კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ არის ხმელეთზე მოსახლეობის გამოსაკვებად რესურსი და რამდენ ხანში იქცევა დედამიწა უდაბნოდ

უცხოურ პრესაში გაჩნდა ანალიტიკური მასალები, რის მიხედვითაც, აღმოსავლეთში მომხდარი და ჯერაც მიმდინარე მოვლენები შეუქცევადად გაზრდის ნავთობის მსოფლიო ფასს და, ამ ციფრმა, არც მეტი, არც ნაკლები, შესაძლოა, 200-250 აშშ დოლარს მიუკაკუნოს, რაც, იმის გარდა, რომ ნავთობის მომხმარებელ ქვეყნებს ცხოვრებას გაურთულებს, გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის პროცესსაც გაახანგრძლივებს (ეს საუკეთესო შემთხვევაში; უარესში, შესაძლოა, კრიზისმა შეიბრუნოს). მეორე მხრივ, მომპოვებელ ქვეყნებს უზომოდ გაეზრდებათ შემოსავლები და ასეთთა შორისაა ჩვენი მეზობელი რფ. გარდა ეკონომიკურისა, რა პოლიტიკურ საფრთხეებს შეიცავს ჩვენთვის და იმ ბანაკისთვის, რომელსაც თავს მივაკუთვნებთ, ნავთობის საერთაშორისო ფასის გაძვირება – ამ თემაზე თენგიზ სიგუა გვესაუბრება.

– ნავთობის ფასის ზრდა გარდაუვალია, მაგრამ არ მჯერა, რომ 250 ამერიკულ დოლარამდე ავიდეს ერთი ბარელის ფასი, იმიტომ რომ, ეს იქნება კატასტროფა მსოფლიო ეკონომიკისთვის. ვფიქრობ, განმეორდება 2008 წლის ისტორია, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ერთი ბარელის ფასმა 148 დოლარს მიაღწია. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ ერთი ბარელის ფასი დაახლოებით 150-160 დოლარამდე აიწევს. უფრო დიდი ზრდის შემთხვევაში, ის ეკონომიკურ-პოლიტიკური კოლაფსი, რაც 2008 წელს იყო, მონაგონი იქნება. ამიტომ, ძლიერი სახელმწიფოები, უპირველესად, შეერთებული შტატები, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნავთობის ფასი ასე კატასტროფულად არ გაიზარდოს.

– ყველაფერს გააკეთებს, ანუ რეზერვს აამოქმედებს?

– ჯერ ერთი, შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი შიდა რეზერვი აქვს, მაგრამ, ძალიან უფრთხილდება. მეორეც, ერთ-ერთი ძირითადი მყიდველი ნავთობისა საერთაშორისო ბაზარზე, ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად, რასაკვირველია, შეერთებული შტატებია. ისინი ჭკვიანურად იქცევიან, თავიანთ რეზერვებს უფრთხილდებიან და, სანამ არის საშუალება და მისაღები ფასი, ნავთობს ყიდულობენ, მაგრამ, თუ ნავთობის ფასი კატასტროფულად გაიზრდება, ისინი იძულებული გახდებიან, თავიანთი შიდა რეზერვი აამოქმედონ.

რაც შეეხება რუსეთს: რუსეთი ყოველდღიურად 10 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. ოპეკის ქვეყნებში კი, რომლებიც, აგრეთვე, არიან ნავთობის ძირითადი მიმწოდებლები მსოფლიო ბაზარზე, დღეში მოიპოვებენ 20-22 მილიონ ბარელს. მაგრამ, საქმე ის არის, რომ რუსეთისთვის ნავთობის ფასის გაძვირება, ერთი მხრივ, თითქოს ხელსაყრელია, ოღონდ, ბევრმა არ იცის, რომ რუსეთის ექსპორტში ენერგომატარებლების წილი 72 პროცენტს შეადგენს.

– მით უმეტეს.

