კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსალოდნელი დიპლომატიური სკანდალის მიუხედავად, სტალინმა გერმანელებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდა

„მომავალი რევოლუცია გერმანიაში მსოფლიო მოვლენაა. გამარჯვება ევროპისა და ამერიკის პროლეტარიატისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება – რუსეთის რევოლუციაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ექვსი წლის წინათ მოხდა. გერმანელი პროლეტარიატის გამარჯვება, მსოფლიო რევოლუციის ცენტრს მოსკოვიდან ბერლინში გადაიტანს და ევროპის მუშურ-გლეხური შეერთებული შტატების შექმნას გარდაუვალს გახდის. სად უნდა იყოს დიადი ქვეყნის დედაქალაქი, თუ არა მარქსისა და ენგელსის სამშობლოში, ბერლინში. „როტე ფანე,” წინასწარ გილოცავთ წარმატებას, რადგან თქვენ იქნებით შუქურა, რომელიც გერმანიის პროლეტარიატს ბედნიერებას მოუტანს“.

სტალინი (1923 წლის 10 ოქტომბერი, გერმანიის კომპარტიის ორგანო, გაზეთი „როტე ფანე”).

ტექსტს დიპლომატიური სკანდალის გამოწვევა შეეძლო, რადგან გერმანიის მოქალაქეებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ საბჭოთა რუსეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მოუწოდებდა. ხელნაწერი რუსულ ენაზე, აკურატული კალიგრაფიით იყო დაწერილი, ამიტომ გერმანელმა მკითხველმა ყურადღება იქვე, გერმანულ ენაზე ნათარგმნ სტამბურ ტექსტზე გადაიტანა. შემდგომში სხვადასხვა გამოცემებიდან ეს მიმართვა გაქრა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ არავის უნდოდა, რუსეთის ინიცირებით, გერმანიის ხელისუფლების დამხობის გეგმა გახმაურებულიყო. ამ ნაკლებად ცნობილ ეპიზოდთან დაკავშირებით სსკპ-ს არქივში დღემდე ინახება დოკუმენტაცია. საქმეს ჰქვია „გერმანიის კომუნისტური პარტია და გერმანიის რევოლუცია” და ფანტასტიკასავით იკითხება. მთავარი გმირები არიან – ზინოვიევი, ტროცკი, მოლოტოვი, ტელმანი, კლარა ცეტკინი და იოსებ სტალინი. მცდარია მსჯელობა, რომ სტალინი პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ქვეყნის შიდა საქმეებითა და სამხედრო პოლიტიკით იყო დაკავებული. სოსო ჯუღაშვილს მაშინ ამ საკითხებთან დაკავშირებით ცოტა რამ მოეკითხებოდა. ქვეყანას, ფაქტობრივად, სხვები განაგებდნენ. ამიტომ, მან საერთაშორისო საქმიანობაზე გადაიტანა მთავარი პოლიტიკური აქცენტები. ეს იდეალური გადაწყვეტილება იყო, რადგან ხელისუფლებას დახარბებული ადგილობრივი ლიდერები, მხოლოდ რუსეთში მიმდინარე მოვლენებით იყვნენ გატაცებულნი. სტალინმა, რომელსაც არც პროტეჟე ყოლია და არც პატრონი, კომუნისტურ ინტერნაციონალზე გაამახვილა ყურადღება (კომინტერნი), რომლის შტაბი „იკკი” (კომუნისტური ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტი) მცირე დროში მას დაექვემდებარა. რაც შეეხება აღნიშნულ გერმანულ თემას, გერმანიის კომუნისტური პარტია მეორე იყო რიცხოვნობითა და სიძლიერით, ბოლშევიკების შემდეგ. სტალინმა, როგორც ყოველთვის, იდეალურად შეარჩია სამოქმედო ასპარეზი – საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაში მისი როლი და ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდა. ერთი წელი არ იყო გასული, რომ რევოლუციის მამებმა აღმოაჩინეს: ღია თუ საიდუმლო კორესპონდენციები მათ სახელზე კი არა, მხოლოდ სტალინის სახელზე მოდიოდა. განსაკუთრებული ყურადღება ტროცკიმ გამოიჩინა და საკითხიც კი დააყენა თათბირზე, კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც ევროპის საკითხებზე იმუშავებდა. ცხადია, ისინი სტალინის ხელში დიდი ძალების კონცენტრაციამ შეაშფოთათ და მაშინ ყველამ ტროცკის დაუჭირა მხარი, მათ შორის გერმანელმა დელეგატებმაც. თუმცა მან აღნიშნა, რომ მხარს კი დაუჭერს მათ, მაგრამ გერმანიაში მდგომარეობა სხვაგვარადაა, ვიდრე წარმოუდგენიათ.

