კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახერხებენ უცხოელი სტუდენტები დასაქმებას ქართული დიპლომებით და საიდან ჩამოდის თბილისში სასწავლებლად ყველაზე მეტი უცხოელი

უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართული საგანმანათლებლო სივრცე უცხოელი სტუდენტების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა იმ უცხოელების რიცხვი, ვინც განათლებას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში იღებს. უცხოელ სტუდენტთა შორის კი ყველაზე პოპულარული სამედიცინო სექტორია. რა განაპირობებს ამ ტენდენციას და მოსახლეობის რა ფენა ჩამოდის საქართველოში სასწავლებლად – ამ შეკითხვებით უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს, ნუგზარ ჩიტაიას გავესაუბრეთ.

ნუგზარ ჩიტაია: ზუსტი სტატისტიკა უცხოეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც განათლებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ, არ გვაქვს, მაგრამ, გამოკვეთილია ის ტენდენცია, რაც ამ მიმართულებით არსებობს. დღეს დაახლოებით 2 000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში – საუბარი მაქვს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებზე. ამ სტუდენტების უმეტესობა, დაახლოებით 600- 700 სტუდენტი, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, დანარჩენი კი სხვადასხვა სასწავლებლებში არიან გადანაწილებულნი. მოთხოვნა არის როგორც უცხო ენებზე, ასევე ბიზნესზე, იურისპრუდენციასა და ისტორიაზე, გარდა ამისა, რამდენიმე უცხოელი სტუდენტი სწავლობს ქართველოლოგიას. უცხოელების დიდ ინტერესს სამედიცინო სექტორის მიმართ, აქვს გარკვეული მიზეზები: ჯერ ერთი, განათლების ჩვენთან მიღება უფრო იაფი და ხელმისაწვდომია მათთვის, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ამას გარდა, აქ მიღებული განათლებითა და დიპლომებით ისინი თავიანთ ქვეყნებში იოლად ახერხებენ დასაქმებას. ამ მხრივ ჩვენ კონკურენციას გვიწევს თურქეთი. ბოლო ათი წელია, რაც თურქეთში ძალიან განვითარდა საგანმანათლებლო სამედიცინო სფერო. თურქეთი გადავიდა ამერიკულ მოდელზე, დაინერგა მუშაობის ამერიკული სტილი, აქვთ ძვირად ღირებული აპარატურა და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თურქეთში სამედიცინო სექტორზე სწავლა ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე ამერიკაში. ასე რომ, ვისაც კვალიფიციური განათლების მიღება სურს და ამას ვერ ახერხებს ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში, მიდის თურქეთში. ამ ფაქტორის ირიბი დარტყმა ჩვენც შეგვეხო – თბილისის სამედიცინო და იზმირის უნივერსიტეტებს შორის არსებობს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ჩვენი სტუდენტები პრაქტიკას გადიოდნენ იზმირის უნივერსიტეტში. თურქეთის საელჩოს კეთილი ნებით ჩვენთან არსებობს თურქული ენის შემსწავლელი კურსები, რომლითაც, თუ ადრე აღმოსავლეთმცოდნეები ინტერესდებოდნენ, ახლა უკვე სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებშია პოპულარული. თურქეთში საკმაოდ მაღალი დონის სამედიცინო კლინიკებია. ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც მიდიან თურქეთის კლინიკებში პრაქტიკის გასავლელად, ამ კურსების მეშვეობით ახერხებენ ენის ბარიერის გადალახვას, რაც მათ პაციენტებთან ურთიერთობაში სჭირდებათ.

– ჩვენთან მიღებული დიპლომები ქმედითია მათ ქვეყნებში?

