კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩაბარდა ანქვაბი საკუთარი ნებით ტყვედ გია ყარყარაშვილს და რა ლეგენდები იქმნებოდა ტყვეთა გაცვლის პროცესში

10 წელიწადზე მეტია, რაც პაატა ზაქარეიშვილი ომის მსხვერპლთა და ტყვეთა უფლებებს არასამთავრობო სექტორიდან იცავს, მანამდე ის ამ ფუნქციას სახელმწიფო მოხელის რანგში ასრულებდა და უამრავი ისეთი ფაქტის მოწმე გახდა, ამ ომის ისტორიას რომ დღემდე შემორჩა.

პაატა ზაქარეიშვილი: ომის მსხვერპლთა, სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებებს ჟენევის საერთაშორისო კონვენცია იცავს, რომელიც ომში მონაწილე მხარეებს აკისრებს ვალდებულებებს ომის მსხვერპლის, უპირველესად კი მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას. ეს კონვენციები მოუწოდებს ომში ჩართულ მხარეებს, არ აწარმოონ საომარი მოქმედებები დასახლებულ ადგილებში და მაქსიმალურად შეეცადონ, არ იყოს მსხვერპლი, მშვიდობიან მოქალაქეთა შორის. ჟენევის კონვენცია არეგულირებს ტყვეთა უფლებებსაც. ტყვედ ძირითადად მიჩნეულია სამხედრო პირი, რადგან მშვიდობიან მოქალაქეთა ტყვედ აყვანა სასტიკად აკრძალულია. ტყვედ შეიძლება, აიყვანო მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც აცვია სამხედრო ფორმა, აქვს იარაღი. ასევე, ისიც, რომელზეც არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რომელიმე სამხედრო შენაერთის წარმომადგენელი იყო. კონვენციების მიხედვით ტყვეებთან, მათი აყვანისთანავე, დაშვებული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციის, წითელი ჯვრის წარმომადგენელი. მათ უნდა ჰქონდეთ საკვები, სამოსი, კონტაქტი ახლობლებთან. არ შეიძლება ტყვეთა გასამართლება, რადგან სამხედრო პირს აქვს ომში მონაწილეობის უფლება და მას ეს ქმედება დანაშაულად არ ეთვლება. ჟენევის კონვენციით, არ შეიძლება, ადამიანის ყოფნა ტყვეობაში დიდხანს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გონივრულ ვადებში, ის უნდა გადაეცეს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელზეც უნდა შედგეს შესაბამისი აქტი.

– საერთაშორისო კონვენციების გარდა, არსებობს დაუწერელი კანონები და წესები, რომლითაც ტყვეთა გაცვლის პროცესები რეგულირდება?

– ასეთი დაუწერელი კანონები და წესები, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგალითად, კავკასიაში არ შეიძლებოდა ქალის და ბავშვის ტყვედ აყვანა და მათთან ცუდად მოპყრობა. ეს ტრადიცია ჩვენში დღემდე მოქმედებს. ბალკანეთის ქვეყნების კონფლიქტების დროს იყო მასობრივი დახვრეტები და გაუპატიურება. ჩვენთან ასე არ ყოფილა. არსებობდა გაუპატიურების ფაქტები, მაგრამ ეს მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევები იყო და აქციის სახე არ ჰქონია, მოძალადე ინდივიდუალურად აკეთებდა ამ ქმედებას და არავინ არ ასრულებდა ბრძანებას.

ომის მსხვერპლთა უფლებების დაცვაში აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე ჩავერთე. სხვადასხვა ბატალიონებს აჰყავდათ ტყვეები. ჩვენ დავდევდით მათ, რომ ეს ტყვეები სახელმწიფო კომისიისთვის ჩაებარებინათ. ტყვეთა გაცვლა ხშირად უკანონოდ, ნორმების დაცვის გარეშე ხდებოდა, ამას და ტყვეთა 80 პროცენტს მაინც ვაგროვებდით სამხედრო ბანაკებში, სადაც ისინი, მეტ-ნაკლებად, უზრუნველყოფილნი და დაცულნი იყვნენ. მთავარი იყო, ორივე მხარეს გვცოდნოდა, ვის ვინ ჰყავდა აყვანილი ტყვედ და ისინი არ დაგვემალა. ტყვის დამალვას თავისი აზრი აქვს – დაკითხო და მეტი ინფორმაცია ამოიღო მისგან. ომის დროს ქართულმა მხარემ ტყვედ აიყვანა ლიბანელი, რომელიც აფხაზების მხარეს იბრძოდა. „შიშკა” კაცი იყო ის ლიბანელი აფხაზი, ამიტომაც ძალიან ეძებდნენ აფხაზები. მისი ტყვეობა მაშინ გამოაშკარავდა, როცა კარგად დაკითხეს. როგორც კი ეს ტყვე გამოვაჩინეთ, აფხაზებმა, რომელთაც არ ადარდებდათ აფხაზი ტყვეები, რომლებიც ჩვენ გვყავდა ბანაკში, მაშინვე დააჩქარეს გაცვლა. დაიწყეს საუბარი ყველას ყველაზე გაცვლაზე, გადმოგვცეს ყველა ქართველი ტყვე, ერთი ლიბანელი 10-ზე მეტ ქართველზე გაიცვალა.

