კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხატა ლევან ცუცქირიძემ სიონის საკათედრო ტაძარი, როცა მას ექიმებისგან განძრევაც კი აკრძალული ჰქონდა

„რა ურთულესია ძიების გზები და რა ძნელია გაღმით გასვლა იმ ბილიკზე, რომელიც შენი წილხვედრია მხოლოდ”, – ამბობს ცნობილი მხატვარი ლევან ცუცქირიძე. სულ ახლახან მას 85 წელი შეუსრულდა... თუ როგორი იყო დიდი მხატვრის ცხოვრების გზა და რა სასწაული მოახდინა საქართველოს საკათედრო ტაძრის სიონის კედლების მოხატვამ მისთვის, ამის შესახებ თავად ლევან ცუცქირიძე გვესაუბრა...

– ბატონო ლევან, როგორ იხსენებთ ბავშვობას და იღებს თუ არა სათავეს თქვენი შემოქმედება ბავშვობიდან?

– ბავშვობა კომუნისტურ ხანაში გავატარე. მამაჩემი 1937 წელს დააპატიმრეს და 37 წლის ასაკში დახვრიტეს. ამ დროს 11 წლის ვიყავი... ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ სოფელი იმერეთში გვქონდა – წიფა, სადაც ბებია-ბაბუა, ბიძები და ბიძაშვილები ცხოვრობდნენ. ულამაზესი სოფელია, მთებს რომ გახედოთ, ნამდვილი დავით კაკაბაძის მთებია... არდადეგებს ყოველთვის წიფაში ვატარებდი. ბაბუამ სოფლის საქმეები მასწავლა, მათ შორის ვენახის გათოხნაც, ცხოვრებაში გამოგადგებაო, მაგრამ დღემდე არსად გამომიყენებია, – ეს ხუმრობით... ბაბუამ ასევე, გადასარევად მასწავლა ამინდის გამოცნობა. თავად ღრუბლების განლაგების მიხედვით ხვდებოდა, მეორე დღე მზიანი იქნებოდა თუ ავდრიანი. ამინდის პროგნოზს მეც ხშირად მეკითხებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, ნორმალურად არც ჩანს ცაზე ღრუბლები... სოფელმა ჩემს შემოქმედებაზე, რასაკვირველია, დიდი გავლენა მოახდინა. პატარა ღელე ჩამოდიოდა, სადაც დოქის ნამტვრევებს ყრიდნენ. მე დოქის ნამტვრევებზე ნახშირით ან ცარცით ვხატავდი.

– პირველი სერიოზული ნახატი როდის შექმენით?

– ყოფილ პიონერთა სასახლეში მხატვართა წრე იყო, რომელსაც ძალიან გემოვნებიანი მხატვარი – გრიგოლ მესხი ხელმძღვანელობდა. ამ წრეში მეც ჩავეწერე. პირველი ნახატი რომ შევასრულე, თაბაშირში ჩამოსხმული ფოთოლი დაგვიდეს წინ დასახატად, გრიგოლ მესხს ძალიან მოეწონა. სამწუხაროდ, მხატვართა წრე მალე დავტოვე, რადგან ფიზკულტურამ გამიტაცა. გრიგოლ მესხი თურმე კითხულობდა, სად დაიკარგა ის ყმაწვილიო... მერე სოფელში ჩავდიოდი ხშირად და იქ ჩემთვის ვხატავდი. წიფაში შარშანაც ვიყავი, ძალიან ვისიამოვნე და გაისადაც ვაპირებ ჩასვლას.

– სამხატვრო აკადემიაში როდის ჩააბარეთ?

– ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ერთი გოგონა შორიდან შეუყვარდა, რომელიც სამხატვრო აკადემიასთან ცხოვრობდა. ერთ დღეს „ბამბანერკა” ვიყიდეთ და ამ გოგონას ბინისკენ წავედით. ჩემმა მეგობარმა მთხოვა „მიზურგე” და ამ „ბამბანერკას” ბინაში გადავუგდებო. მართლაც ასე მოვიქეცით და რომ არავის შევემჩნიეთ, იქედან სასწრაფოდ გამოვიქეცით. ამ სიჩქარეში სამხატვრო აკადემიის სახურავზე აღმოვჩნდით. სამხატვრო აკადემიას ადრე შუშის სახურავი ჰქონდა და სახურავიდან რომ დავინახე, იქ როგორ მუშაობდნენ, ძალიან მოვიხიბლე. მერეც ხშირად მივდიოდი და სახურავიდან იქაურობას „ვაკონტროლებდი”... სამხატვრო აკადემიაში 20 წლის ასაკში ჩავაბარე. აკადემიაში მიღებამდე, ყველა სამხატვრო ტექნიკუმს ამთავრებდა, მე კი გამონაკლისი აღმოვჩნდი. აკადემიამდე არც ვიცოდი, ფუნჯი რა იყო. ერთ მხატვარს რომ დავუნახე ფუნჯი, რომელსაც დაბალი წვერი ჰქონდა, ეს კანონზომიერი მეგონა და ფუნჯი რომ ვიყიდე, წვერი გადავაჭერი. მისაღებ გამოცდებზე ამ ფუნჯით და საექიმო ლანცეტით მივედი, რომლითაც საღებავებს ვხსნიდი. კომპოზიცია არც ვიცოდი, რას ნიშნავდა და რომ ვიკითხე, ერთი ფოტო მომცეს, რომელზეც ზარბაზანი და ორი მეზარბაზნე ეხატა. გამოცდაზე ვიღაცამ მხარზე ხელი რომ დამადო, შევკრთი, მეგონა, „შპარგალკა” შეამჩნია. მან ჩემი ნახატები შეამოწმა, სახელი და გვარი მკითხა და მისაღები გამოცდები რომ დამთავრდა, აღმოჩნდა რომ ხუთები მქონდა მიღებული... ეს გამომცდელი დავით კაკაბაძე იყო, რომელიც იმავე წელს გაათავისუფლეს აკადემიიდან ფორმალიზმის გამო და მთელი ცხოვრება დევნილი გახლდათ... მეც მეორე კურსზე რომ გადავედი, ფორმალიზმის ბრალდებით, პირველ კურსზე ჩამტოვეს. შემდეგ მეოთხე კურსიდან, იგივე ბრალდებით, პირველ კურსზე დამაბრუნეს. ასპირანტურის ჩათვლით, 15 წელი ვსწავლობდი. ამ ყველაფერს კომიკურ ასპექტში ვიხსენებ, რადგან სწავლის პროცესი ძალიან მომწონდა და თავს კარგად ვგრძნობდი. ერთადერთი, ის მაწუხებდა, სტიპენდია რომ არ მქონდა, როგორც დასჯილს, მაგრამ დედაჩემი და ჩემი და ბევრს შრომობდნენ და მე ლაღად მაცხოვრებდნენ... ვამაყობ, ასეთი პედაგოგები რომ მყავდა – დავით კაკაბაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, სერგო ქობულაძე... სერგო ქობულაძეს ერთხელ სტუდენტებისთვის ჩემზე უთქვამს, ეს ამ ბოლო დროს გავიგე, ყველაფერს არასწორად აკეთებს, მაგრამ კარგად გამოსდისო... მე არ მასწავლიდა, მაგრამ ყოველთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა ლადო გუდიაშვილისგანაც...

– როდის დაიწყო თქვენი აღიარება, რომელი იყო პირველი დიდი წარმატება?

