კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

საკუთარმა მშობლებმა და და-ძმებმა მომიძულეს

ჩემი მშობლების უფროსი შვილი ვარ, მომდევნო ძმაზე თორმეტი წლით უფროსი. მყავს ორი და და ორი ძმა. გვქონდა ორსართულიანი საკუთარი სახლი, რომლის აშენებაშიც მე ფიზიკურადაც და მატერიალურადაც ვეხმარებოდი მშობლებს – თითქმის მთელ ჩემს ხელფასს მამას ვაბარებდი. ჩემი დები და ძმები პატარები იყვნენ და, ცხადია, ვერანაირ დახმარებას ვერ გაგვიწევდნენ. ორი წელი აშენებას მოვანდომეთ, ერთი წელი – მოწყობას და, ბოლოს, როგორც იქნა, შევსახლდით. ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვქონდა და ვცხოვრობდით შეხმატკბილებულად. რამდენიმე წლის შემდეგ ცოლი შევირთე და, რა თქმა უნდა, სახლში მოვიყვანე. სამი შვილი გვეყოლა. სახლი დიდი იყო და ვეტეოდით, მაგრამ ამდენი ხალხი, მოგეხსენებათ, ძნელად თავსდება ერთად. მერე ჩემი ერთ-ერთი და გათხოვდა, დედამთილთან ცხოვრება არ მოინდომა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სიძეს კარგი ბინა ჰქონდა, მოჰკიდა ხელი თავის ქმარ-შვილს და სახლში მოიყვანა. ერთ წელიწადში ჩემმა მომდევნო ძმამაც შეირთო ცოლი და, ისინიც რომ ჩამოვიდნენ საქორწინო მოგზაურობიდან, ჩვენი სახლი უზარმაზარ სკას დაემსგავსა და აქამდე მშვიდ და წყნარ ოჯახში უსიამოვნებებმა იმატა: ხან რძლებს შორის ხდებოდა კამათი, ხან რძალ-მულებსა და ხან – რძლებსა და დედამთილს შორის. ამ ყველაფრის გაძლება თითოეული ჩვენგანის (განსაკუთრებით – კაცების) ძალ-ღონეს აღემატებოდა და ამიტომ, გადავწყვიტეთ, სახლი გაგვეყიდა და ცალ-ცალკე დავსახლებულიყავით. გაყიდვაზეც მე ვირბინე, კლიენტი ვიპოვე და იმ დროისთვის მაქსიმალურ ფასად გავყიდეთ. იმ ფულით ხუთი ოროთახიანი და ერთი ერთოთახიანი ბინა ვიყიდეთ და ცოტა ფული კიდევ დაგვრჩა, მაგრამ მშობლები ჩემი და-ძმის გავლენის ქვეშ მოექცნენ და, მოკლედ რომ გითხრათ, მე და ჩემი ოჯახი წილის გარეშე დაგვტოვეს, იმ მოტივით, რომ ჩემს ცოლს ერთოთახიანი ბინა ჰქონდა იტალიურ ეზოში (ბებიამ დაუტოვა). ის კი პრაქტიკულად, თავიდან იყო ასაშენებელი, არც აბაზანა და სამზარეულო ჰქონდა და ტუალეტიც ეზოში იყო.

ისე მეწყინა ჩემი მშობლების ასეთი გადაწყვეტილება, არც არაფერი მომითხოვია და არც დავა დამიწყია, წამოვიღე ჩვენი ნივთები და ყველა ამოვიგდე გულიდან – დედ-მამაც და და-ძმაც. ცოლმა ეს არ მაპატია, გამეყარა და თავის მშობლებთან დაბრუნდა სამ ბავშვთან ერთად. ბრალდება მწარე იყო, მაგრამ სამართლიანი: შენი ოჯახისგან ვერ დაგიცავს ცოლ-შვილი და სხვისგან როგორ დაგვიცავო.

