კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ აღმოაჩნდა მკითხავის ნიჭი 63 წლის ქალბატონს და ვინ გაიტაცა კლიენტების მიერ მასთან შესალოცად დატოვებული ძვირფასი ნივთები

სამწლიანი პატიმრობა მკითხავისა და ბებიის სახლის გაძარცვისთვის

ბოლო პერიოდის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მკითხაობა საშიშ პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება. რადგან ეკონიმიკური კრიზისის მიუხედავად, ხალხი მკითხავებისთვის ფულსა და ძვირფასეულობას მაინც იმეტებს, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულები თავის მხრივ, ქურდებსა და მძარცველებს იზიდავენ. რამდენიმე თვის წინ მათი ერთ-ერთი მსხვერპლი ნაქირავებ ბინაში მცხოვრები მკითხავი მელო კ. გახდა. ქალბატონი ირწმუნება, რომ ოთხმა ახალგაზრდამ ის ჯერ სცემა, შემდეგ კი გაძარცვა. პოლიციამ მათგან მხოლოდ ერთი – გოგა დ. დააკავა, რომელსაც 3 წლით პატიმრობა კი მიესაჯა, მაგრამ მკითხავის შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფს. მიაჩნია, რომ ვითომ დაზარალებული ქალბატონი, რეალურად თაღლითია და ციხეში მის ნაცვლად ის უნდა იჯდეს.

რომ არა მეორე ბრალდება, შესაძლოა, გოგა დ. მკითხავის საქმიდან სუფთად გამოსულიყო, მაგრამ ცემა-გაძარცვის გარდა, მას ბრალად საკუთარი ბებიის სახლის გაქურდვაც დასდეს, რომელიც კურიოზს უფრო ჰგავს. 19 წლის ბიჭი ადვოკატთან ერთად თავის მართლებას ზემდგომ ინსტანციებში აპირებს, მაგრამ რას მიაღწევს, რამდენიმე თვეში გაირკვევა.

ასე თუ ისე, გოგა დ-ს მაინც ძალიან გაუმართლა – მიყენებული მუხლების თანახმად, ანუ, მკითხავის ძარცვისთვისა და ბებიის სახლის ქურდობისთვის, 9 წლამდე პატიმრობა ელოდა. ამას ემატებოდა სხვა დაზარალებულებიც – საქმე ისაა, რომ გამოძიებას დაზარალებულად მხოლოდ ქალბატონი მელო არ უცვნია. გამოძიებამ მის რანგში გაიყვანა მისივე კლიენტებიც, მოქალაქეები, რომლებმაც მკითხავთან შესალოცად დატოვეს ოქროულობა და სხვა ძვირფასი ნივთები: მობილური ტელეფონები, ძვირფასი ხალიჩები და ძვირად ღირებული პორტრეტები. ანუ, გოგა დ-ს და მის თანამზრახველებს ამ ნივთების მოპარვაც დაბრალდათ. თუმცა, გამოძიებისგან განსხვავებით, პატიმრის ადვოკატსა და მის ახლობლებს გოგა დ-ს უდანაშაულობის ბოლომდე სჯერათ. დარწმუნებულები არიან, რომ მელო კ-მ ძარცვის ინსცენირება ძვირფასეულობის მისაკუთრების მიზნით გაითამაშა, მაგრამ ამის დამტკიცება უჭირთ. მათი ვერსიით, სიმართლეს იმ მიზეზით ვერ ამტკიცებენ, რომ მკითხავის დისშვილი სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობს, რომელიც დეიდას მფარველობს.