– ასე მნიშვნელოვანია ტყვედ ჩავარდნილი ადამიანის რანგი გაცვლის პროცესში?

– პირადად ჩემთვის, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა რაოდენობას, მთავარი იყო, ადამიანი. პრიორიტეტი გახლდათ მოხუცების, დაჭრილებისა და ავადმყოფების გაცვლა. ვამბობდი, რომ ჯობდა, პირველ ყოვლისა ისინი გათავისუფლებულიყვნენ. გენერლები, პოლკოვნიკები და მაღალი რანგის სამხედროები კი დარჩენილიყვნენ ტყვეობაში. რაც უფრო მაღალი რანგი აქვს ოფიცერს, მით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ინფორმაციაც მეტი აქვს. ამიტომაც, ასეთ ტყვეს ბოლო მომენტამდე იტოვებდნენ. ტყვეთა გაცვლის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა. აფხაზები ძალიან მენდობოდნენ, ერთხელ მაინც რომ „გამოვეჭირე,” ვატყუებდი, ამ ნდობას დავკარგავდი. რადგან მე არ ვატყუებდი, ისინიც არ მატყუებდნენ. ის, რომ ტყვეთა გაცვლის დროს ისაუბრო რაოდენობაზე, სულაც არაა მომგებიანი პოზიცია. დღეს თუ ერთი მხარე მისცემს მეორეს ერთ ტყვეში ათ ტყვეს, ის ხდება „მძევალი”, მეორე დღეს მეორე მხარე მოგთხოვს იგივეს. ტყვეთა გაცვლა არაა სპორტი, რომ თავი იმით მოიწონო, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიხსენი ტყვეობიდან. მთავარია, პრინციპების შენარჩუნება, ამ პროცესში „გადაგდება” არ შეიძლება. მოლაპარაკება შეიძლება ჩაიშალოს მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ტყვეთა გაცვლის დრო და სხვა დეტალები არ იცვლება. პირობა ყოველთვის უნდა შენარჩუნდეს. ერთხელ სტავროპოლში მომიწია წასვლა, რადგან ადამიანი, რომელიც აფხაზების მოთხოვნით უნდა გაგვეცვალა, პატიმარი იყო. ის დააპატიმრეს საბჭოთა კავშირის დროს და პატიმრობას რუსეთის ციხეში იხდიდა. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ეს პატიმარი გაგვეცვალა ქართველ ტყვეზე, რომელიც იჯდა გუდაუთის ციხეში. ედუარდ შევარდნაძემ გამოაცხადა იმ აფხაზი პატიმრის შეწყალება. მე მის ნათესავებთან ერთად წავედი სტავროპოლის ციხეში, საიდანაც აფხაზი პატიმარი წამოვიყვანეთ. ჩვენი ტყვე ჯერ გუდაუთის ციხეში იჯდა სტავროპოლიდან დავურეკეთ აფხაზურ მხარეს, მისმა ნათესავებმა დაადასტურეს, რომ ის კაცი ცოცხალია და თავისუფალი. ამის შემდეგ გამოუშვეს ჩვენი ტყვე გუდაუთის ციხიდან.

– ცნობილია ისტორია, როდესაც ტყვეთა გაცვლის დროს ანქვაბი ქართველი ტყვეების სანაცვლოდ საკუთარი ნებით ჩაბარდა გია ყარყარაშვილს.

– ომი ახალი დაწყებული იყო, როცა ეს ამბავი მოხდა. მე თავადაც იქ ვიყავი. აგვისტოში, ტყვეების გაცვლა სოხუმში, აჩიგვარას ხიდზე ხდებოდა. როგორც მახსოვს, ორი ტყვე იცვლებოდა ორ ტყვეზე. როცა აფხაზები მეორე მხარეს გადავიდნენ, მოულოდნელად მთიდან სროლა დაიწყო და ორი ქართველი მოკლეს. ამან არეულობა გამოიწვია, აფხაზური მხრიდან ამ პროცესს აკონტროლებდა ანქვაბი – შინაგან საქმეთა მინისტრი და ტყვეთა გაცვლის კომისიის ხელმძღვანელი, ის მოულოდნელად ჩვენკენ გადმოვიდა და თქვა: ჩვენი ბრალია ეს ხალხი რომ დაიხოცა და მე თქვენს ტყვეობაში დავრჩებიო. ძალიან ღირსეულად მოიქცა გია ყარყარაშვილი, რომელმაც ანქვაბს უთხრა: რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს შენ არ მოგიწყვიაო. ტყვედ არ აიყვანა და გაუშვა. ანქვაბი დიდ რისკზე წავიდა. იმ დროს რომელიმე გამწარებულ ქართველს მისთვის რომ ესროლა, ყარყარაშვილი ტყვიას ხელით ხომ ვერ გააჩერებდა? ყარყარაშვილმა არ აკადრა ანქვაბს ის, რაც არ უნდა ეკადრებინათ მისთვის, იმავე მდგომარეობაში რომ ჩავარდნილიყო. იმ რთულ სიტუაციაში ორივე ღირსეულად მოიქცა, რაც ომის დროს განსაკუთრებულად ფასდება.

