კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიარდერი ცხოვრობს ნიუ-იორკში და ვინ არის მათ შორის ყველაზე მდიდარი

დაინტერესებულხართ მსოფლიოს რომელ ქალაქში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი? ჟურნალ „ფორბსს” კი, რომელიც ყოველწლიურად ადგენს მილიარდერთა რეიტინგებს, გარდა იმისა, რომ ამ კითხვაზე პასუხი აქვს, სპეციალური სიაც შეუდგენია, საიდანაც ცნობილი ხდება, თუ პლანეტის რომელ მეგაპოლისში ბინადრობენ მსოფლიოს ყველაზე ჯიბესავსე ადამიანები. ამჯერად გთავაზობთ მილიარდერებით დასახლებული ქალაქების ტოპ-ათეულის „ფორბსის“ ვერსიას.

ნიუ-იორკი: მილიარდერთა

რაოდენობა – 60

ყველაზე ცნობილი ნიუიორკელი მილიარდერი, ამავე ქალაქის მერი – 18-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელი მაიკლ ბლუმბერგია. რიგითობით ის ნიუ-იორკის 108-ე მერია და, გარდა ამისა, არის საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის” დამფუძნებელი და მფლობელი. რესპუბლიკური პარტიის წევრი ბლუმბერგი არ არის ერთადერთი ცნობილი მილიარდერი ცათამბჯენების ქალაქში. მის გარდა ნიუიორკელებად ითვლებიან „პოლოს” ბრენდის მფლობელი რალფ ლორანი (4,6 მილიარდი), ნიუ-იორკის უბის – ქუინსის ღარიბულ ნაწილში დაბადებული კარლ იკანი (10,5 მილიარდი), მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი (6,3 მილიარდი), დონალდ ტრამპი (2 მილიარდი) და პოპულარული ნიუიორკული გაზეთის – „დეილი ნიუსის” დამფუძნებელი და მფლობელი, 2 მილიარდი დოლარის მფლობელი მორტიმერ ცუკერმანი და სხვები.

მოსკოვი: მილიარდერთა

რაოდენობა – 50

რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი მილიარდერთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. აქ ცხოვრობს ნომერ პირველი რუსი მილიარდერი ვლადიმირ ლისინი, რომლის აქტივში 15,8 მილიარდი დოლარია; გაზეთ „კომერსანტისა” და საფეხბურთო კლუბ ლონდონის „არსენალის” აქციების მფლობელი ალიშერ უსმანოვი (7,2 მილიარდი), „რუსეთის ალუმინის მეფედ” წოდებული ოლეგ დერიპასკა, ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი და რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი და, რა თქმა უნდა, რომან აბრამოვიჩი – „ჩელსის” მფლობელი, რომელიც ლონდონსა და მოსკოვში თანაბრად ცხოვრობს.

ლონდონი: მილიარდერთა

რაოდენობა – 32

დიდი ბრიტანეთის სამეფოში, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მილიარდერთა შორის ყველაზე მდიდარი იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთის კოლონიად ითვლებოდა, საუბარია ინდოელ მეტალურგიულ მაგნატზე ლაქშმი მიტალიზე, რომელსაც 28,7 მილიარდი დოლარით „ფორბსის” რეიტინგში მე-5 ადგილი უკავია. მის გარდა აღნიშვნის ღირსია ეპატაჟურობით განთქმული რიჩარდ ბრენსონი (4 მილიარდი), ლეონარდ ბლავატნიკი (7,5 მილიარდი) და ალან ჰოვარდი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰეჯ-ფონდის მფლობელი.

სტამბული: მილიარდერთა

რაოდენობა – 28

თურქეთის დედაქალაქს მილიარდერი ქალაქების რეიტინგში საპატიო მეოთხე ადგილი უკავია. ყველაზე მდიდარი თურქები სწორედ აქ ცხოვრობენ, მათ შორის კი აღნიშვნის ღირსია თურქული „ფინანსბანკის” მფლობელი, ფინანსისტი ჰუსნი ოზიეგინი (3 მილიარდი), მეჰმეთ ემინ კარამეჰმეთი (2,9 მილიარდი), სარიკ ტარა (2,6 მილიარდი) და ფერით საჰენკი (2,1 მილიარდი), რომელთა შესახებ დაწვრილებით „თბილისელების” ერთ-ერთ ნომერში უკვე გესაუბრეთ.

