კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის აჩუქა გიორგი შარვაშიძემ ლას-ვეგასის კაზინოში მოგებული თანხა

ცნობილი ქართველი მოდელის სალომე ღვინიაშვილის ბებიას, ქალბატონ თათული ღვინიაშვილს, ძალიან საინტერესო წინაპრები ჰყავს. იგი, ჭაბუა და ნათია ამირეჯიბებთან ერთად, უფროსი თაობის მემკვიდრეა აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ვაჟის – გიორგის დის – თამარის ხაზით. სწორედ გიორგის ბიოგრაფიის საინტერესო დეტალებს გვაცნობს დღევანდელ ინტერვიუში ქალბატონი თათული.

თათული ღვინიაშვილი: გიორგი შარვაშიძე იყო აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ვაჟი. მას შვილები არ ჰყოლია და მშობლიურ ზრუნვას დისშვილებისა და დის შვილიშვილების მიმართ იჩენდა.

მთელი ცხოვრება ვამაყობდი იმით, რომ ჩემში აფხაზური სისხლიც ჩქეფდა. დედაჩემი, ბაბო დადიანი, 2 წლის ასაკში დაობლდა და ბებიამ, გიორგი შარვაშიძის დამ – თამარმა გაზარდა. გიორგი განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას გამოხატავდა მის მიმართ. ალბათ ამიტომ, გიორგი შარვაშიძის უამრავი ფოტო თუ საარქივო მასალები დედაჩემს დარჩა.

დღეს, გიორგი შარვაშიძის უფროსი თაობის მემკვიდრეთაგან დავრჩით მე, ჭაბუა ამირეჯიბი და მისი და – ნათია. თამარ შარვაშიძე ჭაბუასა და ნათიას დედის დედა იყო.

– ალბათ, ამიტომ არის თქვენთვის ცნობილი ამდენი საინტერესო დეტალი გიორგი შარვაშიძის ცხოვრებიდან.

– გიორგი შარვაშიძე დაიბადა 1846 წელს აფხაზეთში, მიხეილ შარვაშიძისა და ალექსანდრა დადიანის ოჯახში. ალექსანდრას თანამედროვენი ახასიათებდნენ, როგორც უმშვენიერეს, უჭკვიანეს და ღვთისმოსავ ადამიანს. მიხეილი კი განთქმული გახლდათ სიმამაცით, მჭევრმეტყველებით და იყო შესანიშნავი მცოდნე ქართული კულტურისა და ისტორიისა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ შარვაშიძის მთელი კანცელარია, საქმიანი, თუ პირადი მიმოწერა, ქართულად მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, გიორგი შარვაშიძის ღრმა ცოდნა და დიდი სიყვარული ქართული კულტურის ამ ფესვებიდან მომდინარეობს.

გიორგი შარვაშიძის შემოქმედებაში ნათლად ჩანს მისი უარყოფითი დამოკიდებულება მეფის რუსეთის ხელისუფლებისადმი. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 1864 წელს გიორგის მამა მოტყუებით, ოჯახსაც რომ არ გამომშვიდობებია ისე, გადაასახლეს ვორონეჟში, სადაც ცხრა თვის თავზე გარდაიცვალა კიდეც. გიორგიმ იგი ჩამოასვენა და მოქვში დაკრძალა.

ამ ფაქტის შემდეგ, ძალიან მალე, სოფელ ბიჭვინთაში იფეთქა აჯანყებამ, რომელიც მოედო მთელ ბზიფის ხეობას. აჯანყებულებმა გაიმარჯვეს და აფხაზეთის მთავრად გიორგი შარვაშიძე გამოაცხადეს. მაგრამ მალე აჯანყება ჩაახშეს, რამდენიმე აქტივისტი დახვრიტეს, ხოლო გიორგი რუსეთში გადაასახლეს.

– როგორ გაგრძელდა გიორგი შარვაშიძის ცხოვრება რუსეთში?

