კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოქმედებით ჩააგდო შოკში გაეროს კომისიის წევრები ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა და რატომ დააპატიმრა მან თავისი ორეული



10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი



ის ამერიკელი ინდიელების პირველი შთამომავალია, რომელიც ამ ლათინო-ამერიკულ ქვეყანას სათავეში ჩაუდგა, და სავარაუდოდ, ისიც, ახლო მომავალში ნიკარაგუის და ვენესუელის მსგავსად, აღიარებს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას. ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი, უგო ჩავესთან, დანიელ ორტეგასთან, რაულ კასტროსთან, კიმ ჩენ ირთან და მაჰმუდ აჰმადინეჯადისთან ერთად კაპიტალიზმთან და ამერიკულ გავლენასთან მებრძოლთა კავშირის წარმომადგენელი და რუსეთის მოკავშირეა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ამ ფაქტების გათვალისწინებით საჭიროდ მივიჩნევთ გაგაცნოთ ამ ადამიანზე გავრცელებული საინტერესო ცნობებისგან შემდგარი ტრადიციული ათეული.

1. ელ ევოს, როგორც მას ბოლივიაში უწოდებენ, ძალიან უყვარს იმის გახსენება, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე იგი იყო მწყემსი, აგურების გამომწვავი, მცხობელი და კოკის (მცენარე, რომლის ფოთლებიდან ნარკოტიკი – კოკაინი გამოჰყავთ) მომყვანიც კი. „ჩემს ბავშვობაში, ერთადერთი, რაც სახლში გვქონდა, ეს იყო სიმინდით სავსე ტომარა. დედა კი სიმინდისგან ამზადებდა საუზმეს, სადილსაც და ვახშამსაც. ხანდახან დღესასწაულებზე მშობლები შებოლილი ხორცის პატარა ნაჭერს მაძლევდნენ“, – ასე იხსენებდა თავის ბავშვობას ბოლივიის პრეზიდენტი ერთ-ერთ ინტერვიუში. ევო მორალესი ბოლივიის დედაქალაქ ლა პასიდან, 400 კილომეტრით დაშორებულ ორუროს რაიონში დაიბადა 1959 წელს და მხოლოდ 12 წლის ასაკში გაემგზავრა ის დედაქალაქში, სადაც მამასთან ერთად ცხოველების ბაზრობაზე საკუთარ ფერმაში გაზრდილი ლამები წაიყვანეს გასაყიდად. მიუხედავად იმისა, რომ ევოს უკიდურეს გაჭირვებაში ჰქონდა გატარებული ბავშვობა, ის მაინც ხალისიანად იხსენებს იმ პერიოდს და თავის ცხოვრების საუკეთესო წლებად მიიჩნევს.

2. 2006 წელს ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა საკუთარი ხელით კოკის ფოთლებისგან გამომცხვარი ნამცხვარი გაუგზავნა კუბური რევოლუციის კომანდანტეს ფიდელ კასტროს, რომელიც 80 წლის იუბილეს აღნიშნავდა. „ბატონო ფიდელ, მე გიგზავნით ამ ნამცხვარს და გამოჯანმრთელებას გისურვებთ. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ჩემი კერპი“. მისალოც ბარათში მორალესმა ზუსტად ეს სიტყვები ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად არჩევიდან მეორე დღესვე მორალესმა მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება დაიწყო კუბასთან და ვენესუელასთან. კაპიტალისტურ აზროვნებასთან მებრძოლ ამ ორი სახელმწიფოს ლიდერთან.

3. მსოფლიო საზოგადოება 2009 წლის გაზაფხულზე საკმაოდ საინტერესო ფაქტის მომსწრე გახდა. ბოლივიის მოქმედმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა შიმშილობა დაიწყო იმის მოთხოვნით, რომ პარლამენტში შესავალ ოპოზიციურ პარტიებს ნება დაერთოთ, წლის ბოლოს ჩატარებულიყო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 10 დღის განმავლობაში ევო მორალესი მხოლოდ კოკის ფოთლებს ღეჭავდა და წყალს სვამდა. საჭმლის მიღებაზე ის კატეგორიულ უარს აცხადებდა. აღსანიშნავია, რომ მისმა პროტესტმა გაამართლა და წლის ბოლოს ბოლივიაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

4. ევო მორალესმა „გაეროს“ ნარკოტიკული საშუალებების კომისიის სხდომაზე, რომელიც ვენაში იმართებოდა დემონსტრაციულად დაიწყო კოკის ფოთლების ღეჭვა. თავის გამოსვლაში ევო მორალესმა განაცხადა, რომ კოკა სრულიად განსხვავდება კოკაინისგან და არ იწვევს მიჩვევას. გარდა ამისა, ეს მცენარე სასარგებლოც კია, რადგან მას კოფეინის შეცვლა შეუძლია. მორალესი ითხოვს, რომ კოკა ამოიღონ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების სიიდან და დაუშვან მისი ლეგალიზება.

5. ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესის ორეული ქალაქ სანტა-კრუსის პოლიციამ დააპატიმრა და ბრალად თაღლითობა და გამომძალველობა წაუყენა. ინდიელთა ტომ აიმარების შთამომავალი ვალერიო კესო, ცნობილი 2007 წელს გახდა, როდესაც მხატვრულ ფილმში „ევო – ხალხი“ პრეზიდენტი მორალესი განასახიერა. ფილმი ევო მორალესის ცხოვრებას და მის პოლიტიკურ კარიერას ეხებოდა. კესო იმდენად ჰგავს მორალესს, რომ ხშირად პრეზიდენტში ერეოდათ. ამით სარგებლობდა კიდეც მსახიობი და საკუთარ თავს პრეზიდენტად ასაღებდა. საბოლოოდ ევო მორალესს მობეზრდა, რომ მისი ორეული თაღლითური გზით მის სახელს შეურაცხყოფას აყენებდა და ბოლივიელ პოლიციელებს მისი დაპატიმრებისკენ მოუწოდა.

6. ბოლივიის მოქმედმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ყველა ახალდაქორწინებული ბოლივიელი წყვილი საკუთარ ბინას მიიღებს. მისი თქმით, მთავრობამ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ბინებით უზრუნველყოფს ყველა ახალდაქორწინებულს. ყოველწლიურად ბოლივიაში 22 ათასამდე ქორწინება რეგისტრირდება და მორალესი ვარაუდობს, რომ ამ დაპირების გამო მას ხელმეორედ აირჩევენ პრეზიდენტად. ეკონომიკური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს დაპირება ბლეფია, რადგან ბოლივიის მთავრობას არ აქვს იმის საშუალება ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებით უზრუნველყოს.

7. ცნობილია, რომ ევო მორალესს საკმაოდ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ მორალესი 30 მილიონი დოლარის ღირებულების საპრეზიდენტო თვითმფრინავის „ან-148“-ის შეძენას გეგმავს, რომელიც ამერიკულ „საბრს“ ჩაანაცვლებს. ასევე მორალესი რუსეთში იძენს სამხედრო შეიარაღებას და არაერთხელ უთხოვია კიდეც პუტინისა და მედვედევისთვის, რომ ბოლივიისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოეყოს იარაღის შესაძენად. მოსკოვში, ერთ-ერთი უკანასკნელი ვიზიტის დროს მორალესი, რომელსაც საშუალო განათლებაც არ მიუღია რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოვეს. საზეიმო ცერემონიალზე მორალესმა საინტერესო ფრაზა წარმოთქვა – „მე ძალიან მჭირდება ფული, იარაღი და ბევრი რუსული თოვლი“.

8. ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის თანახმად ბოლივია, რესპუბლიკური სახელმწიფოს ნაცვლად მრავალნაციონალურ სახელმწიფოდ გადაიქცა. ასევე მისი ბრძანებით შემცირდა პრეზიდენტის ხელფასის ოდენობა და ამიერიდან მორალესი თვეში 1 800 დოლარს მიიღებს. საინტერესოა, რომ პრეზიდენტის ხელფასის შემცირებასთან ერთად ავტომატურად მცირდება სხვა ჩინოვნიკების ხელფასებიც. რადგან ბოლივიური კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება, სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე პრეზიდენტს. ექსპერტების ვარაუდით მორალესის ეს ინიციატივა გაზრდის კორუფციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს ბოლივიაში.

9. ევო მორალესის მთავარი გატაცება ფეხბურთია. ის რეგულარულად მონაწილეობს ამხანაგურ მატჩებში, რომლებშიც მისი ადმინისტრაციის წევრები და სხვა სამინისტროების თანამშრომლები უპირისპირდებიან ერთმანეთს. გარდა ამისა, 2008 წელს ევო მორალესი ბოლივიის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდის „ლიტორალსის“ განაცხადშიც კი იყო შეყვანილი და პროფესიულ დონეზე, რამდენიმე თამაშის ჩატარებაც კი მოასწრო. 2008 წელს მორალესის ინიციატივით გაიმართა ამხანაგური მატჩი ბოლივიელ და არგენტინელ ვეტერანებს შორის. გუნდის კაპიტნები ყველაზე ცნობილი ბოლივიელი ფეხბურთელი ერვინ სანჩესი და დიეგო მარადონა იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში თავისი გოლი ევო მორალესმაც გაიტანა. ასევე ცნობილია, ევო მორალესის და „ფიფას“ დაპირისპირების შესახებ. ოფიციალურად „ფიფა“ კრძალავს ზღვის დონიდან 2 500 მეტრზე მაღლა მატჩების ჩატარებას და ამ კანონის საწინააღმდეგო მოთხოვნით გამოსულმა მორალესმა ორგანიზება გაუკეთა მატჩს, რომელიც ზღვის დონიდან 6 000 მეტრზე, ანდების მთებში ჩატარდა. თამაში დათოვლილ მონაკევთზე 15 წუთს გრძელდებოდა და მორალესიც, რა თქმა უნდა, იღებდა მასში მონაწილეობას.

10. ევო მორალესის პირადი ცხოვრებაზე არცთუ ბევრია ცნობილი. 50 წლის პრეზიდენტი არ არის დაქორწინებული. ტანსაცმლიდან ის უპირატესობას ანიჭებს ჩაცმის „დემოკრატიულ სტილს“. იცვამს ტყავის ქურთუკებს, ზოლებიან სვიტერებს, ჯინსებს, პულოვერებს და სპორტულ ფეხსაცმელს. მორალესს არ უყვარს ჰალსტუხების ტარება და უკანასკნელად, გარდერობის ეს ატრიბუტი, შორეულ 1977 წელს ეკეთა. ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ევო მორალესმა უარი განაცხადა საპრეზიდენტო სასახლეში ცხოვრებაზე და დღემდე თავის კომუნალურ ბინაში ათევს ღამეს.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3