კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ურანის გამდიდრების ფანტასტიკურობაში სტალინი 28 წლის ახალგაზრდამ დაარწმუნა

ატომური ბომბის შესაქმნელად, დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ სტალინს პირველმა ლავრენტი ბერიამ აცნობა 1942 წელს. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ბელადს მეცნიერული კვლევისთვის არ ეცალა. საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თითქმის ორი მესამედი ოკუპირებული იყო, ცრუ წყაროების მიხედვით, საბჭოთა ხალხი მტერს სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა, რაც ყოველთვის არ შეესაბამებოდა სიმართლეს. თუმცა, იყვნენ სხვებიც, რომლებსაც ეს საკითხი არანაკლებ აღელვებდათ. ბერიას მოხსენებამდე რამდენიმე თვით ადრე, საჰაერო აკადემიის 28 წლის მსმენელმა, იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილმა ფიზიკოსმა, შემდგომში კი აკადემიკოსმა, ფლეროვმა, წერილით მიმართა ჯერ სახელგანთქმულ მეცნიერს – კურჩატოვს, შემდეგ კი თავდაცვის კომიტეტის რწმუნებულს მეცნიერების დარგში, კაფტანოვს და არწმუნებდა მათ, რომ აუცილებლელი იყო ურანის გამდიდრებისთვის საჭირო სამუშაოების დაწყება. ახალგაზრდა ფიზიკოსი მიხვდა, რომ მისთვის ვერავინ იცლიდა, ამიტომ, გაბედა და პირდაპირ სტალინს მისწერა, ის მაშინ ფრონტის ხაზზე იყო: „უცხოეთის ქვეყნების პრესაში არაფერი იწერება ახალი სამხედრო იარაღის შესაქმნელ სამუშაოებთან დაკავშირებით და ეს მოჩვენებითი სიჩუმეა, რომელიც, პირიქით, იმას ადასტურებს, რომ გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე.” ფლეროვი ბელადს არწმუნებდა, რომ ურანთან დაკავშირებული პროექტები ფანტასტიკურია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წერდა, რომ ბირთვულ ფიზიკაში საბჭოთა მეცნიერებმა შეძლეს, დასწეოდნენ დასავლეთის ქვეყნებს, ზოგ მიმართულებებში გაუსწრეს კიდეც და, შეცდომა იქნებოდა პოზიციების დათმობა. ფლეროვმა პარტიზანების მიერ მოკლული გერმანელის უბის წიგნაკში შენახული ბირთვული ენერგიის მიღების სქემა მოიპოვა, რაც უტყუარი მტკიცებულება იყო იმისა, რომ გერმანიაში ამ საკითხზე სერიოზულად და ინტენსიურად მუშაობდნენ. ფლეროვის შეუპოვრობამ და მიზანდასახულობამ გაჭრა – სტალინმა კაფტანოვს საკითხის შესწავლა მოსთხოვა და მოხსენებაც მოისმინა. მეცნიერების დარგში თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის რწმუნებულმა თქვა, რომ ასეთ პროექტებს დიდი ფინანსები – ასობით მილიონი მანეთი და უზარმაზარი ფიზიკური რესურსები დასჭირდებოდა, რაც სერიოზულ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული. ბელადი კატეგორიული იყო: „თუ რისკზე არ წავალთ, უფრო მეტად გავრისკავთ, რადგან ატომით შეიარაღებული მტრის წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ, ეს საქმე უნდა გაკეთდეს და კიდევ, მთავარი: ყველას პატრიოტულ გრძნობებს პატივს ვცემ, მაგრამ, იქ უნდა ვიყოთ, სადაც ქვეყნისთვის მეტის გაკეთება შეგვიძლია. დაუყოვნებლივ მოავლინეთ ფლეროვი მოსკოვში, ფრონტს სხვა ბიჭები მიხედავენ!” ყინული დაიძრა. 1943 წლის 11 თებერვალს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა ატომური ენერგიის გამოყენების შესახებ სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ორგანიზაციისთვის სპეციალური გადაწყვეტილება მიიღო და ხელმძღვანელად კურჩატოვი დაინიშნა. თავიდან საერთო ხელმძღვანელი იყო მოლოტოვი, 1945 წლის აგვისტოდან კი ის ბერიამ შეცვალა. საბჭოთა ატომური ბომბის პროექტისთვის საჭირო სამუშაოები, პირველ ეტაპზე, ომის პერიოდში, კურჩატოვს არ აკმაყოფილებდა. 1944 წლის 29 სექტემბერს მან ბერიას მისწერა:

