კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ისწავლა საათ-ნახევარში საკუთარ შეცდომებზე ირაკლი ჩოლოყაშვილმა და რატომ ეტყვის ის უარს პედრო ალმადოვარს ფილმში გადაღებაზე

მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი ღმერთმა ისეთი ნიჭით დააჯილდოვა, რომლის გამოც ის არაერთმა ადამიანმა შეიყვარა. გარდა იმისა, რომ ირაკლი კარგი მსახიობია, ასევე, არაჩვეულებრივად მღერის, უკრავს და, სულ რამდენიმე ხნის წინ, მან ბავშვობის ოცნებაც აისრულა – სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა.

ირაკლი ჩოლოყაშვილი: სულ ვამბობდი ხოლმე, რომ არა მსახიობი, ალბათ, მუსიკოსი გამოვიდოდი-მეთქი. თუმცა, ახლა ნაწილობრივ მუსიკოსიც ვარ – კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დავამთავრე. დიდი ხანია, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობაზე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც ავიხდინე. როცა ათწლედი დავამთავრე, ბევრი არ მიფიქრია, სად უნდა ჩამებარებინა. ზუსტად ვიცოდი, რომ ან თეატრალურში შევიტანდი საბუთებს, ან – კონსერვატორიაში. იმ პერიოდში თეატრმა გამიტაცა და არჩევანიც მასზე შევაჩერე. საბედნიეროდ, დღეს თეატრი და მუსიკა ერთმანეთს შევუთავსე და ბავშვობის ოცნება – მედირიჟორა სიმფონიური ორკესტრისთვის – ავიხდინე. სხვათა შორის, სკოლაში, ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის გაკვეთილებზე სულ ვმღეროდი და ამის გამო მიწერდნენ მასწავლებლები ნიშნებს (იცინის).

– ესე იგი, პითაგორა და ნიუტონი სიმღერ-სიმღერით გაქვს ჩაბარებული?

– (იცინის) ასე გამოდის. ტექნიკური საგნები სულ სიმღერით ჩავაბარე და ნიშნებს ამაში მიწერდნენ. საერთოდ, ცოტა ჯიუტი ვარ და მასწავლებლებმა რომ შემაშინეს პირველი კლასიდან ორიანებით, ბოლო კლასამდე მაშინებდნენ, მაგრამ არ მეშინოდა (იცინის).

– როგორც ვიცი, მუსიკალური შვიდწლედის შემდეგ გადახვედი ათწლედში. შეგეძლო, გემუშავა როგორც მუსიკოსს, მაგრამ თეატრისკენ გადაინაცვლე.

– მართალია, ათწლედი რომ დავამთავრე, პროფესიით უკვე მუსიკოსი ვიყავი და მუშაობაც შემეძლო, როგორც მუსიკოსს ჩემი დიპლომით, მაგრამ, მინდოდა, იმ მომენტში ახალ ამპლუაში გამომეცადა ჩემი თავი. ჩემი ჭია გავახარე და თეატრისკენ გადავინაცვლე. მგონი, არ შევცდი და საკუთარი თავი კი ვიპოვე, მაგრამ ცოტა გამიჭირდა. თავიდან დაკომპლექსებული ვიყავი და დავალებების საჯაროდ შესრულება მერიდებოდა, მიჭირდა. მართალია, სცენაზე ბავშვობიდან ვიდექი, მაგრამ სამსახიობო სფერო სულ სხვა აღმოჩნდა. აქ სულ სხვა, ფარული შესაძლებლობების გამოტანა იყო საჭირო. ამიტომ, პირველი კურსი სულ საკუთარი თავის ძიებასა და გახსნაში ვიყავი. სხვათა შორის, მე რომ ვაბარებდი თეატრალურში, პირველი ტური გავიარე, მეორე ტური ვერ გავიარე, მაგრამ, სწორედ იმ წელს იყო მიღება მუსიკალური თეატრის ფაკულტეტზე, გადავიტანე საბუთები და იქ მოვხვდი. წარმოიდგინეთ, თეატრალურ ინსტიტუტში ვოკალს ზურაბ ანჯაფარიძე გვასწავლიდა. იცით, რა გამახსენდა? საბავშვო ბაღში ვიდირიჟორე სულ პირველად.

