კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება და რა უწყობს ხელს ადამიანის გაეგოისტებას

ეგოიზმი ყველა დროის საზოგადოების ადამიანების განუყრელი თვისება იყო, არის და იქნება. მისი ჩამოყალიბების მთავარ ფაქტორად, სრულიად მართებულად, აღზრდაა მიჩნეული. თუმცა, გარკვეული როლი საზოგადოებას, საზოგადოებრივ ცნობიერებასა და დამოკიდებულებებსაც ენიჭება. რა არის ეგოიზმი, როგორ ხდება მისი ჩამოყალიბება და რით განსხვავდება ის ეგოცენტრიზმისგან, ამის შესახებ ფსიქოლოგი ლია ჩხიკვიშვილი გვესაუბრება.

– ქალბატონო ლია, უპირველესად ჩამოვყალიბდეთ და განვსაზღვროთ, რა არის ეგოიზმი და რა – ეგოცენტრიზმი. ხდება თუ არა, ამ ტერმინთა აღრევა არასპეციალისტების მიერ?

– რასაკვირველია, ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი არ არის ერთი და იგივე მნიშვნელობის ცნებები. ეგოიზმი – ეს არის სხვების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ქცევა, ხოლო ეგოცენტრიზმი სხვისი აზრის, სხვისი პოზიციის დანახვისა და გაგების უუნარობაა. ეგოცენტრიზმი ხშირად ბავშვებს ახასიათებს და თუ ეს თვისება ადამიანს მოზრდილ ასაკშიც გაჰყვა, მას შესაძლოა, ურთიერთობებში ძალზე სერიოზული პრობლემები შეექმნას. შესაძლებელია, ეგოცენტრიკი მოიქცეს ეგოისტურად და ეს ლოგიკური იქნება ეგოცენტრიზმის ცნებიდან გამომდინარე. განსხვავება ისაა, რომ ეგოიზმის შემთხვევაში, ადამიანი სრულიად გაცნობიერებულად, გააზრებულად უკეთებს იგნორირებას სხვის კეთილდღეობას, სხვის ინტერესებს. ყველა ტიპის საზოგადოებაში, არსებობენ ეგოისტებიც და ალტრუისტებიც, ხოლო საზოგადოების ტიპი ამ ადამიანებს თამაშის გარკვეულ წესებს კარნახობს. ქველმოქმედება, თავისი კლასიკური გაგებით, დასავლეთში ძალიან მიღებულია და ფასობს. ადამიანებმა იციან, რომ საკუთარი კეთილდღეობის რაღაცა ნაწილი უნდა გაიღონ ავადმყოფის, უპოვარისთვის, მათთვის, ვინც ამას საჭიროებს. მოწონებულია საქველმოქმედო აქციები, ღონისძიებები, საქველმოქმედო ფონდებში ფულის ჩარიცხვა და ასე შემდეგ. გადავხედოთ თუნდაც ჰოლივუდის ვარსკვლავებს. აი, მაგალითად, ანჯელინა ჯოლი, რომელსაც ჰყავს საკუთარი, ბიოლოგიური შვილები, მაგრამ მან კიდევ რამდენიმე აზიელი და აფრიკელი ბავშვი აიყვანა. არა მგონია, ჯოლის ან რომელიმე სხვა ცნობილ მსახიობს დამატებით რეკლამა სჭირდებოდეს. ისინი ამას უანგაროდ, საკუთარი სინდისის კარნახით სჩადიან.

– მე მაინც მეჩვენება, რომ ამერიკაში კამბოჯელი, ჩინელი ბავშვების აყვანა და ასეთი რაღაცეები უფრო მოდური ტენდენციაა.

– იცით, რა არის? ჩვენ, ღატაკი ქვეყნის გადასახედიდან, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებთ და ბევრი რამ სასაცილოდ თუ უცნაურად გვეჩვენება. 90-იან წლებში ან უფრო ადრე, ჩვენში სიცილს იწვევდა ის ფაქტი, რომ შინაური ცხოველისთვის პატრონს შეიძლება, სპეციალური საკვები ეყიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ვეტერინართან ვიზიტზე, ბეწვის შეჭრასა თუ ცხოველებისთვის განკუთვნილ შამპუნსა და მოვლის სხვა საშუალებებზე. დღეს ამას ჩვენში ბევრი აკეთებს და სასაცილოდ აღარავის ეჩვენება. მატერიალური კეთილდღეობის ზრდის კვალდაკვალ, იცვლება ჩვენი შეხედულებებიც. სხვათა შორის, ცხოველებზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოების მენტალობის ინდიკატორი. ესტონელებს ეკონომიკური გაჭირვების დროსაც კი, საზოგადოებრივ პარკში მობინადრე ციყვებისთვის საკვები მიჰქონდათ. ჩვენთან ეს კულტურა ჯერჯერობით არ არის. მხოლოდ ცალკეული ადამიანები თუ იქცევიან ამგვარად. თუმცა, ადამიანების დახმარებას ნელ-ნელა ვსწავლობთ.

