კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

30 თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30–5(527)

შორენამ ჭუჭრუტანაში გაიხედა და გაოგნდა, რადგან კართან საგიჟეთის დარაჯი ხარიტონი იდგა.

„ნეტავ აქ რა უნდა?“ – გაიფიქრა შორენამ და ხარიტონს გასძახა:

– რომელი ხარ?

– ხარიტონი ვარ, შორენ!

– ვინ ხარიტონი?

– დარაჯი, საგიჟეთის დარაჯი, ხარიტონი! გააღე, შორენ, რაჟდენ რაჟდენოვიჩთან მოვედი.

შორენამ კარი გააღო და ზღურბლზე მდგომ ხარიტონს უთხრა:

– რაშია საქმე, ხარიტონ, აქ რა გინდა, თანაც, ასეთ დროს?

– რაჟდენ რაჟდენოვიჩთან მოვედი, შორენ, – ჩურჩულით თქვა ხარიტონმა.

– ვისთან?

– რაჟდენ რაჟდენოვიჩთან.

– ხარიტონ, მთვრალი ხარ?

– არა, ფხიზელი.

– თუ ფხიზელი ხარ, მაშინ აქ რატომ ეძებ რაჟდენ რაჟდენოვიჩს და, საერთოდ, სრულ ჭკუაზე ხარ თუ საგიჟეთში ყოფნამ გადაგრია?

– რას ამბობ, შორენ, პროფესორმა თვითონ დამიბარა აქ, ასე მითხრა, შოკისთან დავიმალებიო.

– დავიმალებიო?

– ჰო, ასე თქვა, როცა მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ პოლიცია ეძებდა.

– შემოდი და მომიყევი, რა ხდება, – უთხრა შორენამ ხარიტონს და ყოფილი ავტოინსპექტორი ბინაში შეიყვანა, სავარძელში ჩასვა და ჰკითხა: – მართალს ამბობ თუ მეღადავები?

– რას ამბობ, შორენ, რის ღადავი, რა ღადავი. დღეს ჩვენთან ისეთი ამბავი იყო, რომ დედა შვილს არ აიყვანდა ხელში.

– რატომ?

– შენ რა, ტელევიზორს არ უყურებ?

– მხოლოდ სერიალებს.

მოკლედ, დღეს ნახევარი საგიჟეთი დაიჭირეს და იქაურობა პოლიციითაა სავსე.

– რატომ, რა ხდებოდა?

– რა და დიტო სულაბერიძის ახლობლებმა „სოდში“ იჩივლეს, სამხეცე გაიშიფრა და რაჟდენ რაჟდენოვიჩს დაადგნენ.

– სამხეცე გაიშიფრა?

– კი, გაიშიფრა. დღეს იქ „სოდის“ ოპერები იყვნენ და სულაბერიძე ამოიყვანეს სხვებთან ერთად.

– მერე?

– რა მერე? მე პროფესორს დავურეკე და გავაფრთხილე, ის კი გაიქცა.

– მერე, მე რა შუაში ვარ?

– ეგ არ ვიცი, მაგრამ, შენთან დამიბარა.

– ჯერ ერთი, აქ რა უნდოდა და, მეორეც – შენ რატომ დაგიბარა?

– იმიტომ, რომ 200 დოლარი აქვს ჩემთვის მოსაცემი.

– მოკლედ, ასე, ჩემო ხარიტონ: გამოდის, რომ თქვენ ერთი ბანდა ხართ და შავ-ბნელ საქმიანობას ეწევით. ახლა კი ჩემი ჩათრევაც გინდათ, მაგრამ, ვერ მოგართვით, – თქვა შორენამ და ხარიტონის შესაშინებლად ტელეფონს დასწვდა.

– რას აპირებ, გო?! – წამოიძახა ხარიტონმა.

– პოლიციაში ვრეკავ.

– პოლიციაში? – აღმოხდა ხარიტონს და შორენას ჯერ ტელეფონი გამოსტაცა და ძირს დააგდო, შემდეგ ხელები გადაუგრიხა და კბილებში გამოსცრა, – მე შენ გიჩვენებ პოლიციას!

– გეხუმრე, ხარიტონ, რა პოლიცია! უბრალოდ, გაშინებდი. წადი და დავივიწყოთ ეს კონფლიქტი, – თქვა შორენამ.

– ვერ მოგართვი! – კბილებში გამოსცრა ხარიტონმა, – შენი მოსატყუარი კბილი ბალღობაში მოვიცვალე. შენ მართლა ჩამიშვებ და დამიჭერენ, ციხეს მახეხინებენ, შენ კი, შე, ბოზო, უნდა იგულავო?

– რას როშავ, ხარიტონ? ხელი გამიშვი!

– ვროშავ კი არა, აქვე მოგგუდავ! – თქვა ხარიტონმა და შორენას ყელზე ხელები მოუჭირა, თან დააყოლა: – სანამ სულს ამოგხდიდე, ერთი კარგად გიხმარ...

რაჟდენ რაჟდენოვიჩთან შედარებით, ხარიტონი, მართალია, ღიპიანი, მაგრამ ათლეტური აღნაგობის იყო და როდესაც სამალავიდან გამოვარდნილი ჯაბა მას შეება, ძალიან გაუჭირდა.

ხარიტონმა გონმიხდილ შორენას ხელი გაუშვა, ჯაბა დაითრია და იატაკზე დააგდო, თუმცა ჯაბა მას ზემოდან მოექცა და შებოჭა. მაგრამ ხარიტონმა ჯაბა ქვეშ მოიქცია, მთელი ძალით დააწვა და ყელში უზარმაზარი ტორები წაუჭირა.