– ის ქვეყნები, რომლებიც მიერთებული არიან ბოლონიის პროცესს, ლისაბონის კონვენციის თანახმად, პრობლემების გარეშე აღიარებენ სხვა ქვეყნის დიპლომებს. საქართველოშიც ხდება ყველა იმ ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის აღიარება, სადაც ჩვენი სტუდენტები სწავლობენ, თუ ეს ქვეყნები მიერთებულნი არიან ბოლონიის პროცესს. თუმცა, არსებობს ერთი ფაქტორი, ეგრეთ წოდებულ „რეგულირებად პროფესიებთან“ დაკავშირებით, რომლებსაც განეკუთვნება სამედიცინო სექტორი და იურისპრუდენცია. ასეთ რეგულირებად პროფესიებს მიეკუთვნება ვეტერინარიაც, თუმცა, ამ ფაკულტეტებზე დიდი მოთხოვნა, რეალურად, არ არის. სამედიცინო და იურისპრუდენციის ფაკულტეტების კურსდამთავრებულთათვის დიპლომის აღება არაა საკმარისი იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში საქმიანობა დაიწყონ. აქ მიღებული დიპლომი არ არის აპრიორი იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში იმუშაო, რადგან ქართული სამართალი სხვა პრინციპებზეა აგებული; ასევე განსხვავებულია, მაგალითად, გერმანული და ბრიტანული სამართალი. აქედან გამომდინარე, სხვა ქვეყანაში აღებული დიპლომებით მუშაობის დასაწყებად მათ უნდა ჩააბარონ სასერტიფიკატო, დამატებითი გამოცდები, ეს ჩვენთანაც ასეა და სხვა ქვეყნებშიც. იმისათვის, რომ აბიტურიენტმა სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, მას, სხვადასხვა დოკუმენტთან ერთად, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გარკვეულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. თუ სხვა ქვეყანაში მიღებული განათლება არ არის ჩვენი განათლების ეკვივალენტი, ბუნებრივია, ისინი ვერ გახდებიან ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უარი ვუთხარით ინდოეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ჩვენთან ჩარიცხვაზე, რადგან, მათ მიერ წარმოდგენილი ატესტატების მიხედვით, არ ჰქონდათ ნასწავლი ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია. ჩვენ, მეზობელი ქვეყნების ფონზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობით ლიდერები ვართ, რადგან საკანონმდებლო დონეზე გვაქვს მოგვარებული ყველა ნიუანსი და ვიცავთ ყველა იმ სტანდარტს, რასაც ბოლონიის პროცესი მოითხოვს, სომხეთი და აზერბაიჯანი კი ახლა გადიან ამ პროცესს და ჯერ კიდევ სწავლების ძველ მოდელს ინარჩუნებენ. აზერბაიჯანი გვისწრებს მხოლოდ ერთი პარამეტრით – მათ აქვთ ძალიან დიდი დაფინანსება უმაღლეს განათლებაზე, სახელმწიფო სრული დაფინანსებით ყოველწლიურად ათას სტუდენტს გზავნის უცხოეთში, როცა ჩვენ პრეზიდენტის ფონდიდან მსგავსი დაფინანსებით მაქსიმუმ ასი სტუდენტის გაგზავნის საშუალება გვქონდა. იმ ათასი სტუდენტიდან ნახევარიც რომ დაბრუნდეს უკან, აზერბაიჯანში, 5-6 წელიწადში უცხოეთში განათლებული და კვალიფიცირებული საკმაოდ ბევრი კადრი ეყოლებათ.

– ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან საქართველოში სასწავლებლად?