– აკადემია რომ დავამთავრე, ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ილუსტრაციები, ასპირანტურის შემდეგ – „ვეფხისტყაოსნის”, მერე კი – გალაკტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის, გოგლა ლეონიძის, ირაკლი აბაშიძის... პირველი პერსონალური გამოფენა 1961 წელს, თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში მოეწყო... ჩემი პირველი ნამუშევარი სამხატვრო გალერეიდან განდევნილ იქნა ფორმალიზმის გამო. ეს იყო ვაჟა-ფშაველას „მინდიას” მიხედვით „ღრეობა”. შემდეგ ილუსტრაციები შევქმენი „ვეფხისტყაოსნის” მიხედვით, რომელიც ასევე ამოიღეს გამოფენიდან. საქართველოში იმ წლებში არ დაიბეჭდა. 1972 წელს კი იაპონიაში დაიბეჭდა წიგნი, სადაც ყველა ილუსტრაციაა შეტანილი „ვეფხისტყაოსნიდან“... 1970 წელს ბერლინში უცხოეთთან კავშირის შენობაში გაიხსნა „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების ფოტოგამოფენა, რის შედეგადაც ბერლინში ორჯერ გამოიცა ჩემი ილუსტრაციებით დასურათებული „ვეფხისტყაოსანი”, გერმანულ ენაზე. ჩემს მიერ დასურათებული „ვეფხისტყაოსანი” გამოიცა ასევე თბილისში, მოსკოვში, სომხეთსა და იაპონიაში... 1974-1995 წლებში ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, გერმანიაში, ამერიკაში, კერძო გალერეებში ჩემი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1974 წელს საუკეთესო საბავშვო წიგნის საერთაშორისო კონკურსზე დამაჯილდოვეს ანდერსენის სახელობის დიპლომით, გრიგოლ ორბელიანის პოემა „სადღეგრძელოს” გაფორმებისთვის. ბოლო წლების ჩემი ნამუშევრებიდან გამოარჩევენ სიონის კედლებზე შესრულებულ ფრესკებს... 1997 წელს თბილისში გამოიცა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია” ჩემი ილუსტრაციებით. 2001 წელს კი გერმანიაში მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაისტამბა ჭაბუა ამირეჯიბის შვიდტომეული, კვლავ ჩემი ილუსტრაციით... 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გავხდი.

– როგორ გადაწყდა, რომ სიონის ტაძარი თქვენ მოგეხატათ?

– მისი უწმიდესობა, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ყოველთვის ცდილობდა, ინტელიგენციასთან დაახლოებას. ერთ დღეს მან ჩემი თაობის ახალგაზრდა მხატვრები, არქიტექტორები და მოქანდაკეები მიგვიწვია და სუფრა მოგვიწყო ხილითა და შამპანურით. როდესაც უწმიდესმა დასვა შეკითხვა სიონის ტაძრის მოხატვა მსურს და ვინ ავირჩიოთო, იქ მყოფთა წრეში მე ამირჩიეს... ტაძრის მოხატვა რომ დავიწყე, სამსახურიდან გამათავისუფლეს და შემდეგ ისევ დამაბრუნეს, მთარგმნელობით კოლეგიაში ვმუშაობდი მხატვრად... ტაძრის მოხატვას 7 წელი დასჭირდა. ამ წლების განმავლობაში სულ ხარაჩოებზე ვიყავი. ძალიან დავუახლოვდი პატრიარქს. თუ რამ მჭირდებოდა სამუშაოს შესასრულებლად, საკურთხეველში შევდიოდი და ყველა სურვილს მისრულებდა... მოგეხსენებათ კომუნისტურ ეპოქაში მორწმუნეები არ ვიყავით, სკოლაში რომ ვინმეს ეკლესიასთან დაენახე, დირექტორთან მიგიყვანდნენ. მაგრამ, ყველა ოჯახი მაინც ახერხებდა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას... რწმენის თვალსაზრისით, აბსოლუტური შემობრუნება მოხდა ღმერთისკენ. თავიდანვე დიდი რწმენით მივედი და ბოლომდე ასე დავრჩი. სულ მქონდა შეგრძნება, რომ გვერდით ღმერთი მედგა. ნახატებს სიზმარში ვხედავდი. „საიდუმლო სერობა” სიზმარში ვნახე, სასწრაფოდ წამოვხტი და შევასრულე. საოცრად ლამაზ გალობას ვისმენდი. ერთ-ერთი ქალიშვილი იყო ნორა, რომელსაც განუმეორებელი ხმა ჰქონდა. ყველაზე დიდი სასწაული ის იყო, რომ, ვიდრე მოხატვას დავიწყებდი, ექიმებისგან განძრევაც კი აკრძალული მქონდა. საოცარი ენერგია მომეცა, მთელი დღე ხარაჩოებზე ვიყავი და დაღლას ვერ ვგრძნობდი, სრულიად გამოვჯანმრთელდი.

