კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი 1986 წლიდან დაკარგულმა მეგობრებმა და ვის ეძებდნენ გერმანიიდან აფხაზეთში

67 წლის ალექსანდრ მიხაილის ძე მენდელეევი ეძებდა 66 წლის თამაზ ვარლამის ძე გოგოხიას.

ისტორია: ვეძებ ჯარის მეგობარს, 66 წლის თამაზ ვარლამის ძე გოგოხიას. ძალიან მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ. ამჟამად მე გერმანიაში ვცხოვრობ და მისი პოვნა აქედან ჩემთვის თითქმის შეუძლებელია. მე და თამაზი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. მინდა, ვიპოვო ის და შეძლებისდაგვარად აღვადგინო ჩვენი ურთიერთობა. თამაზი ბოლოს რომ ვნახე, გალში ცხოვრობდა. მას შემდეგ არ ვიცი, სად არის.

ჟურნალისტის შენიშვნა: რუბრიკა „დაკარგულების“ 24 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა მეგობრის ძებნის ისტორია, რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ, ძალიან მოკლე დროში პოვნით დასრულდა. ამგვარი სასწაულები რუბრიკა „დაკარგულებში“ არცთუ ისე იშვიათად ხდება.

თამაზ გოგოხიას პოვნაში ძალიან დაგვეხმარა მისი ნათესავი, როინ როდონაია, რომელიც ჩემი რუბრიკის აქტიური მკითხველი და გულშემატკივარი აღმოჩნდა.

დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან როინ როდონაია და ნაპოვნი თამაზ გოგოხია, რომლებიც თვითონ უამბობენ მკითხველს თავიანთ ისტორიებს.

ინტერვიუ როინ როდონაიასთან:

– გვიამბეთ, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც წაიკითხეთ ეს ისტორია და მიხვდით, რომ ადამიანი, რომელსაც ვეძებდით, თქვენი ნათესავია. რა მოხდა შემდგომ?

– პირველ ყოვლისა, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ჟურნალ „თბილისელების“ აქტიური მკითხველი ვარ და თქვენი რუბრიკის ერთგული თაყვანისმცემელი, ვერც ერთ სტატიას ვერ შევადარებ უბრალო ადამიანების ცხოვრების ისტორიებსა და იმ სასწაულებს, რომლებსაც თქვენ მათთვის ახდენთ. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც შევიძინე ჟურნალ „თბილისელების“ ახალი ნომერი, მაგრამ, სანამ წავიკითხავდი, სახლში, მაგიდაზე დავდე. პირველმა ჩემმა შვილმა წაიკითხა ეს ისტორია და მაშინვე დამიძახა: მამიკო, თამაზ გოგოხიას ეძებენ, ის ხომ შენი ნათესავიაო. მაშინვე გამოვვარდი ოთახიდან და ყურადღებით წავიკითხე სტატია, როგორ ეძებდა გერმანიაში მცხოვრები კაცი თავის მეგობარს აფხაზეთში. მე და თამაზი ნათესავები ვართ, ორივე გალიდან და, რა ხანია, თბილისში ვცხოვრობთ. ჩემი და თამაზის მამები ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. ვერც კი აღვწერ, როგორ გამიხარდა. არ ვიცი, რა სიხარულს შევადარო ის გრძნობა, ოჯახში ყველას გვიხაროდა. მაშინვე დავურეკე თამაზს. ტელეფონში არ მინდოდა, მეთქვა და დავიბარე, ჩემთან მოსულიყო. ვუთხარი, რომ სიურპრიზი ელოდება. შემდგომ დაგირეკეთ თქვენ. როდესაც თამაზი მოვიდა, წავაკითხე ჟურნალი და მის რეაქციას ველოდი. ის ჯერ გაოცდა, შემდგომ ფერი ეცვალა, ძალიან გაუხარდა და დაიძახა: საშა! საშა მეძებს, ჩემი უფროსი ძმა მეძებს! ჩვენ ერთმანეთი ბოლოს 1986 წელს ვნახეთ, როდესაც ის გალში იყო ჩამოსული. მე ვიცოდი, რომ ის ჟიტომირში ცხოვრობდა, მაგრამ, გერმანიაში ყოფილაო. ვერ აგიწერთ, როგორ უხაროდა თამაზს ეს ამბავი. ფრთები რომ ჰქონოდა, ალბათ, გაფრინდებოდა (იცინის).

