კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დათანხმდა გიორგი პერტაია საგადასახადო ომბუდსმენად მუშაობას ისე, რომ არც კი იცის ხელფასის ოდენობა

საგადასახადო ომბუდსმენი, სულ რაღაც, რამდენიმე კვირის წინათ დაინიშნა თანამდებობაზე და ეს პოსტი რევოლუციურად მონათლული ახალი, 2011 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი ნოვაციაა. მან ბიზნესსა და მთავრობას შორის შუამავლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და, ბუნებრივია, მეწარმეთა ინტერესები დაიცვას, თუკი მათ სახელისუფლო ორგანოები შელახავენ (ოღონდ ერთმანეთს შორის დავები ბიზნესმა თავად უნდა მოაგვაროს). თუმცა იმ ფაქტმა, რომ ამ ფრიად მნიშვნელოვანი ფუნქციებით აღჭურვილ ადამიანს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და ათავისუფლებს კიდეც, ბევრი ეჭვიც გააჩინა. სწორედ ამ ეჭვების გასაფანტავად ვესტუმრეთ გიორგი პერტაიას (ის ამ პოსტზე დანიშვნამდე პრემიერ-მინისტრის მრჩეველიც იყო), რომელიც ჯერჯერობით კანცელარიის შენობაში მუშაობს.

– თქვენ ამ თანამდებობაზე დაინიშნეთ მთავრობის აპარატიდან, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს კანცელარიაში და, რაც მთავარია, თქვენ გნიშნავთ და გათავისუფლებთ პრემიერ-მინისტრი. ეს ქმნის განწყობას, რომ მოექცევით მთავრობის გავლენის ქვეშ. რა არგუმენტები გაქვთ ამ ეჭვების გასაქარწყლებლად?

– მთავრობიდან მოსული ნამდვილად არ ვარ. მთავრობაში, სულ რაღაც, ექვს თვეს ვმუშაობდი. მანამდე ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამერიკის სავაჭრო პალატაში და ვიცავდი ბიზნესის ინტერესებს. მთელი ჩემი კარიერა, თუ არ ჩავთვლით პერიოდს, როდესაც სტაჟიორად ვიყავი საგადასახადოსა და საბაჟოზე, არის კერძო სექტორში. მეტიც, ეს თანამდებობა არ გულისხმობს, რომ მთავრობის პოზიცია უნდა დავიცვა.

– საპირისპიროს რომ ნიშნავს, იმიტომაც გეკითხებით?

– რაც შეეხება შენობას: მალე გადავდივარ ამ შენობიდან, რადგან არ მინდა, ბიზნესმენი ფორმალობების დაცვით შემოდიოდეს ჩემთან და უფრთხოდეს სახელების დასახელებას. რაც შეეხება იმას, რომ მთავრობა ამტკიცებს ჩემს კანდიდატურას: ჯერ ერთი, ამ პროცედურაში ჩართულია პარლამენტი; მეორეც, ამ თანამდებობის მიზანია, ბიზენსმენებს მოვუგვარო პრობლემები. ბიზნესმენები ძალიან პრაგმატული ხალხია და მართალი გითხრათ, მათთვის სულერთია, ვინ მოუგვარებს პრობლემებს და საერთოდ არ აინტერესებთ ის ადამიანი, ვის მიერ იქნება დანიშნული. შესაძლოა, ბიზნესომბუდსმენი რამდენიმე წლის შემდეგ თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი გახდეს და არ ინიშნებოდეს პრემიერ-მინისტრის მიერ. მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ, როდესაც ბიზნესის პრობლემას გავიგებ იმ საღამოსვე ვიჯდე პრემიერ-მინისტრთან და ამ პრობლემაზე ვესაუბრებოდე.

– გამოდის, თქვენ რომ არ ყოფილიყავით პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული და მანამდე მისი მრჩეველი, არ გექნებოდათ საშუალება, ის ყოველ საღამოს გენახათ?

– ყველა მინისტრისა და მთავრობის წევრის კარი ჩემთვის ღიაა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ, რაც შეიძლება, მალე მოგვარდეს პრობლემები. წარმოიდგინეთ: ვაგროვებ პრობლემებს და საღამოს ვხვდები პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენისთვის უარყოფითადაც რომ გადაწყდეს საკითხი, ეს მისთვის მაინც შეღავათია, რადგან მალევე გაიგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირაში ერთხელ მომიწევდა პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან შესვლა. იმის თქმა მინდა, რომ ახლა ყველაზე მთავარია, ეფექტურობა და მე ჩემს თავს ყველაზე ეფექტურად ასეთ ფორმატში ვხედავ. სხვათა შორის, ასეთ კითხვებს ბიზნესმენები არ სვამენ.