რძლებზე რა უნდა ვთქვა, როცა ჩემი საკუთარი დები დადიან და ყველგან მლანძღავენ. რას არ მაბრალებენ: ვითომ მათთვის ყველაფრის წართმევა მოვინდომე, მაგრამ მშობლები მიმიხვდნენ და იმით დამსაჯეს, რომ წილი არ მარგუნეს. თითქოს ჩემს ცოლს ხუთოთახიანი ბინა ჰქონდა, მაგრამ ვერ გავძეხი და ოჯახიდან ყველაზე მეტ წილს ვითხოვდი... კიდევ უარესებსაც ამბობდნენ. ზოგი უჯერებდა, ზოგი – არა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნაცნობები ალმაცერად მიყურებდნენ შეხვედრის დროს. ყველაზე მეტად კი ის მწყინდა, რომ ჩემმა მშობლებმა თავისი გაზრდილი შვილიშვილები გაიმეტეს და ოჯახი დამინგრიეს.

ახლახან გავიგე, რომ მამაჩემი ლოგინად ჩავარდნილა, მისი საყვარელი შვილებიდან კი არც ერთი არ აკითხავს, წამალსაც კი არ აწვდიან. მეც არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კლინიკაში დავაწვინო, რადგან ნაქირავებში ვცხოვრობ, არც ხელფასი მაქვს ისეთი, რომ ყველაფერს ვამყოფინო. ჩემთვის მინიმალურ საარსებო თანხას ვიტოვებ და დანარჩენს მთლიანად შვილებს ვუგზავნი. დედაჩემმა იკადრა და დამირეკა, სხვათა შორის, სამი წლის განმავლობაში პირველად (მანამდე ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, მოვეკითხე მაინც. აქეთ იყო ჩემზე ნაწყენი) და მითხრა, სასწრაფოდ მჭირდება ორი ათასი დოლარი, მამაშენს ოპერაცია რომ გავუკეთოო. ძალიან მრცხვენია, დედაზე რომ ამას ვამბობ, მაგრამ, ისე ზრდილობის გამოც კი არ უკითხავს, როგორ ხარ ან ბავშვები როგორ არიანო. მთა და ბარი შევაჯერე და ძლივს ვიშოვე 700 დოლარი, რა თქმა უნდა, სესხით, მივუტანე და ვუთხარი, რომ ჩამომკიდოთ, მეტს ვეღარ ვიშოვი-მეთქი. იმ საავადმყოფოში კი, სადაც მამა უნდა დაეწვინათ, ნაცნობი ექიმი აღმოვაჩინე და ვთხოვე, მაქსიმალურად მიექციათ ყურადღება. მერე დედას ვუთხარი, მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე, მეტი არაფერი შემიძლია. ერთადერთი, თავზე თუ დავადგები-მეთქი. მან კი სულ უმადური და ეგოისტი მიძახა და სამუდამოდ ამიკრძალა მათთან მისვლა, მათი სახელის ხსენება. მე თუ შემეძლება, კიდევ გავუგზავნი ფულს. მაგრამ, ვერაფრით გამიგია, რატომ შემიძულეს და რატომ გამომარჩიეს დანარჩენი შვილებისგან ასე საკუთარმა მშობლებმა. ჩვენ ხომ არასდროს არანაირი უსიამოვნება და უთანხმოება არ მოგვსვლია სახლის გაყიდვამდე?!

ამირანი, 36 წლის.



