კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრემია მიიღო ვალერი კაჩაროვმა ლივერპულში და როგორ ისწავლა მან ერთ ღამეში გიტარაზე დაკვრა

ცნობილი როკმუსიკოსის, ნიკა კაჩაროვის მამა, ვალერი კაჩაროვი 70-იანი წლების საქართველოში თავადაც ცნობილი როკშემსრულებელი იყო. მას, როგორც საუკეთესო გიტარისტს, ჯილდო აქვს მიღებული; ასევე, ლივერპულში დაიმსახურა „მერსი ქეთზის” პრესტიჟული ჯილდო, რომელიც თავის დროზე პირველად თავად ჯონ ლენონს ხვდა წილად. ამჟამად მას სახელოსნო აქვს, სადაც ტიხრულ მინანქარზე მუშაობს და მალე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას გეგმავს.

ვალერი კაჩაროვი: სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაშინ (70-იან წლებში) ახალი ჩამოყალიბებული იყო. მართლა არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, სიმონ ნათაძე, ირაკლი ციციშვილი... ძალიან კარგი განათლება მივიღეთ. დღეში 9 საათი მქონდა ლექციები. აკადემიაში ძალიან კარგი ახალგაზრდობა სწავლობდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული პროტესტის განცდა არ მქონია საბჭოთა წყობის მიმართ. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სიყვარულით ვიყავი გარემოცული, ჩემი საქმის გაკეთებას არავინ მიშლიდა და პროტესტი რატომ უნდა გამჩენოდა?! აგრესია იმას აქვს, ვისაც ეს ყველაფერი აკლია. ახლა რომ გაჰყვირიან, გვზღუდავდნენ და გვჩაგრავდნენო, მე მგონი, ეს უფრო თვითრეკლამაა და თავის შეცოდება. თუ რამეს ვერ აღწევ, ესე იგი „ტუპოი” ხარ და სხვებს ნუ აბრალებ. 70-იანების როკს საპროტესტო ელფერი არ ჰქონია – ჰიპები, „ბითლზები“ სიყვარულზე მღეროდნენ; ჰიპების მოძრაობის დევიზი სიყვარული იყო. ეს უკვე მერე, პანკ-როკი რომ წამოვიდა, პროდიუსერები ფიქრობდნენ, რა სიახლე შეეტანათ კომერციული თვალსაზრისით. ადგნენ და როკი აქციეს სანახაობად, რომელსაც პროტესტის გამომხატველი ფუნქცია მიენიჭა. ჩვენ პოლიტიკასთან არანაირი საქმე არ გვქონდა, მოგვწონდა როკი, ვუსმენდით და ვუკრავდით. სუკი იშვიათად გვაწუხებდა, მხოლოდ ერთხელ დაგვიბარეს უშიშროებაში და ცოტა თმის დამოკლება გვაიძულეს, თორემ ბლანჟესაც ვატარებდით, გრძელ თმასაც და განსხვავებულ სამოსსაც. ერთხელ კიდევ, ვიტრინაში ჩვენი სურათები გამოფინეს ასეთი სათაურით: „ვინც ჩვენ გვარცხვენს.” მაგრამ ეს სამარცხვინო სტენდი ჩვენთვის ანტირეკლამა კი არა, პირიქით, რეკლამა გამოდგა – მთელი ქალაქი მოდიოდა, გვნახულობდა, მათთვის ჩვენ გმირები ვიყავით.

მე, ილიკო ზაუტაშვილი, იაგო დეკანოზიშვილი და გია ეძგვერაძე პერიოდულად გამოფენებს ვაწყობდით ხოლმე, რაც, რა თქმა უნდა, იკრძალებოდა. შეზღუდულები ვიყავით თემატიკაში, ძირითადად კომუნისტურ-სოციალისტური მოტივები უნდა აესახა ხელოვნებას. ერთხელ, მოვიდნენ სუკის წარმომადგენლები და გვითხრეს, ბიჭებო, თქვენი გამოფენა ძალიან მოგვწონს და, მოდი, ბარათაშვილის ხიდთან ოფიციალურად გავხსნათო.

საბჭოთა სისტემა როკ-ენ-როლმა დაანგრიაო, რომ ამბობენ, ტყუილია. არ იყო ცუდი წყობა, ცოტა გარდაქმნა უნდოდა და ჭკვიანი კაცის ხელი. ცოტა პრობლემები ყველა დროში აქვთ ხელოვანებს. კომკავშირლები გვიწყობდნენ ხელს მაშინ, განსაკუთრებით ზაზა შენგელია გვეხმარებოდა.

– როკთან თქვენი დაახლოება როგორ მოხდა?