უცებ ხარიტონმა ხელები გაუშვა ჯაბას, იატაკზე მოწყვეტით უხმოდ დაეცა და არ ინძრეოდა, ხოლო მარჯვენა საფეთქლიდან კი სისხლი მოსდიოდა.

– ესეც ხომ არ მოკვდა? – თქვა შორენამ, რომელმაც ხარიტონს ბრინჯაოს არწივი ჩაარტყა საფეთქელში.

– კი, ეგეც, – მიუგო ჯაბამ და იქვე დაამატა: – არ იკივლო, ესეც უნდა მოვიშოროთ!

მართალია, ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ჯაბამ ხარიტონიც იმავე მეთოდით მოიშორა თავიდან და შორენასთან დილის 4 საათზე დაბრუნდა, სავარძელში ჩაჯდა და ყავა და კონიაკი ზედიზედ დალია.

– ღმერთო, ეს რა იყო, თავი სიზმარში მგონია!.. – იმეორებდა შორენა, რომელსაც მოკლული რაჟდენ რაჟდენოვიჩი და ხარიტონი თვალწინ ედგა.

– უარესიც ხდება, – მიუგო ჯაბამ.

– მეტი უარესი რა უნდა იყოს?

– რა და ის, რომ „დავიწვათ“. ასე რომ, ჩემო ლამაზო, ყველაფერი დაივიწყე და ისე მოიქეცი, თითქოს არაფერი მომხდარა და კრინტი არავისთან დაგცდეს.

– არც ბაბუებთან?

– არც მათთან.

– შენ რა, არ ენდობი?

– როგორ არა, მაგრამ, რა საჭიროა მათი დაგრუზვა? თანაც, ძალიან გსიამოვნებს ამ საშინელების გახსენება?

– არა.

– ჰოდა – ჩუ! – ჯაბამ შორენას თითი მიადო ტუჩებზე, მერე კი უთხრა: – ახლა დავიძინოთ, მძიმე ღამე გვქონდა, არანაკლები დღე გვექნება და ძალები გვჭირდება.

– არ დამტოვო, ჯაბა, აქ იყავი, – უთხრა შორენამ ჯაბას და მკერდზე მიეკრო, – მეშინია, საძინებელში მარტო ვერ შევალ და ტახტზე ვიყოთ.

– კი ბატონო, ვიყოთ, – მიუგო ჯაბამ შორენას, გოგონა მიიხუტა და დაღლილ წყვილს ხუთიოდე წუთში ჩაეძინა.

***

ქალ-ვაჟი უწყვეტი ზარის ხმამ გამოაღვიძა.

– ნეტავ ვინ უნდა იყოს? – თქვა შორენამ, თმა გაისწორა და მას მერე, რაც ჯაბა დამალა, კარისკენ გაემართა, ჭუჭრუტანაში გაიხედა და გაშრა, რადგან ზღურბლზე „სოდის“ გამომძიებელი კუკავა იდგა.

– ვინ ხარ? – ჰკითხა შორენამ კუკავას და უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მღელვარება დაემალა.

– „სოდიდან“ ვარ, შორენა, – მიუგო კუკავამ.

– რა „სოდიდან“, არ მესმის?!

– სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან... კუკავა, არ გახსოვთ?

– კუკავა?

– დიახ, კუკავა. მე თქვენთან სამსახურშიც ვიყავი ჯაბა ონიანის თაობაზე.

– მახსოვს, მახსოვს. ახლავე გაგიღებთ, ჩავიცვამ და გაგიღებთ, – მიუგო შორენამ კუკავას, შემდეგ საძინებელში შევარდა და ჯაბას უთხრა:

– გაიქეცი!

– გავიქცე? კი მაგრამ, რა მოხდა?

– კუკავაა აქ, „სოდის“ გამომძიებელი.

– მერე რა?

– რა მერე რა? კუკავა აქ ჩემს სანახავად და ყავის დასალევად არ იქნება მოსული.

– შეიძლება, მაგისთვისაც კია, შენ რა იცი?

– ხუმრობის დროა? წადი და აივნიდან გაიქეცი!

– არაა საჭირო. ეგ ჩემს დასაჭერად არაა აქ მოსული და ასე რომ იყოს, მაშინ სხვაგვარად მოვიდოდნენ.

– პონტს რომ აგდებდნენ?

– არა მგონია.

– მაინც გაიქეცი, რა იცი, რა ხდება?

– გაქცევისას, შეიძლება, მართლა „დავიწვა“. ახლა კი წადი და შემოიყვანე, მაგრამ, ეცადე, აღარ გადაამეტო და ეჭვი არ აღუძრა, – უთხრა ჯაბამ შორენას, აკოცა და გაისტუმრა. თვითონ კი საძინებლის კარს აეკრო და გაინაბა.

შორენამ კუკავა ოთახში შემოიყვანა, სავარძელზე მიუთითა და უთხრა:

– გისმენთ, ბატონო გამომძიებელო, ბრძანეთ, რამ შეგაწუხათ და რით შემიძლია, გემსახუროთ, – შორენამ კეკლუცი მზერა ესროლა კუკავას და დაამატა, – ყავას დალევთ?

– სიამოვნებით.

– მაშინ, ახლავე გეახლებით, – უთხრა შორენამ კუკავას, გავიდა და ორიოდე წუთში გორგოლაჭიანი მაგიდა შემოაგორა, რომელიც სპირტიანი სასმელებით, ყავითა და ტკბილეულით იყო სავსე. კუკავას კვლავ გაუღიმა და ჰკითხა:

– რას მიირთმევთ – კონიაკს, ღვინოს თუ ვისკის? მე კონიაკი მიყვარს, თუმცა თქვენი გემოვნება არ ვიცი.

