კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფეხბურთელები წავიდნენ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” ალექს ფერგიუსონის გამო და რა ადგილი უკავია მას კლუბის ქომაგთა გულებში

ალექს ფერგიუსონი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყველაზე ხანგრძლივი მესაჭე. იგი არის ადამიანი-ეპოქა, რომელიც, საუკუნის მეოთხედია, სათავეში უდგას „წითელ ეშმაკუნებს”. მან იმ დროს ჩაიბარა გუნდი, როდესაც პოლ სქოულზი და რაიან გიგზი სკოლაში სწავლობდნენ, ხოლო ძმები რაფაელ და ფაბიო და სილვები, ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბადებულები. თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში შოტლანდიელ სპეციალისტს ხუთ გუნდში უმუშავია და ყოველმა მათგანმა წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთის ქომაგთა მეხსიერებაში.

სხვათა შორის, „მანჩესტერის” სამწვრთნელო პროცესს ფერგის თანაშემწეები უძღვებიან. კლუბის წინანდელი წევრი, ანდრეი კანჩელსკისი იხსენებდა, რომ ერთხელ შოტლანდიელს მარტოს მოუწია ვარჯიშის გაძღოლა და ეს ნაკლებად წააგავდა იდეალურ სამწვრთნელო პროცესს. „ჩვენ დავიწყეთ სკანდირება: ალექს, მიდი ოფისში და იქიდან გვადევნე თვალყური, ნუ გვიშლი ხელს მუშაობაში”! – რაზეც შემდეგ ყველანი ერთად ვიცინოდით.

ფერგიუსონი დიდ ყურადღებას აქცევს მოტივაციას. „მანჩესტერის” ლეგენდა, მარკ ჰიუზი, რომელმაც ფერგიუსონს თიკუნი – „ფენი” მოუგონა, იხსენებდა, რომ მისი ყვირილის შემდეგ, თმა დავარცხნის გარეშეც სწორი მიმართულებით ლაგდებოდა. „მწვრთნელს შეუძლია, მთელი დღე ისაუბროს ტაქტიკაზე, თუმცა, თუ ის ვერ გააღვიძებს ფეხბურთელში ცხოველს, გამოდის, რომ ის ტყუილად კარგავს დროს”, ამ პრინციპს იზიარებს ფერგი დღემდე. აი, რა უთხრა მან თავის ფეხბურთელებს მიუნხენის „ბაიერნთან” 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალის შესვენების დროს: „მატჩის ბოლოს ჩემპიონთა თასი თქვენგან ორ ნაბიჯში იქნება, ხოლო, თუ თქვენ წააგებთ მატჩს, ხელითაც კი ვერ შეეხებით მას. ბევრისთვის ეს უკანასკნელი შანსია და, აბა, გაბედეთ და არ დაიხარჯოთ მოედანზე ასი პროცენტით, არც ერთს არ შემოგიშვებთ გასახდელში”! ასეთი სიტყვების შემდეგ ძნელია, არ მოინდომო. როდესაც „მანჩესტერმა” ფერგის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, შოტლანდიელი შევიდა გასახდელში და გუნდს განუცხადა, რომ ჩამოწერილი აქვს იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც არ გამოადგებიან მას მომავალ სეზონში. რა თქმა უნდა, იგი ცრუობდა, არანაირი სია არ არსებობდა, სამაგიეროდ, მის განცხადებას უდიდესი ეფექტი მოჰყვა – ფეხბურთელები გაათმაგებული ძალებით ემზადებოდნენ ყოველი მატჩისთვის.

