კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ გაიქცა ლუბიანკის საიდუმლო ციხიდან 30 წლის ქართველი სპეცმეომარი

სასტიკი განაჩენი

– მიესაჯოს მუდმივი პატიმრობა, სასჯელის მუხლით „პტ” ¹9-ში! – თქვა მოსამართლემ, შემდეგ წამოდგა და სასამართლოს დარბაზი მსაჯულებთან ერთად დატოვა.

დარბაზში ორმოცი ადგილი იყო და პატიმრობისთვის განკუთვნილი ფოლადის გალია, რომელიც გვირაბით უერთდებოდა გრძელ დერეფანს, დერეფანი კი პირდაპირ მიწისქვეშა საპყრობილეში გადიოდა და პატიმარი სასამართლოს დარბაზიდან ციხის საკანში გადაჰყავდათ ზედამხედველებს.

– წიკლაურო, წადი! – უბრძანა ზედამხედველმა პატიმარს, რომელსაც, სულ რაღაც, ერთი წუთის წინ მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს და დაამატა: – ყველაფერი მორჩა, რეალობას უნდა შეეგუო, რადგან აქედან გაქცევაზე ფიქრიც კი სასაცილოა. ახლა შენ პატიმარი ¹ 2 981 ხარ. უნიფორმასა და ნომერს კარანტინში მიიღებ და ერთადგილიან საკანში მოგათავსებთ, რომლის ნომერია 13.

მერაბ წიკლაური გვირაბს გაუყვა. კარანტინის ოთახში მას ტანსაცმელი გამოუცვალეს, პირადი ნომერი მისცეს და ¹13 საკანში გაამწესეს, რომელიც „პტ-ში” („პოდზემნაია ტიურმა“-მიწისქვეშა ციხე) მდებარეობდა. ზედამხედველმა საკნის კარი მოიხურა და წავიდა, მერაბი კი ნარზე წამოწვა და გუნებაში გაიფიქრა: „დედას გიტირებთ! ხომ ფიქრობთ, რომ აქედან გაქცევა გამორიცხულია, სიცოცხლის ბოლომდე აქ გამომამწყვდევთ და ჩემზე სხვადასხვა ექსპერიმენტებს ჩაატარებთ, მაგრამ, ვერ მოგართვით. ტყუილად კი არ ვარ სპეცმეომარი. აქედან გავიქცევი და სიცოცხლესაც გაგიმწარებთ”.

პატიმარი ¹ 2 981, 30 წლის კაპიტანი მერაბ წიკლაური, „გრუს” მებრძოლი იყო და იმიტომ დააპატიმრეს და გაასამართლეს, რომ ვიეტნამში სპეცდავალების შესრულებისას, ქალებისა და ბავშვების დახოცვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის კანონების თანახმად, მაშინ მუდმივი პატიმრობა არ არსებობდა, სპეცსამსახურების ელიტურ თანამშრომლებზე საიდუმლო კოდექსი ვრცელდებოდა და მერაბ წიკლაურს სწორედ ამ საიდუმლო კანონის თანახმად მიუსაჯეს 1972 წლის 10 მაისს სამუდამო პატიმრობა და მიწისქვეშა ციხეში გაამწესეს.

ფანტასტიკური გაქცევა

საკარანტინო პერიოდი სულ რაღაც ერთი კვირა გრძელდებოდა და, თუკი პატიმარს ქმედითუნარიანად და ჯანმრთელად ჩათვლიდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ გადაჰყავდათ ის მიწისქვეშა ციხეში, რომლის სრული სახელწოდება იყო „პადზემნაია ტიურმა ¹9 მინუს,“ ანუ, ეს დაწესებულება მიწისქვეშა კომპლექსის მინუს მეცხრე სართულზე იყო განთავსებული. სწორედ მისი განლაგების გამო იყო მიჩნეული, რომ იქიდან გაქცევა არ შეიძლებოდა. როდესაც მერაბ წიკლაური „პტ-ის” ¹13 საკანში ჩაიყვანეს, ზედამხედველმა უთხრა:

– დაივიწყე, რომ ოდესღაც ელიტური მებრძოლი იყავი. ჩვენი დაწესებულებიდან ჭიანჭველაც კი ვერ გააღწევს შეუმჩნევლად და ამაზე არც იფიქრო. ნერვებს გაუფრთხილდი, არ აიჭრა, სანიმუშოდ მოიქეცი და შენც კარგად მოგექცევიან!

