კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიანიჭეს ზურაბ ანჯაფარიძის სახელი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ზეცაში და რას ახსენებენ ხშირად ხუმრობით უმცროს ზურიკო ანჯაფარიძეს

საოპერო ხელოვნების აღიარებული ვარსკვლავის ზურაბ ანჯაფარიძის სახელი ზეცაში ერთ-ერთ ვარსკვლავს მიანიჭეს. ზურაბ ანჯაფარიძე პირველია მსოფლიოში საოპერო მომღერლების შორის, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად. ახლახან მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტი, უმცროსი ზურაბ ანჯაფარიძე სამშობლოს ეწვია. თუ როგორ უყვარდათ ზურაბ ანჯაფარიძე სამშობლოსა და რუსეთში, ქალბატონმა მარინა ანჯაფარიძე-მაჭავარიანმა და უმცროსმა ზურიკო ანჯაფარიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მარინა ანჯაფარიძე-მაჭავარიანი: ცნობილია, რომ რუსებისთვის უფროსი ზურიკო ანჯაფარიძე ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერალი იყო. ახლახან მოსკოვში ვიყავი და დღესაც კი იგრძნობა, რამდენად აღიარებული იყო იგი, დიდ სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი. ის რომ დიდი მომღერალი იყო, ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ, მას, როგორც პიროვნებას, მზეს ადარებდნენ. უმცროსი ზურიკო ანჯაფარიძე მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია. შარშან მოსამზადებელ განყოფილებაზე სწავლობდა იმავე სასწავლებელში და შემდეგ წარმატებულად ჩააბარა გამოცდები, რადგან იქ იყო კეთილი განწყობა ზურიკო უმცროსისადმი. ზურიკო ძალიან უყვართ როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს. მას ძალიან პერსპექტიულ საოპერო მომღერლად მიიჩნევენ, ამჟამად ზურიკო თბილისშია, აკადემიური აიღო, ნახევარი წლით, მკურნალობს. ზურიკოს პედაგოგია მსოფლიოში ცნობილი ტენორი, არაჩვეულებრივი პიროვნება ზურაბ სოტკილავა. იგი უდიდესი ყურადღებით, როგორც მამა, ისე დასტრიალებს თავს ზურიკო უმცროსს თავის მეუღლესთან – ელისო თურმანიძესთან ერთად. ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ მაყვალა ქასრაშვილი და გალინა ვიშნევსკაია.

– უფროსი ზურიკო ანჯაფარიძის გვერდით თქვენც არაერთხელ ყოფილხართ მოსკოვში.

– 1984 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საგასტროლოდ იმყოფებოდა მოსკოვის დიდ თეატრში. ზურიკოს ჰქონდა მთავარი პარტია გია ყანჩელის ოპერაში „და არს მუსიკა”... რეპეტიციაზე რომ მივედით, მე-16 სადარბაზოდან შეგვიყვანეს, რომელიც განსაკუთრებული ხალხისთვის იყო განკუთვნილი, დარბაზი მთლიანად ჩაბნელებული იყო. ზურიკოს ხომ საოცარი იუმორი ჰქონდა, ხელი ჩამკიდა და მითხრა: ნახე, ჩემი წასვლის შემდეგ თეატრი როგორ ჩაბნელებულაო. ზურიკო ხელის ფათურით გაიყვანეს სცენაზე, მე კი რის ვაი-ვაგლახით გადავედი დარბაზში. უცბად, იქ, სადაც ზურა იდგა, მიანათეს პროჟექტორები და დარბაზი გავსებული აღმოჩნდა თეატრის პერსონალით. ყველა ერთად ყვიროდა: „ზუ-რი-კო! ზუ-რი-კო!“ – აი, ასეთი დახვედრა მოუწყეს 14 წლის განშორების შემდეგ. მეორე დღეს, სპექტაკლის შემდეგ, ჩვენთან მოვიდა ივანე კოზლოვსკი და მთხოვა, ერთი საათით ზურიკო და მე სტუმრად მივსულიყავით მასთან. იქ მისულებს მოსკოვის მთელი მუსიკალური ელიტა დაგვხვდა. კოზლოვსკიმ პირველი სადღეგრძელო ზურიკოზე ასე წარმოთქვა: – გავუფრთხილდეთ ამ ადამიანს, რომლის დანახვაზეც ხალხს სახე უნათდება და ვისურვებდი, ამქვეყნად მოგვევლინოს მისი გაგრძელება, რადგანაც, არ შეიძლება ამ გენის, ამ სახელისა და გვარის წაშლა დედამიწიდანო. კოზლოვსკის სიტყვები ხუთ წელიწადში ასრულდა – ქვეყანას მოევლინა უმცროსი ზურიკო ანჯაფარიძე. უმცროსი ზურიკო კარგი პიროვნებაა. მამის მსგავსად, ძალიან მოკრძალებულია. მას გენებით გადაეცა ის სითბო და სიყვარული, რაც დიდ ზურიკოს ჰქონდა. დანარჩენს თვითონ დაამტკიცებს.