თვითონ ფერგიუსონი დიდი საფეხბურთო ნიჭით არ გამოირჩეოდა, თუმცა, საკმაოდ შედეგიანი ფორვარდი იყო. თავდამსხმელის პოზიციაზე მან არაერთ შოტლანდიურ კლუბში ითამაშა: „სენტ-ჯონსტონი”, „დანფერმლაინი”, „გლაზგო რეინჯერსი”, სადაც მან შოტლანდიური ფეხბურთისთვის იმ დროს სარეკორდო თანხის – 65 ათასი ფუნტის სანაცვლოდ ამოჰყო თავი, „ფოლკირკი” და „ეირ იუნაიტედი”, სადაც დაასრულა კიდეც მოთამაშის კარიერა და ადგილი დაუთმო ფერგიუსონ-მწვრთნელს.

როდესაც 1986 წელს შოტლანდიელი სათავეში ჩაუდგა „წითელ ეშმაკუნებს”, კლუბი არ იყო სერიოზული ძალა ინგლისში, დათმობილი ჰქონდა პოზიციები შინაურ ასპარეზზე, ხოლო მეტ ბასბის, წინანდელი მწვრთნელის ხელში მოგებულ თასებს საკმაო რაოდენობის მტვერი დაედო. გარდა ამისა, 70-იანი წლების შუა პერიოდი გუნდმა სულაც რანგით მეორე დივიზიონში გაატარა. „მანჩესტერში” მისულ ფერგის კლუბში მხოლოდ ერთი პოტენციური ვარსკვლავი – ინგლისის ნაკრების წევრი, ბრაიან რობსონი დახვდა და მას პრაქტიკულად ნულიდან მოუწია ახალი გუნდის აშენება. მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში ფერგიუსონმა აღნიშნა: „ჩემი ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „მანჩესტერში“ გადასვლას, მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ სამსახური, ეს იყო მისია”. შემდგომ მან დააზუსტა თავისი მისიის აზრი: „ჩემთვის უმთავრესი იყო მხოლოდ ერთი რამ – „ლივერპული” უნდა დამესვა უკანალზე“... როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

„მანჩესტერში” ფერგიუსონი გამოცდილი მწვრთნელის რანგში მივიდა. მას ზურგსუკან ჰქონდა წარმატებული მუშაობა „სენტ მირენსა” და „აბერდინში”, რომელთან ერთადაც 1983 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალში მან თვით მადრიდის „რეალი” დაამარცხა. შემდგომ იყო მცირეხნიანი მუშაობა შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან 1986 წლის მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე და საბოლოოდ მისი მისვლა „მანჩესტერში“, სადაც პირველი სამი სეზონი არცთუ წარმატებული გამოდგა, რის გამოც 1989-1990 წლების სეზონის დაწყებამდე, აქტიურად საუბრობდნენ ფერგის გათავისუფლებაზე. იმ სეზონში „მანჩესტერმა” გამანადგურებელი მარცხი იწვნია თანაქალაქელ „სიტისგან” – 1:5 და ყველა, ფერგის ჩათვლით, დარწმუნებული იყო, რომ მისი დღეები კლუბში დათვლილი იყო. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: კლუბის ხელმძღვანელობამ ვერ მონახა შესაფერისი შემცვლელი, ამას დაემატა წაუგებელი მატჩების სერია და, როდესაც ბობი ჩარლტონმა, „მანჩესტერის” ცოცხალმა ლეგენდამ, სრული მხარდაჭერა აღუთქვა ფერგიუსონს, ამ უკანასკნელმა მოულოდნელად გამოხატულ ნდობას ორივე ხელი ჩასჭიდა და იმავე წელს პირველი „მანჩესტერული” ტიტული – ინგლისის თასი მოიგო, ამას მოჰყვა გამარჯვება თასების თასის ფინალში და შინაური ჩემპიონატის „ვერცხლი”. ახალი სეზონის დაწყებამდე შეიქმნა „პრემიერლიგა”, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჭეშმარიტი ლიდერის სახელით შეაბიჯა. 1992-1993 წლების სეზონში გუნდმა ოქროს მედლები მოიპოვა და იმ წელს შედგა ლეგენდარული ფრანგის, ერიკ კანტონას დებიუტი წითელ მაისურში. იგი ხანგრძლივი დროით გახდა იმ გუნდის ლიდერი და ფერგის მარჯვენა ხელი.