– რუსეთი ვერ ყიდის ტექნოლოგიურ ნაწარმს, ამიტომაც, მის ექსპორტში 72 პროცენტი უჭირავს სათბობ-ენერგეტიკულ საქონელს. იმპორტში მანქანა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების წილი 40 პროცენტია. გარდა ამისა, რუსეთი ძალიან ბევრს საკვებ პროდუქტსა და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს ყიდულობს – 20 პროცენტს და ძალიან დიდი რაოდენობით, აგრეთვე, ქიმიური მრეწველობის პროდუქციასა და კაუჩუკს – 18 პროცენტს. ეს რომ დავაჯამოთ, 75-80 პროცენტს მივიღებთ. ეს პროდუქცია კი ნავთობის გაძვირების გამო ისე გაძვირდება, რომ გადაფარავს იმ დიდ მოგებას, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაძვირების შემთხვევაში ნახავდა, რადგან ნავთობის გაძვირებას ავტომატურად მოჰყვება ყველაფრის გაძვირება. ასე რომ, ნავთობის ფასის ზრდით რუსეთი მოგებას ვერ ნახავს და, შეიძლება, წაგებაშიც აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, რუსეთს სხვა გზა, რომ არ იყიდოს დასავლეთისგან მანქანა-მოწყობილობები და სატრანსპორტო საშუალებები, არ აქვს, რადგან ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყანაა. 2000 წელს, როდესაც პუტინი პირველად გახდა პრეზიდენტი, ძალიან კარგად მახსოვს მისი გამოსვლა. მან თქვა: ჩვენ რუსეთი უნდა გარდავქმნათ. დღეს ის ნედლეულის გამყიდველი ქვეყანაა, ამიტომ, უახლოეს ათ წელიწადში უნდა მოვახდინოთ დიდი ტექნოლოგიური ძვრა და რუსეთი ტექნოლოგიურად მოწინავე ქვეყნად გადავაქციოთო. გავიდა ათი წელი და არანაირი ძვრა არ მომხდარა ამ მიმართულებით: როგორც იყო მიბმული რუსეთი ნავთობის ექსპორტს, დღესაც ისევეა. ამიტომ ახლა მათ 2020 წლამდე რუსეთის განვითარების ახალი პროგრამა შეიმუშავეს და იმავეს იმეორებენ: უნდა მოხდეს დიდი ტექნოლოგიური ძვრა და რუსეთი უნდა გარდაიქმნას მოწინავე ტექნოლოგიურ ქვეყნადო. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა აღარ უნდა იყიდოს 40 პროცენტი ტექნოლოგიური ნაწარმი. ტექნოლოგიურად მოწინავე ყველა ქვეყნის: შეერთებული შტატების, იაპონიის, ევროპის ბევრი ქვეყნის, სამხრეთ კორეის იმპორტში 50-პროცენტზე მეტი არის ტექნოლოგიური ნაწარმი და, როდესაც ამ ფონზე შენ ნედლეულს ყიდი და ტექნოლოგიებს იძენ, უკვე კოლონიური სახელმწიფოს რანგში გადიხარ. ამიტომ, ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ნავთობის ფასის ზრდით რუსეთი გაძლიერდება. თუ ოდნავ მაინც ერკვევი ეკონომიკაში, მაშინვე იტყვი, რომ ვერანაირ მოგებას რუსეთი ნავთობის გაძვირებით ვერ ნახავს.

– რუსეთის გარდა, არის სხვა მომპოვებელი ქვეყნებიც. მათ შემთხვევაშიც ასეა?