– ამ შეკითხვებს სვამს საზოგადოება, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ სამოქალაქო საზოგადოებად შედგეს და ეს შეკითხვები ლეგიტიმურია, რადგან გვაინტერესებს, რამდენად დემოკრატიულია ეს ინსტიტუტი?

– ძალიან დიდ პატივს ვცემ საზოგადოების აზრს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ღია იქნება ჩემთვის ბიზნესი და მენდობა თუ არა. ხომ არ იქნება კომპლექსი: ვუთხრა, არ ვუთხრა, თუ ვეტყვი, საგადასახადო არ შემოვიდეს.

– მგონია, ეს კომპლექსი დიდხანს იქნება. მით უმეტეს, როდესაც თქვენ გნიშნავთ და გათავისუფლებთ პრემიერ-მინისტრი?

– ეს კომპლექსი პირადად ჩემთან მიმართებაში არასდროს ყოფილა და იმედია, არც იქნება. ჩემთან რომ მოდიან, ძალიან კარგად იციან, თუ მიზეზს არ მეტყვიან, არაფერიც არ მოგვარდება. ჯერ ერთი, კანონში პირდაპირ წერია, რომ მევალება კონფიდენციალობის დაცვა.

– ჩვენ გვაქვს ბევრი ძალიან კარგი კანონი, რომელიც არის მხოლოდ ქაღალდზე და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. კანონი კი გაძლევთ უფლებას, მაგრამ რეალურად?

– მაშინ ყველანაირი აზრი ეკარგება ჩემს სამსახურს.

– მოარული ხმებით, საგადასახადო სამსახური ურჩთა დასჯის ერთგვარი იარაღია. მეორე მხრივ, საგადასახადოს აქვს შემოწმების უფლება. გამორიცხავთ, რომ თქვენთან საჩივლელად მოსულ ბიზნესმენებს შემდეგ საგადასახადო არ გაუსწორდება?

– ჩემი მხრიდან ყველანაირად დაცულია ბიზნესმენი. მე კარგად ვიცნობ ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სამსახურს და ვიცი, ვის რა უნდა ვუთხრა და როგორ ველაპარაკო. ბიზნესმენები პირდაპირ მეუბნებიან გვარებს და სახელებს და იციან, რომ ეს უკან არ დაუბრუნდებათ. ჯერ ერთი, ახლა აღარ გამოიყენება საგადასახადო დასჯის მექანიზმად. ახლა მართლაც სხვა მიდგომაა და ჩემი დანიშვნა აქ იმას ნიშნავს, რომ მთავრობას აქვს სურვილი, რაც შეიძლება, მალე მოგვარდეს ყველა პრობლემა. ყველას კარგად ესმის, რომ, თუ ბიზნესი არ განვითარდა, შორს ვერ წავალთ.

– კეთილი და პატიოსანი და აი, „საგადასახადო კოდექსსაც“ მივადექით: ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობის უმთავრეს ხარვეზად სახელდება ის, რომ იცვლება წამდაუწუმ და ბიზნესს არ აძლევს გრძელვადიანად დაგეგმვის საშუალებას. პირველ იანვარს შევიდა ძალაში კოდექსი და მაშინვე თქვა პრემიერ-მინისტრმა, ცვლილებები უნდა შევიტანოთო. ეს ნორმალურია?

– რომ გაგვეწელა ახალი კოდექსის მიღება, მასში რეალურ ხარვეზებს მაინც ვერ იპოვიდი. რადგან, რაც უნდა იდეალური პროექტი დაწერო, ძალაში შესვლის მომენტიდან უამრავ რამეს აღმოაჩენ. სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის იდეა: ოპტიმალური ვარიანტის მიღებამდე მიდის მუშაობა. ამის შემდეგ ვიტყვით, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში კოდექსს ძირეულად აღარ შევცვლით, რომ სტაბილურობის შეგრძნება დარჩეს. ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს თავისი ბიზნესის წინასწარ დაგეგმვის საშუალება.

– ვნახოთ. ეს კოდექსი მოინათლა რევოლუციურად, მათ შორის იმიტომაც, რომ მცირე ბიზნესისთვის შემოვიდა 3 და 5-პროცენტიანი დაბეგვრის სისტემა. არადა იბეგრება მთლიანი ბრუნვა, ამდენად, მცირე მეწარმე სამჯერ მეტ გადასახადს იხდის რეალურად გადასახადების სახით, ვიდრე შპს და ინდმეწარმე და ამას დაერქვა მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა. არ დაითვალეს თუ რატომ მოხდა ასეთი გაუგებრობა? არ აპირებთ, დასვათ ეს საკითხი?