არსებობს მოსაზრება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან „პრემიერლიგაში” ყველაზე უკეთ „არსენალის” მესაჭე – არსენ ვენგერი მუშაობს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ფერგიუსონსაც არაერთხელ გამოუცხადებია ნდობა გუშინდელი რეზერვისტებისთვის და ძირითად შემადგენლობაში დაუყენებია, რთულია, ამ მოსაზრებას დაეთანხმო. როდესაც 1995 წელს ფერგიმ გუნდიდან გაუშვა პოლ ინსი, ანდრეი კანჩელსკისი და მარკ ჰიუზი, ხოლო მათ ნაცვლად სარეზერვო გუნდიდან ძმები ნევილები, ნიკი ბათი, დევიდ ბექჰემი და პოლ სქოულზი მოიყვანა, საფეხბურთო ინგლისს ეჭვები გაუჩნდა ფერგის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა, გამარჯვებამ შიდა ასპარეზზე და მეორე ადგილის მფლობელ „ნიუკასლის” 14-ქულიანმა ჩამორჩენამ ყველა დაარწმუნა, რომ ალექს ფერგიუსონი არ ცდება. სწორედ ამ თაობამ მოიპოვა გამარჯვება ფერგიუსონის სანუკვარ ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც ლეგენდარულ მატჩში დამარცხებულ იქნა გერმანული გრანდი „ბაიერნი”. ის მატჩი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა – ოლე გუნარ სოლსკიაერმა და ტედი შერინგემმა მოიგეს და მატჩის დასრულების შემდეგ ფერგიუსონმა წარმოთქვა თავისი ცნობილი ფრაზა – „ფეხბურთი? – ნამდვილი ჯოჯოხეთური გამოგონება”.

დღეს ძნელად თუ დაიჯერებს ვინმე, რომ 2002 წელს ფერგიუსონი პენსიაზე გასვლას ფიქრობდა, თუმცა, ფეხბურთის სიყვარულმა გადაწონა და მას შემდეგ „მანჩესტერმა” კიდევ ოთხჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი, სამჯერ დაეუფლა ლიგის თასს, მოიპოვა ინგლისის თასი და გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის მოსკოვურ ფინალში. თუმცა, არსებობს მედლის მეორე მხარეც: სწორედ ფერგიუსონის გამო, სხვადასხვა დროს კლუბიდან წავიდნენ მისი წამყვანი ფეხბურთელები: დევიდ ბექჰემი, იაპ სტამი (რომლის გაშვებას, ფერგიმ თავისი კარიერის შეცდომა უწოდა), როი კინი და რუუდ ვან ნისტელროი. ყოველი მათგანი ნამდვილი ვარსკვლავია, მაგრამ, ფერგიუსონის ავტორიტეტი ისეთი ხელშეუხებელია, რომ ვერც ერთი ვარსკვლავი ვერ მოიპოვებს იმ მხარდაჭერას, რაც ფერგიუსონს აქვს კლუბის ქომაგებში.

მან თითქმის ყველაფერი მოიგო თანამედროვე ფეხბურთში: ის დასახელებულია უკანასკნელი 15 წლის საუკეთესო მწვრთნელად პლანეტაზე; არის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი და რაინდის ტიტულის მფლობელი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იგი მუდამ იქნება „მანჩესტერის” მწვრთნელი, მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ, მოვა დრო, როდესაც მის ადგილს სხვა დაიკავებს. თუმცა, ფერგიუსონის ადგილის დაკავება ქომაგთა გულებში ყველას გაუძნელდება, რადგან არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც ასეთი აზარტით იკამათებს მსაჯებთან, მიიღებს სიამოვნებას ფეხბურთით და არაჩვეულებრივი მანერით დაღეჭავს საღეჭ რეზინას.


скачать dle 11.3