მკითხაობის ნიჭი და ძარცვა ნაქირავებ ბინაში

ამჟამად 63 წლის მელო კ-ს, მკითხაობის ნიჭი დაახლოებით 3 წლის წინ აღმოაჩნდა. ორი შვილის დედას ქმარი დიდი ხნის წინ გარდაეცვალა. მისი ბიჭი წლებია, რუსეთში ცხოვრობს, ხოლო – ქალიშვილი, რომელიც მესამედ გათხოვდა, უბინაო კაცს გაჰყვა ცოლად, რომელიც მელოს სახლში ჩაესიძა. მართალია, სიძეს სიდედრთან და მის ქალიშვილთან ბოლო კაპიკებიც კი მოჰქონდა, მაგრამ სიდედრი მაინც უკმაყოფილო იყო. რეალური უსიამოვნების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სიძის გამო მელო ბინის ნაწილს ვეღარ აქირავებდა, შემოსავალი შემოაკლდა, მაგრამ ვინაიდან მისი ქალიშვილისთვის მესამე ქორწინება იყო, სიძეს უფრთხილდებოდა. ორწლიანი მოთმინების შემდეგ კი, მაინც, ცალკე გავიდა. კითხვა-კითხვით იაფად ერთი ოთახი იშოვა და ცოლ-ქმარს გაეცალა. გარკვეული პერიოდი სიძე სიდედრს ბინის ქირას დაუყვედრებლად უხდიდა, მაგრამ ბოლოს, ფული მასაც შემოაკლდა და სიდედრს კი არა, ცოლსაც კი თეთრსაც ვერ აძლევდა. უფულობას კი, როგორც წესი გაუთავებელი ჩხუბი მოჰყვა, რის გამოც მელოს სიძე სახლიდან წასვლასა და ყოფილ ცოლთან შერიგებას აპირებდა, მაგრამ ოჯახი დანგრევას სწორედ რომ, მელომ გადაარჩინა – მკითხაობის ნიჭი მას სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩნდა. როგორ გაითქვა სახელი მელო კ-მ, უცნობია, მაგრამ ნაქირავებში იმდენი კლიენტი აკითხავდა, არა მხოლოდ საკუთარ ბინის ქირას იხდიდა, საჭმელ-სასმელს ქალიშვილის ოჯახსაც არ აკლებდა. სამ თვეში კი ოროთახნახევრიან კეთილმოწყობილ ნაქირავებ ბინაში გადავიდა და დამხმარეც აიყვანა, რომელსაც თვეში 50 ლარს აძლევდა.

მოკლედ, გულმოდგინედ მომსახურების გამო, მელოს კლიენტები ძალიან მადლიერები იყვნენ. რაც სასამართლოზეც გამოჩნდა, მაგრამ როგორც მელო აცხადებს, ის კი არ მკითხაობდა, არამედ კლიენტებისთვის ლოცულობდა. მელო კ-მ გამოძიებას განუცხადა, რომ მძარცველებიც მისი კლიენტები იყვნენ, უფრო ზუსტად, ერთ-ერთის მეგობარი გოგონა მომავლის გასაგებად მასთან მძარცველებთან ერთად სპეციალურად მივიდა. მელოს თქმით, მან არა მხოლოდ გოგონას, მის თანმხლებ ბიჭებსაც უმკითხავა, ყავაც დაალევინა და კარტიც გაუშალა, თუმცა, მოატყუეს. ამას დაზარალებული იქიდან ასკვნის, რომ როგორც წესი, მასთან ასაკოვანი ხალხი დადიოდა და 19-20 წლის გოგო-ბიჭები არასდროს მისულან. ანუ, ვარაუდობს, რომ ისინი მასთან სიტუაციის შესასწავლად მივიდნენ. დაზარალებული აცხადებს, ეს ეჭვი მას მაშინვე გაუჩნდა. მაგრამ, ვინაიდან მათ შორის ერთ-ერთი მისი ყოფილი მეზობელი იყო, თანაც, ბიჭების შეეშინდა, არაფერი უთქვამს. ის კი არა, მათ გასამრჯელოც არ გამოართვა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა მელო კ-ს ბინა შეისწავლეს და დარწმუნდნენ რომ, ბინაში ძვირფასეულობა იყო, 25 მაისს გოგა დ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა სამმა პირმა მისი ბინის გაძარცვა განიზრახეს. დაახლოებით საღამოს 5 საათზე ისინი წინასწარ შესწავლილ მისამართზე მივიდნენ იმ დროს, როდესაც მკითხავის დამხმარე ქალბატონი სახლიდან დაახლოებით 3-5 წუთის გასული იყო. გამოძიების ვერსიით, მძარცველებმა გათვალეს, რომ ასეთ შემთხვევაში მელო კარს აუცილებლად გააღებდა, რადგან ივარაუდებდა, რომ ბინაში დამხმარეს რაღაც დარჩა და ამიტომ შემობრუნდა.