– მეც მაქვს ჩემი დათვლები და მცირე ბიზნესის დიდ ნაწილს ურჩევნია, დარეგისტრირდეს მცირე ბიზნესად, რადგან არ აქვთ დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება და ასე შემდეგ, რაც მათ საქმიანობას უადვილებს.

– მაგრამ მეტ თანხას იხდიან გადასახადების სახით, როგორ არის ეს ხელშეწყობა?

– ჩვენ ვთავაზობთ ოფციას, ვინც ხედავს, რომ მომგებიანია, დარეგისტრირდება მცირე ბიზნესად.

– მაშინ ასე უნდა ითქვას და არა ისე, რომ ახალი კოდექსი ხელს უწყობს მცირე ბიზნესს?

– მე არ ვამბობ, რომ იდეალურია, ამას დახვეწა უნდა, მაგრამ, რაც გაკეთდა, სწორია და ეხმარება მცირე საწარმოს.

– მე გამოგიგზავნით დათვლებს, რომლებიც უკვე გავაცანი ჩვენს მკითხველს (ჟურნალი „თბილისელები“ ¹51.2010 წელი) და თქვენც ნახავთ, რომ არაფრითაც არ ეხმარება.

– ჩვენ დათვლილი გვაქვს აუდიტორებთან ერთად და ვიცი, რასაც ამბობთ.

– აბა, რას ერჩოდით?

– ნაწილისთვის კარგი იქნება, მაგრამ ნაწილისთვის შესაძლოა, მომგებიანი არ იყოს.

– მიკრობიზნესისთვის დაწესებული მთლიანი ბრუნვის 30 000-ლარიანი ზღვარი არის ძალიან დაბალი. მაქსიმალური გათვლებით, ეს თვეში, საუკეთესო შემთხვევაში, 240 ლარია, ანუ დაახლოებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ტოლი. ეს არის ხელშეწყობა და შეღავათი?

– ეს შეღავათია. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ხალხმა ამოისუნთქა, რადგან მიკრობიზნესი მთლიანადაა გათავისუფლებული გადასახადებისგან.

– ძალიან მცირე თანხაზე ამბობს უარს სახელმწიფო, თვეში 48 ლარზე.

– მაგრამ ხომ უნდა დაგვეკანონებინა ეს?! არც აქამდე იბეგრებოდნენ, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ მათ არ ამოწმებდა შემოსავლების სამსახური. ეს იყო პატარა „შავი“ ბიზნესი, რომელიც ამ კანონმდებლობამ ჩარჩოში ჩასვა და „გაათეთრა“. მათ ოფიციალურად უკვე აღარავინ შეეხება.

– ისედაც არ ეხებოდა არავინ ისეთ მეწარმეებს, რომლებიც დაქირავებულ შრომას არ იყენებდნენ და მათი ბრუნვა არ აღემატებოდა 30 000 ლარს?

– აქ შემოდის ისეთი თემები, როგორიცაა ტაქსისტი, რეპეტიტორები. ზოგი რეპეტიტორი, ვიცით, რომ ძალიან დიდ შემოსავლებს იღებს.

– რა შუაშია სახელმწიფო, თუკი ადამიანი, ამ შემთხვევაში რეპეტიტორი თავის სახლში და საკუთარ ინტელექტუალურ შრომას ჰყიდის?

– მაშინ რა დააშავა, მაგალითად, ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ, რომელიც თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და რისკით მუშაობს?

– ნავთობიმპორტიორები ათეულ და ასეულ მილიონობით მოგებას იღებენ ყოველწლიურად და ყველანაირ ხარჯს, თავიანთი ბენზინგასამართი სადგურების კეთილმოწყობით დაწყებული, მომხმარებელს ახდევინებენ?

– ავიღოთ ფერმერი, რომელიც თავის შრომას იყენებს.

– ძალიან კარგია, ფერმერები რომ ახსენეთ. ამ კოდექსით, გადასახადისგან გათავისუფლებულია თესლისა თუ სასუქის შემოტანა, ანუ იმპორტიორი, მაგრამ იბეგრება მიწოდება, ანუ ფერმერი ძვირად ყიდულობს მაინც და მხოლოდ შემომტანია მოგებული. ამ შემთხვევაშიც სად ჩანს ფერმერების ხელშეწყობა?