– არის ისეთი ქვეყნები, რომლებსაც, რუსეთისგან განსხვავებით, არ აქვთ პრეტენზია, იყვნენ ტექნოლოგიურად მოწინავე. რუსეთი ვერ იტყვის უარს იმ ძალიან ძვირად ღირებულ იმპორტზე, რომელსაც ჰქვია მანქანა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი. მეორე მხრივ, მაგალითად, ბაჰრეინიც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანაა, მაგრამ, ის იმდენად ცოტას ყიდულობს ამ სახის ტექნოლოგიურ პროდუქციას, რომ მასზე ტექნოლოგიური პროდუქციის გაძვირება დიდ გავლენას ვერ მოახდენს და ამიტომ დიდ მოგებას ნახავს. რუსეთის უბედურება ის არის, რომ ეს 140-მილიონიანი ერი იძულებულია, იყიდოს დასავლური მოწინავე ტექნოლოგიები და ამაზე უარის თქმა მისი დაღუპვის ტოლფასი იქნება. ეს ესმით რუსეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს და იმიტომ იყო, რომ პუტინი თავს იკლავდა, მაგრამ, ვერ მოახერხა რუსეთის ქცევა ტექნოლოგიურად მოწინავე ქვეყნად. რუსეთი დღეს წელიწადში 500 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. ნახევარს ყიდის, დანარჩენს შიდა მოხმარებისა და რეზერვის შესაქმნელად იყენებს. მაგრამ არის კიდევ ერთი უბედურება: 18 წელიწადში რუსეთის ეს დიდი მარაგი თავდება და, იმედი იმისა, რომ ახალ დიდ საბადოს აღმოაჩენენ რუსეთის ტერიტორიაზე, თითქმის არ არის.

– რატომ?

– კოსმოსიდან გეოფიზიკური მეთოდებით უკვე იმდენადაა შესწავლილი დედამიწა, რომ დიდი იმედი იმისა, არათუ რუსეთში, მთელ დედამიწაზე სადმე აღმოჩნდეს ნავთობის დიდი მარაგი, ფაქტობრივად, აღარ არის. ამიტომ, ყველა ცდილობს, აამუშაოს ენერგეტიკის არატრადიციული მეთოდები. შარშან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყეს მუშაობა და ძალიან დიდი თანხებიც დახარჯეს ფიქალისგან მიღებული ბუნებრივი აირის გამოყენებაზე. წელსაც, რამდენადაც ვიცი, ძალიან დიდ თანხას გამოყოფენ ამ სამუშაოებისთვის. ის ქვეყნებიც იწყებენ ამაზე მუშაობას, სადაც ფიქალის დიდი მარაგია. აუცილებლად უნდა გაძლიერდეს არატრადიციული ენერგეტიკული წყაროების გამოყენების პრაქტიკა, როგორიცაა მზის ენერგია, ქარის ენერგია, ზღვების მოდინებების ენერგია, სიღრმისეული თერმული წყლების ენერგია და ასე შემდეგ. სხვანაირად, მსოფლიოში, ყველანაირი გათვლით, 50 წელიწადში ნავთობის მარაგი ამოიწურება და დგება საკითხი, რით უნდა შეიცვალოს ნახშირწყალბადები.

– მაგრამ, ჯერჯერობით, ისე გამოდის, რომ აღმოსავლეთის ნაწილში არეულობაა, რაც თავისთავად აზარალებს მსოფლიო ეკონომიკას ნავთობის ფასის ზრდის გამო, მეორე მხრივ კი, აღმოსავლეთის ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები მდიდრდებიან?

– მაგალითად, მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი პირველი მიმწოდებელია საუდის არაბეთი: მასაც დიდი ხარჯი აქვს, ოღონდ, საუდის არაბეთი სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს დასავლეთისგან. მაგრამ, ჩემი ანგარიშით, საუდის არაბეთი მაინც მოგებაში რჩება, რადგან ბევრად მეტ დოლარს იღებს ნავთობის გაყიდვით, ვიდრე ხარჯავს შეიარაღებაზე. მაშინ, როდესაც რუსეთი რამდენსაც მოიგებს ნავთობის გაძვირებით, იმდენს წააგებს იმპორტით.

– მაგრამ მუსლიმანური სამყარო ფინანსურად მაინც ძლიერდება ნავთობის გაძვირებით?

– დიახ, მუსლიმანური სამყაროს ნაწილი ძლიერდება.

– და ეს არ არის საშიში დასავლეთისთვის?