მძარცველებს გაუმართლათ. ზარის დარეკვისთანავე კარი მელომ გააღო. გოგა დ-მ და მისმა თანამზრახველებმა ბინაში შეაღწიეს, ქალბატონი წააქციეს, ეგრეთ წოდებული „სკოჩით” ხელ-ფეხი შეუკრეს და ყვირილის თავიდან ასაცილებლად ლენტი პირზეც ააკრეს. როგორც გამოძიება ამბობს, თავდამსხმელებმა გამოიყენეს ძალადობა: „ქალბატონს სახეში ურტყამდნენ, თუმცა, ისეთი, არაფერი მოუმოქმედებიათ, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში იყო”.

საბოლოოდ კი როგორც დაზარალებული ირწმუნება, თავდამსხმელებმა ბინიდან წაიღეს: თანხა 720 ლარი; ოქროულობა – სამი წყვილი ოქროს საყურე (თითოეულის ღირებულება 375 ლარია), ოქროს ბეჭედი 6 ბრილიანტის თვალით (შეფასებულია 500 დოლარად), ერთი ცალი მწვანეთვლიანი ოქროს ბეჭედი (285 ლარი), ერთი ცალი საფირონისთვლიანი ბეჭედი (250 ლარი), 13-გრამიანი ოქროს ძეწკვი (500 დოლარი), ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი (800 ლარი), ოქროს ძეწკვი ოქროსვე კულონით, ოქროს ბეჭედი (800 ლარი), ოქროს კულონი (120 ლარი), ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი და ბოლოს, „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი. მძარცველები მიიმალნენ.

ეჭვმიტანილი გოგა დ. პოლიციამ იმავე დღეს საკუთარ სახლში დააკავა. იმავე დღეს პოლიციაში მიიყვანეს დაზარალებული მკითხავიც და საქმე გაიხსნა – მან დაკავებულს ხელი დაადო.

ხაზგასასმელია, რომ მკითხავის ძარცვის ამბავი მეზობლებმაც შეიტყვეს. გამოძიებაში ისინი მოწმეებადაც დაიკითხნენ, მაგრამ საგულისხმოა ერთი მომენტი – მეზობლებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს, როდესაც ყველაფერი დასრულებული იყო. ანუ მძარცველები არც ერთ მათგანს არ დაუნახავს. ამიტომ, სასამართლოზე მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ მათ ეზოში, ნაქირავებში მცხოვრები ქალი სახლში მტირალი ნახეს: „მოულოდნელად, სასწრაფო და პატრული მოვიდა. მაშინ გავიგეთ, რომ გაძარცვეს. როდესაც მასთან შევედი, თავს ცუდად გრძნობდა. მითხრა, რომ დააყაჩაღეს, დააბეს და ფული და ძვირფასეულობა გაიტაცეს”, – განაცხადა პროცესზე ერთ-ერთმა მეზობელმა და იგივე თქვა მეორემაც: „ეზოში შემოვედი და მეზობელმა მითხრა, რომ მელო დააყაჩაღეს. მასთან რომ ავედით, კარი ღია დაგვხვდა. ხელები გახსნილი ჰქონდა, მაგრამ გვითხრა, რომ გული ცუდად ჰქონდა. ტელეფონის „შნური” გადაჭრილი იყო და ოთახიც არეული”.