მერაბი ერთადგილიან საკანში იყო გამომწყვდეული. ყოველდღე მხოლოდ ერთი საათით გამოჰყავდათ სასეირნოდ ეგრეთ წოდებულ ეზოში, რომლის ფართობიც სულ რაღაც ასი კვადრატული მეტრი იყო და პატიმარს ფეხის გამართვის საშუალება ეძლეოდა. 1972 წლის 10 აგვისტოს მერაბ წიკლაური ზევით, მინუს პირველ სართულზე განთავსებულ ერთ-ერთ ოთახში აიყვანეს, სადაც მას პოდპოლკოვნიკის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ეწვია და უთხრა:

– მე პოდპოლკოვნიკი ანტონ კომაროვი ვარ ოპერატიული დაზვერვიდან. თქვენთან წინადადებით მოვედი და მომისმინეთ.

– გისმენთ, – დინჯად მიუგო კომაროვს მერაბმა.

– თქვენი დოსიე მაქვს წაკითხული. პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენი კვალიფიკაციის მებრძოლი სანთლითაა საძებნელი. მართალია, მუდმივი პატიმრობა გაქვთ მისჯილი, მაგრამ, შანსი გეძლევათ, აქედან გამოხვიდეთ – თუ ჩვენთან ითანამშრომლებთ, ყოველმხრივ დაგეხმარებით.

– რა უნდა გავაკეთო?

– ჩვენი მზვერავი-დივერსანტები უნდა მოამზადოთ ერთი საიდუმლო სპეცოპერაციისთვის, რომელიც ვიეტნამში უნდა ჩატარდეს.

ანტონ კომაროვის თქმით, მერაბ წიკლაურს ექვსი სპეცმეომრისთვის საგულდაგულოდ უნდა ესწავლებინა სამხრეთ ვიეტნამის გაუვალი ჯუნგლების ყველა სირთულე, მოქმედების ტაქტიკა და ვიეტნამელი პარტიზანების ლიდერის ლიკვიდაცია მოეხდინა.

– თუ ეს საქმე წარმატებით დასრულდება, ყველაფერს ვიღონებ აქედან თქვენს გამოსახსნელად. ამ დავალებას თქვენზე უკეთ ვერავინ შეასრულებს, მაგრამ, სამწუხაროდ, პატიმარი ხართ და ხელმძღვანელობა არ გენდობათ, – უთხრა კომაროვმა წიკლაურს.

– გასაგებია, მაგრამ წვრთნებისთვის პოლიგონია საჭირო – ნამდვილი ჯუნგლები თუ არა, მასთან მიახლოებული პირობები მაინც, – მიუგო წიკლაურმა კომაროვს.

– ჯუნგლები გამორიცხულია, პოლიგონი კი აქვე, მიწისქვეშაა და ჯუნგლების სრული იმიტაციაა შესაძლებელი, – ამცნო კომაროვმა წიკლაურს.

მერაბმა დივერსანტების წვრთნა მეორე დღიდანვე დაიწყო. მის მიერვე მომზადებული პროგრამის შესაბამისად, მეცადინეობა ორმოცდახუთი დღე უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, წიკლაურმა მხოლოდ ორი კვირა ამეცადინა მებრძოლები, 1972 წლის 25 აგვისტოს კი ლუბიანკის ჯურღმულიდან ფანტასტიკური გაქცევა მოაწყო: მან მებრძოლებს ტაქტიკური დავალება მისცა, თავად კი დრო იხელთა, სავენტილაციო მილით ლიფტის მაღაროს მიაშურა, იქიდან ზევით ავიდა, შემდეგ საკანალიზაციო გვირაბების მეშვეობით მოსკოვის ერთ-ერთი ძველი უბნის ჩიხში ამოვიდა და მიიმალა.

მარტოხელა მგელი

ლუბიანკის საიდუმლო ციხიდან მერაბ წიკლაურის გაქცევამ იმხელა რეზონანსი გამოიწვია „კაგებეში”, რომ ამ ამბავს ხუთი მაღალჩინოსნის თანამდებობა შეეწირა, თვით იური ანდროპოვის ყურამდეც მივიდა და მან ერთმნიშვნელოვანი ბრძანება გასცა: „დაიჭირეთ და მოკალით!”

