კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დამსახურებისთვის მიანიჭეს სამხედრო ორდენი 70 წლის ასაკში ბანკის სეიფების ქართველ მძარცველს

გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან „წითელი მაქციები“, რომელიც ბრაზილიაში 1978 წელს გამოიცა. მისი ავტორია „კაგებეს“ ყოფილი პოდპოლკოვნიკი იური ელისეევი, რომელიც 1976 წელს სამხრეთ ამერიკაში გაიქცა. წიგნი „კაგებეს“ შავბნელ საქმიანობას ამხელს.

ოპერაცია „ბანკის ძარცვა“

„კაგებე“ ყოვლისშემძლე ორგანიზაცია არ არის და, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი შეუძლია, ყველაფერს საკუთარი ძალებით მაინც ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, „კაგებე“ ზოგჯერ კერძო პირებს ან პირთა ჯგუფს ქირაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად და, ხშირ შემთხვევაში, ეს პირები პროფესიონალი კრიმინალები იყვნენ. სწორედ მათთან ურთიერთობა იყო ჩემი მოვალეობა – მე ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი ვიყავი „კაგებესა“ და შავ სამყაროს შორის. ამიტომ, მე არა მარტო საბჭოთა კრიმინალურ სამყაროს ვიცნობდი ზედმიწევნით, არამედ საერთაშორისო კრიმინალურ სინდიკატთანაც მჭიდრო კონტაქტები მქონდა.

1974 წლის 10 აპრილს გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმირ კოსიგინმა მიხმო და მითხრა:

– თუ არ ვცდები, სეიფის მძარცველს კრიმინალები „მედვეჟატნიკს“ უწოდებენ.

– არ ცდებით, – მივუგე კოსიგინს.

– ჰოდა „მედვეჟატნიკი“ გვჭირდება, გყავს შესაბამისი კვალიფიკაციის კაცი?

– რამდენიმე.

– ძალიან კარგი. შენ ის კაცი კარგად დაამუშავე და წინასწარ შეამზადე, რომ შორეული მოგზაურობისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო, მაგრამ, რა ხდება, რა ოპერაცია უნდა ჩავატაროთ?

– 30 აპრილს ბუენოს-აირესში უნდა ჩახვიდეთ თქვენ და თქვენი „მედვეჟატნიკი“ და ცენტრალური ბანკის სუპერსეიფიდან შავი ყუთი წამოიღოთ. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, 30 აპრილს დასრულდება და საქმეში ჩვენი „მედვეჟატნიკი“ უნდა ჩაერთოს, მაგრამ, შეძლებს კი იმ სისტემის სეიფის გახსნას? – მითხრა კოსიგინმა და ეგრეთ წოდებული ექვსდონიანი სეიფის ფოტო დამიდო წინ, რომელიც ფარული მიკროაპარატით იყო გადაღებული, – აი, ეს, ¹13 სეიფი უნდა გაიხსნას.

– ხურდამ უნდა შეძლოს.

– ხურდა ვინღაა, ან ასეთი მეტსახელი რატომ ჰქვია?

– გოჩა გიორგაძე, 70 წლის კაცია, ჯერ კიდევ „ნეპის“ დროს მოღვაწეობდა. ხურდა კი იმიტომ შეარქვეს კოლეგებმა, რომ ნახევარ მილიონზე ნაკლებ ნადავლს ხურდას უწოდებდა, – ავუხსენი გენერალს.

– შეხედე შენ! – გაეცინა კოსიგინს, – შეძლებს ასეთი ასაკოვანი კაცი ამხელა გზაზე გამგზავრებას და სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას?

– რა თქმა უნდა, შეძლებს. მას სულაც არ ეტყობა ასაკი, თანაც, სამი თვის წინ 40 წლის ქალზე დაქორწინდა და, ყველაზე მთავარი ისაა, რომ შვილს ელოდება, – მივუგე მე.