– გადასახლებიდან სულ მალე იგი მიიწვიეს რუსეთის იმპერატორის სასახლეში, სადაც ფლიგელ-ადიუტანტად ირიცხებოდა, ესე იგი, სამეფო კარზე ჰქონდა უმაღლესი წოდება, რაც შთამომავლობით ეკუთვნოდა, როგორც აფხაზეთის მთავრის შვილს. პეტერბურგში მას დაუახლოვდა უფლისწული, შემდგომში იმპერატორი ალექსანდრე მესამე. გიორგი შარვაშიძეს თავისი განათლების, ენების ცოდნისა და გარეგნობის წყალობით, ბრწყინვალე კარიერა ელოდა მეფის რუსეთის კარზე, მაგრამ იგი მალე ტოვებს პეტერბურგს, საქართველოში ბრუნდება და ცხოვრობს ქუთაისსა და თბილისში. ის აქტიურადაა ჩართული ქართულ კულტურულ ცხოვრებაში, ახლო ურთიერთობა აქვს ილიასთან, აკაკისთან...

მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი შარვაშიძე, უზომოდ მოტრფიალე აფხაზეთისა, არასდროს აცალკევებდა აფხაზეთსა და საქართველოს. ამის მაგალითია მთელი მისი შემოქმედება. საქართველოს კულტურისა და ისტორიის დამცველად გამოდის იგი პუბლიცისტურ წერილებშიც. მათ შორის გავიხსენებდი პასუხს გერმანელი კორესპონდენტის, ვინმე ლორენცისადმი, რომელმაც გაზეთ „ბერლინერ ტაგებლატში” მოათავსა უდიერი კორესპონდენცია საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში მოგზაურობის შემდეგ. ამ წერილიდან ჩანს, რომ აფხაზეთში მომხდარი ინციდენტი გიორგი შარვაშიძემ თავისი სამშობლოს, საქართველოს შეურაცხყოფად მიიღო.

– რა ინციდენტი მოხდა აფხაზეთში?

– გიორგი შარვაშიძე მოგვითხრობს, რომ ლორენცი სხვა სტუმრებთან ერთად დიდი პატივით მიუღია პრინც ოლდენბურგს გაგრაში, რათა სტუმრისთვის ქართული სტუმარმასპინძლობის ლაზათი ეჩვენებინა. ნადიმს რომ საზეიმო ხასიათი მისცემოდა, მას მთელი მაღალი წოდების წარმომადგენლები მიუწვევია. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლობა რჩეული სიტყვაკაზმულობითა და მხიარულებით ჩატარებულა, მომხდარა სამწუხარო რამ: ერთ-ერთ სტუმარს პალტო დაჰკარგვია... სწორედ ამ მოგზაურობის შემდეგაა დაწერილი ზემოთ ხსენებული კორესპონდენცია, რომელშიც ლორენცმა ქართველები „სპილენძის ხანის ხალხად“ მოიხსენია, ხოლო ქართველ მასპინძლებს საკმაოდ უდიერ სიტყვებს უწოდებს.

ამის პასუხად შარვაშიძე წერს: „... კარგის სათქმელად საჭიროა მეტი ცოდნა და დაფიქრება, ხოლო ავისთვის მოსაზრება სულ უნიჭო რეპორტიორსაც ეყოფა... დიახ, ჩამოვრჩით ცივილიზაციას: არ გვყავს სუტენიორები, არც შანტაჟისტები, არც აფრიკული საქმოსნები და ასე შემდეგ და, წარმოიდგინეთ: თუმცა, ასეთი ჩამორჩენილობა შეიძლება ჩვენ გვხდის სპილენძის ხანის ადამიანთა მსგავსად. მაგრამ, ამაზე როდი ვწუხვართ, ვფიქრობთ, რომ არაა საჭირო, შევითვისოთ ის ნაგავი, რასაც ზოგიერთი პროგრესს უწოდებს, არამედ ვცდილობთ ევროპული ცივილიზაციიდან ამოვარჩიოთ როგორც მარგალიტი, ლიტერატურისა და ხელოვნების თვალსაჩინო ნაწარმოებები. თვალყური ვადევნოთ აღმოჩენებს მეცნიერებაში... ასე, ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე ვცხოვრობთ და, ბატონ ლორენცს რომ უფრო ღრმად ჩაეხედა ქართველი ერის ცხოვრებაში, გაიგებდა, რომ ამ ხალხს, რომელიც მან ასე აბუჩად აიგდო, აქვს ბრწყინვალე ისტორიული წარსული... მაგრამ, გასაოცარი გმირობისა და დიდების წარსულის ფურცლები, ამ ხალხის სისხლითა და ცრემლებით განბანილი, არ შეიძლება, დაეტიოს ერთ საგაზეთო სტატიაში. ანდა, ღირს კი მარგალიტების ფრქვევა?..” – ამ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