– როგორ და რა ვითარებაში ხდებოდა უმეტესად ტყვეთა გაცვლა? როგორ ხდებოდა გაცვლისთვის ადგილის შერჩევა?

– ტყვეთა გაცვლა ხდებოდა ღია ადგილებში. ორივე მხარის წარმომადგენელს უნდა ენახა, ვინ ჰყავდა მოყვანილი მეორე მხარეს გასაცვლელად. მე მქონდა ინფორმაცია ამა თუ იმ ტყვეზე, მაგრამ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამემოწმებინა. იქნებ, მის ნაცვლად სხვას მთავაზობდნენ? პატარა ლეგენდის მოგონება იყო საჭირო, ისეთი შეკითხვების დასმა, რომ ადამიანს არ მოვეტყუებინე. მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევდი სიგნალს დაცვას, რომ ტყვე წამოეყვანა. ტყვეთა გაცვლა, ძირითადად, ხდებოდა ხიდებზე, რომელიც იყო საზღვარი ორ მხარეს შორის. თან, მდინარის ნაპირის დაცვა ომის დროს საკმაოდ იოლია. მახსოვს, როცა ტყვეებს ვცვლიდით ტყვარჩელში, იქ ხიდი არ იყო და ბლის ხის ქვეშ ვხვდებოდით ორი მხარე ერთმანეთს. ერთხელ მე და რუსლან ქიშმარიამ, რომელიც დღეს აფხაზეთის თავდაცვის მინისტრია, იმდენი ბალი ვჭამეთ, გაცვლის დროს, ლამის ცუდად გავხდით. ის ხე ისეთ ადგილას იდგა, ომის დროს ვერავინ ეკარებოდა, რის გამოც ბლომად ბალი გვერგო. თუმცა, ორივემ ვიცოდით, რომ მიზანში ვყავდით ამოღებული სნაიპერებს (იცინის). ტყვარჩელის მიმართულება უნიკალური ფრაგმენტებით გამოირჩეოდა, ჭლოუს მისადგომებთან ყოველ ორშაბათს იხსნებოდა ფრონტის ხაზი, აფხაზ გლეხებს მოჰყავდათ ძროხები. მათ ხვდებოდნენ მეზობელი ქართველი გლეხები და მიჰყავდათ ძროხები ბაზარში, ყიდდნენ და ფულს უკან, აფხაზებს უგზავნიდნენ. ყველამ იცოდა, რომ ორშაბათი ვაჭრობისა და მშვიდობის დღე იყო.

ერთხელ აფხაზებმა ქალი და ორი ბავშვი დაატყვევეს. მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ მათ გათავისუფლებას. გაცვლა სოფელ შრომასთან, სასაფლაოზე უნდა მომხდარიყო, იქ მოსახვევში კლდე იყო. ერთ მხარეს ქართული მხარე აკონტროლებდა, მეორეს – აფხაზური. ძალიან ცუდი ამინდი იყო, ბინდდებოდა და წვიმდა. ტყვეებთან ერთად მოსახვევამდე მივედი და გავჩერდით. უცებ ისეთი ხმები შემომესმა, მივხვდით, სნაიპერებმა დაიწყეს სროლა, როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გაცვლა ხდებოდა. უცებ ქალიც და ბავშვებიც ძირს დავაწვინე, სამი-ოთხი საათი ვიწექით სველ მიწაზე გაუნძრევლად.

– თქვენ მუშაობდით აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის ყარაბაღის კონფლიქტის დროს. იქ როგორ ხდებოდა ტყვეთა გაცვლა?

– მე მქონდა უნიკალური მანდატი, რომლითაც ბევრი ადამიანი არ სარგებლობს. აზერბაიჯანული მხარე მენდობოდა, რომ მათი დაკარგული მოქალაქეები მეძებნა სომხეთში. სომხური მხარე კი ამ მანდატს მანიჭებდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. ჩემთან ერთად ამ საქმეებში იყვნენ ჩართულები ეროვნებით რუსი, ცნობილი ადამიანის უფლებების დამცველი – სვეტლანა განუშკინა და გერმანელი – ბერჰარ კლაზენი. საომარი პროცესები უკვე დასრულებული იყო და ტყვეთა გაცვლა ცივილიზებულად, სახელმწიფო კომისიების დონეზე ხდებოდა. ტყვეს აძლევდნენ არჩევნის საშუალებას, უნდოდა თუ არა დაბრუნება თავის სამშობლოში. ყველა ტყვე ჰყავდათ ციხეში, ნორმალურად უვლიდნენ. სომხებს უფრო მეტი ტყვე ჰყავდათ, ვიდრე აზერბაიჯანელებს, მაგრამ ტყვეთა გაცვლის დროს, არც ერთი მხარე არ „ეშმაკობდა”. იყო რამდენიმე არაორდინარული ისტორია, მაგრამ მე როგორც შუამავალს, ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს.




скачать dle 11.3