კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებდა მილიცია სქემარქიმანდრიტ ვიტალის გამუდმებით და რა სასწაულებს ახდენდა ის ჯერ კიდევ ბავშვობაში

„სახელები მათი (წმიდანთა) დაწერილი არიან ცხოვრების წიგნში, ქრისტეს მეორედ მოსვლამდეც კი, ხოლო სწავლანი მათნი, ღვთის ბრძანებით, არიან დაცულნი ჩვენი განმტკიცებისა და განსწავლისათვის. იმისთვის, რომ შევიქმნათ ბრძენ და ვცნათ გზა ღვთისა, თვალწინ გვქონდეს მათი ცხოვრება და მათზე მოთხრობები, ვითარცა ცოცხალი მაგალითი, ვემსგავსოთ მათ და ვადიდოთ მათივე გზით”, – ღირსი ისაკ ასური, ნინევის ეპისკოპოსი. სქემარქიმანდრიტი ვიტალის (სიდორენკო) ცხოვრება, რომლის საფლავიც მდებარეობს ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოში, ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის, ერთგულების მაგალითია და ამაზე მისი სიტყვებიც მიუთითებს: „შეიყვარეთ მოყვასი და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს; შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი და სიყვარულის კარი განიხვება თქვენთვის. თუ გეყვარება, არც მწუხარება შემოგაწვება, არც გულგატეხილობა და სევდა-ნაღველი. ისწავლე ყველას სიყვარული, მაშინ მარტო არასდროს იქნები”.

ბავშვობა

1928 წელს კრასნოდარის მხარის სოფელ ეკატერინოვკაში, შეღებილ, თიხისიატაკიან პატარა სუფთა სახლში დაიბადა ჩვილი, რომელსაც ვიტალი უწოდეს. დედა, ალექსანდრა სიდორენკო, მისი მუცლად ტარებისას ასე ლოცულობდა: „ღმერთო, ისეთი ადამიანი მომეცი, რომელიც სასურველ იქნება შენთვისაც და ადამიანებისთვისაც”. მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: „საიდან ორი მზე?” პასუხად ჩაესმა: „ერთი მზე შენს საშოშია”. 8 დღის ჩვილი ნათლობისას იღიმებოდა და ემბაზში ფეხზე იდგა. ქრისტიანული წესის თანახმად, ალექსანდრამ ვაჟიშვილი მეორმოცე დღეს ეკლესიაში მიიყვანა. მღვდელმა ჩვილი საკურთხეველში შეიყვანა, მაშინვე იგრძნო მისგან მომავალი მადლი და ის ამაღლებულ დასაჯდომზე დააწვინა. შემდეგ მან ბავშვი საკურთხევლიდან გამოიყვანა და დედას გადასცა შემდეგი სიტყვებით: „ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნება”. სახლში დედას ბიჭის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა. 5 წლის ასაკიდან ვიტალიმ მარხვა დაიწყო: ხორცს საერთოდ არ ჭამდა, ოთხშაბათსა და პარასკევს კი რძის ნაწარმზეც უარს ამბობდა. როგორც კი გამართული კითხვა ისწავლა, მისი საყვარელი წიგნი სახარება გახდა. მუდამ თან დაჰქონდა სახარება და ყველას უკითხავდა. ახალგაზრდობის წლებში ის უკვე გაძლიერებით ლოცულობდა. ლოცვისთვის კი განცალკევებული ადგილები ჰქონდა. ლოცვის ძალა და ზემოქმედება რომ შეიგრძნო, ვიტალი ყველაფერს გაურბოდა, რაც მის გულში განუწყვეტელ ლოცვას შეუშლიდა ხელს. ერთხელ ის კლუბში შევიდა და მის გულში ლოცვა შეწყდა, იგი მიხვდა, რომ კლუბში სიარული საჭირო არ იყო. დედამ ახალი კეპი უყიდა, მან თანატოლებივით უკუღმა დაიხურა და ლოცვა კვლავ შეწყდა. მაშინ კეპი ყურებზე ჩამოიფხატა – სულ არ უფიქრია იმაზე, როგორ შეხვდებოდნენ ამას სხვები – და ლოცვა „აღდგა”. ანუ, მიხვდა, რომ ტანსაცმლით თავმოწონება საჭირო არ იყო და ბავშვობიდან მხოლოდ იმას ეძებდა, რაც მას უფალთან დააახლოებდა. ერთხელ სოფელ ეკატერინოვკაში ტრაქტორისტმა მიტოვებულ კარ-მიდამოზე ტრაქტორით გადავლა გადაწყვიტა, ჭა ვერ შეამჩნია და შიგ ჩავარდა. მანქანა გაიჭედა, დახმარებას ამწეთი აპირებდნენ, მაგრამ მორწმუნე ქალებმა ვიტალის მოყვანა ურჩიეს. ყველას ეჭვი ეპარებოდა, რომ სუსტი ბიჭი რამეს შეძლებდა. მაგრამ ვიტალიმ მათრახი გადააქნია, სამჯერ შემოუარა ტრაქტორს, ჯვარი გადასახა და ტრაქტორისტს ღიმილით მიმართა: „ასწიე, ახლა დაიძვრებაო”.