„კაპიტალისტურ ქვეყნებში ურანის სამუშაოებთან დაკავშირებით შეიმჩნევა მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში საინჟინრო-ტექნიკური ძალების არნახული მასშტაბის კონცენტრაცია, რის გამოც უმნიშვნელოვანესი, ფასეული შედეგი სახეზეა. ჩვენთან კი, 1943-1944 წლებში მიღწეული გარკვეული შედეგების მიუხედავად, ვითარება აშკარად არადამაკმაყოფილებელია. გთხოვთ მეტ ყურადღებას, რადგან ეს საქმე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს ადგილს მსოფლიოში.”

1945 წლის აგვისტოს პირველ დღეებში, პოტსდამის პირველ კონფერენციას მთელი მსოფლიო გაფაციცებით ადევნებდა თვალს. ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერებზე იყო დამოკიდებული, თუ როგორი იქნებოდა კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკის პრეზიდენტს გენერალისიმუსისთვის „სიურპრიზი” ჰქონდა მომზადებული და პოლიტიკური შანტაჟით მასზე ფსიქოლოგიურ შეტევას აპირებდა, მაგრამ, დიდი შეცდომა დაუშვა, რაც თავადაც აღიარა წლების შემდეგ.

პრეზიდენტმა თბილი, დელიკატური საუბრის დროს სტალინი „გაახარა”, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიას შეიარაღების ისტორიაში არარსებული ძალის ბომბები აქვს, თუმცა, არ დააკონკრეტა, რომ ატომურ იარაღზე საუბრობდა. თვითმხილველი, მარშალი ჟუკოვი იხსენებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა სტალინს თვალი თვალში გაუყარა და მის რეაქციას დაელოდა, რასაც ბესარიონოვიჩმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა, თითქოს არც გაუგონია. ამის მომსწრე ჟურნალისტებმა აზრი გამოთქვეს, რომ მან ვერ გაიგო. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ბელადმა მოლოტოვს უთხრა, თავს იფასებენო და გაიცინა, თუმცა, კურჩატოვთან სასწრაფო შეხვედრა მაინც ითხოვა. ამერიკის პრეზიდენტის გამოხდომის იგნორირება ძვირად დაუჯდა იაპონელებს. რამდენიმე დღეში, 1945 წლის 6 აგვისტოს, ატომურმა აფეთქებებმა ხიროსიმა და ნაგასაკი შეაზანზარა. ბირთვულმა იარაღმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, რითაც საბოლოოდ დაესვა წერტილი იაპონურ წინააღმდეგობას, თუმცა, ამ ნაბიჯით ჰარი ტრუმენმა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა დაისახა მიზნად: მსოფლიოს დაანახვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზესახელმწიფოა და ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში. ამის შემდეგ გადამწყვეტი ზომების მიღება გახდა საჭირო, სტალინის რეაქციამ არ დააყოვნა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციული გადაწყვეტილებები მიიღო: პირადად შეხვდა კურჩატოვს და სრული უფლებებით აღჭურვა; გარდა ამისა, 1945 წლის 20 აგვისტოს თავდაცვის კომიტეტთან შეიქმნა სპეციალური, განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც სათავეში ლავრენტი ბერია ჩაუდგა. მან უნიჭიერესი პიროვნებები შემოიკრიბა: სპეციალური კომიტეტის უფროსის მოადგილე ვანიკოვი; წევრები: ლამენკოვი – კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ვოზნესენსკი – საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე; მეცნიერები: ზავენიაგინი, პერვუხინი, იოფე, კაპიცა, კურჩატოვი. ამის პარალელურად, სტალინის განკარგულებით შეიქმნა ატომური ენერგიის შემსწავლელი სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, რომელშიც შევიდნენ: იოფე, კაპიცა, კურჩატოვი, ალიხანოვი, კიკოინი, ხარიტონოვი, ვანიკოვი და მახნიოვი. ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც რუსეთი ზესახელმწიფოდ აქცია. ცოტა ხანში სტალინმა გაფართოებული სხდომა დანიშნა, რომელიც მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. იქ ყველამ ერთად მოიყარა თავი.

