კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიონი დოლარის მოპარვა ედება ბრალად ჰაიტის დევნილ დიქტატორს ჟან-კლოდ დიუვალიეს და რომელი ადგილი უკავია მას თანამედროვეობის ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსების რეიტინგში

ის დაბრუნდა იქ, სადაც მას არავინ ელოდა და საიდანაც იგი 25 წლის წინათ იძულებული გახდა, გაქცეულიყო. საუბარია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიქტატორულ საგვარეულოზე, ფრანსუა და ჟან-კლოდ დიუვალიებზე, ჰაიტის ერთპიროვნულ მმართველებზე, რომლებმაც შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორული რეჟიმი მსოფლიოს ისტორიაში. ჟან-კლოდი ყველასთვის მოულოდნელად 2011 წლის იანვარში, დამანგრეველი მიწისძვრიდან ერთი წლის თავზე დაბრუნდა სამშობლოში – იქ, სადაც სუფევს პოლიტიკური კრიზისი, სრული ქაოსი და ქოლერა. ის გეგმავს, რომ ხელში ჩაიგდოს ჰაიტის პრეზიდენტის პოსტი. ამ და მისი ცხოვრების სხვა ეპიზოდების გათვალისწინებით, გთავაზობთ ჟან-კლოდ დიუვალიეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ფაქტების კრებულს.

* ჟან-კლოდ დიუვალიე 1951 წელს, პორტ-ო-პრენსში, ჰაიტის ჯანდაცვის ექს-მინისტრისა და შემდგომ დიქტატორის, ფრანსუა დიუვალიეს, მეტსახელად „პაპა დოკის” ოჯახში დაიბადა. ის იზოლირებულ გარემოში იზრდებოდა და მის განათლებაზე ზრუნავდნენ ჰაიტის საუკეთესო პროფესორები, პროფესორ ჟერარ გურგას ხელმძღვანელობით. 1971 წელს ფრანსუა დიუვალიე გარდაიცვალა და 19 წლის ჟან-კლოდი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

* ჟან-კლოდის მამამ, ფრანსუა დიუვალიემ 1932 წელს დაამთავრა სწავლა ჰაიტის სამედიცინო უნივერსიტეტში, საიდანაც იგი მივლენილ იქნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიჩიგანის უნივერსიტეტში. იმ პერიოდში ჰაიტის სათავეში სამხედრო ჰუნტა იმყოფებოდა და დიუვალიე-უფროსი აქტიურად იყო ჩართული ანტისამთავრობო მოძრაობაში. იგი იდევნებოდა და თავისი სახლის ნაცვლად ღამეებს ნაცნობ მღვდელთან ათევდა, სადაც ნიკოლო მაკიაველის ნაშრომებს გაეცნო. იმ პერიოდში ფრანსუასა და მის ოჯახს მათი სამეზობლო ძმებ ჟიუმელების თაოსნობით ინახავდა. გაპრეზიდენტების შემდეგ ფრანსუა დიუვალიემ „მადლობა” გადაუხადა ჟიუმელებს და სამივე ძმის დახვრეტის განკარგულება გასცა. ამბობენ, რომ დიუვალიეს ჰაიტის სათავეში მოსვლაში ლომის წილი ამერიკულ სპეც-სამსახურებს მიუძღოდა, რომელთა დაფინანსებითა და ხელშეწყობითაც ფრანსუა თავის ბარბაროსულ რეფორმებს ატარებდა. 1957 წელს იგი პრეზიდენტად აირჩიეს და იმავე წელს ჰაიტის ტერიტორიაზე აიკრძალა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და ოპოზიციური ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. გარდა ამისა, ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ის საეკლესიო მსახურები, რომლებიც უარს აცხადებდნენ დიუვალიეს საქებარი ლოცვების წაკითხვაზე. „დემოკრატ” კენედის ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში მოსვლის შემდეგ დამოკიდებულება ჰაიტის „სამუდამო” პრეზიდენტის მისამართით შეიცვალა. დიუვალიე უკმაყოფილებას გამოხატავდა ამის გამო და საჯაროდ განაცხადა კიდეც, რომ ვუდუს კულტის გამოძახებით, ჯოჯოხეთიდან ეშმაკი გამოიწვია, რომელიც კენედის დასწყევლიდა. ამ სიტყვებიდან 6 კვირის შემდეგ, ჯონ კენედი მოკლულ იქნა დალასში. ფრანსუა დიუვალიე არ მალავდა, რომ ვუდუს კულტის ადეპტი იყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდს დაემთხვა კულტის გაბრწყინება და ვუდუს პატივსაცემად ჰაიტის ეროვნულ დროშაზე ცისფერი ზოლი შავად შეიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ფრანსუამ ჰაიტის კონსტიტუცია შეცვალა და თავის მემკვიდრედ 19 წლის შვილი – ჟან-კლოდ დიუვალიე დაასახელა, რომელსაც, მამის მსგავსად, ჰაიტელებმა მეტსახელად „ბეიბი დოკი” უწოდეს.

* 1971 წლის 31 იანვარს ჰაიტიში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც დასმული იყო ერთი კითხვა: „ემხრობით თუ არა თქვენ იმ ფაქტს, რომ ფრანსუა დიუვალიეს შვილი, ჟან-კლოდ დიუვალიე გახდეს მამის მემკვიდრე პრეზიდენტის პოსტზე”. რეფერენდუმის მონაცემებით, ჰაიტის მოსახლეობის 100-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა „პაპა დოკის” ინიციატივას.