ჩამოსვლა თბილისში

1969 წელს მამა ვიტალი (ბერობაში ბენედიქტე, მან 1960-იანი წლების შუა ხანებში იდუმალ მიიღო სქემა ვიტალის სახელით) თბილისში ჩამოვიდა ისევე, როგორც იყო ძველ სამოსში და პირდაპირ წმიდა და კეთილმორწმუნე მეფის – ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში მივიდა, სადაც მაშინ მიტროპოლიტი ზინობი ცხოვრობდა. როდესაც მას დაკონკილ კაბას ხდიდნენ, აღმოაჩინეს, რომ სხეულზე თითქმის შეზრდილ ჯაჭვს ატარებდა. დიდხანს არ თანხმდებოდა მის მოხსნაზე, სანამ უზიარებლობის სასჯელის შიშმა არ აიძულა ამის გაკეთება. მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, მეუფე ზინობმა, ის ჯერ ბერ-დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მღვდელ-მონაზვნად. რადგან მამა ვიტალის საბუთები არ ჰქონდა, ამიტომ ის ხუთი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ცხოვრობდა ქართულ ოჯახებში, ადამიანებისა და ხელისუფლებისგან მალულად. დედა მარიამი (სქემაში სერაფიმა), რომელიც მისი მესენაკე გახდა, ყველანაირად ცდილობდა საშიშროებისგან მის დაცვას. შემდეგ ისინი დასახლდნენ მოსკოვის პროსპექტზე, სადაც ხშირად აკითხავდა მილიცია, რომელიც „ჩაუწერელ ბერს” ეძებდა. როდესაც დედა მარიამი ტაძარში მსახურებისთვის მიდიოდა, მამა ვიტალის ოთახში კეტავდა. ერთხელ, დაბრუნებულმა, მამა ვიტალის სამზარეულოში ჩექმების რეცხვის დროს მიუსწრო. როგორც აღმოჩნდა, ბერმა რაღაც გაურკვეველი საშუალებით გააღო ჩაკეტილი კარი და ქუჩაში გამოვიდა, რათა გლახაკებისთვის მოწყალება მიეცა, ახლა კი თვითნებურად გაპარვის კვალის წაშლას ცდილობდა. მამა ვიტალის ერთი სულიერი შვილი (ქალი) ძალიან მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ის სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის წინ იდგა და ევედრებოდა, მისთვის გზა ეჩვენებინა. უცებ მას მხარზე ვიღაც შეეხო. შემობრუნებულმა დაინახა, რომ მის წინ მამა ვიტალი იდგა და მკაცრად ეუბნებოდა: „ნუ გააკეთებ იმას, რაც ჩაიფიქრე. შენი კურთხევა ასეთია – თბილისში უნდა იცხოვრო” – და სწრაფად გავიდა. ქალმა შენიშნა, რომ მამა ვიტალის უცნაურად ეცვა: პიჟამა, ხალათი და საშინაო ფეხსაცმელები. ყველამ იცოდა, რომ ამ დროს მამა ვიტალი მოსკოვის პროსპექტზე მდებარე ბინაში იყო ჩაკეტილი, უბრალოდ, ფიზიკურად არ შეეძლო სადმე გასვლა. მამა ვიტალის თუ რაიმე გემრიელს მიუტანდნენ, მაშინვე ყველაფერს ბავშვებს აძლევდა. ეკლესიაში ყოველთვის საჩუქრებით სავსე ჯიბეებით მიდიოდა. თუ სახლიდან გასვლა არ შეეძლო, საჩუქრებით სავსე კალათას თოკს აბამდა და ფანჯრიდან უშვებდა. მამა ვიტალი ტაძარში ყოველთვის ლიტურგიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მოდიოდა. პროსკომედიას (კვეთას) საღამოდან ასრულებდა, რათა მოესწრო ბევრი ნაწილის ამოღება მიცვალებულთა და ცოცხალთათვის. მამა ვიტალი ამბობდა, როდესაც სეფისკვერიდან ადამიანისთვის ნაწილს კვეთდნენ, ის გამოსწორდებოდა. ანა პ. (ქალაქი ტაგანროგი): „ერთხელ მამა ვიტალიმ როგორღაც მითხრა, რომ სეფისკვერიდან ნაწილის ამოკვეთის დროს ის ხედავდა ადამიანებს, ვისაც იხსენიებდა. „აი, როდესაც მამა ანდრონიკე იღებს ნაწილებს სეფისკვერიდან, ყველა, ვისაც იხსენიებს, საკურთხეველში დგას და ელოდება თავისი ნაწილის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცეცხლია, იქ სხვა რამის ხილვაც შეიძლება”. ერთხელ წმიდა ნეველის ტაძრის დარაჯმა ღამით დაინახა, რომ მთელი ტაძარი ხალხით იყო სავსე. „როგორ შევიდნენ შიგნით? – გაიფიქრა მან, – ეკლესია ხომ დაკეტილია?“ ამ დროს მამა ვიტალი საკურთხეველში კვეთას აღასრულებდა და აქ ისინი იდგნენ, ვისაც, იგი იხსენიებდა. ასე ძლიერ საჭიროებენ მიცვალებულთა სულები მართალთა ლოცვას“.