– მიშა ფოფხაძეს აკადემიაში სწავლის პერიოდში შევხვდი. ბარათაშვილის ხიდთან ვნახე, რომ ჯგუფი „კონტრასტი” უკრავდა. გავიცანი მიშა და დავმეგობრდით, მერე მე, მიშამ და იური ავეტისოვმა, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა, გადავწყვიტეთ ჯგუფის შექმნა. საკმაოდ საინტერესო ჯგუფი შევქმენით – მხოლოდ ჩვენს სიმღერებს ვმღეროდით. ვაჟას „დევების ქორწილის“ მიხედვით დავწერეთ სიმღერა. სიმღერებს მე და მიშა ვწერდით – ჯერ მიშამ დაიწყო, მერე მეც ვისწავლე მისგან. მიშა ფოფხაძე ნამდვილი როკვარსკვლავი იყო, გრძელი თმით, ჩაცმულობით... შემომთავაზა, როკჯგუფი შევქმნათო. ვუთხარი, გიტარაზე დაკვრა მაინცდამაინც კარგად არ ვიცი და როგორ-მეთქი. მიშამ შემომთავაზა, რაღაცას მოგასმენინებო. მომასმენინა „ფრენკ ზაპა”, „ქუიქსილვერ მესინჯერ სერვისი,” „ფოკუსი”... მერე ნამდვილი სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში: დიდი სურვილი მქონდა, გიტარაზე კარგად დაკვრა მესწავლა. ძველი მაგნიტოფონი მქონდა. ჩავრთე და თავი დავადე. ძალიან მინდოდა, ჯიმი ჰენდრიქსივით დამეკრა, ჰოდა, ჩამეძინა ამ მაგნიტოფონზე. ორი-სამი საათი მეძინა, კასეტა კი უკრავდა. ეტყობა, მეხსიერებაში დაილექა თუ რა მოხდა, არ ვიცი, გამოვიღვიძე და დავიწყე გიტარაზე დაკვრა. მიშა გაოცდა: კი მაგრამ, გუშინ არ იცოდი დაკვრა და დღეს ასე კარგად როგორ უკრავო? (იცინის). დაუჯერებლად ჟღერს, არა? არადა, სიმართლეა. ყოველდღე პროგრესი მქონდა და მოხდა ისე, რომ 70-იანების ერთ-ერთი საუკეთესო სოლოგიტარისტი გავხდი. 98-ში ჩემი და მიშას გზები გაიყარა.

– ჯიმი ჰენდრიქსი თქვენი კერპი იყო?

– მიყვარდა ჯიმი ჰენდრიქსი, მაგრამ უფრო მეტად – ჯიმი პეიჯი „ლედ ზეპელინიდან”.

– ვიცი, რომ ჯგუფი „ბლიზი” გქონდათ და „ბითლზის“ სიმღერებს მღეროდით.

– დიახ, ასეა და გერმანიაში გამართულ ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზიც მივიღეთ – სულ 4 პრიზი.

– ფესტივალები თუ ტარდებოდა მაშინ?

– რა თქმა უნდა. ტალინის ფესტივალზე გიული ჩოხელმა წაგვიყვანა: მე, დათო შუშანია, ავთო შარაშენიძე და რამაზ ჩიჩუა. საუკეთესო გიტარისტის პრიზი მივიღე ამ ფესტივალზე. არადა, საკმაოდ ცნობილი ჯგუფების გვერდით გამოვდიოდით. წინა დღეს ტელევიზორში ვნახე ისინი და გავგიჟდი: ჯგუფები იყო ბალტიისპირეთიდან, ფინეთიდან. მეორე დღეს გამოსვლის განრიგი რომ ვნახე, ისეთ ძლიერ ჯგუფებს შორის გვიწევდა დაკვრა, ერთი ისიც კი გავიფიქრე, გიტარას გვერდზე გადავდებ და აღარ დავუკრავ-მეთქი, მაგრამ, დავუკარი და საუკეთესო გიტარისტი გავხდი. 1972 წელს ლიეპაეს ფესტივალზე ვიყავი ზღვისპირეთში. ძალიან მომეწონა ბალტიისპირეთი. 1980 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარდა როკფესტივალი, ჩვეულებრივ, ჩამოსულები იყვნენ: გრებენშიკოვი, მაკარევიჩი, რუსული როკჯგუფები. მე მათ ყველას კარგად ვიცნობ, ახლაც მაქვს კონტაქტი. სიმართლე გითხრათ, რუსული როკი არასდროს მომწონდა. პრიმიტიულია, უფრო რომანსია, ვიდრე როკი.

– ჩანაწერები თუ იშოვებოდა მაშინ ადვილად?

– მე აპარატურა არ მქონდა და ვერ ვყიდულობდი. ისე, ზოგი იშოვებოდა, ზოგი – არა, უცხოეთიდანაც ჩამოჰქონდათ.

