კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ დაკბინა ზღვაში ჩასული ნიკა გრიგოლია ხორცების ამოგლეჯვამდე და რატომ გაპარსა მან კატა

„კომედი შოუს” ყველაზე ცქვიტი, მოქნილი და ენაკვიმატი მსახიობი ნიკა გრიგოლია, ცხოვრებაშიც ისეთივე აქტიური და მოძრავია, როგორც ეს ტელეეკრანიდან ჩანს. ის, რომ მას ექსტრემალური სპორტი იზიდავს და თავადაც ექსტრემის მოყვარულთა რიცხვს მიეკუთვნება, ყველასთვის ცნობილია. მაგრამ, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ნიკა ცხოველების დიდი მოყვარულია და მას მთელი ბავშვობა ეგზოტიკური ცხოველები ჯიბით დაჰყავდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, კატა ისე ჰყავს გაპარსული, ლომშიც ვერ ასხვავებდნენ თურმე. ყოველ შემთხვევაში, ამ ამბავზე თავად ასე ხუმრობს. გამოუვალ, კურიოზულ და სასაცილო სიტუაციებში ჩავარდნილი კი თავს ორიგინალური მეთოდებით იძვრენს. მას, სამეგობრო-სანაცნობო წრე საკმაოდ დიდი ჰყავს და მათი თქმით, ნიკა ის ადამიანია, ვისაც შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხში თვალდახუჭული ენდოთ. რასაკვირველია, თუ მის „კეთილ” სიურპრიზებს არ ჩავთვლით, რის გამოც მისი რამდენიმე ძმაკაცი კინაღამ სერიოზულ შარს გადაეყარა.

– ნიკა, ხშირად ხვდები სასაცილო ამბებში? შენს მეგობრებს თუ დავუჯერებთ, ასეთ სიტუაციებში ჩავარდნილს თავის დაძვრენა არ გიჭირს, ასეა?

– სამსახურის გადამკიდე, დრო ძალიან ცოტა მრჩება, რომ ექსტრემალურ თუ გამოუვალ სიტუაციაში ამოვყო თავი. ისე, თუ კარგად დავფიქრდები, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, სულ კურიოზებში, სასაცილო ამბებსა და ექსტრემში ვარ. შესაბამისად, გამოდის რომ, თავის დაძვრენა აღარ მიწევს (იცინის).

– ბავშვობაში თუ მოგიპარავს რამე? ამბობენ, დიდი ცელქი და მოუსვენარი ვინმე იყავი. თან, თურმე ბედიც გწყალობდა.

– მართლა ბედი მწყალობდა. ერთი ამბავი გამახსენდა. მოკლედ, ბავშვებმა გადავწყვიტეთ ბალი მოგვეპარა. დავირაზმეთ და წავედით. ხეზე რომ ძლივს ავბობღდით და კენწერომდე მივაღწიეთ, ვიღაცამ იყვირა – არიქა ბიჭებო, თავს უშველეთ, პატრონი მოდისო! ვიშხუვლე და მიწაზე ჩამოვხტი, ვხედავ, ათმანეთიანიც ჩამოვარდა ზემოდან. ავიხედე და თან, ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი, მაგრამ... ვხედავ, მეორე ათმანეთიანიც მოფრინავს. გადავირიე, ვიფიქრე, აქ მოსაპარად მოვედი და იმის მაგივრად რომ ღმერთმა დამსაჯოს, ოცი მანეთით მასაჩუქრებს-მეთქი?

– ახლა, რაღაცას მატყუებ. როდის იყო ზეციდან ფული ცვიოდა?