– ცნობილია, რომ გიორგი შარვაშიძის ნიჭსა და უნარებს ამშვენებდა მისი უზადო გარეგნობაც. დაგვიხატეთ ამ პიროვნების პორტრეტი...

– ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი იქიდან უნდა დავიწყო, რომ მხატვარმა ზიჩმა, როდესაც ქუთაისში „ვეფხისტყაოსნის” ცოცხალი სურათი დადგა, საგანგებოდ მიიწვია გიორგი შარვაშიძე ტარიელის განსასახიერებლად. მართლაც, ზიჩის მიერ დასურათებულ „ვეფხისტყაოსანში” ტარიელი გიორგი შარვაშიძის პორტრეტის მიხედვითაა შექმნილი.

არ შეიძლება, აღვწეროთ გიორგი შარვაშიძის პორტრეტი და არ გავიხსენო, როგორ ასახავს მას გრიგოლ რობაქიძე თავის ესსეში: „... რა შესანიშნავად ადგას ჩოხა! ტანი მაღლად არის აყვანილი. ასეთი მოხდენილი ჩაცმულობა არავისზე მინახავს საქართველოში; აქ იყო ესთეტიკა ოსკარ უაილდის ყელსახვევისა; ქართული ყაიდა ჩაცმულობისა. მძლავრი სტილი ჩამოკვეთილი, სადა ძალზე და, ამასთანავე, რჩეული მეტად... რაოდენი სიმაღლე და რაოდენი თავაზი. არაფერში ეტყობა ძალდატანება. მოძრაობა, თავის დაჭერა, სიარული, ბაასი, თავისუფალი მეტად და, ამასთანავე, ძალზე წარჩინებული...

მეორე დღეს სადილი ნ. თ.-სთან (ნიკო თავდგირიძე – სოხუმის თავი). გიორგი აქაც არის. ახლა ევროპულად ჩაცმული სტილით. მარტო ყელსახვევი რად ღირს?! სახის სილამაზე ივერიული, სწორუპოვარი პროფილი. მთელი საუკუნეები არის საჭირო, ბიოლოგიურმა შერჩევამ ასეთი სრულყოფილი ტიპი წარმოშვას.

მესამე დღეს რესტორნის ფარდულში ვნახე, ხოლო ახლა უბრალო მწვანე „ბლუზით”, მაგრამ ესეც როგორ უხდება! არა, ნამდვილი არისტოკრატობა ყველგან გამოჩნდება... ამ დღეებში ამბავი მოვიდა მისი სიკვდილისა, მოგვშორდა ქართული რასის ნამდვილი ვაჟი”.

ერთი საინტერესო ფაქტიც მინდა გიამბოთ გიორგი შარვაშიძის ცხოვრებიდან, რომელიც ლეგენდად არის ქცეული: გიორგი შარვაშიძე მონტე-კარლოში ერთ-ერთ კაზინოში შევიდა იმ დროს, როდესაც ერთმა საკმაოდ მდიდარმა პიროვნებამ დიდძალი თანხა მოიგო. მან გამომწვევად გადახედა იქ მყოფთ და შესთავაზა, ეთამაშათ მასთან ამ თანხაზე, მაგრამ თამაში ვერავინ გაბედა. გიორგი შარვაშიძემ გამოთქვა სურვილი ეთამაშა, მაგრამ მოთამაშემ მას უნდობლად შეხედა და მოსთხოვა შესაბამისი თანხის დადება. გიორგიმ თავაზიანად დადო თავისი სავიზიტო ბარათი. შარვაშიძემ მოიგო ეს უდიდესი თანხა, მშვიდად დაუძახა კაზინოში მომხმარე ბიჭს, ანიშნა, რომ მას აეღო მისი მოგებული თანხა და უხმოდ დატოვა კაზინო. ეს ფაქტი მონტე-კარლოს არქივშია აღნიშნული. მითითებულია იმ მსახური ბიჭის ვინაობაც, რომელსაც აღნიშნული თანხით კაზინო გაუხსნია.