„კაგებეს” მრისხანე შეფის სიტყვას კანონის ძალა ჰქონდა, მაგრამ უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, მერაბ წიკლაურის აღმოჩენა არ ხერხდებოდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან „კაგებეს” ყოფილი კაპიტანი თავის ბავშვობის დროინდელ შეყვარებულთან – თეა აბულაძესთან ცხოვრობდა მოსკოვის ცენტრში მდებარე სამოთახიან ბინაში და ექვსი თვე ფეხი არ გამოუდგამს გარეთ. თეა ექიმი იყო, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა თერაპევტად და, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა, მეორედ გათხოვებას არ აპირებდა. თეა ქვრივი იყო – 20 წლის ასაკში ერთი თვის გათხოვილ გოგონას მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპა. მერაბმა ეს ყველაფერი თავიდანვე იცოდა, მაგრამ თეასთან შეხვედრისგან თავს იკავებდა, თუმცა, როდესაც გაუჭირდა, სწორედ მას ეწვია და შეფარება სთხოვა, რაზეც ქალი სიამოვნებით დათანხმდა.

1973 წლის 16 თებერვალს მერაბი პირველად გამოვიდა მოსკოვის დათოვლილ, მოყინულ ქუჩებში. იმავე დღეს მილიციელს „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი წაართვა, შემდეგ შემნახველი სალარო გაძარცვა, 57 ათასი მანეთი გაიტაცა და თეასთან დაბრუნდა.

მოსკოვის მილიციამ თავხედი მძარცველის ძებნა დაიწყო, მაგრამ მას ვერსად მიაკვლიეს, რადგან მერაბი კიდევ ორთვე-ნახევრით ჩაიკეტა თეას სახლში და მხოლოდ 14 მაისს გამოვიდა გარეთ, იმავე დღეს ¹9 შემნახველი სალარო გაძარცვა, 34 ათასი მანეთი გაიტაცა და კვლავ თეასთან დაბრუნდა. თუმცა, მერაბი ბინაში აღარ ჩაკეტილა – 31 მაისსა და 27 ივნისს შემნახველი სალაროების ორი წარმატებული ძარცვა განახორციელა, საიდანაც, 41 და 29 ათასი მანეთი გაიტაცა.

– ოთხი თავხედური ძარცვა, გატაცებული 151 ათასი მანეთი და მილიციელის ტაბელური იარაღი! თანაც, არ იცით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაულები! – მრისხანებას აფრქვევდა „მურის” უფროსი საგანგებო თათბირზე და თანამშრომლებისგან დანაშაულის გახსნასა და დამნაშავის დაუყოვნებლივ შეპყრობას ითხოვდა.

– მარტოხელა მგელია, ამხანაგო გენერალო! – შეჰბედა გენერალს პოლკოვნიკმა მალცევმა, რასაც გენერლის უკიდურესი მრისხანება მოჰყვა:

– ჰმ, მარტოხელა მგელი! სამი კვირა გეძლევათ ამ მარტოხელა მგლის შესაპყრობად, თუ არადა, საკუთარ თავებს დააბრალეთ, რაც მოგივათ!

გაუჩინარება

შემნახველი სალაროების ძარცვის საქმეს პოლკოვნიკი პავლე მალცევი იძიებდა. ის გულმოდგინედ ცდილობდა „მარტოხელა მგლის” პიროვნების დადგენასა და შეპყრობას, მაგრამ მერაბ წიკლაური კვლავ ფსკერზე დაწვა და მისი აღმოჩენა შეუძლებელი იყო. „მურის” პარალელურად წიკლაურს „კაგებეც” ეძებდა და მათმა ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ „მარტოხელა მგელი”, შესაძლოა, მერაბ წიკლაური ყოფილიყო. ამიტომ, „კაგებეს” პოლკოვნიკი იური ვინსკი პოლკოვნიკ პავლე მელცევს ეწვია, „მარტოხელა მგლის” ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხა და ბოლოს უთხრა:

– დიდი ალბათობაა, რომ ეგ თქვენი მარტოხელა მგელი ჩვენი ყოფილი თანამშრომელი მერაბ წიკლაურია. ის ჩვენი ციხიდან გაიქცა. ძალიან საშიში ვინმეა და მისი დაჭერა ურთულესი საქმეა. ამიტომ, ერთობლივ თანამშრომლობას გთავაზობთ, რომ ის ავაზაკი რაც შეიძლება, მალე შევიპყროთ!