– გასაგებია და სწორედ ასეთ საკითხებზე ვმუშაობთ. მეტიც, უამრავი სასაქონლო კოდია, რომელთა შემოტანაც არ იბეგრება, მაგრამ იბეგრება მიწოდება. თუ მთავრობა ფიქრობს, რომ ამ სფეროს ხელშეწყობა სჭირდება, არც ერთი არ უნდა დაიბეგროს: არც შემოტანა და არც მიწოდება. ასე რომ, მიდგომაა შესამუშავებელი.

– კიდევ ერთი საინტერესო თემა: აწ უკვე გარდაცვლილი კოდექსით, 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი პირველი იანვრიდან უნდა შემცირებულიყო 18 პროცენტამდე, ახალი რევოლუციურით კი ისევ 20 პროცენტია. შეიძლება, რომ ახალმა ძველი ნორმა გააუარესოს?

– ძველი კოდექსი შედგენილი იყო 2008 წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ არავინ იცოდა, თუ ფინანსური კრიზისი დაიწყებოდა და ომი იქნებოდა.

– გასაგებია, მაგრამ მაშინ ნუ მეუბნებიან, რომ ეს კოდექსი რევოლუციურია?

– რევოლუციური იმიტომ არ დაერქვა, რომ საშემოსავლო გადასახადი გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ჩვენ მხოლოდ ნეგატივზე ვსაუბრობთ.

– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამოვასწოროთ ის, რაც ნეგატიურია. პოზიტივს ხომ ისედაც იგრძნობს ყველა?

– გეტყვით, რა არის ამ კოდექსში რევოლუციური. უპირველესად, რევოლუციურია ის, რომ სალარო აპარატების არასწორი მოხმარებისა თუ ჩეკის ამოურტყმელობის გამო, საგადასახადო სამსახური პირდაპირ აღარ აჯარიმებს მეწარმეს, არამედ აფრთხილებს, ანუ საგადასახადომ თავის თავზე აიღო საგანმანათლებლო ფუნქცია. მეორე არის ის, რომ მცირე ბიზნესი ჩაისვა ჩარჩოებში, ბუნებრივია, რაც არ მოგვწონს, ის საკითხები გასავლელია. იდეა არის ის, რომ მთავრობის მიდგომით, მიკრო და მცირე ბიზნესს ხელშეწყობა უნდა. მთავრობა შეთანხმდა იმაზე, რომ მელავაშემ კოდექსი არ უნდა იკითხოს. უბრალოდ, უნდა იცოდეს, სად მივიდეს და რამდენი გადაიხადოს.

– გასაგებია. ძველი კოდექსით, იჯარა იბეგრებოდა 12-პროცენტიანი განაკვეთით, ახლით ეს განაკვეთი 20 პროცენტამდე გაიზარდა. რატომ?

– გეთანხმებით და რომ გითხრათ, გადასახადების გაზრდა მიხარია-მეთქი, მოგატყუებთ. დისკუსია მიდის, რომ დაიწიოს. მე უფრო ის არ მომწონს, რომ იჯარის ხელშეკრულებები უნდა გატარდეს რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში.

– არც მე. აპირებთ რამეს ამ მიმართულებით?

– ვაპირებთ და დისკუსია დაწყებულია. ყოველ შემთხვევაში, არ იყოს იმ ფორმით, როგორც ჩაფიქრებულია.

– ყველა საკითხის განხილვა ვერ მოვასწარით ფორმატის შეზღუდულობის გამო, მაგრამ ეს უნდა გკითხოთ: მარტო იმუშავებთ თუ?

– ჯერ ერთი, გადავდივარ ცალკე შენობაში, მეყოლება მცირე, მობილური აპარატი. ძალიან ძუნწი ვარ ხალხის აყვანაში, რადგან არ მინდა, შევქმნა ახალი ბიუროკრატიული ორგანო, რომლის ხარჯებიც ბიუჯეტს დააწვება. მყავს ძალიან ძლიერი აუდიტორთა საბჭო. ისინი საგადასახადო კანონმდებლობაზე მუშაობენ. არაფერს ვუხდი, რადგან თვითონ არიან დაინტერესებული კანონმდებლობაში ხარვეზების აღმოფხვრით.

– ხელფასი რამდენი გაქვთ?

– ჯერ არ არის დაზუსტებული. უხელფასოდ ვმუშაობ.

– რატომ დაგჩაგრათ მთავრობამ?

– ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

– როგორ, ხელფასით არ დაინტერესდით?

– ხელფასი ყოველთვის საინტერესოა.


скачать dle 11.3