საიდუმლოების რეჟიმის კონტროლი პირადად ლავრენტი პავლოვიჩს ჰქონდა დავალებული. მან იმდენად კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, რომ კომიტეტის ერთ-ერთ წევრსაც კი, რომელსაც პასპორტის წამოღება დაავიწყდა, საშვი არ მისცეს და არ დაუშვეს, რათა საშვის გარეშე ასეთ სხდომებზე დასწრების პრეცედენტი არ ყოფილიყო. სხდომის დროს სტალინი არ დამჯდარა, ნერვიულობდა, დარბაზში დადიოდა და სკამების საზურგეებს ურტყამდა თითებს. თვითონ ხმა არ ამოუღია, ყურადღებით უსმენდა ყველა გამომსვლელს. სხდომის ბოლოს კი მისი გამოსვლის დასკვნითმა ნაწილმა შოკი გამოიწვია, რადგან თქვა, რაც არასდროს უთქვამს: „ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საბჭოთა მეცნიერთა მატერიალურ-ყოფითი მდგომარეობა. მე გადავხედე პრემირებულთა სიებს და მათ შორის ცოტანი არიან მეცნიერების დარგებში დაჯილდოებულები. თქვენ იმდენად მორიდებულები ხართ, ხშირად ვერც ამჩნევთ, რომ ცუდად ცხოვრობთ. ეს ძალიან ცუდია და, თუმცა, ომის წლებში, ჩვენი სახელმწიფო ძალიან დაზარალდა, რამდენიმე ათასი ადამიანის კომფორტულად ცხოვრების უზრუნველყოფა მაინც შეუძლია. თქვენ უნდა გქონდეთ ნორმალური სახლები, პერსონალური მანქანები, აგარაკები, სპეციალური კურორტები!..” იქ მყოფი საზოგადოება გაოცებული უსმენდა ბელადს, რომელმაც უპრობლემოდ უღალატა ბოლშევიკურ პრინციპებს, როცა ეს სახელმწიფოს სჭირდებოდა და სწორადაც მოიქცა. ამ სხდომაზე სტალინმა აკადემიკოსებსა და პროფესორებს გენიალური რჩევაც მისცა, რის შემდეგაც მათ მოახერხეს პრობლემის გადასაჭრელად სწორი მიმართულების აღება, კერძოდ ის, რომ გამოეყენებინათ დიდი გამოცდილების მქონე გერმანელ მეცნიერთა შრომები, მათი კვლევების პრინციპები და გამოგონებები.