– ყოჩაღ, ხურდა! მოკლედ, ასე: ხვალ შენს „მედვეჟატნიკს“ ჩემთან მოიყვან და დანარჩენ დეტალებზე შემდეგ დავილაპარაკოთ, – მითხრა კოსიგინმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.

მეორე დღეს მე და ხურდა კოსიგინს ვეწვიეთ. გიორგაძემ სეიფის სურათს რომ დახედა, თქვა:

– ჩვეულებრივი ექვსდონიანი სეიფია, მაქსიმუმ 15-16 წუთში გავხსნი, მაგრამ ისეთი რა არის მოსაპარი, ალბათ, მრავალკარატიანი ბრილიანტები, თანაც, ძალიან ბევრი და უნიკალური, თორემ, ფულს ასე საგულდაგულოდ არ მალავენ.

– არანაირი ბრილიანტები. შავი ყუთია, ყუთში კი, მიკროფირები და საბუთებია შენახული. თავად სეიფი კი შორეულ არგენტინაშია და 19 დღეში იქ უნდა გაემგზავროთ თქვენ და თქვენი კურატორი, – მიუგო ხურდას კოსიგინმა და ჩემზე მიუთითა, შემდეგ მთლიანი ოპერაციის დეტალებიც გაგვაცნო და ასე დაასრულა: – მიკროფირებსა და საბუთებში 600 ძებნილი სამხედრო დამნაშავის სურათები, სახელები და მისამართებია დასახელებული, მას ერთ-ერთი გაქცეული ფაშისტი გენერალი ინახავს იქ და, თუ ამ ოპერაციას წარმატებით შეასრულებთ, სამშობლო არ დაგივიწყებთ.

თავად ოპერაცია კი ასე წარიმართა: 1974 წლის 30 აპრილს, საღამოს 5 საათზე, მე და ხურდა ბანკის შენობაში შევედით, იქვე იმყოფებოდა თორმეტი შეიარაღებული პიროვნებაც. მათ მძევლად აიყვანეს ბანკში მყოფი 86 ადამიანი და ოპერატიულად მოსულ პოლიციას მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ბანკიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტია მოსთხოვეს. მძარცველებმა 3 მილიონი დოლარი გამოიღეს სეიფიდან და ისეთი ილუზია შექმნეს, თითქოს მთავარი ამ საქმეში ფული იყო.

სანამ პოლიციასა და მძარცველებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ხურდამ ¹13 სეიფი 14 წუთში გახსნა და შავი ყუთი გამოიღო. „მძარცველების“ უფროსმა, რომელიც სინამდვილეში „კაგებეს“ თანამშრომელი იყო, გვკითხა:

– თქვენ ახლა ხვრელით გახვალთ ბანკიდან და, მას მერე, რაც ბუენოს-აირესი-ჰავანას რეისი გაფრინდება, ჩვენც გამოვალთ.

საქმე ის იყო, რომ „კაგებეს“ თანამშრომლებმა ერთ-ერთი ბინის სარდაფიდან ბანკის ჰოლამდე 80 მეტრი სიგრძის გვირაბი გათხარეს და ჩვენ იმით გაგვიყვანეს, ბოლოს თვითონაც გამოვიდნენ და არგენტინულ პოლიციას ისინი კვლავ ბანკში რომ ეგონა, ჩვენ უკვე კუბის დედაქალაქში ვიყავით, „მძარცველები“ კი წაღებული 3 მილიონი დოლარით ოკეანის ტალღებს მიაპობდნენ.

ხურდა „წითელი ვარსკვლავის ორდენით“ დააჯილდოეს, ნაძარცვი 3 მილიონი დოლარი კი საბჭოთა ბანკის სეიფებში გაამწესეს. რაც შეეხება სამხედრო დამნაშავეებს, ზოგი მოიტაცეს, ზოგი მოკლეს, ზოგი კი იმ ქვეყნის მთავრობამ დააპატიმრა და გაასამართლა, სადაც ისინი იმალებოდნენ...


скачать dle 11.3