კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ სეზონზე შევუწყვიტოთ ალსტრემერიას მორწყვა და როგორ ნიადაგში არ უნდა ჩავრგათ პოდაგრიკა



საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა ორ მშვენიერ მცენარეზე გვიამბობს. როგორც გაირკვა, ალსტრემერია და პოდაგრიკა იმდენად იოლი მოსავლელია, რომ ნამდვილად გაგიჩნდებათ ბინაში მათი გახარების სურვილი.



– ბატონო თენგიზ, რას გვეტყვით ალსტრემერიას შესახებ?

– ალსტრემერია მრავალწლოვანი მცენარეა. მისი 80-ზე მეტი სახეობა არსებობს და თითოეული მათგანი ძალიან ლამაზია. თუ თქვენ არ გაქვთ ბინაში ეს მცენარე, გირჩევთ, აუცილებლად გაახაროთ.

– როგორ გავამრავლოთ მცენარე?

– ის მრავლდება წელიწადში ორჯერ, ფესურის დაყოფით: ზაფხულში, ნახევრად დასვენების პერიოდში, ყვავილობის დამთავრებისთანავე ან შემოდგომაზე, მეორე ყვავილობის შემდეგ. როგორც მიხვდით, ეს მცენარე სწორედ ამ სეზონზე ყვავის და ახლა ის დროა, რომ მის გამრავლებაზე იზრუნოთ.

– რა გავაკეთოთ, თუ ჩვენ ალსტრემერიას გამრავლებას გადავწყვეტთ?

– ამისათვის ფრთხილად უნდა ამოთხაროთ მცენარე, ისე, რომ მისი თხელი კანი არ დაზიანდეს და დანით დაჭრათ 5-6 ნაწილად. ფესვიანი კალმის სიგრძე 7-12 სანტიმეტრი უნდა იყოს. პირველ წელს ასე გამრავლებული მცენარე სუსტადაა განვითარებული. თუ წვრილი კალამი გაქვთ, უნდა ჩარგათ ტორფიან სუბსტრატში ან ქოთანში, ხოლო მოზრდილი კალამი შეგიძლიათ ჩარგათ პირდაპირ გრუნტში, ორანჟერეაში.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ მცენარეს?

– გამრავლების დროს ტემპერატურა უნდა იყოს 5 გრადუსი. ნიადაგი კი – ძალიან ფხვიერი, ნოყიერი, ჰაეროვანი და წყალგამტარი. მძიმე ნიადაგს შეგიძლიათ, დაამატოთ დატკეპნილი ნაკელი და ფოთლოვანი კომპოსტი. მცენარე კარგად იზრდება ზედა ტორფიან ნიადაგზე.

– როგორ მოვუაროთ მცენარეს, რომ კარგად იყვავილოს?

– თუ გსურთ, რომ ალსტრემერიამ გაზაფხულზე იყვავილოს, მისი კალამი უნდა ჩარგათ სექტემბერ-ოქტომბერში. ინტენსიური ზრდის პერიოდში მცენარე სისტემატურად მორწყეთ, ორი კვირის განმავლობაში კი 0,1-პროცენტიანი ნაკელის ხსნარით გაანოყიერეთ ნიადაგი. კარგ შედეგს იძლევა ორგანული სასუქის გამოყენებაც. ამ მცენარისთვის, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ აზოტი, ფოსფორი და კალცი. მცენარე სწორი ტექნოლოგიური მიდგომით ყვავილობს წელიწადში ორჯერ. თუ თქვენ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, ის აუცილებლად იყვავილებს.

– რა ხდება ყვავილობის დამთავრების შემდეგ?

– თუ თქვენ უკვე გაქვთ ბინაში ალსტრემერია, მაშინ ის ცოტა ხანში დაასრულებს ყვავილობას. მცენარე ძალიან სწრაფად იზრდება, გამოაქვს ამონაყრები და ბუჩქდება. ყოლვეთვიურად გამოაქვს წვრილი, სუსტი ყლორტები, შემდეგ კი საყვავილე ღეროები, რომლებიც ყვავილობს, თუმცა ვარგისი არაა. ეს ყვავილები უნდა მოწყვიტოთ. შემოდგომით, ყვავილობის დამთავრებისთანავე მორწყვა თანდათან შეუწყვიტეთ და მიეცით მცენარეს საშუალება, რომ დაისვენოს. დარჩენილი ღეროები მოჭერით ან მოტეხეთ. ამ დროს სათბური უნდა გაანიავოთ. გახსოვდეთ, რომ ნიადაგის სინოტივემაც უნდა დაიწიოს, ოღონდ, არა გამოშრობამდე. ყვავილი უნდა მოჭრათ კვირტობის დროს, რადგან წყალში ჩადებისას მშვენივრად ისხლება. ამ მცენარის ყვავილი 3-4 კვირის განმავლობაში კარგად ძლებს წყალში.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე?

