კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარინა ჯანაშიას გარდაცვლილ მამასთან ტელეპათიური კავშირი აქვს

თეატრისა და კინოს მსახიობის, მარინა ჯანაშიას ცხოვრებაში უამრავი ამოუცნობი მოვლენა მომხდარა. ყველაფერი კი მიღმიერ სამყაროში გამგზავრებითა და თეთრი მარადისობის შეცნობით დაიწყო.

მარინა ჯანაშია: კაცობრიობას ჟამის დასაბამიდან დაჰყვა შიშის გრძნობა. ზოგადად, უამრავი ფობია არსებობს და ყველა ერთი შიშისკენ მიდის – ეს სიკვდილის შიშია. ოცდაათი წლის წინათ დავკარგე სიკვდილის შიში, რადგან ვნახე მარადისობის ქვეყანა. ავად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იმ ექიმთა გარემოცვა, რომელიც საავადმყოფოში მახლდა, სულ ახლობლები და ნათესავები იყვნენ, მაინც „დავუსხლტი ხელიდან“ და წავედი. ბოლო წინადადება, რაც მახსოვს, იყო ჩემი წნევის მაჩვენებელი. შემდეგ, არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრის კუთხესთან. ჩემი „დამშვიდობებაც“ აქედან დაიწყო: ფეხქვეშ რბილი ნიადაგი ვიგრძენი და, როგორც სწრაფმავალი ლიფტი, ჩავედი ქვემოთ. სულისა და სხეულის გაყრა არ გამომიცდია, არც ჩემი სხეული დამინახავს. ჩავედი მთლიანად, სულიც და სხეულიც ერთად იყვნენ, განუყოფელნი. ჩავედი დამაბრმავებელ უკუნეთში, მერე დავინახე თვალისმომჭრელი, გაჩახჩახებული გვირაბი და მე მივდიოდი სინათლისკენ. კი არ მივდიოდი, ისე მივფრინავდი, როგორც უსხეულო, საოცრად მსუბუქი, თითქმის უწონადობის შეგრძნება მქონდა. გავიარე თუ არა თბილი და გაბრდღვიალებული გვირაბი, აღმოვჩნდი ზურმუხტისფერ მდელოზე. სხვათა შორის, განსაცვიფრებელი ფერადოვნება არ მინახავს, როგორც სხვა კლინიკურ სიკვდილგამოვლილთაგან მომისმენია. მდელო ხასხასა მწვანე იყო, ყველაფერი დანარჩენი – თეთრი: ყვავილები, ფრთოსნები, ადამიანები. ძნელად გასარჩევია, ისინი ადამიანები იყვნენ თუ ანგელოზები, რადგან ყველა მათგანი უჩვეულოდ ლამაზი იყო, ყველას თეთრი ნეილონისმაგვარი სამოსი ეცვა, უმტვერო, თოვლივით ქათქათა.

– გარდაცვლილი ახლობლები თუ ნახეთ?

– არა, ვერავინ ვერ ვიცანი, არავინ არ დამლაპარაკებია. იგრძნობოდა საოცარი კეთილსურნელება, ნეტარების გრძნობა დამეუფლა. უცებ ზურგზე ვიღაცამ სამი თითი დამადო და თქვა: შენი დრო ჯერ არ მოსულა, უნდა დაბრუნდეო. „იქ“ ვგრძნობდი, რომ მინდოდა საყვარელი ადამიანების ნახვა, მაგრამ, რაკი დარჩენის დრო არ იყო, დავბრუნდი. მას შემდეგ, როგორც გითხარით, ოცდაათი წელი გავიდა და დღემდე ვგრძნობ სამი თითის ანაბეჭდს – ის ადგილი, სადაც შეხება ვიგრძენი უხილავისგან, დღემდე დაბუჟებული მაქვს. როცა დავბრუნდი, კვლავ ჩამესმა ექიმების ხმა – ერთმანეთს ჩემს გაცოცხლებასა და ხელახლა დაბადებას ულოცავდნენ.