– (იცინის). საქმეც ეგაა. მეც გამიკვირდა, მაგრამ ჩემს ძმაკაცს ვუთხარი, ბიჭო, ხომ არ მეჩვენება-მეთქი. იმანაც დამიდასტურა: ფულია, ბიჭო, აბა, ჰე, დროზე მოვხიეთ აქედანო. დღემდე არ ვიცი, ის ფული ბლის ხიდან ჩამოვარდა თუ ზეციდან ჩამოფრინდა, მე კი „ჩამხატა” და... (იცინის). ერთ ჩემს მეგობარს ძალიან კარგი სოფელი აქვს და იქ დავდიოდი ხოლმე დასასვენებლად. თან, მაგარი ცხენი ჰყავდა. ერთ დღესაც, ვიფიქრე, შემოვახტები ამ ცხენს, გავაჭენ-გამოვაჭენებ და დამსვენებელ გოგონებს მოვხიბლავ-მეთქი. ამოვიცვი საცურაო „პლავკა“, შემოვახტი ცხენს და მდინარის ნაპირზე, სადაც გოგონები ირუჯებოდნენ, გავაჭენე. თურმე წინ დიდი თხრილია და რომ ჩავუქროლე მობანავე გოგონებს, გამომეცალა ცხენი და არ ვიფრინე ჰაერში?! ცხენი კი გადახტა, მაგრამ მე ისე ვიხოხიალე ქვებზე, სულ გადავიტყავე მუხლები.

– ესე იგი, გოგონების მოხიბვლის გამო, მსხვერპლზე წახვედი. თუ მოახერხე მაინც, მათი გულის მოგება?

– მათი მოხიბვლისა და გულის მოგებისა რა გითხრათ, მაგრამ კარგა ხანს რომ ასე გადატყაულ-გადაფლეთილი დავდიოდი, ეს კი ფაქტია. თქვენ იმ გოგონების თვალები უნდა გენახათ, ჩემი საცოდაობისგან იწვოდნენ (იცინის). ასეა, კაცი რომ „ტრიპაჩობას” დაიწყებ, შენსას მიიღებ. მე კი ნამეტანი ძვირი დამიჯდა ეს ჩემი „ტრიპაჩობა” და... ახლაც რომ მახსენდება, ტკივილი მეწყება სახსრებში (იცინის).

– ნიკა, გაპარსული კატა რატომ დაგყავდა ქუჩაში?

– ო, ეს ისტორია ანეკდოტად დადის დღესაც (იცინის). მინდოდა, ლომი მყოლოდა და კატა გავპარსე. თან, ძალიან ლამაზი კატა იყო და თავი არ გადავპარსე, ასე უფრო ლომს ჰგავდა. დავატარებდი ქუჩაში დიდი ჯაჭვით და ვამბობდი, ეს ჩემი ლომია-მეთქი.

– მერე, კატები ზამთარში სიცივეს რომ ვერ იტანენ, ბეწვის გარეშე როგორ უძლებდა ამ ამბავს?

– მართალია, კატები სიცივეს ვერ იტანენ, თუ ბეწვი არ აქვთ. ის საცოდავი გაპარსული კატაც, ისე ახლოს მიდიოდა ბუხართან გასათბობად, რომ კანიც დაიწვა. ეგზოტიკური ცხოველებიც მიყვარდა და გველი ჯიბით დამყავდა. ერთხელ, სკოლაში წავიყვანე. მეგონა, ჯიბეში ჩუმად იჯდებოდა, იმას კიდევ გასეირნება მოუნდა და გავიხედე, არ მიგრიალებს მასწავლებლის მაგიდისკენ?! ვიფიქრე, ეს რომ მასწავლებელმა დაინახოს, გადაირევა-მეთქი. წამოვხტი, გავაკეთე ნახტომი, ვეცი გველს და უბეში ისე შევიტენე ის უბედური, კინაღამ გავგუდე. სახლში კუ მყავდა და ტელევიზიაში კი ხვლიკი – „გოგიტა”. ერთი სიტყვით, ცხოველებთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. მეც ვუგებ და ისინიც მიგებენ.