– ცხადია, მაგრამ ამერიკა აკონტროლებს ამ პროცესს. პრეზიდენტი ბუში, (შვილი), არ მიმაჩნდა ძლიერ პრეზიდენტად, ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პრეზიდენტი იყო ამერიკის ისტორიაში, მაგრამ ერთ რამეში მე მას ვამართლებდი. ისევე, როგორც კომუნისტებს ჰქონდათ იდეა, გაეწითლებინათ მთელი დედამიწა, მუსლიმანური სამყაროს იდეაა, გაამწვანონ მთელი დედამიწა. აი, ამას რომ ებრძოლო, აუცილებელია კონტროლი მუსლიმანურ სამყაროზე და ამ კონტროლს კარგად ახორციელებდა შვილი ბუში. მას აკრიტიკებდნენ ერაყში ჯარების შეყვანის გამო, მაგრამ, რომ არ შეეყვანა, ღმერთმა უწყის, რას გააკეთებდა სადამ ჰუსეინი. ისიც სწორია, როდესაც დღეს ამერიკა ირანის ქმედებებს აკონტროლებს, რადგან, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ირანის პრეზიდენტი, ატომური ბომბი რომ ჩაიგდოს ხელში. მაგალითად, პაკისტანიც მუსლიმანური ქვეყანაა, მაგრამ იქ იმდენად გაწონასწორებული ლიდერები არიან, რომ პაკისტანი საშიშროებას არ წარმოადგენს მსოფლიოსთვის. მეორე მხრივ, მართალია, კადაფის არ აქვს ატომური იარაღი, მაგრამ, სამაგიეროდ, აქვს ქიმიური იარაღი და იმდენად გაუწონასწორებელია, რომ, შეიძლება, გასცეს ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება. ეს კი არა მხოლოდ ლიბიაზე იმოქმედებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც გადასწვდება. ამდენად, მუსლიმანური სამყაროს კონტროლი აუცილებელია.

– ირანს გააძლიერებს ნავთობის ფასის ზრდა?

– დიახ, მაგრამ, ძალიანაც ვერა, იმიტომ რომ, ირანს საკმაოდ შეზღუდული აქვს ექსპორტი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა ისეთი პირობები, რომ დასავლური სამყარო ირანულ ნავთობპროდუქტებს შეზღუდულად ყიდულობს, ამიტომ ირანს უჭირს თავისი ნავთობის რეალიზაცია, თორემ, მარაგი საკმაოდ დიდი აქვს, გაზის კი – უფრო მეტი მარაგი: ის პირველ ადგილზეა მსოფლიოში და დედამიწაზე გაზის ყოველი მეოთხე კუბმეტრი ირანისაა. თუმცა, როგორც გითხარით, ირანული ენერგომატარებლების რეალიზაცია შეზღუდულია სწორედ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამო: ირანს კვოტა დაუწესეს. სხვათა შორის, კვოტა ჰქონდა დაწესებული ერაყსაც.

– თუ უკიდურესად გამწვავდება ვითარება ნავთობის ბაზარზე, ირანს ხომ შეუძლია, გამოიყენოს ნავთობი დასავლეთთან პოლიტიკური ვაჭრობის თემად?

– რასაკვირველია, მაგრამ დასავლეთი ირანის დღევანდელ ხელისუფლებას არ ენდობა და მასთან მნიშვნელოვან დიალოგზე არ წავა.

– რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ნავთობის გაძვირებით გამოწვეული დარტყმა შეანელოს?

– ჩვენს იმპორტში ენერგომატარებლები პირველ ადგილზეა და ჩვენთვის ეს ძალიან მძიმე ვითარებას ქმნის. ჩვენ მაშინ გვიჭირდა, როდესაც 80 დოლარი ღირდა ერთი ბარელი ნავთობი და, თუ მისი ფასი 150-160 დოლარამდე ავარდება, ჩვენთვის ამას კატასტროფული შედეგი ექნება.