– კონიაკს, თუ შეიძლება, – თქვა კუკავამ და კონიაკის ჭიქები შეავსო. შორენა ადღეგრძელა, დალია და ჰკითხა, – შეიძლება, მოვწიო?

– რა თქმა უნდა, – მიუგო შორენამ, საფერფლე მოიტანა და დაამატა: – მართალია, მე არ ვეწევი, მაგრამ სტუმრებისთვის სიგარეტიც მაქვს და სიგარებიც.

– თუ არ ეწევით, მაშინ, არც მე მოვწევ, – თქვა კუკავამ და სიგარეტის ჩაქრობა დააპირა‚ მაგრამ შორენამ ხელის მტევანზე გრძელი თითები შეახო და უთხრა:

– არავითარ შემთხვევაში! მოწიე და საერთოდ, ისე იგრძენი თავი, როგორც ძველ მეგობართან. ხომ არ გწყინს, შენობით რომ გელაპარაკები?

– რა თქმა უნდა, არა, – მიუგო კუკავამ შორენას, ყავა მოსვა, სიგარეტი გააბოლა და უთხრა: – ალბათ, საქმის კურსში ხართ, რაც მოხდა.

– ჩვენ ხომ უკვე „შენობით“ მივმართავთ ერთმანეთს, – გაუღიმა შორენამ კუკავას.

– საქმის კურსში ხარ, ხომ, რაც მოხდა? – გაიმეორა კუკავამ.

– რას გულისხმობ?

– რას და, რაც წუხელ საგიჟეთში მოხდა.

– წარმოდგენა არ მაქვს.

– ტელევიზორში არ გინახავს?

– არა.

– მოკლედ, წუხელ ჩვენ ფსიქიატრიულ კლინიკაში შევედით, ეგრეთ წოდებული „სამხეცე“ მოვინახულეთ, იქიდან რამდენიმე ადამიანი გამოვიყვანეთ, რომლებიც არნახულ ტანჯვა-წამებაში იმყოფებოდნენ და ნახევარი საგიჟეთი დავაპატიმრეთ, თუმცა, დირექტორი გაგვექცა.

– რაჟდენ რაჟდენოვიჩი?

– ჰო.

– საზიზღარი ვინმეა. მეჩალიჩება, ჩემი ლოგინში ჩაგორება უნდა, მაგრამ, ვერ მივართვი, – თქვა შორენამ და ცარიელი ჭიქები კონიაკით შეავსო.

– ჰოდა, მეც ამიტომ მოვედი.

– ვერ ვხვდები?! – მხრები აიჩეჩა შორენამ.

– მოკლედ, საგიჟეთის დირექტორი დარაჯმა ხარიტონმა გააფრთხილა და ხელიდან იმიტომ გაგვისხლტა. ჩვენ ხარიტონის ზარები გავშიფრეთ. სულ სამი იყო წუხელ. ორი ნათესავთან, ერთი კი – შენთან.

– ჩემთან? მე რომ მასთან არ მილაპარაკია?

– ვიცი, ტელეფონი გამორთული გქონდა. მოკლედ, იმიტომ მოვედი, რომ გაგაფრთხილო: თუკი შენთან რომელიმე მათგანი მოვიდა, დაუყოვნებლივ შეგვატყობინე, – უთხრა კუკავამ შორენას.

– რას ამბობ, იმათ აქ რა უნდათ?

– ნურც გაგიკვირდება და ნურც დაიბნევი. ისინი ახლა ძებნაში არიან, დასამალი არ აქვთ და, გამორიცხული არაა, გესტუმრონ. მით უმეტეს, რომ ხარიტონი გირეკავდა და, ვფიქრობ, პროფესორის დავალებით.

– ეგენიღა მაკლდნენ! – უთხრა კუკავას შორენამ, – დამპალი პროფესორი, სამხეცეზე მეუბნებოდა, რომ ახალი ტიპის სამკურნალო ადგილიაო და, ეგონა, მჯეროდა.

– ესე იგი, იცოდი, რომ სამხეცე არსებობდა?

– პრინციპში, კი, მაგრამ, მხოლოდ ერთხელ ვარ იქ ნამყოფი და სურვილიც არ მქონია, რომ იქ დავბრუნებულიყავი. დანაშაული ჩავიდინე ხომ, რომ არ განვაცხადე?

– რა თქმა უნდა, ვალდებული იყავი, რომ გაგეცხადებინა სამხეცის შესახებ, მაგრამ, თუ ვინმემ რამე გკითხა, უთხარი, არაფერი ვიცოდი და სამკურნალო იზოლატორი მეგონა-თქო.

– კი მაგრამ, მას ხომ საიდუმლო შესასვლელი ჰქონდა და, რომ მკითხონ, რატომ არ დაეჭვდი და არ განაცხადეო?

– ნუ გეშინია, შენზე მე ვარ მომაგრებული და არავინ გკითხავს, მაგრამ, თუ გკითხეს, უთხარი, რომ ამაზე არ დავფიქრებულვარ-თქო, – მიუგო კუკავამ.

– დიდი მადლობა. პატივისცემა ჩემზე იყოს, – გაუღიმა შორენამ კუკავას.

– კარგი, წავედი ახლა და, თუკი რაიმე საეჭვო შენიშნო ან გაიგო, აუცილებლად დამირეკე, ტელეფონი კი ჩართე, – უთხრა კუკავამ შორენას, გამოემშვიდობა და წავიდა.

შორენა რომ სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, ჯაბა სავარძელში ჩამჯდარი დახვდა და ჰკითხა:

– გესმოდა?