– საბავშვო ბაღში ვის უდირიჟორე?

– რკინიგზის პირველ ბაგა-ბაღში დავდიოდი. მაშინ საბავშვო ბაღების დათვალიერება ეწყობოდა ხოლმე და კონცერტები ტარდებოდა. ჩემს ბაღშიც ჩამოყალიბდა ორკესტრი და 5 წლის ასაკში დირიჟორად დამნიშნეს. (იცინის). ზოგი დოლს უკრავდა, ზოგი ჯოხებს აბარტყუნებდა – „ლეკურს“ უკრავდნენ ბავშვები და მე ვდირიჟორობდი. ეს კონცერტი ჩატარდა რკინიგზელთა სახლში, აღმაშენებლის გამზირზე, ახლანდელ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, სადაც 2010 წლის 10 დეკემბერს, 38 წლის ასაკში, ნამდვილი ბავშვური ოცნება ავიხდინე და კვლავაც ვიდირიჟორე, ოღონდ, ნამდვილ სიმფონიურ ორკესტრთან. ახლაც „ლეკურს“ ვუდირიჟორე, ოღონდ, ამჯერად, ფალიაშვილის „ლეკურს“ და ამ ყველაფერს დოლის გარეშე ისევ არ ჩაუვლია (იცინის). 120 კაცი იჯდა სცენაზე, ვის წინაც მე ვიდექი და მიწევდა ხელმძღვანელობა. ასე რომ, 120 კაცი მიყურებდა თვალებში და შეცდომის უფლება არ მქონდა.

– როდესაც კონცერტი დამთავრდა, დიდხანს ისმოდა დარბაზში აპლოდისმენტები. ალბათ, ეს დღე არასდროს დაგავიწყდება. რა განცდაა, როდესაც მაყურებელი შენს ბავშვურ ოცნებას ფეხზე ამდგარი უკრავს ტაშს?

– ამას ენით ვერ გადმოვცემ. ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო ადამიანმა. ასე რომ, გამოუცდელი დირიჟორის კვალობაზე, კარგი შეფასებები მივიღე (იცინის). არ დამიჯერებთ და, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს პირველად ვიდექი სცენაზე. არადა, სცენაზე დგომის 15-წლიანი პრაქტიკა მაქვს. ძალიან ვნერვიულობდი. წარმოიდგინეთ, სამი დღე მქონდა რეპეტიცია და 21 ნაწარმოები შევასრულეთ. ამ საათ-ნახევარს დღემდე ვაანალიზებ, ვისმენ რადიოჩანაწერებს, ვიჭერ შეცდომებს, ვაკეთებ ანალიზს და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის დიდი მასტერკლასი, დიდი გამოცდა იყო, რომელიც საკუთარ თავს ჩავუტარე და ვისწავლე ჩემს შეცდომებზე, სხვისი გამოცდილების მიხედვით. კულტურის უნივერსიტეტში ჩემი პედაგოგები იყვნენ ბატონი ავთო რევიშვილი და ბატონი გომარ სიხარულიძე. მათგან ბევრი რამ ვისწავლე და დიდი მადლიერი ვარ ყველასი, ვინც გვერდში დამიდგა მე რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მედირიჟორა სიმფონიურ ორკესტრთან, ამას მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებდი თავს. მადლობა ღმერთს, ეს მოვახერხე. ახლა კიდევ ველოდები შემოთავაზებებს. ვნახოთ, დაღვინდეს ჯერ ეს ემოცია.

– ირაკლი, კონსერვატორიაში ჩაბარებაზე არასდროს გიფიქრია?