– კალმის ჩარგვისას, დასაფესვიანებლად საჭიროა 14-16 გრადუსი, ხოლო ნაკლები ინტენსივობის დროს, ნოემბერ-იანვარში – უფრო დაბალი, 10 გრადუსი ტემპერატურა. საერთოდ, ამ მცენარეს მაღალი ტემპერატურა არ უყვარს.

– როგორი განათება მოსწონს ალსტრემერიას და ერჩიან თუ არა მას მავნებლები?

– ის სინათლის მოყვარული მცენარეა, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივების. ალსტრემერია საკმაოდ გამძლეა ნიადაგის დაავადებების მიმართ. მათთან ბრძოლისას უნდა იხმაროთ ინსეკტიციდი. გაზაფხულზე ორგანული სასუქის ნაკლებობამ, ზედმეტმა სინოტივემ, ჰაერის გაუნიავებლობამ და არასწორმა ჩარგვამ შეიძლება, ფესვების ფუზარიოზით დაავადება გამოიწვიოს. თუ მაინც დაგიავადდათ მცენარე, ის დასაწყისშივე უნდა მოაშოროთ ფესვთა სისტემასთან ერთად.

– რას გვეტყვით პოდაგრიკას შესახებ?

– მართალია, ეს მცენარე ძვირი ღირს, მაგრამ მისი მოვლა საკმაოდ იოლია. ამავე დროს, ძალიან ლამაზია და თქვენს ბინას მშვენიერი ფოთლებითა და ყვავილებით დაამშვენებს.

– როგორი პირობები სჭირდება პოდაგრიკას?

– მცენარეს უყვარს დაბალი ქოთანი. მას არ სჭირდება მაღალი და ღრმა ჭურჭელი. მთავარია, დაბალ ქოთანში დიდი სივრცე იყოს. ზამთარში ის ყრის ფოთლებს. ამ დროს მას არ სჭირდება ბევრი წყალი. ამიტომ, ზამთრის დაწყებისთანავე, შეუმცირეთ წყლის რაოდენობაც და ტემპერატურაც. ამ სეზონზე ფოთლების დაცვენის შემდეგ, მცენარე მზის შუქს საერთოდ მოარიდეთ. რაც შეეხება ზაფხულს, ასეთ დროს პოდაგრიკა დადგით მზის შუქზე, კაშკაშა მზეზე. მორწყვასაც მოუხშირეთ და ეცადეთ, მიწა ძალიან არ გამოაშროთ, მაგრამ, არც ზედმეტი წყალი მოგივიდეთ, თორემ ეს მცენარის დალპობას გამოიწვევს და შემდეგ ვეღარაფრით დაეხმარებით მას.

– შეიძლება თუ არა ამ მცენარის გადარგვა?

– მისი გადარგვა შეგიძლიათ გაზაფხულზე, აპრილში. ამ მცენარეს არ უყვარს ნოყიერი ნიადაგი, მაგრამ მოსწონს ფხვიერი მიწა. მისთვის კარგია მინერალური სასუქები, თუმცა ხშირად არ მიაწოდოთ ხოლმე.

– როგორ გავამრავლოთ პოდაგრიკა?

– თუ თქვენს მცენარეს თესლი გაუჩნდება, შეგიძლიათ თესლით გაამრავლოთ. ის უნდა შეურიოთ ტორფიან და ქვიშიან მიწაში და ზევიდანაც მოაყაროთ თესლები. დათესვის დროს, სასურველია, თუ ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება. ჩათესვის შემდეგ ყუთს აუცილებლად თავზე გადააფარეთ და ასე გააჩერეთ. ცოტა ხანში პოდაგრიკა აღმოცენდება.


скачать dle 11.3