– საღოლ, კუკავა! – უთხრა ჯაბამ.

– საღოლ, შორენა! – თქვა შორენამ.

– შორენაც... – გაიღიმა ჯაბამ.

– ეეჰ, სცოდნოდა კუკავას, რა დატრიალდა წუხელ აქ, მართლა „საღოლ კუკავა“ იქნებოდა, მე და შენ კი ახლა, ალბათ, საკნებში ვიქნებოდით გამომწყვდეულები.

– მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე არაა, – თქვა ჯაბამ, – ორი საათი სრულდება და, ალბათ, მალე მამა სერაფიმეც მოვა.

კარზე ზარის ხმა გაისმა. ჯაბა საძინებელში დაიმალა, შორენამ კი ოთახში მამა სერაფიმე, პავლე გორსალია და მონაზონი ქალი შემოიყვანა.

მასპინძელმა სტუმრები სავარძლებში დასხა და ხელზე ემთხვია მონაზონს, რომელიც დედა ქეთევანი აღმოჩნდა.

– აი, შვილო, დედა ქეთევანი, როგორც შეგპირდი, მოგიყვანე და ერთად მოვუსმინოთ. ელენეს ის კარგად იცნობს და რაც იცის, ყველაფერს მოგვიყვება. მეც პირველად გავიგებ დედაშენის ამბავს.

– რა ბრძანეთ, მამა სერაფიმე? – ჰკითხა დედა ქეთევანმა ბერს.

– რა, შვილო, და ეს პირმშვენიერი ქალიშვილი დედა ელენეს შვილია, – მიუგო სერაფიმემ.

– ძალიან ჰგავს. რომ შემოვედი, მაშინვე მივხვდი, – გაუღიმა მონაზონმა შორენას, წყალი მოსვა და თქვა, – დედა ელენე წმიდა, ღრმად მორწმუნე და ასკეტი პიროვნებაა, გარეთ თითქმის არასდროს გამოდის და სულ ლოცვებშია.

– მაპატიეთ, დედაო, – სიტყვა გააწყვეტინა მონაზონს აღელვებულმა შორენამ, – ახლა სადაა და როდის შეიძლება მისი ნახვა? კიდევ ერთხელ მაპატიეთ, მაგრამ, ძალიან ვღელავ, ოცი წელია, ვეძებ და არასდროს მინახავს.

– მე მესმის შენი, შვილო, მაგრამ, დედასთან შენი შეხვედრა კიდევ ორი კვირა არ მოხერხდება, – უთხრა მონაზონმა შორენას.

– რატომ, დედაო, ხომ კარგადაა? – წამოწითლდა აღელვებული შორენა.

– ნუ ღელავ, შვილო, დედა ელენეს, უბრალოდ, სამკვირიანი აღთქმა აქვს დადებული და წყალსა და შავ პურზეა, თან, სენაკში განუწყვეტლივ ლოცულობს. გაივლის ეს დღეები და ნახავ.

– თქვენ მანახვებთ დედაჩემს?

– კი, შვილო, მე. მაგრამ, ის წინასწარ უნდა შევამზადო. დედა ელენე ძლიერი ქალია, თუმცა, შენმა ცოცხლად გამოცხადებამ მას, შეიძლება, გულიც კი გაუხეთქოს. ასე რომ, ჯერ მე დაველაპარაკები მას და მერე მიგიყვან.

– როგორია ის გარეგნულად? – ჰკითხა დედა ქეთევანს თვალებაცრემლებულმა შორენამ.

– სათნო გარეგნობა აქვს. ნახავ და შენ თვითონ შეაფასებ, – მიუგო შორენას მონაზონმა.

კარზე ზარის ხმა გაისმა. შორენამ მოიბოდიშა და კარის გასაღებად გაემართა, შემდეგ ოთახში კახასთან და ვიტალისთან ერთად დაბრუნდა. ბაბუებმა „გამარჯობა“ თქვეს, ვიტალიმ კი თვალები დააჭყიტა, ხელები ასწია და მამა სერაფიმეს უთხრა:

– გამარჯობა, ამხანაგო პოლკოვნიკო... ბოდიში ამხანაგო გენერალო!..

– გაგიმარჯოს, ვიტალი, გაგიმარჯოს, კახა, – გაეცინა მამა სერაფიმეს, წამოდგა, ძველი თანამშრომლები გადაკოცნა, სავარძელში ჩასხა და ჰკითხა, – როგორ ხართ?

– კარგად, მამა სერაფიმე, თქვენ? – ჰკითხა სერაფიმეს კახამ.

– აი, ასე, როგორც მხედავთ. ეს კი ჩემი ვაჟია – პავლე გორსალია.

– პავლე, – გაეცნო მამა სერაფიმეს ვაჟი ახალმოსულებს და ხელი ჩამოართვა.

სერაფიმე, დედა ქეთევანი და პავლე წამოდგნენ და სანამ წავიდოდნენ, მამა სერაფიმემ ყოფილ კოლეგებს უთხრა:

– ორ კვირაში დავბრუნდები, დაგირეკავთ, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, თქვენთან რაღაც მაქვს სათქმელი.

***

შორენა უკიდურესად აღელვებული იყო და ყავის მოდუღების დროს ძვირფასი სერვიზი დაემტვრა.

– დამშვიდდი, შვილო, ყავას მე მოვადუღებ, – ვიტალიმ თავზე გადაუსვა ხელი გოგონას და ყავის მომზადებას შეუდგა.

შორენამ სერვიზის ნამსხვრევები აკრიფა, გადაყარა და ოთახში რომ დაბრუნდა, მისმა ტელეფონმა დარეკა.

