კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვერ შეძლეს მსოფლიოს ცნობილმა მეცნიერებმა ხალხის ზომბირებისთვის ფარულ ლაბორატორიებში და როდის ითხოვს ადამიანი პირველ რიგში ფოსტას

თანამედროვე ტექნიკური ცივილიზაციის ხანაშიც კი, არსებობს საზოგადოებები, სადაც ადამიანები ისე ცხოვრობენ, როგორც გაცოცხლებული მკვდრები, ანუ ზომბები. თუ ზომბირების ანატომია წარსულში მაგიურ რიტუალებთან იყო დაკავშირებული, დღეს საზოგადოების ზომბირების ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს შიში, გაჭირვება და სახელისუფლებო იდეოლოგია წარმოადგენს. როგორ ხდება საზოგადოების ზომბირება ხელისუფლებების მიერ და გამოიყენება თუ არა ამ ფრიად არაკეთილშობილურ საქმეში სახელმწიფო ატრიბუტიკა, ამის შესახებ ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს გავესაუბრეთ.

გაგა ნიჟარაძე: ზომბირება საკმაოდ მძიმე სიტყვაა, თანამედროვე საზოგადოებაში „ზომბირება“ მაინც უფრო „ავტომატურად მომართვას“ ნიშნავს, როდესაც ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რასაც უბრძანებ. ფუნდამენტალისტურ ქვეყნებში ზომბირება საკმაოდ მძიმე ფორმებამდე მიდის, ზოგიერთ ქვეყანაში ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესია, როდესაც იღებს ფუნქციას, შთაგვაგონოს, რომ ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დაწერილია და უნდა მოიქცე ისე, როგორც წერია იქ. ამის ნიშნები, სამწუხაროდ, საქართველოშიც არის. ზომბირების, ზემოქმედებისა და მასების გამოშტერების ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოყენებული მეთოდია ინფორმაციის შეზღუდვა, როდესაც იბლოკება ინფორმაციის მნიშვნელოვანი არხები და ადამიანები იძულებულები არიან, მოიხმარონ ის ინფორმაცია, რასაც აწვდის მათ ხელისუფლება. ეს ხდება ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყნებში, მაგალითად, ჩრდილო კორეაში მოხდა ასეთი რამ: ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩრდილო კორეის ნაკრებმა წააგო თამაში ბრაზილიასთან, მაგრამ კორეაში გავრცელდა ხმა, თითქოს ეს საფეხბურთო შეხვედრა მოიგეს. ოცდამეერთე საუკუნეში ინფორმაციის დაბლოკვა იოლი არაა, ამიტომაც, ჩრდილოეთ კორეაში დღემდე არ არსებობს ინტერნეტი, ბევრ ქვეყანაში კი დაბლოკილია ის საიტები, რომლებიც ხელისუფლებას არ აწყობს. ინფორმაციის შეზღუდვის გართულებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დანგრევაში.

ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენაში ძალიან მნიშვნელოვანია მტრის ხატის შექმნაც, რომ თითქოს ვიღაც დღენიადაგ ცდილობს შენს მოსპობას, განადგურებას. ეს მოქმედებს იმ ხალხზე, ვინც წარმატებული არაა და ვისაც უჭირს – ამ ადამიანებს ერთვებათ დაცვითი მექანიზმი, რომ ცუდად სხვების გამო არიან. ადამიანის ზომბირება შესაძლებელია მაშინ, როცა ძალიან უჭირს, ან როცა ეს თვითონ უნდა; ქვეყანაში რაღაც უნდა მოხდეს, რომ საზოგადოება „გაზომბდეს,” ან უნდა არსებობდეს მონობისა და ბატონობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტელექტუალური დონე და ინდივიდუალიზაცია, როდესაც საზოგადოების ერთეული არის ადამიანი და არა ჯგუფი, როგორც ეს არის კომუნისტურ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში, ადამიანი უკვე ეჩვევა თავისუფლებას და სახელმწიფოსგან, როგორც ერთმა ამერიკელმა თქვა, მხოლოდ სამ რამეს ითხოვს: დროულად მოუტანონ ფოსტა, დაიცვან როგორც გარეშე, ასევე, შიდა მტრებისგან და არ ჩაერიონ მის საქმეებში – აი, ეს არის ინდივიდუალისტური მოთხოვნა.

– შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო ატრიბუტიკის – ჰიმნის ან სხვათა გამოყენება ზომბირების მოსახდენად?

– ჰიმნი არის სახელმწიფო ატრიბუტიკა და უნდა ჟღერდეს იქ, სადაც საჭიროა: დიდ ღონისძიებებზე, სპორტულ მატჩებზე და ასე შემდეგ. ჩვენ ყველას გვახსოვს, როდესაც ახალი ჰიმნი დამტკიცდა, თავიდან დღედაღამ გვასმენინებდნენ, რესტორნებშიც კი უკრავდნენ ჰიმნს. პოპულარიზაციის მიზნით ეს მისაღები იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ახლა ასე აღარაა. ახლა პოლიციის გაუთავებელ კლიპებს გვთავაზობენ, რაც საშინლად ნერვების მომშლელია და, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ, ან ყველა პოლიციაში უნდა ჩავეწეროთ, ან – დაგვიჭერენ. ეს კეთდება პოლიციის პოპულარიზაციისთვის, მაგრამ, მგონია, რომ გადაამლაშეს. ასეთი პროპაგანდისტული იყო კომუნისტური პერიოდის ფილმები, რომელთა მიხედვითაც უბედნიერესი და წინ წასული ხალხი ვიყავით. იდეოლოგიურ ფილმებს ჰოლივუდიც ქმნის პოლიციელებსა და ჯარისკაცებზე – ეს საჭიროა, მაგრამ, პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბავშვები, არ მგონია, სადმე გადიოდეს. საზოგადოებაზე გავლენას ყოველთვის ახდენს სააგიტაციო ფილმები და კლიპები, რომლითაც ხელისუფლება გეუბნება, რომ თვითონ იცის, რა არის კარგი; მაგალითად, კარგია სტალინი და, როგორც ის გეტყვის, ისე უნდა ჩაიცვა, ისე უნდა დაიბანო და ისე წახვიდე სამსახურში. ამას გარდა, სხვანაირად ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. სწორედ ესაა ზომბირება, როდესაც საშინელი შიში გარდაიქმნება სიყვარულად. თუ შიში და გაჭირვება ერთადაა, მით უმეტეს იოლია, მოახდინო გავლენა ადამიანზე. როდესაც დღე და ღამე გეჩიჩინებიან, რომ კარგად ვართ, შენც იჯერებ რომ კარგად ხარ, რადგან სხვების შესახებ ინფორმაცია და შედარების შესაძლებლობა არ გაქვს. ზომბირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ განცდის შექმნა, რომ ყველა თანაბარია, იერარქია არსებობს, მაგრამ ეს ხელშესახებად არ ჩანს.

– ზომბირებულ საზოგადოებას ან ადამიანს თუ შეუძლია, თავი დააღწიოს ამ მდგომარეობას?

