კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მიღწევა შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის თვითიძულებით და როდის ემორჩილება სული მთლიანად ხორცს

ხშირად, მარხვის პერიოდში, ეკლესიაში განსაკუთრებულად ბევრი ხალხი დადის, თუმცა, როგორც კი მარხვა მთავრდება, მათი უმეტესობა საერთოდ აღარ ესწრება წირვა-ლოცვას. ზოგიერთი ადამიანი კი ფიქრობს, რომ ეკლესიაში სიარულის გარეშეც შეუძლია, საკუთარი ცხოვრება კარგად წარმართოს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– ადამიანი სულიერი, რელიგიური არსებაა და, უნდა თუ არ უნდა, ის მაინც დადგება იმ რეალობის წინაშე, რასაც სულიერი ცხოვრების მოწყობა ჰქვია. შეიძლება, ადამიანში გაიღვიძოს რელიგიურმა გრძნობამ და თქვას: „მე მწამს ღმერთი, შევდივარ ტაძარში, ვანთებ სანთელს, ვლოცულობ“, – მაგრამ, ეს კიდევ არ არის ეკლესიური ცხოვრება. ხშირად ადამიანები ამბობენ: უფალი ხომ ამბობს, სადაც ორი-სამი კაცი შეიკრიბება, ჩემი სახელით, მეც იქ ვარო. მაგრამ ამის პირდაპირი გადაღება, კოპირება არასწორი იქნება, რადგან, საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და დღემდე არსებობს უამრავი დამახინჯებული მიმდინარეობა, რომლებიც დაშორდნენ დედაეკლესიას, მაცხოვნებელ სარწმუნოებას, მაგრამ თავს მაინც ქრისტიანებს უწოდებენ. ყველამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა: არის კი მათ მიერ უფლის აღიარება მართებული, მართებულად ემსახურებიან თუ არა უფალს? ადამიანი, რომელსაც სურს, შეუდგეს ქრისტეს, ღმერთს, ის ჯერ უნდა მოვიდეს მართლმადიდებლურ საკრებულოში, სამრევლოში და გახდეს მისი წევრი. თვეში ერთხელ ტაძარში შესვლა, სანთლის ანთება, თუნდაც დღესასწაულებზე სიარული, ტრაპეზების გამართვა, არ არის მთავარი და მაცხოვნებელი, ყოველ შემთხვევაში, ადამიანი ამით არ ცხონდება. მთავარი სამი ფაქტორის გათვალისწინებაა: პირველი ისაა, რომ ადამიანი უნდა იყოს ჭეშმარიტი ეკლესიის ცოცხალი წევრი, ანუ, იგი უნდა იყოს მართლმადიდებელი და არა წარმართი, რადგან წარმართი ვერ ცხონდება; მეორე კრიტერიუმი კი ის არის, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს მართლმადიდებელი, მაგრამ მერე ჩავარდეს მწვალებლობაში, განხეთქილებაში, რაც, თავის მხრივ, მართლმადიდებლურ სწავლებასთან წინააღმდეგობაში მოდის; მესამე – ადამიანის სარწმუნოება საქმეებითაც უნდა დამტკიცდეს. საქმეების გარეშე სარწმუნოება მაცხოვნებელ ძალას არის მოკლებული, კეთილი და კარგი საქმეები თავისთავად გამოიღებს კარგ ნაყოფს, ნაყოფს ცხონებისას. თუმცა, ამ ყველაფრის მიღწევა დიდი შრომის ფასად, თვითიძულების ფასად არის შესაძლებელი.

– რაში მდგომარეობს ადამიანის მიერ საკუთარი თავის იძულება?

– ჩვენ, ადამიანები, ხშირად ხორცზე ვართ დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სული უძლურია, არ არის წარმატებული ცხონებისკენ მიმავალ გზაში, არ არის გაწაფული კეთილ საქმეებში, ასეთ დროს ადამიანი სულიერად ექვემდებარება ხორციელ, მშვინიერ მოთხოვნილებებს. მას ეზარება დილით ადრე ადგომა, წირვაზე წასვლა. ბევრი ამბობს, ძალიან ციოდა და ვერ მოვედი ტაძარში, შეიძლება, იქ გავციებულიყავიო. თუ ჩვენი ცხოვრება ცხონებისკენ იქნება მიმართული, ეკლესიაში მივალთ მადლის მისაღებად, სულიერი ნიჭების გასამრავლებლად, მაშინ სურდოსი, გაციების, ხორციელი უძლურების აღარ შეგვეშინდება. ყველაფერი შესაძლებელ არს მორწმუნისთვისო, – ნათქვამია. ძველად ქრისტიანები დაავადებულ ადამიანებზე ზრუნავდნენ, საპატიმროში შედიოდნენ, კეთროვნებსაც კი უვლიდნენ, მაგრამ ისინი ამით არასდროს სნეულდებოდნენ. თუ ადამიანი ამას სარწმუნოებით აკეთებს, მას არაფრის ეშინია, რადგან ასეთ დროს ადამიანი კეთილ საქმეს აღასრულებს და მას უფალი იფარავს, შეეწევა. ამიტომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა აიძულოს, ადგეს დილით, წავიდეს ტაძარში წირვაზე, იმუშაოს საკუთარ თავზე, ჩაუფიქრდეს თავისი სულიერ მდგომარეობას. სინდისი ადამიანის მხილების ყველაზე კარგი საშუალებაა. თუ ადამიანი ისწავლის საკუთარ თავზე მუშაობას, ვარჯიშს, სულიერ და ფიზიკურ მიღწევებს მხოლოდ თავის დამსახურებად კი არ შერაცხავს, არამედ უფლის წყალობად მიიჩნევს, ის უფრო წარმატებული იქნება. ჩვენ ხშირად გვეზარება ეკლესიაში სიარული, წირვა-ლოცვაზე დგომა, სათნო საქმეების აღსრულება, მარხვა, მაგრამ, თავი უნდა ვაიძულოთ. თუ ამას გავაკეთებთ, გარკვეული პერიოდის მერე ჩვევად გადაიქცევა, ხოლო წლების განმავლობაში ეს ჩვევა სულის მოთხოვნილებად იქცევა, მამოძრავებელი ძალა, სიცოცხლის წყარო გახდება, მივხვდებით, რომ ამ ყველაფრის გარეშე, ანუ მადლისა და უფლის გარეშე, ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ამას რომ მივაღწიოთ, მთლიანობაში ბევრი წელი და საკუთარ თავთან შეუპოვარი ბრძოლაა საჭირო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ თავთან ბრძოლა. ადამიანებს ხშირად უწევთ დაცემულ სულებთან შებრძოლება, მაგრამ მათთვის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია – მანკიერებები, დაცემული და უზრუნველი ბუნება, გულგრილი ცხოვრება და ქრისტიანობისადმი ზერელე დამოკიდებულება. ასე რომ, თუ ადამიანი საკუთარ თავს დაამარცხებს, ის იოლად შეძლებს დაცემულ სულებზე, ხილულ და უხილავ მტერზე გამარჯვებას.