– გისმენთ, – უპასუხა შორენამ.

– ჯაბას დამალაპარაკეთ! – გაისმა ტელეფონში მამაკაცის მშვიდი და სასიამოვნო ხმა.

– ნომერი შეგეშალათ, – მიუგო შორენამ მამაკაცს, რადგან მართლა ფიქრობდა, რომ ვიღაც შეცდომით რეკავდა და ტელეფონი გათიშა.

მობილურმა ხელმეორედ დარეკა და იმავე ხმამ შორენას უთხრა:

– ჯაბა დამალაპარაკე!

– ხომ გითხარით, რომ ნომერი შეგეშალათ?! – მიუგო შორენამ.

– არ გათიშო, შორენა, არ შემშლია, ჯაბა დამალაპარაკე.

– რომელი ხარ?

– შენ მე არ მიცნობ. ისე კი, ტარიელი მქვია.

– ბატონო ტარიელ, არ ვიცი, ჩემი სახელი საიდან იცით, მაგრამ არანაირი ჯაბა აქ არაა და ნამდვილად გეშლებათ.

– არ მეშლება, ჯაბას დაუძახე!

– მშვიდობით, – მიუგო ტარიელს შორენამ და ტელეფონი უნდა გაეთიშა, რომ ტარიელმა დაასწრო:

– იქნებ მანდ არც ვიტალი და კახაა და არც მამა სერაფიმე ყოფილა?

ტარიელად წოდებული უცნობის სიტყვებზე შორენა გაფითრდა და თქვა:

– ვინ ხარ?

– ხომ გითხარი, ტარიელი... ჯაბა დამალაპარაკე! თუ არ დამალაპარაკებ, არსად გაუშვა, მე ოც წუთში მოვალ და პირადად შევხვდები. ნუ გეშინია, ისეთი მოწყობილობის ტელეფონი მაქვს, ვერავინ მოგვისმენს. აბა, დროებით, ოც წუთში მანდ ვარ, – უთხრა ტარიელმა გოგონას და ტელეფონი გათიშა.

გაფითრებულ შორენას ცივმა ოფლმა დაასხა, ერთ ადგილზე გაშეშდა და ენა მუცელში ჩაუვარდა.

– რა გჭირს, შვილო? – ჰკითხა გოგონას ვიტალიმ.

– ვიღაც ტარიელმა მითხრა, ჯაბასთან მალაპარაკეო და, უარი რომ ვუთხარი, მიპასუხა: იქნებ, ვიტალი და კახაც არ არიანო მანდ.

– ვიტალი და კახაო? – გაიმეორა კახამ.

– ჰო და ასე თქვა, ოც წუთში მოვალ, ჯაბას პირადად მოვინახულებ და არსად გაუშვაო, – დაამატა შორენამ.

– ეს იმას ნიშნავს, – თქვა ვიტალიმ, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა წავიდეს აქედან ჯაბა.

– რატომ უნდა წავიდეს? – ჰკითხა მეგობარს კახამ.

– იმიტომ, რომ არ „ააგდონ“.

– გამოჩერჩეტებულხარ სიბერეში, – ჩაეცინა კახას, – ჯაბას დასაჭერად რომ მოდიოდნენ, ამას წინასწარ გამოაცხადებდნენ?

– აბა, ვინ არის და რა უნდა? – თქვა ვიტალიმ.

– აი, ეგ კი ნამდვილად იდუმალებითაა მოცული და ამას მაშინ შევიტყობთ, როდესაც ტარიელი გვეახლება. თუმცა, შეიძლება, ვერც შევიტყოთ, – თქვა კახამ და დაამატა, – ერთი სიტყვით, გაქცევა საჭირო არაა და სჯობს, ჯაბა აქ იყოს.

ოთახში ზარის ხმა გაისმა. შორენა კარისკენ გაიმართა, ოციოდე წამში შუახნის მამაკაცთან ერთად დაბრუნდა, რომელსაც ჭაღარაშერეული, ლამაზი წვერ-ულვაში ჰქონდა.

ახალმოსული შუა ოთახში შეჩერდა და მშვიდი, სასიამოვნო ხმით თქვა:

– მე ტარიელი გახლავართ. ბოდიშს გიხდით, რომ ასე უცერემონიოდ შემოგეჭერით ბინაში, მაგრამ, მერწმუნეთ, ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს. მომიტევეთ, მეგობრებო, მაგრამ, ჯაბას პირისპირ უნდა ველაპარაკო.

– არავითარ შემთხვევაში! ეს ადამიანები ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და მათგან არაფერი მაქვს დასამალი, – კატეგორიული ტონით უთხრა ჯაბამ ტარიელს.

– და მაინც, ჩემო კარგო, – გაიღიმა ტარიელმა, – ჩვენ პირისპირ უნდა ვილაპარაკოთ.

– წადი, შვილო, ჩვენ არ გვეწყინება, – უთხრეს ჯაბას ბაბუებმა, – ეს კაცი ისე ზუსტადაა აქ მოსული, რომ, როგორც ეტყობა, შენთან ცალკე დალაპარაკება აუცილებლად უნდა. ბატონი კახა მართალია, – გაიღიმა ტარიელმა და შორენას ჰკითხა: – სად შეიძლება პირისპირ ველაპარაკო ჯაბას?

– აი, იქ მიბრძანდით, – შორენამ ჯაბას საძინებლისკენ გაიშვირა ხელი.

ჯაბა და ტარიელი საძინებელში რომ განმარტოვდნენ, წვეროსანმა ყმაწვილს უთხრა:

– მე მეუფე გაბრიელმა გამომგზავნა.

