კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“სამოსელი პირველის„ პირველი ჩვენება ანუ ქართული გენის ზეიმი

6 თებერვალს, „ბაგრატიონის” ჭეშმარიტად სამეფო დარბაზში, მართლაც რომ მეფეთა საკადრისი დარბაზობა გაიმართა – „სამოსელმა პირველმა” პირველი კოლექცია წარუდგინა საზოგადოებას და, მართლაც, ჩვენ თვალწინ გაცოცხლდა „ლანდები ზღაპრული მხარისა”... ულამაზეს ქართულ სამოსში გამოწყობილმა „სუხიშვილების”, „რუსთავის”, „ერისიონის” მოცეკვავეებმა მართლაც უზადოდ წარმოაჩინეს არა მარტო ჩაცმის კულტურის ეროვნული ტრადიცია, არამედ ქალთა ნარნარითა თუ ვაჟთა მართლაც ვაჟკაცური, ამაყად თავაღერილი მიხრა-მოხრით, სისხლის ყივილი გვაგრძნობინეს – ქართული ჯიშის მადლი და ლაზათი დაგვანახვეს, ღირსებისა და გამორჩეულობის რწმენა დაგვიბრუნეს, ქართული გენის ჭეშმარიტი ზეიმის თვითმხილვენი გაგვხადეს. არადა, ვინ არ იყო დამსწრეთა შორის, ასე ვთქვათ, ქართული ბომონდი და, უფრო თანამედროვედ თუ ვიტყვით – VIP-სტუმრები. სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელი, ბატონი ლევან ვასაძეც ჩოხით შეეგება და მოწვეულთა შორისაც იყვნენ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილები – მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი დედასთან ერთად, მხატვარი ცოლ-ქმარი ხევსურულ ტალავარში...

ჩვენებას ესწრებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლობა, ქართული კულტურის მოღვაწე-მოამაგენი და წარმატებული ბიზნეს-ელიტა.

ნიაზ დიასამიძის ხალხურ მოტივებზე აგებული საოცრად მელოდიური მუსიკის ფონზე მოცეკვავე-მოდელი ქალები თითქოს დაცურავდნენ შუქ-ჩრდილთა სივრცეში, ვაჟები კი მართლაც თავადური ღირსებით თავმომწონეობდნენ მოვერცხლილი ქამარ-ხანჯლით დამშვენებულ ჩოხა-ახალუხებში. მათი შემხედვარე, ნამდვილად იფიქრებდით – რა პოდიუმი, რის დეფილე, რაში სჭირდებათ ქართველებს ფრანგებისგან სიარულის სწავლაო. ნუთუ, შეიძლება, უფრო შთამბეჭდავი იყოს სანახაობა? და ეს განწყობა ეტყობოდა დარბაზში მსხდომთაგან ყველას. იქ იყვნენ ჟურნალისტები, თანაც – ცნობილები, მათ შორის, რეიტინგული ტელეგადაცემების წამყვანები, რომელთა ცნობისმოყვარე მზერა სტუმრებს შორის ექსკლუზიური სიუჟეტისთვისაც ეძებდა „საკბილოს”... ჩვენების ბოლოს „თბილისი ლაივის” სკანდალური წამყვანიც გამოჩნდა.

ამ დროს კი შევყურებდით დიდებულ ქართულ სამოსს და გვაკვირვებდა მისი დიადი სისადავე და მდიდრული უბრალოება, სინატიფე და მომხიბვლელობა... და ტრიალებდა სერპანტინი ქართული სამოსის თუ მოსართავისა: ჩოხა, ახალუხი, ქათიბი, ყაბალახი, ქულაჯა, სატევარი, სარტყელი, ჩაქურა, ფაფანაკი, მასრები, ჩიხტიკოპი, მანდილი... ფარჩა და ხავერდი, მაქმანი და სირმა, ატლასი და ვერცხლი, წუღა და მესტი, ჩექმა და თექა...

ქალთა სამოსი შექმნეს ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერებმა: ანა ნინუამ და მაია ჯგუბურიამ, მამაკაცის ხაზი კი – სოფო იმერლიშვილმა. აქსესუარები დამზადდა საეკლესიო და საერო სახელოსნო „ფოკანში”, რომელსაც ტიხრული მინანქრის ცნობილი ხელოვანი, ბატონი დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს.

და, ბოლოს, თუ საკუთარი ცოდვების სინანულითა და იმედით ვეახლებით უფალს, ვითარცა უძღები შვილი მიიღო მამამ და თქვა: „გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას”... ასევე ჩვენც, ქართველებმა, გარეგანი იერსახით მაინც დავიწყოთ მშობლიურ წიაღში დაბრუნება...

და, შევიმოსოთ ღირსებით!


скачать dle 11.3