– თქვენთან თუ უხსენებია ადრე თამაზს თავისი მეგობარი, თქვენ იცოდით მისი არსებობის შესახებ?

– ხშირად მსმენია თამაზისგან საშაზე, რომელიც მას ძალიან უყვარდა, მაგრამ მოგეხსენებათ, რა სიტუაცია იყო 1992 წელს, იმ დროიდან მათ შორის სატელეფონო კავშირიც არ ყოფილა და თაზოს ის ძალიან ენატრებოდა.

– უშუალო მონაწილეობის მიღება გერგოთ წილად ამ ისტორიის პროცესში, რა შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც თქვენს ნათესავს მეგობრის პოვნაში დაეხმარეთ?

– შეუდარებელი გრძნობაა. ყოველთვის გულისყურით ვკითხულობდი დაკარგულების ისტორიებს და მეგრული გვარი რომ შემხვდებოდა, ვფიქრობდი, ხომ არ ვიცნობ, იქნებ დავეხმარო მოძებნაში-მეთქი მაგრამ, სინამდვილეში ვერ წარმომედგინა, თუ რა დიდი ემოციაა, როდესაც ადამიანს ასე ახარებ. მადლობა თქვენ და თქვენ რუბრიკას, იმისთვის, რასაც აკეთებთ.

ინტერვიუ ნაპოვნ თამაზ გოგოხიასთან:

– გერმანიიდან გეძებდნენ, სურათიც არ გვქონდა თქვენი და მართლაც სასწაულია, რომ გიპოვეთ, თანაც – თბილისში, გვითხარით წარმოიდგენდით თუ არა, რომ შეიძლებოდა, ვინმეს მოეძებნეთ?

– მე და საშა დიდი მეგობრები ვიყავით. ის ჩემთან ოჯახში, გალშიც კი იყო ორჯერ ჩამოსული. ბოლოს 1986 წელს ვნახე, შემდგომ კი მხოლოდ სატელეფონო კავშირი გვქონდა ერთმანეთთან, რომელიც არეულობის გამო, 1992 წელს შეწყდა. მე მეგონა, რომ ალექსანდრე დღემდე ჟიტომირში ცხოვრობდა. ნამდვილად არ ველოდი, რომ ვინმე მეძებდა, თან, ასეთი თბილი სიტყვებით ყვებოდა ჩვენს ისტორიას. როცა ვკითხულობდი, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მეგონა, მეორედ დავიბადე, გამიხარდა ძალიან. მიუხედავად ამდენი წლის გასვლისა, მე მას ვახსოვდი და მეძებდა.

სიმართლეს გეტყვით, არც კი ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ, თქვენს ჟურნალს არ ვკითხულობდი, მეგონა, რომ ადამიანის მოსაძებნად, დიდი მატერიალური სახსრებია საჭირო, ნამდვილად არ მიცდია მისი პოვნა, მაგრამ, ხშირად გამხსენებია საშა და მიფიქრია, ნეტავ ახლა სად არის და როგორ არის-მეთქი... ამ ამბავმა დიდი სიხარული მომიტანა. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და უიმედობისა, როდესაც ეს სტატია წავიკითხე, მივხვდი, რომ ამ ცხოვრებაში მეგობრობა არ ქრება და ხდება სასწაულები. წლებია, რაც მე სასტუმრო „კოლხეთში“ ვცხოვრობ. არ მეგონა, თუ რამე ასე გამიხარდებოდა. როინიც ძალიან მგულშემატკივრობდა, ისე მოწადინებული იყო, რომ მალე მივსულიყავი მასთან. კი მივხვდი, რომ რაღაც ხდება, მაგრამ, ამ ამბავს როგორ წარმოვიდგენდი. მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ, ამ საქმეს რომ აკეთებთ და ასეთ რთულ დროში ადამიანებს ასე ახარებთ, მინდა ყველას ვუსურვო ასეთი სიხარული!


скачать dle 11.3