კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუყვარდა თავისი ნათესავი ვასკა ივანოვ-ჩიქოვანს და რა პრობლემები შეექმნა მას

საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან



ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი ქართულ სატელევიზიო სივრცეში ახალი სახეა. მაყურებლებსა და ქართულ პრესაში მისმა ორმაგმა გვარმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გვარის ისტორიისა და კიდევ ბევრი საინტერესო თემის გასარკვევად, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ახალბედა წამყვანს, ვასკა ივანოვ-ჩიქოვანს შევხვდით.



ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი: მას შემდეგ, რაც სკოლაში მივედი, სულ იმის განხილვაა, რატომ მაქვს ორი გვარი, რას ნიშნავს ეს ივანოვ-ჩიქოვანი, რას ნიშნავს ეს ორი სათაური?! (იცინის) გვარი რუსულია. ისე მოხდა, რომ ნაწილობრივ რუსი ვარ. უფრო სწორად, ჩემი სისხლის ერთი მეთექვსმეტედი რუსულია.

– ასე დეტალურად გაქვს დათვლილი?

– (იცინის) კი, გამოთვლილია, დანარჩენი ქართულია და ასევე მაქვს ბერძნული სისხლიც. სერიოზული ნაზავი ვარ. ბაბუა მყავდა ივანოვი, ვის სახელსაც ვატარებ, ვასილ ივანოვი, ხოლო ბებია ჩიქოვანი. მამაჩემი როგორც მამის, ისე დედის გვარსაც ატარებს. თავიდან, მხოლოდ ივანოვზე იყო, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. მას რამდენიმე უმაღლესი აქვს დამთავრებული, ბოლოს რა პროფესიაზეც შეაჩერა თავისი არჩევანი, ეს არის სცენარისტობა, კინო-დრამატურგია. როდესაც პირველი ფილმი გადაიღო გვართან დაკავშირებით პრობლემები მაშინ დაიწყო. მისი პირველი ფილმი იყო ეროვნულ-პატრიოტული თემატიკის „თუში მეცხვარე“, მამაჩემს უთხრეს, ნუ გავაკეთებთ ისე, მხოლოდ ივანოვი ეწეროს ტიტრებში, ივანოვ-ჩიქოვანი დავწეროთო. ასე შემოგვრჩა ეს გვარი.

– ცნობილია, რომ მამაშენს, დევი ივანოვ-ჩიქოვანს საოცარი იუმორი აქვს, რომლის შესახებ ყველა თბილისელმა კარგად იცის.

– ასეა. ქუთაისშია გაზრდილი და შესაბამისად, იუმორის გემო კარგად იცის. ჩემგან განსხვავებით კარგი იუმორი აქვს. ბევრი ეგრეთ წოდებული ფრთიანი გამონათქვამის ავტორიცაა. (იცინის) მოკლედ, როგორც მამაჩემს, ისე მე, ყველა ივანოვ-ჩიქოვანად გვიცნობს. სკოლიდან მოყოლებული სულ ამის ახსნაში ვარ. ჩემი გვარის წარმომავლობა ძალიან საინტერესოა. 1818 წლიდან ჩემი წინაპრები თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ. ჩემი დიდი ბაბუა მეფის რუსეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო და თბილისში გადმოიყვანეს სამუშაოდ. მან და მას შემდეგ ჩემმა წინაპრებმა, ყველამ ქართველი ცოლი მოიყვანა. სხვათა შორის, სულ ვამბობ ხოლმე „კარინოი“ თბილისელი ვარ-მეთქი. (იცინის) საერთოდ, პიროვნება აბორიგენ მოსახლედ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მისი ხუთი თაობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ჩემს შემთხვევაში კი, უკვე მერვე თაობაა, თბილისში რომ დავიბადეთ და ვცხოვრობთ. მოკლედ, ჩემი დიდი ბაბუა, ივანე ივანოვი იყო „სეკრეტნი სტატსკი სავეტნიკ პრი ცარია“. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ საქართველოში გადმოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ყველამ ქართველი ქალი მოიყვანა ცოლად, გვარის გამგრძელებელი, ყველას შეეძინა შესაბამისად, გვარი შევინარჩუნეთ და არ გადავიკეთეთ.

