტს სახლში შერიგების სუფრა გავაკეთე. დედაჩემს და მამაჩემს ვუთხარი, რა გეგმებიც მქონდა – გაპარვას ვაპირებთ-მეთქი. რა თქმა უნდა, თიკას მშობლებს ჯერ არ უნდოდათ შვილის გათხოვება – ჯერ დიპლომი აიღოს, ჯერ ესა, მერე ისაო... – ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე ქალის ოჯახის მხრიდან. დიპლომი არა, შალიკო. მე დიპლომი 30 წლის რომ ვიყავი, მაშინ ავიღე – მუდმივი სტუდენტი ვიყავი. მოკლედ, წავედით ბორჯომში. თიკას მშობლები ჩვენს სახლში რომ მისულან, მამაჩემი რისი პროკურორი იყო, თუ სიმართლეს არ ეტყოდა. უთქვამს, ბორჯომში წავიდნენო. ბორჯომში დარეკეს და სამი მილიციონერი დამხვდა სადგურზე. წამოვედით ბებიამისთან და ბაბუამისთან ბაღდათში. მას შემდეგ ოცდათვრამეტი წელი გავიდა. გვყავს ორი არაჩვეულებრივი ვაჟი, რძალი და შვილიშვილი.

– მე ისიც მახსოვს, „კაგებე“ უცხოეთიდან ჩამოტანილი პორნოგრაფიული ჟურნალებისთვის რომ დაგდევდათ.

– ერთხელ, დამიბარეს „კაგებეში“ და მითხრეს: შენ თემურ წიკლაურთან კოჯორში 123 ცალ პორნოგრაფიულ ჟურნალს ინახავო. უკვე ამერიკაში ნამყოფი ვარ, „ივერიის“ ძალა მაქვს, ვყოყოჩობ, მინდა, რომ მთელი „კაგებეს“ კედლები გავანგრიო. რაღაც ისეთი საშინელება ვუთხარი იმ კაცს, ლამის გაგიჟდა. უზრდელო, აღარ გაგიშვებთ გასტროლებზე პორტუგალიაშიო და მართლა აღარ გაგვიშვეს. თუ მოიტან ამ ჟურნალებს, მაშინ ხვალვე გაგიშვებთო. წარმოიდგინეთ, ვისთან არ ვიყავი სახლში, ყველას ვეხვეწები: თუ არსებობს ასეთი ჟურნალები, მომეცით, გასტროლებზე მივდივარ და, „კაგებეში“ რომ არ მივიტანო, არ გამიშვებენ-მეთქი, ქვეყანა შევყარე.


скачать dle 11.3