ბავშვობის მეგობარმა მიღალატა

მამაჩემი, ზოგადად, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და კომუნიკაბელური ადამიანია, მაგრამ ბავშვობიდან მიკვირდა მისი ერთი თვისება: ბოლომდე არასდროს არავის ენდობოდა, თავისი ოჯახის წევრების გარდა – არც უახლოეს მეგობრებს, არც ახლობლებს. რომ წამოვიზარდე, გავბედე და ვკითხე მამას, რატომ არ ენდობი ადამიანებს-მეთქი. ჯერ არ უნდოდა, ეთქვა სიმართლე – ძალიან ახალგაზრდა ხარ და შენც თუ ეს გრძნობა გაგიჩნდა, ცხოვრება გაგიჭირდებაო. მაგრამ მერე მაინც გადაწყვიტა, არაფერი დაემალა და მიამბო, როგორ უღალატეს სხვადასხვა დროს მისმა საცოლემ და ორმა მეგობარმა: მეორე მსოფლიო ომში, ფრონტზე, ერთი ქართველი ბიჭი გაუცვნია, დამეგობრებულან და ორი წელი ერთად უომიათ. მერე ორივე დაჭრილა. იმ მეგობარს ხელი მოჰკვეთეს და ამიტომ საქართველოში დაუბრუნებიათ, მამა კი გამოჯანმრთელებულა და ისევ ფრონტზე გაუშვიათ. იმ მეგობრისთვის მამაჩემს წამოსვლის წინ თავის საცოლესთან თბილისში წერილი და სურათი გამოუტანებია, მაგრამ იმის შემდეგ არც ერთისგან არანაირი შეტყობინება არ მოსვლია. ომი რომ დამთავრდა და სასწაულებრივად გადარჩენილი მამა თბილისში დაბრუნებულა, სადგურიდან პირდაპირ საცოლესთან მისულა – იფიქრა, გავახარებო და წინასწარ არაფერი შეუტყობინებია. მაგრამ, ზარი რომ დარეკა, კარი მისმა ფრონტელმა ძმაკაცმა გაუღო, სწორედ იმან, რომელსაც საცოლესთან წერილი გაატანა.

რამდენიმე წლის შემდეგ მასთან სოფლიდან ბავშვობის მეგობარი ჩამოვიდა და სთხოვა, სახლი ხანძარმა დამიწვა, იქ აღარაფერი დამრჩენია, ამიტომ, ქალაქში ჩამოვედი, ქარხანაში უნდა დავიწყო მუშაობა და სანამ საერთო საცხოვრებელში ოთახს მომცემენ, თუ შეგიძლია, შემიფარეო. მამა, ბებია და ბაბუა სამნი ცხოვრობდნენ სამოთახიან ბინაში, შეეცოდათ სტუმარი და ერთი ოთახი მაშინვე გამოუყვეს. თან, უთხრეს, როდემდეც გინდა, იცხოვრე აქ, ჩვენ არ შეგვავიწროვებო. ხუთი თუ ექვსი წელი ცხოვრობდა მათთან, მერე კი განცხადება თუ საჩივარი შეუტანია ქალაქის საბჭოში თუ რომელიღაც სხვა ინსტანციაში – სამ ადამიანს ამხელა ბინა საიდან აქვს, ან რაში სჭირდება. ამდენი წელია, აქ ვცხოვრობ და ერთი ოთახი მეც მეკუთვნისო. მართლაც, მოვიდნენ ოფიციალური პირები და ის ოთახიც ოფიციალურად დაუმტკიცეს. იმანაც, ამოქოლა შუა კარი, ცალკე შესასვლელი გაუკეთა სადარბაზოდან და, უსინდისოდ, კარგა ხანს ცხოვრობდა იქ. მერე კი გაყიდა და სადღაც სხვაგან გადავიდა.