– მშობლის ფაქტორს მინდა, შევეხო. არსებობს ორი ტიპის პრობლემა, ალბათ, დამეთანხმებით – ჰიპერმზრუნველი დედა და დისტანციური დედა. ასეთ შემთხვევაში რა ხდება ხოლმე?

– საინტერესო შეკითხვაა. ჰიპერმზრუნველი დედა – ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ შვილს არ აძლევს გასაქანს და განვითარების შესაძლებლობას. ბავშვი ვერ ეჩვევა დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვას, ვერ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ყოველ კონკრეტულ ეტაპზე, ადამიანი უნდა ეჩვეოდეს საკუთარი ძალებით რაღაცის კეთებას და ამოცანის გადალახვას, – ეს აუცილებელია. მეორე უკიდურესობაა დისტანცირებული დედა. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ხელით ეხებოდნენ და საკმაოდ ცუდად ექცეოდნენ, მაინც გაცილებით უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლის მიმართ, ვიდრე მათ, რომელთა მშობლებიც დისტანცირებულები იყვნენ შვილებისგან. დედასა და შვილს შორის ემოციური კავშირის არსებობა აუცილებელია. ყველაზე დიდი საშინელებაა შვილის მიმართ მშობლის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, როცა – ხან სცემს, ხან ეფერება. ბავშვი იბნევა, ვეღარ იგებს, როგორ მოიქცეს – რადგანაც, ასეთ შემთხვევაში, ძირითადად, დასჯა თუ წახალისება, გამომდინარეობს არა ბავშვის საქციელიდან, არამედ მშობლის გუნება-განწყობიდან. აუცილებელი არ არის, მშობელმა შვილს ყველა ახირება დაუკმაყოფილოს და შეუსრულოს, იყოს მაამებელი. ერთმა, სრულიად უბრალო გლეხის ქალმა მითხრა: „ბავშვს უნდა უწილადო საუკეთესო ლუკმა, ოღონდ ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდესო.” მე ამ გამონათქვამს ვეთანხმები, შვილისთვის ყველას უნდა საუკეთესო, მაგრამ არ უნდა მიაწოდო მას აზრი, რომ ის საუკეთესო, მას გამოარჩევს სხვებისგან. მადლიერების გრძნობა კი არ გაუჩნდება ასეთი გამორჩევა-თავგანწირვის გამო, არამედ ამას ერთ ჩვეულებრივ ამბად ჩათვლის. რაც შეეხება საკუთრივ ეგოიზმის პრევენციას: აუცილებელია, ბავშვს იმთავითვე მივცეთ სიკეთის, ახლობლებსა თუ საერთოდ, სხვაზე ზრუნვის მაგალითი. თუ მას თავიდანვე, სულ მცირე ასაკიდან ჩავრთავთ სხვისთვის სასარგებლო საქმიანობაში, თუნდაც მცირედში, მაგალითად, „მიუტანე მამას წყალი,” „ათხოვე დას ან მეგობარს სათამაშო,” „დააფარე ბაბუას – ჩაეძინა და შეიძლება, გაცივდეს” და სხვა, ბავშვს ეს აბსოლუტურად ბუნებრივად, ყოველდღიურ ჩვევაში გადაუვა. თუკი ოჯახი მეზობლებს, ნათესავებს, ახლობლებს ეხმარება – ბავშვს ასეთი ქცევა უფრო გაუმყარდება. დასანანია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბავშვი „მგლად უნდა გაიზარდოს”. აქეზებენ თავკერძობას, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას, შემდეგ კი, როდესაც ასეთი „წინდახედულობის” შედეგებს იმკიან, – უპირველესად საკუთარ თავზე, უკვირთ კიდეც.