– ამ ყველაფრის გაკეთება განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეკლესიურ ცხოვრებას იწყებენ და უჭირთ რაღაცეებზე უარის თქმა, ცხოვრების სტილის შეცვლა.

– როდესაც ადამიანი ტაძარში მოდის, ცდილობს ეკლესიური ცხოვრების დაწყებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მას როგორი გარემო დახვდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, თუ როგორი გარემოცვა ჰყავს მას. ბევრი აღიარებს, რომ როდესაც ის ეკლესიაში სიარულს, მარხვების დაცვას ცდილობდა, მას ოჯახის წევრები ხშირად ურჩევდნენ, რომ ეს ყველაფერი ცოტა მძიმე ხომ არ არის მისთვის, ხომ არ აჯობებს, დიდ მარხვაში პირველი და ბოლო კვირა იმარხულოს. ასეთი „მოკეთეები“ ხშირად ვერ ამჩნევენ, რომ მათი ასეთი მიდგომა, მათი დარიგება არ არის მართებული, სწორი და, ამით, პირიქით, სხვას აბრკოლებენ. თუ ადამიანმა დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება, მარხვა, მაგრამ, საკუთარ თავს დაუწესა შეღავათები, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს მოძღვრის კურთხევის გარეშე ხდება, ამით ის უკვე არასწორ ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს. მარხვა სულის ვარჯიშია, რაც აუცილებელია ადამიანისთვის. ამ დროს ის უნდა დაფიქრდეს, როგორ აპირებს ცხონებისკენ სიარულს, საკუთარ თავთან ბრძოლას და, თუ ის გართობას მიეცემა, მას ამ ყველაფრის გასაკეთებლად და ამაზე საფიქრალად დრო აღარ დარჩება.

– მარხვის პერიოდში თითქმის ყველა ეკლესია სავსეა, მაგრამ სხვა დღეებში, თუნდაც დღესასწაულებზე, ბევრი აღარ მიდის წირვა-ლოცვაზე.

– ადამიანები ხშირად აღტაცებით იწყებენ ეკლესიაში სიარულს, შემდეგ კი მათი სულიერი აღტკინება ქრება და თვეების განმავლობაში აღარ მოდიან ეკლესიაში. ასევე, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც მხოლოდ მარხვის დროს მოდიან ტაძარში, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ, როგორც კი მარხვა მთავრდება, აღარ დადიან წირვა-ლოცვებზე. ჩვენ, მოძღვრები, ასეთ ადამიანებს „მარხვის ადამიანებს“ ვეძახით. ეს კი არასწორი მიდგომაა და მათ უნდა გაითავისონ, რომ ასე ვერ ცხონდებიან. სამწუხაროდ, უფალს ისე აღვიქვამთ, როგორც მეხანძრეს, რომელმაც ცეცხლი უნდა ჩააქროს. მას მაშინ ვეძახით, როცა გვიჭირს; ვხვდებით, რომ უფლის გარეშე ვერ შევძლებდით ამის გადალახვას, მაგრამ, როგორც კი გაივლის დრო, ეს ყველაფერი გვავიწყდება, ისევ ვშორდებით უფალს. ჩვენ მაშინ გვინდა უფალი, როდესაც გვჭირდება, არადა, უფალი, ეკლესია ყოველდღე მოგვიწოდებს, მოდით და ისწავლეთ ცხონება, გადარჩენის გზაო. ამას კი დიდი შრომა და შემართება სჭირდება. მაშინ არ უნდა მივიდეთ ტაძარში, როდესაც გვინდა, მაშინ არ უნდა მოვუხმოთ უფალს, როდესად დაგვჭირდება, რადგან, შეიძლება, ხვალ საერთოდ აღარ დაგვჭირდეს უფალი და ეს ძალიან ცუდი იქნება. უფალი სულ გვიხმობს და ჩვენ უნდა გავყვეთ მისი, დედა-ეკლესიის გამოძახილს, თუ გვინდა, რომ ვცხონდეთ და გადარჩენის გზას დავადგეთ.


скачать dle 11.3