– ჩვენთან ყველაზე მეტი სტუდენტი ჩამოსულია ინდოეთიდან, ასევე, გაიზარდა შრილანკელი და პაკისტანელი სტუდენტების რიცხვი, ბოლო პერიოდში ოკეანის გაღმიდანაც კი გვყავს სტუდენტები. 2008 წელს ჩვენს უმაღლეს სასწავლებებში ჩაირიცხა 259 უცხოელი, 2009 წელს – 365, 2010 წელს – 568. ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მოქალაქეები არიან, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ეს მაჩვენებლები გვიჩვენებს, რომ უცხოეთიდან შემოსული სტუდენტების რაოდენობა თანდათან იმატებს და ეს ინტერესი განპირობებულია ეკონომიკური ფაქტორებით. როგორც ჩანს, ისინი აქ არ ჩამოდიან შემთხვევით, მათ ქვეყნებში მუშაობენ პროვაიდერები, რომლებსაც შესწავლილი აქვთ ჩვენი ბაზარი, ცხოვრების დონე – სწავლის საფასურის გარდა, მათ ხომ აქ ცხოვრებისთვის საჭირო პირობები სჭირდებათ! როგორც ბევრი ჩვენი სტუდენტი ვერ მიდის სასწავლებლად უცხოეთში, რადგან იქ კოლოსალური თანხა ღირს სწავლა, იგივე ფაქტორი მუშაობს უცხოელებთანაც. ჩვენთან ჩამოსული უცხოელების უმეტესობა მოსახლეობის საშუალო ფენას წარმოადგენს, ვინც უნდა დათვალოს, ეყოფა თუ არა ფული სასწავლებლად და საცხოვრებლად, თორემ, მდიდარი ინდოელი, რა თქმა უნდა, კემბრიჯსა და ოქსფორდში წავა სასწავლებლად.

– როგორ მოიპოვებენ უცხოელი სტუდენტები სასწავლო გრანტებს?

– ჩვენთან სტუდენტების ჩარიცხვა, როგორც ბაკალავრიატში, ასევე მაგისტრატურაზე, ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდებით. ეს გზა დასაშვებია უცხოელი სტუდენტებისთვისაც, მაგრამ, არსებობს მეორე გზაც – უცხოელი სტუდენტები ამ გამოცდებს არ აბარებენ და მათი ჩარიცხვა ხდება მათ მიერ წარმოდგენილი საბუთების შემოწმების დონეზე. ის უცხოელი მოქალაქე, რომელიც ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და მიიღებს მინიმალური კომპეტენციის დაძლევის უფლებას, ხდება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. ასეთ სტუდენტთა შორის ძირითადად არიან ხოლმე ეთნიკური ქართველები, აზერბაიჯანელები, ის ქართველები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ და ახლა უკან ბრუნდებიან. მათთვის ქართული ენის ბარიერი არ არსებობს. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის ორივე გზას აქვს დადებითი და უარყოფითი მომენტები. ბუნებრივია, ძალიან მიმზიდველია სტუდენტობა გამოცდების ჩაბარების გარეშე, მაგრამ, ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხვედრილ უცხოელ აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ სასწავლო გრანტი, რაც უცხოელებისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული დაფინანსების 2 პროცენტს შეადგენს. თანხა საკმარისია 90-მდე სტუდენტისთვის, როგორც წესი, ამ თანხის ათვისება არ ხდება ხოლმე და ის ნაწილდება ქართველ სტუდენტებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. წელს ეს თანხა შეადგენდა 195 ათას ლარს. თუ გადავხედავთ ბოლო წლების მონაცემებს, 2008 წელს ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად გახდა 86 უცხოელი, 2009 წელს – 51, 2010 წელს კი – 46. ამ ადამიანებმა მიმართეს განათლების სამინისტროს დაფინანსების მოთხოვნით, თუ აბიტურიენტს არ აქვს საშუალება, ჩააბაროს ეროვნული გამოცდები, ასეთ შემთხვევაში ის აბარებს უგამოცდოდ და შესაბამისად, სწავლის საფასურს უწესებს სასწავლებელი, რომელიც, როგორც წესი, აღემატება ხოლმე ქართველი სტუდენტებისთვის დაწესებული სწავლის საფასურს. მათთვის, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს, სწავლის საფასური განსაზღვრულია რეგისტრაციის დაწყებამდე, მათთვის გადასახადი ქართველი სტუდენტების სწავლის საფასურთან შედარებით უფრო მეტი ან უფრო ნაკლები არ იქნება. როგორც წესი, გამოცდის გარეშე ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა ბევრად მეტია მათთან შედარებით, ვინც ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი გამოცდების გზით ხდება.


скачать dle 11.3