კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიარდი დოლარის მიტაცება ბრალდება ტუნისის ექსდიქტატორ ზინ ელ-აბიდან ბენ ალის და რის გამო გაეყარა პირველ ცოლს ის

2010 წლის დეკემბერში ტუნისში დაწყებულმა სახალხო არეულობამ სათავე დაუდო უახლოეს ისტორიაში ყველაზე გახშირებულ სახელმწიფო გადატრიალებებს არაბულ სამყაროში. პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდან ბენ ალის გაქცევის შემდეგ, ეგვიპტეში ანალოგიური სცენარი განვითარდა და ჰოსნი მუბარაქის 29-წლიან მმართველობას წერტილი დაესვა. პოსტიდან გადაყენების შემდეგ შესაძლო კანდიდატად ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი ითვლება, ასევე, რევოლუციური გამოსვლები ბაჰრეინშიც იყო. 2011 წლის 14 იანვრიდან, იმ დღის შემდეგ, რაც ტუნისის მრავალწლიანმა პრეზიდენტმა ბენ ალიმ, რომელიც 23 წლის განმავლობაში ედგა სათავეში ამ აფრიკულ სახელმწიფოს, საუდის არაბეთში გაქცევით უშველა თავს, მასზე უკვე იმდენს აღარ საუბრობენ მსოფლიო მედიაში, თუმცა მისი პიროვნება ჯერაც აქტუალურია, რადგან გადადგომის შემდეგ მრავალი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, რასაც გთავაზობთ კიდეც ტრადიციული რუბრიკის სახით.

* ტუნისის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი ზინ ელ-აბიდან ბენ ალი 1936 წლის 3 სექტემბერს ჰამამ-სუსში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სადაც მის გარდა კიდევ 5 ვაჟი და 5 ქალიშვილი იზრდებოდნენ. დაწყებითი სკოლა ბენ ალიმ მშობლიურ სუსში დაამთავრა. დამამთავრებელ კლასში სწავლის დროს იგი ტუნისის დამოუკიდებლობისკენ მებრძოლი იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი გახდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ანტიკოლონიურ გამოსვლებში. იგი არაერთხელ იყო დაპატიმრებული და მოთავსებული ციხეში, სადაც წამების მეთოდებით უტარებდნენ დაკითხვებს. ტუნისის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 20 წლის ბენ ალი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც სენ-სირის სამხედრო უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. შემდგომში მან არაერთ პრესტიჟულ ევროპულ და ამერიკულ სამხედრო სასწავლებლებში გაიარა კვალიფიკაცია, მათ შორის ფრანგულ, შალონ-ნა-მარნეს საარტილერიო სასწავლებელში. ბენ ალის გენერლის წოდება აქვს.

* 80-იან წლებში ბენ ალიმ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა ტუნისის მთავრობაში. თავდაპირველად იგი ტუნისის ელჩად მსახურობდა პოლონეთში. შემდეგ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ჩაუდგა სათავეში, საიდანაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაიყვანეს. 1987 წელს ტუნისის პირველი პრეზიდენტი და რევოლუციის მთავარი შემოქმედი ჰაბიბ ბურგიბა, ბენ ალის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ნიშნავს, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში ბენ ალი ტუნისის პრემიერ-მინისტრი ხდება. 1987 წელს, ეგრეთ წოდებული „ჟასმინის რევოლუციის” შედეგად, ტუნისის სამუდამო პრეზიდენტი ჰაბიბ ბურგიბა გადაყენებულ იქნა პოსტიდან და პრეზიდენტის თანამდებობა ზინ ელ-აბიდან ბენ ალის ხელში გადავიდა. საერთო ჯამში, ბენ ალი ხუთჯერ იყო არჩეული ტუნისის პრეზიდენტად და უმეტეს შემთხვევაში მას მხარდაჭერას უცხადებდა ტუნისის მოსახლეობის 90 პროცენტი.

* 1992 წელს ზინ ელ-აბიდან ბენ ალი თავის პირველ მეუღლეს – ნაიმი კეფის დაშორდა და ცოლად მოიყვანა ოცი წლით უმცროსი, პროფესიით პარიკმახერი, ლეილა ტრაბელსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მისი ოფიციალური საყვარელი იყო. პირველ მეუღლესთან გაყრის მიზეზი ის იყო, რომ ნაიმიმ ვერ გაუჩინა ბენ ალის ვაჟი, ხოლო ლეილა ტრაბელსისთან ტუნისის მეორე პრეზიდენტს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ეყოლა. აღსანიშნავია, რომ, მას შემდეგ, რაც ლეილა ტრაბელსი ტუნისის პირველი ლედი გახდა, ქვეყანას მისი ოჯახური კლანი დაეპატრონა. მისმა ათივე ძმამ ქვეყნის ეკონომიკა ჩაიგდო ხელში და, ამბობენ, რომ ბენ ალიზე დიდი გავლენა ტუნისში სწორედ ტრაბელსის საგვარეულოს ჰქონდა.