– ჰიპების მოძრაობის დროს რა ხდებოდა?

– ჰიპების მოძრაობა, მე თუ მკითხავ, ყველაზე ნათელი და ლამაზი ხანა იყო ჩვენი და შემდგომი პერიოდის ახალგაზრდობისაც. ბითლების „all you need is love” მათი ჰიმნი იყო. მართალია, ნარკოტიკების მიმართ ცოტა კი ჰქონდათ მიდრეკილება, მაგრამ, ახლა რომ კოკაინში იხრჩობიან და პერედოზირებით იხოცებიან, ეგრე ნამდვილად არ იყო. უფრო მარიხუანას ეწეოდნენ, მარიხუანა კი, ბევრ ქვეყანაში, თუნდაც, ჰოლანდიაში, ლეგალიზებულია და ნარკოტიკად არც ითვლება. საერთოდ კი, ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ, რომ ყველა როკმუსიკოსი ნარკომომხმარებელია და ნარკოტიკულ ექსტაზში განსაკუთრებით აქტიურად შემოქმედებითია. ჯიმი ჰენდრიქსს საუკეთესო კომპოზიციები სიფხიზლეში აქვს დაწერილი, თუმცა, ჯიმი ნარკომანი არ იყო, სვამდა. მე პირადად, მარიხუანა კი არა, სიგარეტიც კი არ მომიწევია.

– თანამედროვე ქართული როკჯგუფები თუ მოგწონთ?

– ძირითადად – არა. ახლა ეთნომოტივების შეტანა გახდა მოდური, ეს არ არის ნამდვილი როკი. თუ მაინც გადაწყვეტ, ჰიბრიდი გააკეთო, ნიჭიერად უნდა გააკეთო, კარგი „ფიუჟენი” უნდა იყოს. პრიმიტიული ტექსტებია. იცით, ნიკა რატომ წავიდა საქართველოდან? აქ არ არის როკ-ენ-როლის გარემო. აქ მარტო პაპსა შეიძლება დაწერო. ძალიან მომწონს ნიკას მუსიკა, იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია, ის ინტელექტუალური როკის კლასიკურ ტრადიციებს აგრძელებს. მართლა კარგ მუსიკას წერს.

– კლასიკურ მუსიკას და ჯაზს თუ უსმენთ?

– ჯაზსაც, მაგრამ, როკი ბევრად მირჩევნია. კლასიკურ მუსიკაში როკ-ენ-როლის ელემენტებს ხშირად ვპოულობ – რაველის, პროკოფიევის, ლისტის, გრიგის მუსიკაში.

– რომელ ქვეყნებში ყოფილხართ?

– ინგლისი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები... მსოფლიოში ლონდონისნაირი მაგარი ქალაქი არ არსებობს! აი, ლონდონი ისეთია, ლამაზ და მაგარ ქალს რომ გაიცნობ და მდაბიო ქალთან აღარ გინდა ურთიერთობა. ლონდონიდან ამსტერდამში რომ ჩავედი, ამსტერდამი სოფლად მომეჩვენა. არ მომეწონა გერმანია, მხოლოდ ჰამბურგს არა უშავს, რომელიც, ჩემი აზრით, არაგერმანული ქალაქია. ამერიკაში მარტო ნიუ-იორკი მაინტერესებს.

– გერმანელებს თუ ჰყავდათ კარგი როკშემსრულებლები?

– სხვათა შორის, არასდროს ჰყოლიათ. რა ჯგუფია „რამშტაინი,” „ნაზარეთს“, „ვათ სნეიქს“, „ზეპელინს“ შეედრება?

– ვერა.

– ნამდვილად. ეს არის, უბრალოდ, სანახაობა, რიტმი, რომელიც გიყოლიებს და გამოყოფ ადრენალინს, უფრო თინეიჯერების მასაზეა გათვლილი. გერმანელები მხოლოდ გერმანულად მღეროდნენ – თავიანთი ენის პატრიოტები არიან, როკის ენა კი მხოლოდ ინგლისურია.

– მეუღლე როგორ გაიცანით?

– ნიკას დედა, თამრიკო ცაგარეიშვილი, ქუჩაში დავინახე, მომეწონა და მივედი. სუხიშვილების მოცეკვავე იყო, კარგადაც მღეროდა მამასთან ერთად, ორ ხმაში. ერთხელ დახურული კონცერტი ჰქონდა. მაშინ ჩემი მეგობარი ზურა კობეშავიძე ცეკვავდა სუხიშვილებში და ვუთხარი: ზურა, რომ არ შემიყვანო, მოგკლავ-მეთქი. (იცინის). მეორე მეუღლე ბიოქიმიკოსია, ულამაზესი გოგო. ფანტასტიკურად ერკვევა მუსიკის ისტორიაში.


скачать dle 11.3