– მეუფე გაბრიელმა?

– დიახ, გაბრიელმა. შენ მე ახლავე უნდა წამომყვე და საგანძურის მცველის რეგალიები მიიღო, გაბრიელის სიცოცხლის წუთები დათვლილია და მემკვიდრეობითობა უნდა აღსრულდეს.

– კი მაგრამ, მეუფემ მე ხომ უკვე გადმომილოცა საგანძურის მცველობა? – ჰკითხა ჯაბამ ტარიელს, თუმცა, ბოლომდე მაინც არ სჯეროდა, რომ, მისი აზრით, რაღაც მითიური საგანძურის მცველი იყო, რადგან ეს ყველაფერი გაბრიელის ფანტაზიის ნაყოფი ეგონა.

– მან შენ სიტყვიერი დასტური მოგცა, ახლა კი სულიერ-ფიზიკური უფლებამოსილებაც უნდა მიიღო. წამოდი, დრო არ ითმენს, მომაკვდავი გველოდება.

– ვინ მომაკვდავი?

– მეუფე გაბრიელი.

– საგიჟეთში მივდივართ?

– იჩქარე, ჯაბა, მე შენ ქვემოთ გელოდები, შავ „ბეემვეში“, – მიუგო ჯაბას ტარიელმა და პირველმა დატოვა საძინებელი.

ჯაბა ორიოდე წუთის შემდეგ გამოვიდა საძინებლიდან და თქვა:

– უნდა წავიდე.

– მშვიდობაა? – ჰკითხა ვიტალიმ.

– კი.

– მალე მოხვალ? – შეშფოთდა შორენა.

– ვეცდები, – მიუგო ჯაბამ და შორენას ბინა დატოვა.

ტარიელმა მანქანა ადგილიდან დაძრა, ქუჩაში გავიდა და ოციოდე წუთის შემდეგ, თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის კერძო სახლის ეზოში შეაყენა.

– მოვედით, – თქვა ტარიელმა და ჯაბა ორსართულიანი სახლის სასტუმრო ოთახში შეიყვანა. შუაში ტახტი იდგა, რომელზეც ფერმიხდილი მეუფე გაბრიელი იწვა, მის ირგვლივ კი შუახნის შვიდი წვეროსანი იდგა.

– მოხვედი, შვილო? – მისუსტებული ხმით ჰკითხა გაბრიელმა ჯაბას.

– მეუფე გაბრიელ, როგორ ხართ? – ჰკითხა ჯაბამ მოხუცს, ტახტთან დაიჩოქა, მას მარჯვენა ხელზე ეამბორა.

გაბრიელმა ჯაბას მარჯვენა ხელი თავზე დაადო და უთხრა:

– სულ მალე შენ ამ პატიოსანი ადამიანების სრული გამგებელი იქნები და ისინი ისევე უსიტყვოდ დაგემორჩილებიან შენ, როგორც მე მემორჩილებოდნენ, – გაბრიელმა ტარიელს მიმართა:

– მიდი, შემოიტანე, დროა, ახალი რაინდი ვაკურთხოთ!

ტარიელმა ოქროს პატარა გვირგვინი და ოქროს უჯაჭვო ჯვარი შემოიტანა და გაბრიელის მუხლებთან დააწყო. შემდეგ ორმა წვეროსანმა მომაკვდავი გაბრიელი წამოაჯინა. გაბრიელმა ოქროს გვირგვინი დაჩოქილ ჯაბას თავზე დაადგა, ოქროს ჯვარი პირთან მიუტანა და აამბორებინა, მოკლე ლოცვა წაუკითხა და უთხრა:

– ამიერიდან შენ საგანძურის მთავარი მცველი ხარ, ეს წვეროსნები კი – შენი ერთგული რაინდები და, რასაც უბრძანებ, ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებენ. განძის ადგილსამყოფელი მხოლოდ შენ იცი. დღეიდან ხელდასხმული ხარ და უფალი გფარავს, ამიტომ ვერავინ შეგეხება და ვერავინ მოგაყენებს ზიანს. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ წადი, საგანძური მოინახულე და უკან დაბრუნდი. გახსოვდეს მთავარი, რომ საგანძურის ადგილიდან დაძვრა, ანუ გარეთ გამოტანა არ შეიძლება და მყარად ჩაიბეჭდე ტვინში ყველაზე უმთავრესი. წმიდა გიორგის ნალი მხოლოდ და მხოლოდ, ქვეყნის ჭეშმარიტად, გადამრჩენელ მმართველს მიართვი და პირადად დაამაგრე ზურგზე, თუკი ასეთი გამოჩნდება. მე ასეთი ვერ ვნახე და ამიტომ ამ მისიის შესრულება შენ მოგიწევს, არჩევანში არ შეცდე, თორემ, საქართველო დაიღუპება. ახლა კი ფეხზე წამოდექი, რაინდთა რაინდო!

ჯაბა ფეხზე წამოდგა. ოთახში შეკრებილი წვეროსნები მუხლებზე დაეცნენ და ჯაბას თაყვანი სცეს. მეუფე გაბრიელი ნელ-ნელა დაწვა ტახტზე, ერთი ამოიხვნეშა და სული დალია.

– გარდაიცვალა, – მწუხარედ თქვა ტარიელმა და ჯაბას უთხრა:

– დროა, უკან დაგაბრუნო, ეს გვირგვინი და ჯვარი კი აქ, ჩვენი საძმოს თავშესაყარში დარჩება. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, აქაა ჩვენი შტაბ-ბინა.

– მეუფე? – თქვა ჯაბამ.