– რაც შეეხება გიორგი შარვაშიძის პირად ცხოვრებას, ჰქონდა მას ოჯახი?

– გიორგი შარვაშიძის მეუღლე გახლდათ ელო ანდრეევსკაია, ცნობილი მწერლის – ანდრეევსკის და. მათ ქართველი დედა ჰყავდათ და ცხოვრობდნენ ქუთაისში. ელო მომხიბვლელი გარეგნობისა ყოფილა. მას ბევრი ეტრფოდა და ერთ-ერთი მათ შორის გახლდათ ვინმე სანდრო წერეთელი. „დიდად გმადლობთ, რომ გიყვარვართ, ჩემო სანდრო წერეთელო, ეტო ვსიო ვზდორ ი ჩეპუხა, მე სხვა მიყვარს, შე სულელო”, – მიუწერია მისთვის ლექსად ელოს ნაცვლად გიორგის. ცოლ-ქმარს დიდი სიყვარული აკავშირებდა ერთმანეთთან და საუკეთესო დამოკიდებულება ჰქონდათ. ელო ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. გიორგის ამის შემდეგ აღარც უქორწინია. არსებობს მისი პირადი წერილი, სადაც მეგობარი, რომელიც ანუგეშებს – ღმერთია შემწეო, გიორგი პასუხობს: „ღმერთი რომ ყოფილიყო, ელოს არ წამართმევდა”.

– გიორგი შერვაშიძე როდის გარდაიცვალა?

– იგი გარდაიცვალა 1918 წელს, სოხუმში თავის სახლში, 72 წლის ასაკში. მან მთელი ცხოვრება შესწირა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ამ მხრივ საინტერესო და აქტუალურია ნიკო თავდგირიძის გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქმული მის დაკრძალვაზე: „თამამად შემიძლია, შენს კუბოსთან გამოვთქვა, რომ შენისთანა რაინდული გრძნობით აღჭურვილი, შენისთანა ჩვენი ეროვნების ღირსების შემგნები, დამცველი და უანგარო მოყვარული, არათუ აფხაზეთს, მთელ საქართველოსაც, რომელიც რიცხვით და განათლებული საზოგადოებით უფრო ძლიერია, ამჟამადაც არ ჰყავს. რა უსამართლობაა, რა ირონიაა ცხოვრების: მთელი შენი მშვენიერი, მომხიბლავი ახალგაზრდობის ძალა, არაჩვეულებრივი განსაკუთრებული უპირატესობით აღსავსე გარემოება მსხვერპლად შესწირე იმას, რომ შენი პატარა, მაგრამ შენთვის ცხოვრებაში ერთ-ერთ საფასურ-განძს – აფხაზეთს – თავისუფლება მოვლინებოდა და შენ უკანასკნელი თავის ძალით, როგორც ბიბლიური სიმონი მიგებებოდი მას, მაგრამ შენმა საყვარელმა ხალხმა – აფხაზებმა, გვერდი აგიხვია. ვერ შეგამჩნია შენ და იმ რუს აღზრდა-აზროვნება-მიმართულებით გაჟღენთილ ადამიანებს მიჰყვა, რომელთან ბრძოლას შენი ხალხის დაჩაგვრისათვის მთელი შენი კაცთა შორის აღიარებული ბედნიერება შესწირე. “

გიორგი შარვაშიძე დაკრძალულია სოხუმთან ახლოს, მოქვში, შარვაშიძეთა საგვარეულო სასაფლაოზე.


скачать dle 11.3