საბჭოთა ხალხი იმდენად ღარიბი არ არის, მეცნიერებისთვის

ფული დაენანოს

კაპიცას არწმუნებდნენ, რომ მისი პერსონით ბელადი იყო დაინტერესებული და მოვლენებს თვალყურს ადევნებდა, მაგრამ ევროპაში, იდილიურ გარემოში მცხოვრები მეცნიერი, თავს იკავებდა საბჭოთა კავშირში დარჩენისგან. სამყაროს შეცნობის სურვილით შეპყრობილ ფიზიკოსს გამოეპარა, რომ ამავე სამყაროს პოლიტიკოსები მართავენ. სტალინისთვის მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, სახელმწიფოსთვის აუცილებელი ატრიბუტები იყო და ასეთი საქციელი არ მოეწონა. მან სასწრაფოდ გასცა განკარგულება მისი ვიზის გაუქმების შესახებ და კრემლში დაიბარა. მაშინ ბელადთან აუდიენცია სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. იქიდან გამოდიოდნენ ან სიკვდილმისჯილები ან – სამშობლოს გმირები, სხვა ვარიანტი არ არსებობდა. ამიტომ, ადამიანურად, გასაგებია, როგორ მდგომარეობაში იყო ფიზიკოსი, როცა მდივანს სთხოვა, ბელადს მოახსენეთ, პეტრე ლეონიდეს ძე კაპიცა გამოცხადდაო. შეხვედრას კაპიცა სამი საათი ელოდა და ეს ყველაზე მძიმე წუთები იყო მის ცხოვრებაში. სტალინი, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით იყო დაკავებული და გვიან მიიღო. პირველი, რაც მან მეცნიერს ჰკითხა, იყო ის, თუ რატომ იყო შეუძლებელი საბჭოთა კავშირში ლონდონის ანალოგიური ლაბორატორიის შექმნა. პეტრემ უპასუხა, რომ ლონდონის ლაბორატორია უახლესი ტექნიკით იყო აღჭურვილი და მისი ანალოგის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა.

„თქვენ ფიქრობთ, რომ საბჭოთა ხალხი იმდენად ღარიბია, რომ მეცნიერებისთვის ფულად სახსრებს ვერ გამოძებნის? როგორც იცით, მოვახერხეთ ახალგაზრდა კაცის რეზერფორდთან გაგზავნა. გთხოვთ, მოგვცეთ ჩამონათვალი, რა არის საჭირო აღნიშნული ღონისძიებებისთვის!” რეზერფორდთან მეცნიერი სტალინის ინიციატივით გაიგზავნა თავის დროზე, რათა შეძენილი ცოდნა სამშობლოში გამოეყენებინა. დაბნეულმა სტუმარმა ხელის კანკალით ამოიღო ბლოკნოტი, სადაც საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის სია და ყოველი ნივთის ღირებულება ჰქონდა ჩაწერილი. სტალინს აშკარად შეეტყო, რომ კმაყოფილი იყო მისი წინდახედულობით, შეაქო კიდეც იმისთვის, რომ თადარიგი თავიდანვე ჰქონდა დაჭერილი და სახელმწიფოს მეთაურს მომზადებული შეხვდა. შემდეგ ჰკითხა: „პირდაპირ მითხარით, რა პირობით იმუშავებდით სამშობლოში?” ფიზიკოსი ბოლომდე გაიხსნა და უპასუხა, რომ მისთვის საჭიროა საკუთარი ინსტიტუტი, სადაც სრულუფლებიანი უფროსი თვითონ იქნებოდა და სამსახურში მხოლოდ მათ მიიღებდა, ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა. გარდა ამისა, ხელფასებიც მისი შეხედულებისამებრ უნდა დაენიშნა. სტალინს მოეწონა ებრაელი მეცნიერი, რომელმაც გულახდილად უთხრა ის, რასაც ფიქრობდა, გაუღიმა, ხელი ჩამოართვა და დახმარებას შეჰპირდა: „ჩვენ გამოვყოფთ საჭირო ვალუტას აღჭურვილობის შესაძენად, თქვენს ორგანიზაციულ მოთხოვნებსაც დავაკმაყოფილებთ, ოღონდ, ერთი გარემოება გაითვალისწინეთ, დახარჯულ სახსრებს მკაცრი კონტროლი გაეწევა, რათა პირადი მიზნებისთვის ბოროტად არ გამოიყენოთ.”

P.S. თერთმეტი თვის შემდეგ პირველი საბჭოთა ურან-გრაფიტული რეაქტორის გაშვება მოხდა, 1949 წლის 29 აგვისტოს კი პირველი საბჭოთა ატომური ბომბი აფეთქდა – საბჭოთა კავშირი მეორე ზესახელმწიფო გახდა.


скачать dle 11.3