– თუმცა, აშკარაა, რომ ლარის კურსი მყარდება და ამას არ გააკეთებდა ეროვნული ბანკი ხელისუფლების ნებართვის გარეშე?

– ლარის კურსის დასტაბილურება არაფერ შუაშია. იმპორტს ყიდულობ საერთაშორისო ვალუტით, ესე იგი, ძალიან დიდი რაოდენობით დოლარი გაედინება ქვეყნიდან. მეორე მხრივ, შესაძლოა, მაქსიმალურად შეამცირო ნავთობის შესყიდვა, მაგრამ, რაღაც დონის ქვემოთ ვერ შეამცირებ – ხალხს შიმშილით ხომ არ დახოცავ?! აქ არის მეორე დიდი პრობლემა: ნავთობის კრიზისი გადაიჭრება, მაგრამ ამ მეორე პრობლემის გადაჭრის პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. ეს ეხება საკვები პროდუქტების ნაკლებობას. ჯერ კიდევ 1995-2000 წლებში აჩვენებდა ყველა გათვლა, რომ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, გამოკვებოს მხოლოდ ექვს-ნახევარი მილიარდი ადამიანი და, როდესაც 7 მილიარდს გადასცილდებოდა მოსახლეობის ოდენობა, დაიწყებოდა კრიზისული პერიოდი. ხოლო, თუ 8 მილიარდს გადააჭარბებდა, მაშინ უკვე მსოფლიოს მათი გამოკვების აღარანაირი რესურსი აღარ ექნებოდა. მით უმეტეს, გლობალური დათბობაა, რაც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს: გუშინ რომ სავარგული იყო, 10-15 წელიწადში უდაბნოდ გადაიქცევა. დედამიწაზე არსებული რესურსები არასაკმარისი იქნება 8-9 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად.

– ჩვენ გამოვიკვებავთ თავს?

– ყველაზე დიდი დანაშაული, დაწყებული 1990-იანი წლებიდან, იყო ის, რომ მივაგდეთ სოფლის მეურნეობა. მართლია, მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, თითო მოსახლეზე 0,14 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოდის, მაგრამ, კლიმატური პირობებია არაჩვეულებრივი, მიწაა ნოყიერი, წყალი – ულევი. მალე წყალი ნავთობზე ძვირი გახდება, ისე კატასტროფულად იზრდება მსოფლიოში წყლის მოხმარება: პორტუგალიასა და ესპანეთს უკვე უჭირს წყალი, არაფერს ვამბობ აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებზე. ჩვენი ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მოსავლიანობა, სულ ცოტა, შეგვიძლია, სამჯერ გავზარდოთ, არადა, დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80 პროცენტს ვყიდულობთ. ეს ხომ დანაშაულის ტოლფასია?! ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ არა ინდუსტრიულ-აგრარული, არამედ აგრარულ-ინდუსტრიული სახელმწიფო. მართალია, ჩვენ ვერ მოვიყვანთ ხორბლის ჩვენთვის საკმარის რაოდენობას და ხორბალს უნდა ვყიდულობდეთ, მაგრამ, სიმინდი?! 200 000 ტონა სიმინდი მოდის საქართველოში, მაშინ, როდესაც, კარგი აგროტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, 700 000 ტონა მივიღოთ. შევარდნაძის კლანს არ აინტერესებდა ჩვენი პროდუქციის შექმნა, რადგან ისინი აღმოსავლეთში იაფად ყიდულობდნენ უვარგის პროდუქციას და ამაზე უზარმაზარი ფული გააკეთეს. დღევანდელი ხელისუფლებაც ამბობს, რომ ტურიზმი გადაარჩენს საქართველოს. ტურიზმი კარგია, მაგრამ ტურიზმი საქართველოს ვერ გადაარჩენს, საქართველო უნდა გადაარჩინოს აგროსექტორმა. დღეს ჩვენ ვყიდულობთ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მაშინ, როდესაც პირიქით უნდა იყოს – ჩვენ უნდა ვყიდდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს


скачать dle 11.3