მარიამ მოსკვიჩევა (ქალაქი ტაგანროგი): „1985 წელს, როდესაც მამა ვიტალისთან მორჩილად ვიყავი, მან მოულოდნელად სახლში გამიშვა. მომამზადეს გასამგზავრებლად, გამაცილა და საჩუქრები გამატანა. ჩასულმა, შევიტყვე, რომ ჩემი ძმა სერიოზულად იყო ავად – გულის იშემიით საავადმყოფოში იწვა. მას მამა ვიტალის გამოტანებული საჩუქრები მივუტანე და მაშინვე გამოკეთდა, მანამდე კი ხშირად ეკვროდა სუნთქვა, გონს კარგავდა, ეცემოდა. მაგრამ, მამა ვიტალის ლოცვით ნელ-ნელა გამოკეთდა, წამლები დაივიწყა კიდეც. მე თვითონ ადრეული ასაკიდან მქონდა ხერხემალი დაზიანებული და წელი ხშირად მტკიოდა. თბილისში მამა ვიტალისთან ჩავედი, მან ზურგზე ჯვარი გადამსახა და იმ დღიდან ტკივილები საერთოდ გამიქრა”.

გარდაცვალება

მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მასთან გამოსამშვიდობებლად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც მოვიდა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მამა ვიტალის უვლიდა. შემდეგ მამა ვიტალის ცხედარი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში გადაასვენეს.

მამა პავლე კოსაჩი: „პატრიარქმა შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩამედო. ამ დროს მამა ვიტალიმ ხელის დიდი თითი გაშალა, მე ლოცვის ფურცელი მის ხელისგულზე დავდე და ხელი კვლავ შეკრა. იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, რომ მოულოდნელობისგან წამოვიყვირე, „თვითონ გამომართვა”! მხოლოდ მოგვიანებით მივიღე ის ფაქტი ჩვეულბრივად – ის ხომ არაამქვეყნიური ადამიანი იყო”. ერთ ქალს ეჭვი შეეპარა, რომ გარდაცვლილ ადამიანს შეეძლო ხელში აეღო ქაღალდი, რომელზეც ლოცვა ეწერა. მამა ვიტალი მას ძილში გამოეცხადა შენდობის ლოცვით და უთხრა: „აი, ასე გამოვართვი და მიჭირავს”.

მამა ვიტალი გარდაცვალების შემდეგაც, დღემდე ახდენს სასწაულებს: შეეწევა ადამიანებს და განსაცდელში ეხმარება მათ. ის სიცოცხლეში ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს. მე დაგეხმარებით”!..


скачать dle 11.3