– აგენტური სამსახურის შემდეგ, რით იყვნენ დაკავებული შენი წინაპრები?

– აგენტური სამსახურის შემდეგ, ჩემი წინაპრები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ საქართველოში მეფის სამსახურში. ამის შემდეგ ბაბუაჩემი ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი დისპეტჩერი გახლდათ, შემდეგი ბაბუა კი – მრავალდარგობრივი ინჟინერი: ხიდებით და გვირაბებით დაწყებული, ქარხნებით დამთავრებული, მისი აშენებულია ქუთაისის ავეჯის ქარხანა. მას შემდეგ, ჩემს გვარში სულ ინჟინერები მოდიან. მამაც თავიდან ტექნიკური გზით წავიდა, შემდეგ ხარკოვში სამედიცინოზე ჩააბარა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. ბოლოს მოსკოვში დრამატურგიის უმაღლესი კურსები გაიარა და მას შემდეგ წერს. მისი ფილმებია, როგორც უკვე გითხარით, „თუში მეცხვარე“, „ორმო“, „შიში“, მონაწილეობდა „ქვევრში“, სადღაც თხუთმეტამდე ფილმის სცენარი ეკუთვნის და კიდევ უფრო მეტში მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც მსახიობს.

– ბერძნული სისხლი საიდან გაქვს?

– დედას ურევია ბერძნული სისხლი, ისე ქართველია, გვარად შონავა.

– როგორი იყო შენი გზა „რუსთავი 2-მდე“?

– ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ბავშვობიდან არქეოლოგობა მინდოდა, რომელიც დღემდე რჩება ჩემს ძალიან ძლიერ ჰობად. თუმცა, მიმართულებას გადავუხვიე. ისტორიიდან პოლიტოლოგიაზე გადავედი. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ტელევიზიაში ქასთინგი გამოცხადდა. მაშინ საინფორმაციოს ხელმძღვანელი თაკო ფხაკაძე იყო. ასე აღმოვჩნდი „მოამბეში“, სადაც რამდენიმე წელი ვიმუშავე. მაგრამ, თაკოს შემდეგ ვინც მოვიდა საინფორმაციოს ხელმძღვანელად, შეუთავსებლობის გამო სამსახურიდან გამიშვა. ეს იყო დედაჩემი, დოდო შონავა. პირველი და მგონი უკანასკნელიც, ვინც სამსახური დაკარგა, მე ვიყავი. რამდენიმე თვეში ისევ დავბრუნდი, მაგრამ ამჯერად უკვე „დილის მოამბეში“. ორი წლის წინ ტელევიზიიდან საერთოდ წამოვედი, მივხვდი, რომ დავიღალე და სურვილი გამიჩნდა სხვა სფეროში მომესინჯა ძალები. ვცადე ბანკში და მივხვდი, რომ ერთ ადგილას ჯდომა ჩემი საქმე არ არის. შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მედიაცენტრში, სადაც შევქმენით შიდა ტელევიზია. რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ. ამის შემდეგ უკვე გასტრონომიისკენ წავედი. მქონდა ლუდსახარში. მოკლედ, ძალიან ბევრი სფერო მოვსინჯე, მათ შორის სარკინიგზო გადაზიდვები. სხვათა შორის, პირველი ხელფასი შვიდი წლის ასაკში ავიღე.

– სად მუშაობდი?

– ერთი პერიოდი მოდაში შემოვიდა ჩინეთში მგზავრობები. (იცინის) მოკლედ, დედაჩემი ჩინეთში წავიდა, საიდანაც ორი სათამაშო ჩამომიტანა. თამაში რომ მომბეზრდა, ავდექი და ეს სათამაშოები ჩემი სახლის წინ, მაღაზიაში გავყიდე.

– ვაჭრობას მოკიდე ხელი, ხომ?