მილიციისა და „კაგებეს” ერთობლივმა ძალისხმევამ მხოლოდ ის მოიტანა, რომ მათ წიკლაურის ვინაობა დაადგინეს და დარწმუნდნენ ძარცვებში მის მონაწილეობაში. მიუხედავად ამისა, წიკლაურმა 1973 წლის 23 ივლისს შემნახველი სალაროს მორიგი ძარცვა მოახდინა და 83 ათასი მანეთი გაიტაცა, ხოლო 19 აგვისტოს, რიგით მეექვსე ძარცვისას, 91 ათასი მანეთი გაიტაცა და გატაცებული თანხის რაოდენობა 325 ათას მანეთამდე აიყვანა.

– ის მოსკოვშია ჩაბუდებული, უფრო გულმოდგინედ მოძებნეთ! – არ ცხრებოდა „მურის” უფროსი.

1973 წლის 26 სექტემბერს „მურის” ოპერატიული ქვედანაყოფის თანამშრომლები იმ დროს მიადგნენ თეა აბულაძის ბინას, როდესაც ქალი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. მილიციელები „კაგებეს” მიერ მიწოდებულ მისამართებს ამოწმებდნენ და თეას, როგორც მერაბის ყოფილ თანაკლასელს, ისე მიადგნენ.

– მერაბს ჩემთან რატომ ეძებთ? – გაიოცა თეამ, თუმცა მერაბი მისი სახლის სხვენში იყო დამალული, თუმცა რადგან საშიშროება იყნოსა, ბინიდან გასვლა მოასწრო.

– გვაპატიეთ, ქალბატონო, მაგრამ, ასე გვაქვს დავალებული, – მოუბოდიშა თეას ჯგუფის მეთაურმა და წავიდა, თუმცა, მისი ხელქვეითები ახლომდებარე სახლში იყვნენ ჩასაფრებულები, რათა საჭიროების შემთხვევაში დაკავების ოპერაციაში მიეღოთ მონაწილეობა.

თეა სამსახურში წავიდა, მერაბმა კი ფულით სავსე ჩანთა მხარზე გადაიკიდა. მოხუცის გრიმი გაიკეთა, შესაბამისი სამოსი ჩაიცვა, სხვენიდან ბოლო სადარბაზოში გადავიდა, ქვემოთ დაეშვა და ჩასაფრებული ოპერთანამშრომლების თვალწინ ისე დატოვა იქაურობა, ეჭვიც არავის აუღია და ვერავინ მიხვდა, რომ ეს მოფამფალებული ბერიკაცი სწორედ ის მარტოხელა მგელი იყო, ვისაც ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

მერაბი და თეა კურსკის სადგურზე შეხვდნენ ერთმანეთს და თბილისში გამოემგზავრნენ, მაგრამ ჯერ სოჭში ჩავიდნენ, იქიდან მიმართულება შეიცვალეს და კრასნოდარის გავლით ჯერ გროზნოში, შემდეგ ორჯონიკიძეში, ბოლოს კი, თბილისში ჩამოვიდნენ. საქართველოს დედაქალაქში წყვილი 1973 წლის 8 ოქტომბერს ჩამოვიდა და გლდანის ერთ-ერთი მიკრორაიონის ახალ ბინაში, ვინმე, ვიქტორ კოკოევთან მივიდნენ, რომელიც მერაბის კოლეგა იყო და ინვალიდობის გამო პენსიაზე იმყოფებოდა.

– ორჯერ იყვნენ ჩემთან „ძაღლები“ და, მითხრეს, თუ გამოჩნდა, შეგვატყობინეო, – უთხრა კოკოევმა მერაბს და დაამატა – ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გაიშიფროთ.

თეა და მერაბი ერთი თვე – 9 ნოემბრამდე ცხოვრობდნენ ვიქტორთან, შემდეგ კი აჭარაში ჩავიდნენ და თურქეთის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდან თურქეთში გადავიდნენ, 300 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს და სამუდამოდ გაუჩინარდნენ.


скачать dle 11.3