– ცხადია, შეუძლია. მართალია, კორეა ჯერ არ აჯანყებულა, მაგრამ, დაიშალა საბჭოთა კავშირი. ძირითადად, ეს მაინც განათლების დონესა და ჰორიზონტის სიფართოვეზეა დამოკიდებული. თუ იცი, რომ უკეთესი ცხოვრება არსებობს, თუ რამე წაგიკითხავს, აუცილებლად გამოხვალ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ თუ საუკუნეების განმავლობაში გგონია, რომ ბატონობისა და მონობის გარდა არაფერი არსებობს, საკუთარ მდგომარეობასაც ეჩვევი. არის ასეთი გამოთქმა: შეიძლება ერთი ადამიანის მოტყუება დიდი ხნით, ბევრი ადამიანის მოტყუება მცირე ხნით, მაგრამ, ბევრი ადამიანის დიდხანს მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ადამიანის სრული დაჩაგვრა და დამონება შესაძლებელია, თუ მიაჩვევ იმას, რომ ვიღაცის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და თვითონ ჩაუკლავ ნებას, მაგრამ, ეს არც ისე ადვილია. ადამიანის სრული დამორჩილება ხდება ჰიპნოზის დროს: ჰიპნოზის განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში, შესაძლოა, ადამიანს გააკეთებინონ ის, რასაც თავად არასდროს არ გააკეთებს, მაგრამ, ამ დროსაც კი შეუძლებელია პიროვნული პრინციპების შეცვლა. თუ ჰიპნოზის მდგომარეობაში მყოფს გეტყვით, რომ ვინმეს ფული მოჰპაროთ, თუ თქვენ „ზურგის ტვინით“ ამის გაკეთება არ გინდათ, ამას არ გააკეთებთ. მე მინახავს, როგორ უთხრეს ჰიპნოზის დროს ერთ ჩემს კოლეგას, რომ შეეგინებინა თავისი მეგობრისთვის. ეს ადამიანი დაიძაბა და ჰიპნოზის დროსაც შეძლო შეწინააღმდეგება – თქვა, რომ გინება არ იცოდა. მაგრამ, თუ თქვენ ოდესმე გიფიქრიათ ქურდობასა და ძარცვაზე, ჰიპნოზურ მდგომარეობაში მოგიხსნიან იმ შიშსა და რიდს, რის გამოც ამას არ აკეთებთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში.

ზომბირებული ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან. გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაატარეს ძალიან საინტერესო გამოკვლევა ირანში, სადაც ძალიან ფართო პოლიტიკური სპექტრი იყო, მათ შორის ისლამისტები, კომუნისტები და ნაციონალისტები ლიდერობდნენ. გამოკვლევის დროს პიროვნული ცვლილებების ტესტებით გამოიკვლიეს სხვადასხვა პარტიის ლიდერები და აღმოჩნდა, რომ განსხვავებული იდეოლოგიის სამივე პარტიის ლიდერი ერთმანეთს ძალიან ჰგავდა პიროვნულად, ანუ, ხშირად შემთხვევითია, „გიჟების” რომელ ჯგუფში შეხვალ, მთავარია, გინდოდეს მასაში გათქვეფა და აგრესიის გამოვლენა. მასა უფრო ჩლუნგია და აგრესიული, ვიდრე მასის თითოეული წევრი, თუმცა, მასაში შემთხვევით ცოტა ვინმე ხვდება – იქ სპეციალურად მიდის ის ადამიანი, ვისაც მასაში მოხვედრა სურს.

– ტექნიკური ჩარევით თუ არის დღეს შესაძლებელი ადამიანზე ზომბირების მოხდენა?

– ერთხანს საკმაოდ მოდური იყო და ძალიან დიდი შიში გამოიწვია ეგრეთ წოდებულმა „25-ე კადრის“ ეფექტმა, თუმცა, გარკვეული პერიოდის მერე პანიკა, რომელიც გამოიწვია იმან, რომ, შესაძლოა შთაგონებით გააკეთო ის, რაც არ გინდა, გაქრა. როცა დაიწყეს 25-ე კადრის გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ბუნებაში არსებობდა ის კინოთეატრი, რომელშიც ამერიკელმა მამაკაცმა თავისი ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა და რომ 25-ე კადრს ზოგჯერ აქვს მცირე ეფექტი. ასე რომ, ამ გზით ზომბირება არაა შესაძლებელი. ძალიან პოპულარული იყო საუბრები საიდუმლო იარაღის ზედაბალრხევებიან ხმაზე, რომელსაც ყური ვერ აღიქვამს, მაგრამ, გარკვეული პერიოდის მერე ესეც არ დადასტურდა. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ადამიანს თვითკონტროლს აკარგვინებს, მათი ზეგავლენით ადამიანი ხდება მორჩილი და ამბობს იმას, რისი თქმაც არ უნდა, თუმცა, ეს სპეცსამსახურებისთვისაა ხელმისაწვდომი და მასობრივი მოხმარებისთვის არ გამოიყენება. არსებობდა ლაბორატორიები, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი გამოუვიდათ. ტექნიკური საშუალებებით ზომბირების მოხდენა ჯერჯერობით შეუძლებელია.


скачать dle 11.3