ამ ყველაფრის შემდეგ მამაჩემს ადამიანების აღარ სჯეროდა და სულ მაფრთხილებდა, თუ მეგობარი გიყვარს, ნურც ცდუნების წინაშე დააყენებ და ნურც ბოლომდე ენდობიო. მე, რა თქმა უნდა, გულში ვამტყუნებდი მამას და არ ვეთანხმებოდი, რადგან ვერასდროს წარმომედგინა, თუ ჩემი ძმაკაცებიდან რომელიმე მათგანი ოდესმე მიღალატებდა, ან, თუნდაც, პატარა უსიამოვნებას მომაყენებდა.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სრულიად შემთხვევით, კარგი სამსახური ვიშოვე. მართალია, დილიდან გვიან საღამომდე მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი, მაგრამ, იმდენს მიხდიდნენ, რომ ოჯახსაც სანახევროდ მე ვინახავდი და გარკვეული თანხის გადადებასაც ვახერხებდი – მინდოდა, ჩემი ბავშვობის ოცნება ამეხდინა და ეზოიანი აგარაკი მეყიდა. ორ-სამ წელიწადში მართლაც მოვაგროვე საჭირო თანხა და მცხეთასთან ახლოს შევიგულე ისეთი სახლი, მე რომ მინდოდა. პატრონებს მოველაპარაკე და თანხაზეც შევთანხმდით, მაგრამ, ისე მოხდა, რომ რაღაც მიზეზების გამო, აგარაკი ჩემი უახლოესი ძმაკაცის სახელზე გავაფორმე. ძალიან რომ არ შეგაწყინოთ თავი, მოკლედ გეტყვით, რომ, როცა სახლის ჩემს სახელზე გადმოფორმება გადავწყვიტე, ძმაკაცმა უარი მითხრა – ეს აგარაკი ჩემია, წადი და მიჩივლეო. თქვენ წარმოიდგინეთ, ვერაფერს გავხდი და იმ სახლში დღესაც თავის ცოლ-შვილს ასვენებს ხოლმე. მთელმა სამეგობრომ საშინელ დღეში ჩააგდო, ერთმა სცემა კიდეც, მაგრამ, იურიდიულად ვერაფერი მოვუხერხეთ. მეუბნებოდა მამაჩემი, არავის ენდო ბოლომდეო და არ დავუჯერე. მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, რომ ბავშვობის მეგობარი მიღალატებდა.

კოკა, 46 წლის.



დონდლო და უმადურ კაცებს ვერ ვიტან

გწერთ ჩემი ბიძაშვილის შესახებ. თუ ამ წერილს წაიკითხავს, ვიცი, ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ, არ დავეძებ. ისე გაოცებული ვარ მისი საქციელით, სიტყვები არ მყოფნის, აღშფოთება გამოვთქვა. მოგიყვებით, რატომ აღარ მიმაჩნია ჩემი ძმასავით თანშეზრდილი ბიძაშვილი კაცად.



ბიძაჩემმა ცოლი გვიან შეირთო. საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა და, ალბათ, ამიტომ ვერ დაოჯახდა დროულად. ეყოლათ ერთი შვილი – ჯაბა და იმასაც ძლივს არჩენდნენ. მამაჩემი ძალიან ეხმარებოდა თავის ცოლისძმას, მაგრამ ჩვენ თვითონაც არ გადაგვდიოდა თავზე და, ისედაც, თუ კაცმა თვითონ არ გაანძრია ხელი, მუდმივად სხვა ვერ არჩენს.

ბიძაჩემს ბინა კი ჰქონდა კარგ უბანში, ოროთახიანი ლოჯიით, მაგრამ, ურემონტობის გამო ისე იყო მინგრეულ-მონგრეული, გული გაგისკდებოდა. ავეჯიც, პრაქტიკულად, არ ჰქონდათ და, რაც ჰქონდათ, ისიც ისეთი უბადრუკი, თავმოყვარე კაცი იმას სახლში არ დაიდგამდა. არ გეგონოთ, ამას რომ გწერთ, ამით შეურაცხყოფა მინდა, მივაყენო ჩემს უახლოეს ადამიანებს. უბრალოდ, რეალურ სურათს გიხატავთ, რომ მთავარ სათქმელამდე მივიდე. პარკეტი ისე იყო ამოყრილი და გაშავებული, იფიქრებდი, ბარითა და თოხით უმუშავიათო. ის კი არა, ორი კაცი რომ მისვლოდათ სტუმრად, თეფშებს მეზობლებს ართმევდნენ. მთავარი კი ის იყო, რომ ასეთი მდგომარეობა სულაც არ აწუხებდათ. ის კი არა, ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი სიამაყით ამბობდნენ, პატიოსნად ვცხოვრობთ და იმიტომ ვართ ასეო. სინამდვილეში კი ორი უზარმაცესი ადამიანი მშვენივრად ეგუებოდა იმ პირველყოფილ არსებობას. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ შვილიც ასეთი გაზარდეს: კეთილი, წესიერი, პატიოსანი, მაგრამ, უინიციატივო და ზარმაცი. მუშაობდა ისეთ სამსახურში, სადაც, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ ხელფასს უხიდნენ თანამშრომლებს და ის მაინც კმაყოფილი იყო, რადგან მაინცდამაინც დიდი შრომა და ოფლის ღვრა არ უწევდა. მამაჩემმა ორჯერ თუ სამჯერ უშოვა ხან ბიძაჩემს და ხან ჯაბას უფრო მაღალხელფასიანი სამსახური, მაგრამ, ორივემ უარი უთხრა. ერთი სიტყვით, ცხოვრობდნენ ასე უშფოთველად, მაგრამ, ლამის პირველყოფილი წყობილების დონეზე.