ქცევას, რომელიც ეგოიზმის საპირისპიროა – პროსოციალური ქცევა ეწოდება. ის მიმართულია, ზოგადად საზოგადოების ან სხვა ნაცნობი, თუ უცნობი ადამიანების კეთილდღეობისკენ. ბუნებრივია, ასეთი ქცევის ბევრი ვარიანტი არსებობს: ესაა ისეთი დახმარებაც, რომელსაც შესაძლოა, თან ახლავს სასიკვდილო რისკი და ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი სხვა ტიპის აქტიურობა, – ტყის დასუფთავება, პოლიციის ან სახანძროს გამოძახება სხვისთვის და ასე შემდეგ. ამ დროს მნიშვნელოვანია, არა მარტო ადამიანის პიროვნული თვისებები, არამედ სიტუაციიდან გამომდინარე გრძნობს თუ არა ადამიანი დახმარების გაწევის აუცილებლობას. პირადად მე, მომხრე ვარ, სასკოლო განათლების ფარგლებში, ბავშვებმა ისწავლონ, როგორ უნდა მოიქცნენ წყალდიდობის, მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა სახის ხიფათის დროს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ქცევას წინ უსწრებდეს მოსალოდნელი შედეგის წინასწარი განსჯა: „რას მივიღებ, თუ ასე მოვიქცევი, როგორ დამიფასდება?” ან „დავზარალდები თუ არა, ასე რომ მოვიქცე?”, „გამკიცხავენ თუ არა, რომ არ დავეხმარე?” ამ მოგება-წაგების აწონ-დაწონის შემდეგ, ადამიანი ირჩევს სათანადო ქცევას. ამ შემთხვევაში, თუ არსებობს დაუხმარებლობისას გაკიცხვის საშიშროება და დახმარების ნორმა – პროსოციალური ქცევა უფრო მეტად არის მოსალოდნელი.

უკვე ჩამოყალიბებული ეგოისტის გარდაქმნა თითქმის შეუძლებელია, ნათქვამია: მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო.

– ჩვენი საზოგადოება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე არ ფიქრობს, არ არსებობს ერთიანი სამოქალაქო შეგნება და ცნობიერება. ეს არ არის ეგოიზმი და კერძო ინტერესის მსახურება?

– ნამდვილად ასეა. ეს, ალბათ, სათავეს იღებს იმ სიტუაციიდან, როცა მოქალაქე და სახელმწიფო ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად იყვნენ განწყობილნი. როდესაც, ფაქტობრივად, გასხვისებულ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. აქედან გამომდინარე, მოქალაქეს საზოგადოებრივი, სახელმწიფო ქონება თავისად არ მიაჩნდა. ამიტომ, არც უფრთხილდება და არც ზრუნავს მასზე. ადამიანი ყველანაირად ცდილობდა, კეთილმოეწყო საკუთარი ბინა თუ სახლი, დაეცვა შიგნით სისუფთავე, მაგრამ, ნაკლებად აღელვებდა, თუ რა ხდებოდა მისი სახლის გარეთ. ეს სადარბაზოების მოვლის კულტურის არარსებობაზეც აისახება. ბალტიისპირეთში ასეთ რამეს ვერსად ნახავთ. იქ ქუჩა, სადარბაზო, ფასადი იდეალურად არის დაწკრიალებული, მოვლილი. ანუ, ინდივიდუალისტური კი არის დასავლეთი, მაგრამ ინდივიდის კონტაქტი სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროა.

მაგრამ მაინც, ცალმხრივად ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს საზოგადოებაში ეგოიზმია მიღებული. მართალია, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება ინდიფერენტულია, მაგრამ არსებობს საპირისპირო მაგალითებიც. ისტორიულადაც არსებობდა ურთიერთდახმარების ტრადიცია. თუნდაც, მამითადი. თბილისური ეზოც გამოირჩეოდა ერთმანეთის მხარში დგომით. დაარსდა დახმარების ფონდები და ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, სადაც დახმარება ნამდვილად ანონიმურია და უანგარო.

– და ბოლოს, როგორ შეიძლება, ბავშვს მივაწოდოთ საკუთარი თავის აღქმა ისე, რომ არ იყოს არც ეგოცენტრიკი, არც კომპლექსების თაიგული?

– სულ უბრალოდ. თქვენ სარკეში ჩახედვისას, შოკირებული ხომ არ რჩებით იმით, რომ არ გაქვთ, ვთქვათ, ანჯელინა ჯოლის ტუჩები ან რომელიმე ჰოლივუდის ვარსკვლავის მსგავსი სხვა სხეულის ნაწილი? თქვენ იღებთ საკუთარ თავს ისეთად, როგორიც ხართ. საჭიროა, ბავშვს ჩავუნერგოთ ადეკვატური თვითშეფასება და ვასწავლოთ საკუთარი თავის, როგორც განუმეორებელი არსების მიღება. არ ვაკრიტიკოთ გამუდმებით, და არც ის ჩავაგონოთ, რომ მასზე უკეთესი, ჭკვიანი და ლამაზი არავინაა. „მე – მე ვარ”, – წერდა თავის ცნობილ ბროშურაში ამერიკელი ფსიქოლოგი ვირჯინია სატირი. აღმოაჩინეთ და დააფასეთ თქვენი უნიკალურობა.


скачать dle 11.3