* პრეზიდენტად დანიშვნის დღიდან, ჟან-კლოდ დიუვალიეს ძირითადი დასაყრდენი ძალა განთქმული „ტონტონ-მაკუტების” გვარდია იყო. „ტონტონ-მაკუტები” დიუვალიეს ხელისუფლებას ძალადობით და დაშინებით ინარჩუნებდნენ. გვარდია ფრანსუა დიუვალიეს თაოსნობით შეიქმნა და სახელად ჰაიტური მითოლოგიის პერსონაჟის სახელი ეწოდა. „ტონტონ-მაკუტები” მზის შავი სათვალით, შავი ფერის სამხედრო ფორმითა და ვუდუს კულტის თაყვანისცემით იყვნენ ცნობილები. არსებობს ლეგენდა, რომ „ტონტონ-მაკუტების” წევრები არა ცოცხალი ადამიანები, არამედ ვუდუს მიერ გაცოცხლებული ზომბები იყვნენ. საერთო ჯამში, დიუვალიეების მმართველობის პერიოდში „ტონტონ-მაკუტებმა” 30 ათასი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

* არსებობს დოკუმენტური მასალა, რომლის საფუძველზეც ცნობილი ხდება, რომ ფრანსუა დიუვალიეს მმართველობა დუაიტ ეიზენჰაუერისა და ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციების ფინანსური დახმარებით არსებობდა. 1970 წელს ჰაიტის სამხედრო ფლოტმა, ფრანსუას წინააღმდეგ გაილაშქრა და მის გადაგდებას ცდილობდა, თუმცა ამერიკული ავიაციის ჩარევით, ფლოტის ნაწილი განადგურებულ იქნა, ხოლო დაკავებული სამხედრო მოსამსახურეები „ტონტონ-მაკუტებმა” ცოცხლად დაწვეს.

* 1980 წელს ჟან-კლოდ დიუვალიე დაქორწინდა საეჭვო რეპუტაციის მქონე მულატ მიშელ ბენეტზე, რომელსაც ჟან-კლოდამდე რამდენიმე არაოფიციალური ქმარი ჰყავდა. პრეზიდენტის ქორწილის ხარჯებმა, იმ პერიოდში, როცა ჰაიტის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, სამი მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. პირველი ლედი მილიონობით დოლარს ხარჯავდა თავის ტუალეტზე და ძვირფას სამკაულებზე. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადააგდო ხალხმა ჟან-კლოდ დიუვალიე პრეზიდენტის პოსტიდან.

* 1986 წელს მთელი ჰაიტის ტერიტორიაზე მასობრივი გამოსვლები დაიწყო. მოსახლეობა ჟან-კლოდ დიუვალიეს გადაყენებას მოითხოვდა. სამხედრო დანაყოფებმა დემონსტრანტების მიმართ არაერთხელ გახსნეს ცეცხლი, რომლის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. 1986 წლის 7 თებერვალს ჟან-კლოდ დიუვალიე იძულებული გახდა, გაქცეულიყო საფრანგეთში ოჯახთან ერთად. არაოფიციალური მონაცემებით, მან 800 მილიონი ამერიკული დოლარი გაიყოლა თან.

* დიუვალიეს გაქცევისთანავე ჰაიტის ახალმა ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა, შვეიცარიის სასამართლოს დახმარებით დაებრუნებინა მოპარული მილიონები, თუმცა, ერთადერთი, რაც სასამართლომ მოახერხა, 1994 წელს ჟან-კლოდ დიუვალიეს ჩამოართვა ფეშენებელური ვილა კანში. საინტერესოა, რომ უკანასკნელი განკარგულება, რომელიც გასცა შვეიცარიულმა სასამართლომ და რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმის სიძველის გამო ჰაიტელებს აღარ აქვთ უფლება, მოსთხოვონ ფული ჟან-კლოდ დიუვალიეს, 2010 წლის 12 იანვარს მიიღო, დამანგრეველ მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე.

* დევნილობის პერიოდში ჟან-კლოდ დიუვალიე ძირითადად ლაჟვარდოვან სანაპიროზე ან თავის ფრანგულ სასახლეში დასახლდა. იგი არ იკლებდა არაფერს, ცხოვრობდა ფუფუნებაში, ყოველწლიურად იცვლიდა სპორტულ ავტომობილებს. 1990 წელს იგი გასცილდა მიშელ ბენეტს. ამ ქორწინებიდან ჟან-კლოდს ერთადერთი ვაჟი, ფრანსუა ნიკოლი დარჩა. საინტერესოა, რომ 2007 წელს ჟან-კლოდ დიუვალიემ აუდიომიმართვა გაუგზავნა ჰაიტელებს, რომელშიც ბოდიშს იხდიდა ჩადენილი დანაშაულების გამო.

* 2004 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსპარენს ინთერნეიშენელმა” თანამედროვეობის ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ჟან-კლოდ დიუვალიემ მეექვსე პოზიცია დაიკავა.

* 2011 წლის 16 იანვარს, გაქცევიდან 25 წლისთავზე, ყველასთვის მოულოდნელად, „ეირ-ფრანსის” რეისით ჟან-კლოდ დიუვალიე ჰაიტიზე დაბრუნდა. აეროპორტში მან პრესას განუცხადა, რომ დაბრუნდა, რათა დაეხმაროს ჰაიტის გაუბედურებულ მოქალაქეებს და გამოხატოს თავისი სოლიდარობა მიწისძვრით დაზარალებულების მიმართ. 18 იანვარს ჰაიტის პროკურატურამ ჟან-კლოდ დიუვალიეს დაპატიმრების ორდერი გასცა და კორუფციაში ბრალდებული ექს-დიქტატორი იმავე დღეს დააკავეს.


скачать dle 11.3