* ტუნისის ექს-პირველი ლედი ლეილა ტრაბელსი, გავლენით არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ზინ ელ-აბიდან ბენ ალის. ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტი სწორედ მის რჩევებს ითვალისწინებდა და რეალური ძალაუფლება სწორედ ლეილას ხელში იყო. ფულისადმი, ფუფუნებისადმი, ძვირფასი ავტომობილებისადმი სიყვარულის გამო, ლეილას ტუნისელები „ლედი მაკბეტს” უწოდებდნენ. იმ პერიოდში, როდესაც ტუნისის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობდა, ლეილა ტრაბელსი კვირაში ცხრა მილიონამდე დოლარს ხარჯავდა ფუფუნების საგნებზე. საყიდლებზე კვირაში ორჯერ ის მხოლოდ დუბაიში დაფრინავდა. გარდა ამისა, სპეციალურად პირველი ლედისთვის, კვირაში ერთხელ, საფრანგეთიდან ტუნისში თვითმფრინავი ჩამოდიოდა, რომელსაც პრეზიდენტის ოჯახისთვის სენ-ტროპედან ნაყინი ჩამოჰქონდა. ლეილას არც მისი უმცროსი ქალიშვილი ნესრინი ჩამორჩებოდა: პრეზიდენტის შვილს საკუთარი ზოოპარკი ჰქონდა, სადაც ცხოველებს, უმეტეს შემთხვევაში – იშვიათი ჯიშის ვეფხვებს, მხოლოდ დელიკატესებით კვებავდნენ. ნესრინი იმითაც გამოირჩეოდა, რომ სპეციალურად მისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო რესტორნებიდან სპეციალური ავია-რეისებით სადილები იგზავნებოდა. აქციებზე ტუნისელები ნესრინის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ და მას მარია ანტუანეტას ბედის გაზიარებას ჰპირდებოდნენ, რომელმაც სიცოცხლე გილიოტინაზე დაასრულა.

* სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, ზინ ელ-აბიდან ბენ ალიმ და მისმა ოჯახმა ტუნისის სათავეში 23-წლიანი ყოფნის პერიოდში, ქვეყნიდან 20 მილიარდამდე დოლარის კაპიტალი გაზიდეს ევროპის ბანკებში. ახლახან ფრანგულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „შერპამ” თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ბენ ალისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადგილსამყოფელი. ბინები და სახლები პარიზის სხვადასხვა უბანში საერთო ღირებულებით 200 მილიონი ევრო, ბენ ალის სახელზეა რეგისტრირებული. გარდა ამისა, ფრანგული გაზეთ „ლე მონდის” ცნობით, გაქცევის დროს, 14 იანვარს, ლეილა ტრაბელსიმ და ბენ ალიმ თვითმფრინავით თან გაიყოლეს 1,5 ტონა ოქრო, საერთო ღირებულებით 45 მილიონი ევრო. ასევე, ბენ ალის გაქცევის შემდეგ ცნობილი გახდა ჩხრეკის შესახებ, რომელიც მის სასახლეში ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ბენ ალის თავისი სასახლის ბიბლიოთეკასა და კაბინეტში გაკეთებული ჰქონდა სპეციალური სამალავები, სადაც აღმოჩენილ იქნა ძვირფასი ქვები, ოქროს ზოდები, ოქროს მონეტები, ალმასები, რომელთა საბაზრო ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს შეადგენს.

* გაქცევის შემდეგ პრეზიდენტი და მისი ოჯახი საუდის არაბეთმა შეიფარა და პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. დაზუსტებული ინფორმაციით, ზინ ელ-აბიდან ბენ ალი ქალაქ ჯედაში, საუდის არაბეთის მეფის მიერ გამოყოფილ სასახლეში ცხოვრობს და მის უსაფრთხოებაზე საუდის არაბეთის სპეცრაზმი ზრუნავს. თებერვალში, გაქცევიდან ერთი თვის თავზე, გავრცელდა ცნობა, რომ ბენ ალიმ ინსულტი გადაიტანა და ამჟამად იგი კომაში იმყოფება, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერაც არ არის დადასტურებული. საინტერესოა, რომ ჯედაში გამგზავრების შემდეგ, ლეილა ტრაბელსიმ მიატოვა მეუღლე და ამჟამად დაუდგენელია, სად იმყოფება. სხვადასხვა ინფორმაციით, ტუნისის ექს-პირველი ლედის კვალი ლიბიაში ან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იკარგება. ხოლო მისი ძმები, რომლებმაც ასევე დატოვეს ტუნისი, ამჟამად ოჯახებთან ერთად საფრანგეთში იმყოფებიან. ისინი „დისნეი ლენდის” სასტუმროში არიან დაბინავებულნი, სადაც თითო ნომერში ერთ დღე-ღამეში 500 ევროს იხდიან.


скачать dle 11.3