– (იცინის) კი, თან საკმაოდ სარფიან ვაჭრობას. ერთი სათამაშო ოცდათხუთმეტ დოლარად გაიყიდა, ხოლო მეორე – თორმეტი ათას მანეთად. ეს მაშინ ძალიან ბევრი ფული იყო. ეს ფული სახლში მივიტანე და იქიდან გარკვეული პროცენტი მეც დამრჩა. ის მაღაზია ჩიქოვანების იყო, ავდექი და ვთხოვე, იქნებ თქვენთან დამაწყებინოთ მუშაობა-მეთქი... და დავიწყე. ვიყავი მაღაზიაში და ვთამაშობდი, მყიდველი რომ შემოდიოდა, სათამაშოს შერჩევაში ვეხმარებოდი, ვუხსნიდი მათ სპეციფიკას. ხელფასი ავიღე ათასი კუპონი. მამაჩემს ის ფული ახლაც შენახული აქვს. რაც შეეხება „რუსთავი 2-ს“, მეგობარმა მითხრა, რომ ქასთინგი იყო გამოცხადებული. მივედი და გამსინჯეს, როგორც ინტერნეტმიმომხილველი. მაგრამ, ეს საქმე ალექსანდრე დავითაშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა და აღარც მქონია იმის პრეტენზია, მე ვყოფილიყავი. შემდეგ ნინო დამიკავშირდა და წამყვანის ამპლუაში გამომცადა, ასე ვთქვათ. თავიდან ძალიან დავიბენი, მაგრამ მერე ნელ-ნელა უკეთესად და უკეთესად გამოვიდა.

– სამსახურის გარდა რა ხდება შენს ცხოვრებაში, რითი ერთობი, რა გატაცებები გაქვს?

– ჩემი მეორე მხარე ყოველთვის საინტერესო იყო. სამსახურის გამო ბევრი თავისუფალი დრო აღარ მაქვს და ამიტომ ვცდილობ, ის ყოველთვის ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან გავატარო. სერიოზულად ვარ გატაცებული ბილიარდით, ადრე ძალიან ხშირად ვთამაშობდი, ახლა ნაკლებად. ასევე ვცდილობ უფრო მეტი დრო დავუთმო კითხვას, ვიდრე ამას ადრე ვაკეთებდი.

– გოგოები?

– თავისთავად. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ღრმა ბავშვობიდან ძალიან დიდი ინტერესი მქონდა საპირისპირო სქესის მიმართ. (იცინის) მაგრამ მას შემდეგ, რაც სულ პატარა ასაკიდან გარკვეული პრობლემები შემექმნა, ცოტა დავიძაბე. (იცინის) სულ პატარა ვიყავი, როდესაც ერთი გოგო სერიოზულად მომეწონა, მაგრამ ჩემი ნათესავი აღმოჩნდა. მეორე შემთხვევაც მოხდა ასეთი და ამან უკვე სერიოზულად შემაშინა. ხომ ხედავთ ნათესავების როგორი ფართო წრე მყავს?! ამ ყველაფერმა, რაღაც მომენტში, დამაფრთხო. მაგრამ, რომ წამოვიზარდე, მივხვდი, ნათესავების ძებნის დრო არ არის და აქტიურად დავკავდი ამ საქმით. დღეს ჩემს გვერდით არის ადამიანი, ვინც მიყვარს.

– ანუ მეორე ნახევარი იპოვე?

– არ ვიცი. როდესაც მიხვდები, რომ ის ადამიანი იპოვე, ვის გვერდითაც მთელ ცხოვრებას გაატარებ, ის უკვე პირველი ნახევარია და არა მეორე. არც სიტყვა შეყვარებული მომწონს. არ მგონია, ამ ყველაფერს სტატუსი სჭირდებოდეს.

– როგორი თაყვანისმცემელი ხარ?

– არ ვიცი, ხანდახან უყურადღებობაშიც მადანაშაულებენ, მაგრამ სიურპრიზებიც მიყვარს, რომელიც ჩემს უყურადღებობას ავიწყებს ხოლმე საყვარელ ადამიანს. ერთი ამბავი გამახსენდა, როდესაც ნაჩხუბრები ვიყავით, ისე მოხდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა და დავშორდით. თითქოს მეც დავეჭვდი ჩემს გრძნობებში. მე თბილისში ვიყავი, ის – ურეკში. ტელეფონით სულ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, თან ისე, რომ ვჩხუბობდით. მერე კი უცებ მის გვერდით აღმოვჩნდი. მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3