უსტალინოდ გაკეთებული საქმე

1923 წლის ბოლოს, მოსკოვის უმაღლესი პოლიტიკური წრეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, გერმანიაში რევოლუციური სიტუაცია იყო და გადაწყვიტეს, რომ ამ პროცესს ხელშეწყობა სჭირდებოდა. ამავე წლის ივლისში პოლიტბიურომ გერმანული საკითხების ექსპერტის, კარლ რადეკის ანგარიში მოისმინა. გერმანელი კომუნისტები ირწმუნებოდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. სტალინმა მოითხოვა მათი ლიდერების მოსკოვში გამოძახება. 22 აგვისტოს მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელსაც სტალინმა ხმა არ მისცა: 1) ცენტრალურ კომიტეტში არსებული მასალების და გერმანიის კომპარტიის ხელმძღვანელობის მოხსენების საფუძველზე, ჩაითვალოს, რომ გერმანიის პროლეტარიატი დგას ხელისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპის წინაშე; 2) არა მხოლოდ გერმანიისა და რუსეთის კომპარტიებმა, არამედ მთელმა კომუნისტურმა ინტერნაციონალმა მაქსიმალურად გააძლიეროს მუშაობა ამ მიმართულებით; 3) პოლიტბიურო ავალებს რუსეთის კომპარტიის დელეგაციას, კომინტერნის სხდომებისთვის შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე და შემოიტანოს პოლიტბიუროში დასამტკიცებლად; 4) ამოცანები ამ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით: ა) საბჭოთა რესპუბლიკების მშრომელთა მასების მომზადება, ბ) საბრძოლო ძალების მობილიზება, გ) ეკონომიკური დახმარების გაწევა გერმანიის პროლეტარიატისთვის, დ) შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა.

აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად, შეიქმნა სპეციალური კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზინოვიევი, სტალინი, ტროცკი, რადეკი, ჩიჩერინი. მათვე დაევალათ, ადგილობრივი კომიტეტებისთვის დახურული წერილებისა და თეზისების დაგზავნა საგაზეთო კამპანიისთვის. მაინც რას ელოდნენ მოსკოვში გერმანული რევოლუციისგან? თეზისები ზინოვიევმა შეიმუშავა და პოლიტბიუროს წევრებს დაუგზავნა. ამჯერად, სტალინმა თავი შეიკავა, პოლიტბიუროს ყველა წევრმა კი მოიწონა. 23 სექტემბრის დოკუმენტი მრავლისმეტყველია, უფრო სწორად, ბოლშევიკების მიერ თავის მოტყუების შედევრია. იქ წერია, რომ თითქოს გერმანელი და საბჭოთა ხალხების მეგობრობის პერსპექტივა დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას მილიონობით მომხრე ჰყავს; რომ საბჭოთა გერმანია დაარსების პირველივე დღეებში, მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებს საბჭოთა ხალხთან. გარდა ამისა, ჩვენი სოფლის მეურნეობის შერწყმა გერმანულ მრეწველობასთან უზარმაზარ ეფექტს მოგვცემს; რომ გაერთიანებით შეიქმნებოდა მსოფლიოს ისტორიაში აქამდე არარსებული სამხედრო ძლიერება, რაც მათ მსოფლიო იმპერიალიზმისგან დაიცავდა. სტალინს, სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა შეხედულება ჰქონდა. ის არ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა გერმანიის იდეას, მაგრამ მიაჩნდა, რომ ომი გარდაუვალი იქნებოდა და, თუ მაინც ასე მოხდებოდა, ევროპის მუშურ-გლეხური რესპუბლიკების შეერთებული შტატების შექმნა ჯობდა. ის ფიქრობდა, რომ დღესვე იყო საჭირო ევროპული ქვეყნების მომავალი არსებობის ფორმებზე ფიქრი. უმრავლესობამ მაინც თავისი გაიტანა – 1923 წლის 20 ოქტომბერს ცეკას სამხედრო კომისიამ წითელი არმიის მობილიზაციის გეგმა შეიმუშავა: გერმანიის პროლეტარიატის შეიარაღებული დახმარებისთვის მილიონი მებრძოლი გამოყო. სპეციალურად შეიქმნა 20 ახალი დივიზია. ადამიანებს საგანგებოდ არჩევდნენ, განსაკუთრებით მათ, ვინც გერმანული ენა იცოდა (პირველი მსოფლიო ომის დროს მრავალი რუსი სამხედრო ჩავარდა ტყვედ). 1923 წლის 24 ოქტომბერს, პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება და გერმანიის რევოლუციის თარიღად 9 ნოემბერი დანიშნა. სტალინის წინასწარმეტყველება გამართლდა, საბჭოთა გერმანიის დაბადების დღე არ შედგა. მიზეზი პრიმიტიული იყო – ამას არც აპირებდა და ვერც მოახერხებდა გერმანელი ერი. ზინოვიევისთვის გაგზავნილ წერილში, იოსებ ბესარიონის ძე საკმაო ირონიით წერდა: „გერმანიის საკითხებთან დაკავშირებით, საქმე რადეკთან არ არის. საეჭვოა, რომ დღეს კომუნისტები ხელში ძალაუფლების ჩაგდებას ცდილობდნენ, მომწიფდნენ კი ისინი ამისთვის? – აი, მთავარი საკითხი. ჩვენ რუსეთში ძალაუფლების აღებისას დიდი რეზერვი გვქონდა, თუნდაც მოწოდებები: მშვიდობა, მიწის გადაცემა გლეხებისთვის, მუშების მხარდაჭერა, გლეხების თანაგრძნობა. გერმანელ კომუნისტებს ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი აქვთ. ახლა ძალაუფლება ხელშიც რომ ჩაიგდონ, კარგ შემთხვევაში, მალევე დაკარგავენ, ცუდ შემთხვევაში კი, მემარჯვენეები გენერალურ ბრძოლას გაუმართავენ და სასტიკად დამარცხდებიან. არც ფაშისტებს სძინავთ და მიაქციეთ ყურადღება მათ განვითარებას. ჩვენთვის უმჯობესია, ისინი თავად გააქტიურდნენ. ეს მუშათა კლასს კომუნისტების ირგვლივ გააერთიანებს. გერმანია ბულგარეთი არ არის. გერმანელები უნდა შევაკავოთ და არა წავაქეზოთ, კარგად ბრძანდებოდეთ – ი. სტალინი.”

სოციალური ქვეყნების ბანაკი

სტალინმა საბჭოთა გერმანია მოგვიანებით, მაგრამ მაინც შექმნა, ისე, როგორც თვითონ წარმოედგინა. 1949 წელს, გერმანიაში, ბერლინში, ზარ-ზეიმით აღნიშნეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების დღე. ყველგან სტალინის მისასალმებელი ლოზუნგები და პორტრეტები იყო გამოფენილი, ათასგვარი წარწერები ამშვენებდა მათ – დიდება სტალინს! გერმანელი ერის მხსნელი, ნამდვილი მარქსისტი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ევროპის შეერთებულ შტატებს, ის მოგვიანებით, მაგრამ მაინც დაარსდა. თუმცა, სხვა სახელწოდებით: „ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია”, ის რვა მუდმივ წევრს აერთიანებდა – საბჭოთა კავშირს, ალბანეთის სახალხო რესპუბლიკას, ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკას, რუმინეთის სოციალისტურ რესპუბლიკას, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკას, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკას, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას. ეს უზარმაზარი სივრცე იყო, რომელიც სოციალისტური ქვეყნების ბანაკის სახელით შევიდა ისტორიაში. თუმცა, ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მოსკოვში იყო და არა ბერლინში.


скачать dle 11.3