ადამიანები ყოველთვის გაუცნობიერებლად ვცოდავთ, მაგრამ გაცნობიერებულად ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს ახლობლებთან შეხვედრის უფლება გვქონდეს. ის, რომ ცხოვრება გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება, საკუთარ თავზე გამოვცადე. ამიტომ, ისე მინდა ვიცხოვრო, რომ კვლავ მოვხვდე თეთრ მარადისობაში, რომ მქონდეს უფლება, ჩემს საყვარელ ადამიანებს შევხვდე.

– რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „თეთრი მარადისობიდან“ დაბრუნების შემდეგ?

– შეგრძნებები ძალიან გამიმძაფრდა, მომეცა წინასწარმეტყველების ნიჭი, ზუსტად ვგრძნობდი, როდის რა გველოდა მეც, ჩემს შვილებსაც და ახლობლებსაც. ზოგჯერ აუცილებელი ყოფილა ჩემი წასვლა და ბოლო წუთში შემიცვლია გადაწყვეტილება. ამ წინათგრძნობამ ბევრი საფრთხე ამაცილა თავიდან.

– მაგალითად?

– მაგალითად, მანქანაში ჩამჯდარი უკან ჩამოვედი, გულმა არ გამიწია. შინაგანმა ხმამ მითხრა, სახლში დაბრუნდიო. დავემორჩილე ამ ხმას თუ „მოკარნახეს“. მართლაც, გავიგე, რომ რამდენიმე საათში ავარია მოხდა და ის მგზავრობაც ფატალური შედეგებით დამთავრდა. მსგავსი მაგალითი ბევრი მახსოვს შვილებთან მიმართებაშიც.

– ყოველთვის გიჯერებდნენ?

– მიჯერებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეს არ იყო უბრალო თხოვნა და იმის მცდელობა, რომ შვილები საკუთარ ნება-სურვილზე მეტარებინა; იცოდნენ, უტყუარი ინტუიცია რომ მქონდა და, თუ არ მიიღებდნენ ჩემს რჩევას, ცუდად დამთავრდებოდა მათი არჩევანი. ჩემს აკრძალვებს ყოველთვის მოსდევდა რაღაც დიდი საფრთხე.

ერთხელ ოდესაში ვიყავი ფილმის გადაღებაზე წასული. მაშინ ჯერ კიდევ ჩვენ გვეკუთვნოდა აფხაზეთი, თუმცა პოლიტიკური ვითარება დაძაბული იყო. რაკი მე გადაღებაზე ვიყავი, დედას ჩემი შვილები ჰყავდა ჩაბარებული და დასასვენებლად იყვნენ წასულები. მამაზე ფიქრი ამეკვიატა, გული ცუდს მიგრძნობდა. ვრეკავდი, ტელეფონს არავინ პასუხობდა. მამა რკინიგზელი იყო და ჰქონდა საშუალება, უფასოდ ემოგზაურა, სადაც მოისურვებდა. მეგონა, სადმე იყო წასული და თავს ვიმშვიდებდი. მართლაც, იმ საღამოს ვნახე ტელევიზიით, გია ჭანტურიას მიტინგი როგორ დაარბიეს გამსახურდიას ხელისუფლების „ომონებმა“ (მამაჩემი ზვიადის პოლიტიკური შეხედულებების მოზიარე იყო, მაგრამ, მკაცრ, დაუმსახურებელ განაჩენს მაინც ვერ გაექცა). დავრეკე სახლში, საბედნიეროდ, მამამ მიპასუხა და მითხრა, რა ბედნიერი ვარ, შენი ხმა კიდევ რომ გავიგონეო. თურმე, უმოწყალოდ იყო ნაცემი „დუბინკებით“, თავი ჰქონდა მძიმედ დაშავებული. ცოტა ხანში გრძნობა დაკარგა. ეს იყო ჩემი უკანასკნელი საუბარი მამასთან. რა თქმა უნდა, მამას უეცარი ავადმყოფობის მიზეზი ვერ გავიგეთ მანამდე, სანამ პოლიციელები არ მოვიდნენ ჩვენთან და აბდა-უბდა ლაპარაკი დაიწყეს. მეზობლებისგან გავიგეთ, რომ უმოწყალოდ ნაცემი მამაჩემი „ჩორნი ვარონიდან“ ჩამოაგდეს იმ მისამართზე, რაც ჯიბეში ნაპოვნ საბუთებში ეწერა. როცა მამა სულს ებრძოდა, მე და ჩემს შვილს ყურში ჩაგვესმა მატარებლის გუგუნი. საავადმყოფოს ეზოში განცვიფრებულებმა შევხედეთ ერთმანეთს და დავიწყეთ იმის გარკვევა, რას მოასწავებდა ეს უცნაური ექო. ამ საუბარში ვიყავით, რომ გამოვიდა ექიმი და თქვა, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. თქვა თუ არა, მატარებლის ხმაც მიწყდა.