– მას ძმები მიხედავენ, ჩვენ კი წავედით, – მიუგო ჯაბას ტარიელმა, გვირგვინი და ჯვარი ჩამოართვა და ერთ-ერთ წვეროსანს გადასცა, შემდეგ ჯაბასთან ერთად ჩაჯდა „ბეემვეში“ და მანქანა ქუჩაში გამოიყვანა.

– აი, გამომართვი, – ტარიელმა ჯაბას მობილური ტელეფონი მიაწოდა.

– ეს რა არის? – ჰკითხა ჯაბამ.

– მობილურია, რომელსაც ვერავინ მოუსმენს. აი, ამ კოდს რომ შეიყვან, ეკრანზე შენთვის საჭირო ინფორმაციებს ამოიკითხავ. აქვეა ჩვენი საძმოს რაინდთა სურათები, მისამართები და ტელეფონის ნომრები. ეცადე, ტელეფონი არ დაკარგო, მაგრამ, თუ მაინც დაგეკარგა, თვითგანადგურების რეჟიმი ამოქმედდება, ყველა საიდუმლო ინფორმაცია წაიშლება და ჩვეულებრივ ტელეფონად იქცევა.

– რომ არ დავკარგო და ისე წაიშალოს?

– გამორიცხულია. მთავარია, ეს ტელეფონი შენგან ათი მეტრის სიახლოვეში იმყოფებოდეს, – მიუგო ჯაბას ტარიელმა.

– ჩემს ძებნილობას რა მოვუხერხო?

– ამ სამი დღის განმავლობაში სახლიდან არ გახვიდე, მანამდე კი შენი საქმე მოგვარდება და უსაფრთხოდ გადაადგილება შეგეძლება.

– მანამდე რომ გავიდე სახლიდან? ახლა ხომ გარეთ ვარ, საფრთხე არ მემუქრება?

– ახლა ჩემთან ხარ და, რამე რომ იყოს, დაგიცავ.

– დამიცავთ?

– რა თქმა უნდა. გუშინ რომ ჯერ პროფესორის, მერე კი ხარიტონის გვამები გადაყარე მტკვარში, კუდში მოგდევდი და მზად ვიყავი, ხიფათიდან დამეხსენი. ასე იყო მაშინაც, როცა საგიჟეთიდან გამოიქეცი, ასე რომ, ჩემ გარეშე ამ სამი დღის განმავლობაში შენი მარტო გადაადგილება ქალაქში სახიფათოა.

– ესე იგი, ხარიტონის და პროფესორის ამბები იცით?

– რა თქმა უნდა. აბა, ისე როგორ იქნებოდა, მეუფემ ხომ შენი მფარველობა დაგვავალა!

– გასაგებია, – თქვა ჯაბამ, ტარიელს დააკვირდა და უთხრა, – არ ვიცი, საიდან, მაგრამ მეცნობით.

– არცაა გასაკვირი. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკამერებს ჭირივით გავურბივარ, რამდენჯერმე მაინც მოვხვდი კადრში და ტელევიზორში მნახავდი.

– ტელევიზორში?

– დიახ. მე ხომ შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ვარ.

– შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე?

– კი ბატონო.

– და თქვენ მე უსიტყვოდ მემორჩილებით?

– აბსოლუტური სიმართლეა.

– ალბათ, ჩემს ამბავსაც თქვენ აგვარებთ.

– მე, მაგრამ, „შენობით“ მელაპარაკე, – გაუღიმა ტარიელმა ჯაბას და დაამატა, – სწორედ ჩემგან ბრუნდებოდა ბიძაშენი ჯამბული, როდესაც მას ესროლეს.

– ჰო, მართალია. თუკი უსიტყვოდ მემორჩილები, მაშინ ბიძაჩემის ამბავი მომიყევი. არ შეიძლება, არ იცოდე, ვინ და რატომ ესროლა, – უთხრა ტარიელს ჯაბამ.

– ვინ ესროლა, ვიცით და ვეძებთ მათ, ხოლო სროლის მიზეზს კი მარტო მე ვხვდები და არ მგონია, რომ მეშლებოდეს, – მშვიდად მიუგო ტარიელმა.

– აბა, თქვი, გისმენ.

ტარიელმა „ბეემვე“ ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე შეაყენა, ძრავა გამორთო და ჯაბას უთხრა:

– ბიძაშენს კი არა, შენ გესროლეს.

– მე?! – გაოცდა ყმაწვილი და მკერდზე საჩვენებელი თითი მიიდო.

– უეჭველად. ქილერებს შენში შეეშალათ ჯამბული და ძაღლის თავიც აქაა დამარხული.

– როგორ შეეშალათ? მართალია, მე და ჯამბული მართლა ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ქილერებს როგორ უნდა შეშლოდათ, ან საერთოდ, ვის და რატომ უნდა ჩემი მოკვლა?

– უნდათ, – შეუსწორა ჯაბას ტარიელმა.

– ვის უნდა ჩემი მოკვლა?

– იმას, ვინც შენ „გადააგდე“.

– ბაქოელს?

– ჰო.

– კი მაგრამ, ბიძაჩემი ამბობდა, მას ფული პოლიციამ თავისი ჯიბიდან გადაუხადაო და, მეტი რა უნდა, რაღას მერჩის?

– ვერ მოუნელებია, რომ მოატყუე. სარწმუნო წყაროდან შევიტყვე, თურმე, მასხრად აუგდიათ, ძალიან დამცირებულად გრძნობს თავს და გადაწყვიტა, შური იძიოს. თანაც, არაა გამორიცხული, რომ მკვლელები მან ფულის მიღებამდე დაიქირავა.

– ხომ არ გეშლება?