ლოს-ანჯელესი: მილიარდერთა

რაოდენობა – 27

„ანგელოზების ქალაქში” 27 მილიარდერი ცხოვრობს და მათ შორის ყველაზე მდიდარი – 5,7-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელი, ინვესტორი ელი ბროუდია, რომელსაც კუდში მიჰყვებიან „ოსკაროსანი” რეჟისორი სტივენ სპილბერგი – მილიარდი დოლარით, სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი რონალდ ბერკლი და მედიამაგნატი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სამნერ რედსტოუნი (2,4 მილიარდი).

ჰონკონგი: მილიარდერთა

რაოდენობა – 25

ჰონკონგში აზიელი მილიარდერების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მდიდარი ლი კა-შინია, რომლის ანგარიშზე 21 მილიარდი ამერიკული დოლარია. გარდა ამისა, ჰონკონგში ცხოვრობენ და საქმიანობენ ლი შაუ კი (18,5 მილიარდი), უძრავი ქონებით მოვაჭრე კვოკების ოჯახი (17 მილიარდი), წარმოშობით მალაიზიელი, 86 წლის რობერტ კუოკი (14,5 მილიარდი) და კაზინოების, სასტუმროებისა და სატრანსპორტო ბიზნესით დაკავებული ჩენგ იუ-ტუნგი (6,8 მილიარდი).

მუმბაი: მილიარდერთა

რაოდენობა – 20

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ინდოელი ლონდონში ცხოვრობს, მუმბაის მაინც წამყვანი პოზიცია უკავია მილიარდერთა რაოდენობის თვალსაზრისით. ამ ქალაქში არის მეორე ინდოელი მაგნატის, 29 მილიარდდოლარიანი კაპიტალის მფლობელი მუკეშ ამბანის რეზიდენცია. ამას გარდა, მუმბაიში არიან რეგისტრირებულნი ანილ ამბანი (13,7 მილიარდი), ძმები შაში და რავი რუიები (15 მილიარდი), კუმარ ბირლა (7,9 მილიარდი დოლარი) და ირლანდიის მოქალაქე, მაგრამ მუმბაიში მცხოვრები ინდოელი მილიარდერი პალონჯი მისტრი.

დალასი: მილიარდერთა

რაოდენობა – 17

ტეხასის შტატის მთავარ ქალაქში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მქონე 17 მილიარდერი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მდიდარია ბანკირი ენდრიუ ბეალია, რომლის აქტივში 4,5 მილიარდი დოლარია. მის გარდა ტეხასელობით თავს იწონებენ საკალათბურთო კლუბ „დალას მავერიქსის” მფლობელი მარკ კუბანი (2,5 მილიარდი), ამერიკის ნაციონალური ფეხბურთის ლიგის გუნდ „დალას ქოვბოისის” მფლობელი ჯერალ ჯონსი (1,8 მილიარდი) და ჰენრი როს პეროტ უფროსი – კომპიუტერული ფირმების და უძრავი ქონებით მოვაჭრე მილიარდერი, რომლის ანგარიშზე 3,3 მილიარდი დოლარია.

სან-ფრანცისკო: მილიარდერთა რაოდენობა – 14

მზიან სან-ფრანცისკოში ცხოვრობს ლარი პეიჯი, კომპანია „გუგლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის ბალანსზე 17,5 მილიარდი ამერიკული დოლარია. ასევე, კალიფორნიის სიდიდით მეორე ქალაქში ცხოვრობენ ჯორჯ რობერთსი (3,8 მილიარდი), გამომგონებელი რეი დოლბი (3,5 მილიარდი) და შვიდი შვილის მამა გორდონ გეტი, რომელსაც 2 მილიარდი დოლარით „ფორბსის” რეიტინგში 488-ე ადგილი უკავია.

ტოკიო: მილიარდერთა

რაოდენობა – 14

ტოკიოში აზიელი მილიარდერების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი და მდიდარია საცალო ვაჭრობის ობიექტების ქსელის მფლობელი ტადაში იანაი, რომლის ანგარიშზე 7,6 მილიარდი დოლარია. სხვა ტოკიოელი მილიარდერებისგან შეიძლება გამოვარჩიოთ სასმელებით მოვაჭრე ნობუტადა საჯი (8,6 მილიარდი), აკირა მორი (6,3 მილიარდი) და ყველაზე მსხვილი იაპონური ინტერნეტ-მაღაზიის მფლობელი, ჰიროში მიკიტანი, რომლის აქტივები 4,8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.


скачать dle 11.3