– შენ რომ კარგად ეგუები ეს გასაგებია, მაგრამ გველს, ხვლიკსა და კუს, ოჯახის წევრები და მეგობრები როგორ ეგუებოდნენ, ეს მაინტერესებს. ამაზე რას მეტყვი?

– ეც ცოტა რთული სათქმელია (იცინის). იცით რა გამახსენდა? ერთხელ დედაჩემს სარეცხი ფხვნილის კოლოფში ჩავუსვი გველი. მივიდა, რაღაც უნდა გაერეცხა და რომ გახსნა კოლოფი, ისეთ ისტერიკაში ჩავარდა, ძლივს დავამშვიდეთ (იცინის). ახლა, მეცინება, თორემ მაშინ კი შემეცოდა დედაჩემი, ასე რომ გავწირე. ჩემი მეგობრები კი დღესაც დამცინიან, ამ ჩემს ცხოველურ გატაცებაზე. (იცინის). ერთხელ, საბერძნეთში ყოფნის დროს, ზღვის ფსკერზე გასეირნება გადავწყვიტე. ვიყიდე წყლის სათვალე, სასუნთქი აპარატი და ჩავყვინთე. გავიხედე, დიდი ნიჟარა გდია ფსკერზე, ვიფიქრე, ახლა ამას ავიტან ნაპირზე და ჩემს ცოლს მივართმევ, გაუხარდება-მეთქი. მოვკიდე თუ არა ხელი, იქიდან რაღაც გაურკვეველი არსება გამოვარდა და სიმყუდროვის დარღვევისთვის ხელიდან ხორცი არ ამაგლიჯა?! ისეთი გამწარებული და გასისხლიანებული ამოვვარდი წყლიდან, ვყვიროდი, სტუმართმოყვარეობა არ სცოდნიათ, ჩემი ფეხი არ იქნება წყლის ფსკერზე აწი-მეთქი (იცინის).

– მეგობრებს რომ სიურპრიზებით „ანებივრებ” ეს ცნობილია. მაგრამ, ისინი ამბობენ, ისეთ რამეს გვიკეთებს, ერთხელაც იქნება, მაგის გამო ციხე არ აგვცდებაო. ასეთს რას სჩადიხარ?

– (იცინის). მივხვდი, ასე რატომაც ამბობენ. კობა ბარათელმა ანუ იგივე „ჩაინიკამ“, ერთხელ მთხოვა, ფული მასესხეო. ჯიბეში ყალბი ოცლარიანი მედო. ავდექი და მივეცი. უფიქრია, მაღაზიაში შევალ, რაღაცეებს ვიყიდიო. შესულა სუპერმარკეტში, აუღია რაღაცეები და მოლარესთან რომ მისულა ფულის გადასახდელად, იმ ქალს თმები ყალყზე დადგომია. ეტყობა, იცნო, თორემ დაჭერას, ნაღდად ვერ ასცდებოდა. გავიხედე, მირეკავს და რომ ავიღე ყურმილი, მთელი ნახევარი საათი მლანძღა. ვიფიქრე, შემოვირიგებ-მეთქი და მეც ავდექი, გიორგი ჯანელიძეს მოვპარე ფული და კობამ და მე იმდენი ვჭამეთ ბუფეტში, კინაღამ ყურის გაჭრა დაგვჭირდა ორივეს. კობა კი შემოვირიგე, მაგრამ გიორგი? მერე კი გაიგო, მე რომ ავიღე ფული, მაგრამ რაღას იტყოდა? უკან ხომ არ ამოგვაყრევინებდა ნაჭამ-ნასვამს (იცინის)? მანამდე ამბობდა ჩაინიკა, ნიკას „აბაროტს” ავუღებო და ისეთი ვაქეიფე ბუფეტში, „აბაროტი” კი არა, ყალბი ფული და მოლარის გაოცებული თვალებიც კი დაავიწყდა. (იცინის).


скачать dle 11.3