– ბოლო წლებში რაზე მუშაობთ?

– ტილოებზე გადავედი. რელიგიურ თემატიკას ბევრი ტილო მივუძღვენი, – „შობის კომპოზიცია”, „იუდას ამბორი”, „ადამი და ევა”, თითქმის ყველა თემას შევეხე. მუშაობა დღემდე გრძელდება. ოჯახის წევრებიდან ყველაზე ადრე ვდგები და მუშაობას ვიწყებ. დღესაც დავიწყე ერთი დიდი ტილოს დახატვა.

– გაგვაცანით თქვენი ოჯახი?

– სამი შვილი მყავს და ექვსი შვილიშვილი. მეუღლე იმდენად მიწყობს ხელს, ლამის ფუნჯი გამომართვას და თავად დახატოს. ხელოვანთან ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ როცა ხელოვნება გიყვარს, ყველაფერის თანამონაწილე ხდები. შვილიშვილი, სანდრო ქადაგიძე არქიტექტურის პირველი კურსის სტუდენტია. კარგად მღერის და გადაცემა „ნუცას სკოლიდან” გააცნო ხალხს თავი. ერთ-ერთმა პატარა შვილიშვილმა თავის ნახატები მაჩვენა და რომ შევუქე, მითხრა – ბაბუ, შენც კარგი მხატვარი ხარო.

– რთული ცხოვრება გაიარეთ, ამან თქვენზე იმოქმედა?

– პარადოქსია, მაგრამ სირთულეებმა ჩემს შემოქმედებაზე დადებითად უფრო იმოქმედა, ვიდრე უარყოფითად. სხვათა შორის, ჩემი თაობის ყველა ნიჭიერმა მხატვარმა ცხოვრებაში სირთულეები გაიარა და ამიტომაც, ყველას თავის სახე აქვს.

– როგორ აღნიშნეთ 85 წლისთავი?

– ჩემი დაბადების დღე ოჯახში აღვნიშნეთ. პირველად ჩემს ცხოვრებაში, 85 წლის ასაკში, ვითამადე. დებიუტი კარგად შედგა. ყველა ნასიამოვნები დარჩა, რადგან ყველა ცაში ავიყვანე. ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ. სამწუხაროდ, ბევრი მეგობარი გარდამეცვალა. დაბადების დღეზე არავის ვეპატიჟებით, თავისით ვინც მოვა, ძალიან გაგვახარებს.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნატვრა?

– სამშობლოს კეთილდღეობა, ასევე კიდევ ერთი დიდი ნატვრა მაქვს: ლადო გუდიაშვილის დროს, მისივე წყალობით, ხელოვნების ზეიმი იყო კარგი მხატვრის გამოფენა. 50-იანელი და 60-იანელი მხატვრების თაობაში ეს მუხტი კიდევ იყო, შემდეგ დაიკარგა და არც ჩანს იმედი, ეს დიდი შინაგანი წყურვილი აღდგეს. დღეს მთელ მსოფლიოში მხატვრობისადმი სიღატაკეა.


скачать dle 11.3