კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნიკალურ ნივთებს ინახავს დავით ვაშაძის კოლექცია და რით ვერ დაიკვეხნის მსოფლიოს ვერც ერთი აუქციონი მშრალ ხიდთან შედარებით



დაახლოებით ათი წელია, რაც ექიმი დავით ვაშაძე კავკასიური სიძველეების შეგროვებამ გაიტაცა. მის კოლექციაში ნახავთ როგორც უძველეს საყოფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების ნივთებს, ასევე ინსტრუმენტებსაც. ჩვენ ბატონ დავითს სამუშაო კაბინეტში შევხვდით, სადაც მისი კოლექციის მცირე ნაწილია თავმოყრილი. მიუხედავად ამისა, ჩვენი საუბარი საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა.

დავით ვაშაძე: ჩემს კოლექციაში ძირითადად თავმოყრილია ძველი საყოფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების ნივთები და ინსტრუმენტები. ამ კაბინეტში ხედავთ ჩემი კოლექციის მცირე ნაწილს, რომელიც წარმოადგენს ყველა პერიოდს. სამწუხაროდ, არ არის საშუალება იმისა, რომ უფრო დიდი რაოდენობით გამოვფინო. ვინც ჩემს ძველ კაბინეტში ყოფილა, დამეთანხმება, რომ იქ უფრო შთამბეჭდავად იყო წარმოდგენილი ჩემი კოლექცია.

– თქვენი კოლექციის ყველა ნივთი ქართულია?

– საქართველო იყო ამიერკავკასიის ცენტრი. ზოგს ჰგონია, რომ თასი ან სურა, ვერცხლისა თუ სპილენძის, აუცილებლად დაღესტნური უნდა იყოს. ეს ასე, არაა. თბილისში მუშაობდა ყველა ეროვნების ოსტატი: ლეკიც, ყაბარდობალყარელიც, ინგუშიც, ქართველიც და ასე შემდეგ. აქ ხდებოდა იარაღისა თუ ჭურჭლის ფორმის შეთავსება, შეჯერება მთავარი სკოლა აქ იყო, ჩვენთან.

რაც შეეხება თიხის ნაკეთობებს, – საქართველოში ფაიფურის კულტურა არ არსებობდა, მხოლოდ თიხის წარმოების კულტურას მისდევდნენ. ჩემს კოლექციაში ნახავთ უნიკალურ ქართულ ფილტრიან თიხის ჭურჭელს, რომელიც გამოიყენებოდა ღვინის სასმისად და საფილტრავად. ასევე – თიხის ბრტყელტუჩიან, მცირე ზომის დოქს. საერთოდ, თიხა ყველაზე ძველი კერამიკული მასალაა, რომელიც გამოიყენებოდა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის დასამზადებლად. გარდა ამისა, მისგან მზადდებოდა კრამიტი და ხდებოდა სახლის გადახურვა.

– ეს კრამიტის ნიმუშიც ამიტომ მოხვდა ამ კოლექციაში?

– ეს არის ძველი ქართული დაჩუქურთმებული კრამიტის ნიმუში, რომელიც იყო ამილახვრების სახლისა და განეკუთვნება მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებს.

ასევე თიხისგანაა დამზადებული ამ კოლექციაში წარმოდგენილი ძველი ქართული კლასიკური მაწვნის ქილები, რომლითაც ვირზე აკიდებული ხურჯინით დაჰქონდათ მაწონი.

– ეს ულამაზეს ფერებში მოჭიქული ქოთანი რომელ საუკუნეს განეკუთვნება?

– ეს მოჭიქული, ფერადი ქოთანი ქართულია და განეკუთვნება მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებს. საქართველოში მზადდებოდა წერნაქი, რითაც ხდებოდა თიხის მოჭიქვა და შემდეგ მისი მოხატვა, რაც, სამწუხაროდ, დღესდღეობით დაკარგულია, თუმცა კასპის რაიონში შემორჩენილია წერნაქის გაკეთების ტრადიცია, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც.

– რაც შეეხება ამ კოლექციაში წარმოდგენილ ინსტრუმენტებს?

– მაქვს ქართული დიპლიპიტო, რომელიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია, აქვს არაჩვეულებრივი ჟღერადობა და აკუსტიკა. მასზე ჩანაწერი გააკეთა ბევრმა ქართულმა ანსამბლმა, ისევე, როგორც ამ დაირაზე.

– რომელ საუკუნეს განეკუთვნება ეს ინსტრუმენტები?

– ეს ინსტრუმენტები მეჩვიდმეტე საუკუნეს განეკუთვნება.

– თქვენ როგორ ჩაგივარდათ ისინი ხელში?

– შემთხვევით. მე ვიტყოდი, ამ გაჭირვების წლებმა მოიტანა, რომ საქართველოდან გაიყიდა უნიკალური ნივთები, რომელთაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სამწუხაროდ, მსოფლიოში ვერც ერთი აუქციონი ვერ დაიტრაბახებდა ისეთი ძვირფასი ნივთებით, როგორც ჩვენი მშრალი ხიდი. მოსკოვში ყოველთვის გაოცებული იყვნენ, რამდენჯერ უთქვამთ: „ნე პრეკრაშაეტსია, ნე ისჩერპაეტსია გრუზინსკაია კულტურა... ვსიო უ ვას, ვსიო უვას“... ქართველი კაცი ესთეტი იყო ყოველთვის, ნებისმიერ საუკუნეში. როდესაც ის უცხოეთში მოხვდებოდა, ყოველთვის ცდილობდა სამშობლოში წამოეღო რაიმე ღირებული და კარგი. ეს მოგროვდა... მოგროვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეულმა წლებმა ჩვენ მოგვიტანა ამ ნივთების ისევ საქართველოს საზღვრებს მიღმა გადინება კატასტროფული ტემპითა და რაოდენობითაც.