– არა, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რასაც მე გეუბნები. ჯერ ერთი, ბიძაშენს შენი პერანგი ეცვა და ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ჩემს კაბინეტში რომ შემოვიდა, ვუთხარი კიდეც, ჯაბას როგორ ჰგავხარ-მეთქი. ასე რომ, ქილერებს, თანაც, ღამით, სუსტი განათების ფონზე ადვილად შეიძლებოდა, შეშლოდათ. მეორე და მთავარი კი ისაა, რომ ქილერები გავშიფრეთ და ისინი აზერებზე მომუშავე მასტები არიან.

– გასაგებია, მაგრამ, თუკი პროფესიონალი ქილერები არიან, მაშინ, როგორ ვერ მოკლეს?

– აი, ეს კი უკვე უზენაესის ნებაა და ამ საქმეში ღმერთის ხელი ურევია. არ იყო ჯამბული სასიკვდილო და ცოცხალი იმიტომ გადარჩა.

– გადარჩა, რომ?!

– კი, ასი პროცენტით.

– მაგრამ ალბათ, ხეიბარი ან დაუნი დარჩება.

– არავითარი დაუნ-ხეიბარი. ბიძაშენმა, უბრალოდ, ბევრი სისხლი დაკარგა და იმიტომ იყო მძიმედ, თორემ, ტყვიები არც ერთ სასიცოცხლო წერტილს არ შეხებია და მაქსიმუმ ერთ თვეში ადრინდელზე უკეთ იქნება.

– მართლა?

– კი ბატონო.

– კარგი, ტარიელ, მაგრამ, ჩემი ამბავი როგორ იქნება? ის ნაბოზარი თუ ასეა მოწადინებული, არ მომეშვება და, არაა გამორიცხული, ახალი თავდასხმა მომიწყოს.

– ჩემი კაცი მყავს მასთან გაგზავნილი და მოლაპარაკებებს აწარმოებს.

– რომ არ დათანხმდეს?

– მაშინ, გავაგორებთ.

– გააგორებთ?

– აბა, შენს თავს ხომ არ მოვაკვლევინებთ?

– კი მაგრამ, ეს რომ გაბაზრდეს, საერთაშორისო სკანდალი ატყდება და ამით ქვეყანა დაზარალდება.

– დარდი ნუ გაქვს, – გაეცინა ტარიელს, – ჩემი ბიჭები ისე სუფთად ასრულებენ ასეთ საქმეებს და იმ ბაქოელს ისე გააქრობენ, მისგან სველი ადგილიც არ დარჩება. ახლა მთავარია, ის ქილერები დავაკავოთ, თორემ, გამორიცხული არაა, თავდასხმა გაიმეორონ.

– როგორ უნდა გაიმეორონ, რა იციან, რომ მე შორენასთან ვიმალები?

– არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ, სანამ საგიჟეთში გადაგიყვანდნენ, „სოდში“ ჩიპი შეგიყვანეს სხეულში. მადლობა ღმერთს, რომ ერთი დისპლეი, რომელზეც შენი გადაადგილება აისახება, მე მაქვს. მეორე კი – იმ ქილერებს და, როგორც კი გარეთ გამოდიხარ, მაშინვე იშიფრები.

– ვინ ქნა ეს?

– ვინც ეს ქნა, უკვე ცოცხალი არაა და დისპლეი მას ავართვი.

– ჩიპი სად მაქვს?

– ბარძაყში.

– როგორ უნდა ამოვიღო?

– ამაღამ ქირურგს მოგიყვან და ის ამოგაძრობს. ახლა კი წავედით, – თქვა ტარიელმა და „ბეემვე“ ადგილიდან უნდა დაეძრა, როდესაც ვიწრო ჩიხში შავი „ფორდი“ შემოსრიალდა.

– რაღაც არ მომწონს ეს „ფორდი“, – თქვა ტარიელმა და სავარძლის ქვეშიდან „აკაეს-უ“ გამოაცურა, „ბეემვე“ კი უკანა სვლით დაძრა.

უცებ „ფორდიდან“ ავტომატური პისტოლეტებით შეიარაღებული ორი ახალგაზრდა გადმოხტა. მათ იარაღი „ბეემვეს“ მიუშვირეს და წინ დაიძრნენ.

– აი, ეს ბოზები! – იღრიალა ტარიელმა, „აკაეს-უ“ ზევით ასწია, სასხლეტს გამოჰკრა და ქილერებს ტყვიები დაუშინა.

რამდენიმე წამში ორივე ქილერის სხეული საცერივით დაცხრილა.

– აი, ისინიც. ახლა აქედან გავქრეთ, საღამოს კი მინი-ოპერაციას ჩაგიტარებთ ბარძაყზე.

ტარიელმა ჯაბა სადარბაზომდე მიიყვანა, თვითონ კი შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, სადაც უკვე პოლიცია, პრესა-ტელევიზია და ცნობისმოყვარეთა მთელი გუნდი იყო შეკრებილი.

– მობრძანდით, ბატონო ტარიელ, აი, ეს ბიჭები ვიღაცამ დახოცა, – უპატაკა მინისტრის მოადგილეს კაპიტანმა, რომელიც ცდილობდა, რანგით უფროსი კოლეგის წინაშე ბეჯითობა გამოეჩინა.

– ეს ნაძირლები მე დავხოცე, კაპიტანო. სასწრაფოდ გაწმინდეთ აქაურობა ზედმეტი ხალხისგან და პროფესიონალებს ნორმალური მუშაობის საშუალება მიეცით, – უთხრა ტარიელმა კაპიტანს და მოკლული ქილერებისკენ დაიძრა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3