ერთ დღეს კი ჯაბამ მითხრა, მალე ცოლი მომყავსო. ვინ არის-მეთქი, – დავინტერესდი. ჩვენს სამსახურში პრაქტიკანტი სტუდენტები მოიყვანეს და ერთ-ერთი იმათგანიაო. რამდენიმე დღის შემდეგ გამაცნო. ისეთი კარგი გოგო აღმოჩნდა, სიხარულით გადავირიე. გარეგნობითაც ძალიან სასიამოვნო იყო: მაღალი, სიფრიფანა, ლამაზი ნაკვთებით, ხასიათითაც სათნო ჩანდა და, რაც მთავარია, ეტყობოდა, რომ ჯაბა ძალიან უყვარდა. ყველაფერთან ერთად, ლიას ძალიან დახვეწილი მანერები ჰქონდა და მაშინვე მიხვდებოდით, რომ უბრალო ოჯახიდან არ უნდა ყოფილიყო. მოწონებით კი მომეწონა სარძლო, მაგრამ, რომ წარმოვიდგინე, სად უნდა მიეყვანა ჯაბას, შიშისგან გული გამიჩერდა. საღამოს დავურეკე და ვუთხარი, ჩვენც მოგეხმარებით და პატარა კოსმეტიკური რემონტი მაინც გააკეთე, გოგოს გული არ გაუსკდეს-მეთქი. უკვე მყავდა მოყვანილი, იცის, როგორ პირობებშიც ვცხოვრობ, მაგრამ, ისე ვუყვარვარ, წარბიც კი არ შეუხრიაო, – მიპასუხა.

სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ, როდესაც პირველად მივიდნენ ლიას მშობლები ბიძაჩემის ოჯახში, სახეზე ისეთი შეშფოთება დაეხატათ, მამამისმა პირდაპირ უთხრა თავის ქალიშვილს: შენ თუ ამ პირობებში ცხოვრებას შეძლებ, დარჩი, მაგრამ მერე წუწუნი არ გავიგო და ყოველ წვრილმანზე მე არ მომმართოთო. ლია დარჩა. რამდენიმე თვეში რომანტიკამ გაიარა და მწარე რეალობამ, ცოტა არ იყოს, დაჩაგრა სიყვარული, მით უმეტეს, რომ ჯაბა ისევ ისეთი ოლიმპიური სიმშვიდით განაგრძობდა ცხოვრებას. ლია მიხვდა, თუ თვითონ არ იაქტიურებდა, ოჯახი დაენგრეოდა, რადგან ნორმალური ადამიანი ისეთ ყოფას ვერ გაუძლებდა. ამიტომ, გადაწყვიტა შეკვეთები აეღო (დამავიწყდა მეთქვა, რომ ლია არაჩვეულებრივად აცხობდა, კერავდა, ქსოვდა და ქარგავდა). თავიდან დაქალები უგზავნიდნენ კლიენტებს, მერე კი, სახელი რომ გაითქვა, რიგი ედგა. სხვათა შორის, ოჯახის წევრები უკმაყოფილოებიც კი იყვნენ – დამკვეთების მისვლა-მოსვლით წუხდებოდნენ, მაგრამ ლია ყურადღებას აღარ აქცევდა მათ ბუზღუნს. ორ-სამ წელიწადში კი იმდენი თანხა დააგროვა, რომ ავეჯი გამოცვალა, ჭურჭელი იყიდა, პატარა რემონტიც გააკეთა და ის საშინელი სადგომი ადამიანის საცხოვრებელს დაამსგავსა. ოჯახის წევრებს ჩააცვა და დაახურა. დაქალთან ერთად პატარა საცხობი რომ გახსნა, მისმა შემოსავალმა იმატა. საცხობს სამკერვალო სალონი მოჰყვა და, ერთი სიტყვით, აყვავდა ოჯახი. რამდენიმე წლის შემდეგ კარის მეზობელმა ერთოთახიანი ბინა გაყიდა და ლიას წყალობით ისიც შემოიერთეს. მინდა გითხრათ, რომ კარგი ცხოვრება ყველამ მშვენივრად შეიფერა, ოღონდ, არც ერთს ერთხელაც არავისთან დასცდენია, რომ ის „კეთილი ფერია”, ვინც ასეთი სასწაული მოახდინა, ლია იყო. ბიძაჩემიც და ბიცოლაჩემიც ამ ყველაფერს ჯაბას მონდომებასა და მარიფათს მიაწერდნენ. ერთხელ, ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი, ჯაბა კი არა, ლიას მზეს უნდა იფიცებდეთ, თვალში რომ გამოგახედათ-მეთქი. ბიცოლაჩემს ეწყინა და ნიშნის მოგებით მიპასუხა, ჩემი შვილი რომ არ აძლევდეს ყველაფრის უფლებას, ერთი ვნახავდი, რას მოახერხებდა ეგ შენი ნაქები ლიაო. ყველაზე მეტად კი ჯაბას სიტყვებმა გამაოგნა (და, სიმართლე გითხრათ, უფრო ამან გადამაწყვეტინა თქვენთან წერილის გამოგზავნა): რა ყველა „ლიას” გაიძახით. სიმართლე თუ გინდა, სულაც არ მაწყობდა ასეთი ცოლი. მე სახლში ცოლი მინდოდა, ნაზი, ქალური; ეს კი, ქალი კი არა, კაცი უფროა. მარტო იმაზე ფიქრობს, რითი რა იშოვოს და სახლში რა მოათრიოს. არ მერჩივნა, ნაკლები გარეგნობის ყოფილიყო? ვერ ვიტან ზედმეტად აქტიურ ქალებს. ცოლი გარე-გარე კი არ უნდა დარბოდეს და საქმეებს აჩალიჩებდეს, „კუხნაში“ უნდა ტრიალებდესო. ისე გამაბრაზა ჯაბას უმადურობამ და თავხედობამ, პირდაპირ მივახალე: მერე, დაგეხვედრებინა ეგ „კუხნა?” დერეფანში ნავთქურა რომ გედგათ, იმას უძახი სამზარეულოს? ან ჭურჭელი სად გქონდათ და ან რომელი არარსებული პროდუქტით უნდა ეკეთებინა თქვენთვის ნაირ-ნაირი-მეთქი. კიდევ უფრო უარესებიც ვუთხარი, ისე გავმწარდი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. კიდევ კარგი, ლიას არაფერი გაუგია.

ამიტომ ვერ ვიტან მუდო კაცებს – უსაქმურებს, უუნაროებს, თვითონ რომ არაფრის თავი არ აქვთ და სხვისი შრომის დაფასება და დანახვა არ შეუძლიათ (თუ არ უნდათ). 30 წლის ასაკში იმიტომ ვარ გაუთხოვარი, რომ ქართველი კაცების ოთხმოცი პროცენტი ასეთია, დანარჩენი ოცი პროცენტიდან კი ზოგი ცოლიანია, ზოგი კი ჩემსავით ეძებს თავის სასურველ წყვილს და ვერ უპოვია.

ნანა, 30 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3