– რამდენი წელია, რაც ეს კოლექცია გროვდება?

– ალბათ, ათი წელია, რაც ეს კოლექცია გროვდება. პარალელურად კი ვნადირობ, ვთევზაობ, ჩოხოსნების წევრი ვარ, მაქვს ჩემი, საკმაოდ საინტერესო ჩაცმულობა, რითაც მე ძალიან ვამაყობ.

– ეს რქაზე გაკეთებული კომპოზიცია თქვენი ფანტაზიის ნაყოფია?

– ქართულ დედაბოძზე დამაგრებული იყო ხოლმე ირმის ან ჯიხვის რქები, მასზე იკიდებოდა ზარი, ზანზალაკი და საყოფაცხოვრებო მოხმარების სხვა ნივთები. ეს იყო იმ დარბაზის მორთულობა, სადაც დარბაზობა და ნადიმი იმართებოდა ხოლმე. ვიზუალიზაცია ძალიან დიდ როლს თამაშობდა ქართველის ბუნებასა და კულტურაში. ძველი ქართული კულტურის მუზეუმში ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება. ევროპაში დანა-ჩანგალი მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში შემოვიდა, საქართველოში კი აღმოჩენილი გვაქვს ძველი, ქრისტეს შობამდე 1 000-2 000 წლის წინანდელი ჩანგალიც, დანაც, კოვზიც და დახვეწილი სუფრის სხვა საკულტო ნიმუშებიც.

რაც შეეხება ღვინის სასმისებს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს სასმისის იმდენი ნიმუში, რამდენიც ქართველებს, იქნება ეს კულა, დოქი, ჭინჭილა, ყანწი, აზარფეშა თუ სხვა მრავალნაირი ფორმისა და ზომის სასმისი, ქართული სუფრის სამშვენისები ერქვა მათ.

დღესდღეობით რესტორნების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების ქვეყანა ვართ... იმიტომ რომ, როცა ადამიანს სხვა რამეში არ ჰყოფნის თანხა, ყოველთვის სამყოფია რესტორანში შესასვლელად (იცინის). მიხარია, რომ ქართულ რესტორნებში წამოვიდა ძალიან კარგი ტრადიცია – დაიწყეს ქართული რესტორნების მოწყობა ქართულ სტილში, რაც ძალიან მომწონს. ამით კიდევ უფრო გაცოცხლდა და გაძლიერდა სურვილი უძველესი და ტრადიციული ნივთების კვლავ შეგროვებისა და თავმოყრისა. თუ ადრე 8-10 კაპიკად ჯართად აბარებდნენ სპილენძის უნიკალურ ნივთებს, რომელიც ქვეყნიდან გაედინებოდა ან, სულაც, ადნობდნენ, ახლა კვლავ შეგროვებით დაინტერესდნენ. მე ეს მახარებს. შეიძლება, ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა: თუ ეს ყველაფერი არ იქნება, რა გვაკლდება?! არაფერი, – იქნება ჩემი პასუხი. გააჩნია ადამიანს, ვისთვის როგორ. ვიღაცისათვის ფასეულია, ბოდიში, პირდაპირ ვიტყვი მარადონას „ტრუსიკი“ და, დღეს რომ აუქციონზე გამოიტანოთ, მილიონს გადაიხდიან მასში. ჩემთვის კი ეს ნივთებია ფასეული.

– თქვენ თუ გადაგიხდიათ დიდი თანხა რომელიმე ნივთის შესაძენად?

– რა თქმა უნდა. არც დავფიქრებულვარ და ბანკიდან კრედიტიც ამიღია ამის გამო.

– ოჯახის წევრები როგორ ხვდებიან ამ თქვენს გატაცებას?

– ამაზე ხშირაც ვხუმრობთ ხოლმე. დავუშვათ, რაღაც ნივთს მივიტანდი სახლში. ამას, როგორც წესი, მოჰყვებოდა ჩემი ძმის კითხვა: „საიდან გაქვს?“ მე ვპასუხობდი: „მაჩუქეს“, მისი მორიგი კითხვა იყო ხოლმე: „რამდენად გაჩუქეს?“ (იცინის) კარგად მოეხსენებოდა, რომ ამ ნივთებისთვის ბოლო კაპიკის გამღები ვიყავი და ახლაც ვარ.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– როგორ არა, ძალიან ხშირად მიყიდია ნივთი, რომელიც გამიჩუქებია. ჩემთვისაც უჩუქებიათ, მაგალითად: ეს ჩაზნექილი ჩამჩა ყაზბეგში მაჩუქეს. ის ისტორიული და საინტერესოა არა მხოლოდ თავისი სიძველით, არამედ ერთი ამბითაც. გვარი არ მინდა დავასახელო... თურმე, ეს სპილენძის ჩამჩა ხატობის დროს ხევისბერმა მოუქნია და უთავაზა თავში ურწმუნო კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, რისთვისაც ხევისბერმა სამი წელი გაატარა ციხეში. როგორ არის ახლა ის თავმჯდომარე-მეთქი, მოგვიანებით ვიკითხე. კარგა არის, კარგა, ცოტა ყბას მაუქცევს და თვალ დარჩა მოჭუტული, თორემ იგრე არა უშავო (იცინის). ამიტომაა ეს ჩამჩა ჩაზნექილი. (იცინის).

ეს კი მეთერთმეტე საუკუნის ქართული, საეკლესიო დროშის ეჟვანია, რომელიც სვანეთიდან ჩამოვიტანე.

– რას ნიშნავს თქენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია მიქმნის სასურველ გარემოს. მაყენებს კარგ განწყობაზე. ალბათ, მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა მუშაობა.

ეკა სალაღაია


скачать dle 11.3