ამ დღიდან არ გამიწყვეტია სულიერი ურთიერთობა მამასთან. მე მას ჩვეულებრივად ვესაუბრებოდი, როგორც ცოცხალს და ტელეპათიურად მის პასუხებსაც ვისმენდი. იმ ქალაქებში, რომლებიც მამას უყვარდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მამაჩემი დამყვებოდა და მიხსნიდა, სად რა იყო. ცუდი ორიენტაცია მაქვს, მაგრამ, სადაც მამაჩემის სიახლოვეს ვგრძნობდი, არასოდეს დავკარგულვარ. წეღან ვთქვი, სიკვდილის შიშს ვძლიე-მეთქი. თუმცა, მაინც მაქვს სიმაღლის ფობია; მაგრამ, სადაც მამაჩემი „დამყვებოდა“, ცათამბჯენიდანაც უშიშრად გადმოვიხედავდი ხოლმე. ამას წინათ ვიყავი ბებია-ბაბუის საფლავზე. მამას საფლავი იქ არ არის და ვიგრძენი, როგორ გაჩნდა მამაჩემი ჩემ გვერდით. ძალიან ბევრი ველაპარაკე, მისი პასუხებიც მოვისმინე და დამშვიდებული წამოვედი თბილისში.

სხვათა შორის, მამის დედასთანაც ვგრძნობ სულიერ სიახლოვეს. ვსაყვედურობდი მშობლებს, რომ მისი სახელი ნადეჟდა – ნადია არ დამარქვეს, რადგან ეს სახელი იმედს ნიშნავს ქართულად. ბებია ჩემი იმედი იყო, მე კი ჩემი შვილიშვილების იმედი ვარ.

– თუ ყოფილა შემთხვევა, როცა თავისი გმირის ბედი გაუზიარებია მსახიობ მარინა ჯანაშიას?

– ვცდილობ, მკაცრად გავმიჯნო სცენური ცხოვრება და რეალობა. არც სახლში და არც თეატრში, ჩემს ოთახში, არ მაქვს გაკრული აფიშები და ჩემი ფოტოები კინოროლებიდან თუ სპექტაკლებიდან. მაგრამ, ალბათ, მაინც დგება დრო, როცა მსახიობი გმირის ხვედრს იზიარებს კულისების მიღმაც.

მამას დაკრძალვიდან ორი დღის შემდეგ ჟან-ანუის „ევრიდიკეს“ მიხედვით ვიღებდით ფილმს. მე მთავარ როლს – ევრიდიკეს ვთამაშობდი. ფილმს ქეთი დოლიძე იღებდა. ფილმის სიუჟეტი მიღმიერ სამყაროში ხდება. ათონის მღვიმეში ვიღებდით მიღმიერ სამყაროს. აფხაზები მოდიოდნენ იმ ამოსასვლელის ჩასაქოლად, საიდანაც ვაგონები ამოდიოდა. ისინი ყოველდღე ცდილობდნენ ჩვენს ჩაქოლვას. ჩვენ აღმოვჩნდით ბოლო ქართველები, ვინც ათონის მღვიმეში ვიყავით ტერიტორიების დაკარგვამდე. სასწაული იყო ჩვენი გადარჩენა. კიდევ ის არის საინტერესო, როცა „თეთრ სამოთხეს“ ვიღებდით, მღვიმეში ჩვენს თეთრ სამოსს მტვერი და ტალახი არ ეკარებოდა – იყო ამაში მისტიკური და ამოუხსნელი...