– როგორ არა. სანამ ამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, მანამდე კონსერვატორიაში ვფიქრობდი ჩაბარებას. მივედი ბატონ გივი მუნჯიშვილთან. ვუთხარი, დირიჟორობის სწავლა მინდა-მეთქი. მირჩია, მსახიობობას დაანებე თავი და დირიჟორს გაგხდიო. მაშინ ვერ გავრისკე და ვერც შეველიე მსახიობობას. მერე კი, მაინც ჩავაბარე, ოღონდ კულტურის უნივერსიტეტში.

– ნერვიულობის მოსახსნელად, ტონუსის მოსამატებლად, სცენაზე გასვლის წინ, სასმელს თუ სვამ ხოლმე?

– ნაკლებად, მაგრამ, გეტყვით, რომ მომღერლები იმიტომ კი არ სვამენ სცენაზე გასვლის წინ, რომ ნერვიულობა მოიხსნან, არამედ იმისთვის, რომ იოგები გაახურონ. მე ვოკალისტი არ ვარ და ნაკლებად მჭირდება იოგების გახურება, მაგრამ, მახსოვს, „იმედის ტალღაზე” ყელის პრობლემა მქონდა და გამოსვლამდე „ჩავუფინე”. (იცინის). საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ქართველი კაცი ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ეს იგივეა, ისტორიის გარეშე რომ წარმოვიდგინოთ ერი. ქართული ღვინო ჩემთვის საქართველოს ისტორიაა, მისი ტოლფასია, რადგან, ჭირშიც და ლხინშიც ის აუცილებელია და მის გარეშე სუფრას არ ჩაუვლია. ასეა სიმღერაც: გვიჭირდა – ვმღეროდით და თუ გვილხინდა ხომ, ასმაგად ვმღეროდით და ვმღეროდით. ასე რომ, სასმელი და სიმღერა კავშირშია ერთმანეთთან და ეს ჩემი გამოგონილი არ არის (იცინის).

– ირაკლი, თუ არ ვცდები, უკრაინაში ერთ-ერთი ფილმის გადაღებების სინჯებზე აპირებდი გამგზავრებას. ისიც გავიგე, თითქოს წლების წინ პედრო ალმადოვარმა შეგამჩნია და ფილმში სათამაშოდ მიგიწვია. ამ მხრივ რა ხდება?

– მართალია, უკრაინაში ადრე ვიყავი ფილმის სინჯებზე, მაგრამ შემდეგ საერთოდ არ გადაიღეს ეს ფილმი, ასე რომ, არავის დაურეკავს ჩემთვის შედეგებზე. რაც შეეხება პედრო ალმადოვარს, ჯერ ჩემამდე არ მოსულა და თუ მოვა და მთხოვს ფილმში თამაშს, იცით რას ვუპასუხებ?

– არ ვიცი?

– რას და, მე საქართველოში ვცხოვრობ, იქ, სადაც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ლევან წულაძე, იგივე ჭოლა, გიზო ჟორდანია და სხვები და სხვები და, სანამ ასეთი რეჟისორები გვყავს ქართველებს, გაურკვეველი ორიენტაციის მამაკაცებთან მუშაობას ნამდვილად არ ვაპირებ-მეთქი. წარმოიდგინეთ, ისეთი რეჟისორები გვყავს ქართველებს, როგორებზეც ბევრი ქვეყანა ოცნებობს და მე ალმადოვართან რა მინდა? არ მირჩევნია, ჩემი საქმე აქ, ჩემი ხალხის გვერდით, წყნარად ვაკეთო: როცა საჭიროა – „ჩავუფინო”, როცა საჭიროა – ვიმღერო, როცა საჭიროა – სცენაზე დავდგე და, როცა საჭიროა ვიდირიჟორო, ვიდრე სადღაც გადავიკარგო და კაცმა რომ არ იცის, ისეთი ორიენტაციის კაცს ვუსმინო და დავუჯერო?!


скачать dle 11.3