მეზობლებისგან განსხვავებით, გაცილებით ტრაგიკულად მოყვა მომხდარი მკითხავის ერთ-ერთმა კლიენტმა დალი გ-მ, რომელიც ასევე დაზარალებულად ცნეს: „მელო ყველასთვის მკურნალია. ლოცულობს და თილისმებს ამზადებს. ჩემს პრობლემებზე ხშირად ვესაუბრებოდი და მშველოდა. მის შელოცვებზე ვმშვიდდები. თილისმად მასთან ძეწკვი და საყურე მქონდა დატოვებული, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. სეანსზე რომ დამიბარა, იმ დღეს ვერ მივედი, როცა მივედი, სასტიკად ნაცემი და დასისხლიანებული დამხვდა. სულ დალურჯებული და დაგლეჯილი იყო. მისი ცოდვით დავიწვი. თვალებიც დასისხლიანებული ჰქონდა. შემეცოდა, ძლივს მითხრა, რაც მოხდა. მერე გავიგე, რომ წაღებულ ნივთებში ჩემი ოქროულობაც იყო”.

ვინ გაძარცვა მკითხავი და საერთოდ, გაძარცვა კი ვინმემ? ძნელი სათქმელია. ფაქტი კი ისაა, რომ გოგა დ. დამნაშავედ ცნეს და 3 წელიც მიუსაჯეს. თუმცა, საქმის განხილვა ბრძოლის ველს უფრო ჰგავდა, აღშფოთებულ პატიმრის ნათესავებს, მკითხავსა და მის კლიენტებს შორის ჩხუბი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. მართალია, პატიმარს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, მაგრამ კლიენტების სახით, არც მკითხავი უჩიოდა დამცველებს – მკითხავთან მიკარების უფლებასაც კი არავის აძლევდნენ.

რატომ ვერ დააკავეს დანარჩენი თავდამსხმელები და საერთოდ, ვინ არიან ისინი, პასუხი არც ამ კითხვას აქვს. რაც შეეხება გოგა დ-ს, ისიც და მისი ახლობლებიც ირწმუნებიან, რომ მკითხავი 100 პროცენტით ცრუობს. ის თაღლითია, კლიენტების ქონება მიითვისა და დაყაჩაღების ინსცენირება გაითამაშა. მათი თქმით, ამას მეზობლების ჩვენებებიც ადასტურებს. თავდამსხმელი მათგან არავის დაუნახავს, თუმცა, ვერც დაინახავდნენ, რადგან რეალურად, დანაშაული არ მომხდარა.

რატომ მაინცდამაინც გოგა დ.? პატიმრის ახლობლები ეჭვობენ, რომ ამის მიზეზი პირობით პატიმრობაში ყოფნა გახდა. პირობითის მიზეზი კი მკითხავისაზე არანაკლებ კურიოზულია. როგორც ირკვევა, გოგა დ-ს ბებიის სახლის გასაღები ჰქონდა ჩაბარებული, რომელიც თავად სოფელში ცხოვრობდა. ერთ დღეს კი გოგას ფული დასჭირდა და ბებიის სახლიდან ნაჯახი, ძველი აბაზანის ნიჟარა და ხელნაკეთი ტელევიზორის ანტენა გაიტანა ჯართში ჩასაბარებლად. რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც ბებია სახლში დაბრუნდა, ნივთები ვეღარ ნახა, ეგონა, სახლი გაუძარცვეს და პოლიციას მიმართა. პოლიციამაც გამოძიება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ნივთები გოგა დ-მ გაიტანა, რის გამოც დააპატიმრეს. გამწარებული ბებია კი ირწმუნებოდა, გასაღები მე მივეცი და ჩემს სახლში შემოსვლისა და ნებისმიერი ნივთის გატანის უფლება თავისუფლად ჰქონდაო, მაგრამ გვიანი იყო – გოგა დ-ს ერთი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. ამას კი მკითხავის გაძარცვა დაემატა, რისთვისაც ციხეში 3 წელს გაატარებს.


скачать dle 11.3