– სხვა სასწაულის მოწმეც ხომ არ გამხდარხართ?

– ჩემმა შვილმა, ბექამ, დაწერა ღვთისმშობლისა და წმიდა ნიკოლოზის ხატები და ჩემი დედულეთის – სხვიტორის მოკრძალებულ ტაძარს შესწირა. იქ მოღვაწე მამა მიქაელმა მითხრა: მზის ამოსვლის დროს ხატები უცნაურად ნათდება და ეს ბექას ძალას ჰმატებსო. როცა ამას მეუბნებოდა, საკუთარი თვალით ვნახე ხატიდან გადმოსული სინათლე.

– გადაღების წინ ან სპექტაკლის დაწყებამდე რაიმე საგანგებო რიტუალი თუ გაქვთ?

– ალბათ, ყველა მსახიობი პირჯვარს იწერს და ლოცვას ამბობს, ისევე, როგორც მე.

ჩემი პედაგოგი იყო მიშა თუმანიშვილი და სცენაზე გასვლის წინ, ყველა მონაწილე ვანთებდით სანთლებს და ვმღეროდით „აღარ იძვრის ტყე, სძინავს ფრინველს“. გვქონდა ერთი დღე – 3 ივლისი, ეს არის დღე, როცა ჩვენ გამოსაშვები სპექტაკლი ვითამაშეთ. ეს არის ფიცის დღე, რომ, სანამ არსებობს წმიდა კედლები, თეატრის კედლები, შევეწირებით, რადგან ბატონი მიშა გვასწავლიდა, რომ თეატრი ტაძარია, სადაც მაყურებლის სულს გადაარჩენ.

– ბედზე წინასწარმეტყველისთვის თუ მიგიმართავთ ან ჯვარნაწერ „ბეჭედში“ თუ ჩაგიხედავთ საქმროს გასაცნობად?

– განსაკუთრებით პოპულარული იყო ეს მეთოდები ჩემს დედულეთში, სხვიტორში. მგონი, იმ „ბეჭედში“, ვინც გვინდოდა, მაინცდამაინც იმას ვხედავდით. რაც შეეხება სპირიტიზმით გატაცებას, რადგან ჩვენ არ გვქონდა გაცნობიერებული ამ გართობის სიმძიმე, ხშირად ვაბზრიალებდით თეფშს საგანგებოდ შექმნილ ქაღალდზე. არ ვიცი, ზუსტად ვერ ვიცავდით იმ რიტუალის წესებს თუ რა იყო მიზეზი, მაგრამ, იმ თეფშსაც ჩვენ თვითონ დავარბენინებდით და სასურველ პასუხებს ვაწერინებდით. არაპროფესიონალ მარჩიელთა წინასწარმეტყველებებიც ამხდენია.

მოგვიანებით, როცა მართლმადიდებლური რწმენა გამყარდა ჩემში და მოვინანიე ამ აკრძალული თამაშებით გატაცება, საოცარი რამ მოხდა: მანამდე ჩემს თვალზე ცრემლი არავის უნახავს. იმიტომ კი არა, რომ გულქვა ვარ და არაფერზე მეტირება, უბრალოდ თვალში რაღაც მაქვს დაზიანებული და, შეიძლება, თვალები მომიწყლიანდეს – ეგ არის და ეგ. აღსარების დროს კი უწყვეტად მოგორავდა ჩემი თვალებიდან ცრემლები.

სამი წელია, რაც წინასწარმეტყველების ნიჭი დავკარგე და, მინდა გითხრათ, რომ დავისვენე, წარმატების მოზიდვას კი დადებითი ემოციით ვცდილობ. ბატონმა მიშა თუმანიშვილმა გვასწავლა: ხშირად იყურეთ ცაში, ხშირად უყურეთ ვარსკვლავებს, იგრძენით ცხოვრების სურნელი და თავს არასოდეს მისცეთ დაბერების საშუალებაო. ყველა დიდი წარმატება ხომ ფიქრად გავლებული ოცნების მატერიალიზაციაა! თუ ასეა, შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ და დავრწმუნდებით, რომ ღმერთი მხოლოდ მოწყალე და სამართლიანია.


скачать dle 11.3