– ალბათ, რუსეთში უფროს ზურიკოს თაყვანისმცემელ ქალთა არმია ჰყავდა.

– ამ მხრივ დიდი თავგადასავლები ჰქონდა და ბევრი ისტორია გახმაურდა კიდეც. არც შეიძლებოდა ასეთი უფლისწულის გარეგნობის მქონე კაცის ცხოვრება სხვანაირი ყოფილიყო. ჩემი დედამთილი, ალექსანდრა ბარათაშვილი, იხსენებდა, მოსკოვის დიდ თეატრში ყოველი სპექტაკლის შემდეგ სასწაულები ხდებოდაო. საჩუქრებით დატვირთული კალათები იმ რაოდენობით მოჰქონდათ, სახლში ტევა არ იყოო. უზღვავ ყვავილებს რომ მიართმევდნენ ზურიკოს, თურმე ერიდებოდა ხოლმე და სხვა მომღერლებზე მიანიშნებდა – მათაც მიართვითო. ზურიკო ჩინ-მედლებით არასოდეს ყოფილა განებივრებული, ერთადერთი იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, რომელსაც დიდი სიამაყით ატარებდა. ორჯერ წარადგინეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე, მაგრამ, არ მისცეს, თვითონ ამბობდა, ხალხის სიყვარული ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოაო. წელს კი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველის, დავით საყვარელიძის თაოსნობით, უფროსი ზურაბ ანჯაფარიძის სახელი მიენიჭა ერთ-ერთ ვარსკვლავს ზეცაში. ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია „კოსმოსი-დედამიწა”, რომლის პრეზიდენტი გახლავთ კოსმონავტი გერმანე ტიტოვი. ეს სერტიფიკატი გადმოგვცეს 2010 წლის 10 ივლისს. მთელ მსოფლიოში ზურიკო ანჯაფარიძეა პირველი საოპერო მომღერალი, რომლის სახელიც ვარსკვლავს მიანიჭეს ზეცაში. ყველაფერი ბრუნავს დედამიწაზე. ადრე თუ გვიან ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, მხოლოდ ვარსკვლავები რჩებიან ხელუხლებლად. რაც უფროსმა ზურიკომ იღვაწა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ეს იყო მისი შემოქმედებისა და მისი პიროვნების დაფასების გვირგვინი... დიდი მადლობა ბატონ დავით საყვარელიძეს, ზურაბ ანჯაფარიძის ფონდის წევრებისგანაც და ოჯახისგანაც. მოგეხსენებათ, არსებობს ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ფონდი, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ უმცროსი ზურიკო ანჯაფარიძე. უფროსი ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის მინიჭება ყოველწლიურად მისი დაბადების დღეს ხდება. დაჯილდოებულთა შორის არიან სახელმწიფოს, რუსთაველისა და სხვა რესპუბლიკური თუ საერთაშორისო პრემიების ლაურეატები. ფონდს ყოველთვის გვერდით უდგას ცნობილი ქართველი მეცენატი, ქართველი საოპერო მომღერლების დიდი ქომაგი, ბატონი გურამ ქაშაკაშვილი. წიგნიც მისი მეოხებით გამოიცა. წიგნში შესულია უამრავი მოგონება, რომელთა შორის ერთ-ერთი ისევ მოსკოვს შეეხება:

ზურაბი და დავით გამრეკელი ბატონ რევაზ ლაღიძის დიდი მეგობრები იყვნენ. საკმარისი იყო მათი თბილისში ერთად გამოჩენა, რომ რეზო ლაღიძე პურმარილით ხვდებოდა და თავისივე ხელით დაჭერილი „ცოცხალით” უმასპინძლდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, მოსკოვში ზურაბმა და დავითმა თვალი მოჰკრეს რეზოს, გაუხარდათ და იქვე, „ინტურისტის” რესტორანში შეიპატიჟეს. მათი იქ შესვლა შესვენების საათს დაემთხვა და დარბაზშიც ტევა არ იყო. რა ექნათ, არ იცოდნენ. უცებ, მასპინძლებს გენიალურმა გამომგონებლურმა აზრმა გაუელვა: მიმტანს სთხოვეს, რაც სინზე დაეტევა, იმდენი პურმარილი და სასმელი მოეტანა. სამივემ გამოზნიქა მუცელი და ეს სინი ზედ დაიდგეს. ასე და ამგვარად, ღიპებზე დაიწყეს ქეიფი. ვიდრე ხალხი გაკვირვებით უყურებდა, შესვენებაც დამთავრდა, ყველა წავიდ-წამოვიდა და მათაც მაგიდასთან გააგრძელეს დაწყებული „პურის ჭამა”.

– ზურიკო, რას გვეტყვით მოსკოვის კონსერვატორიის შესახებ?

უმცროსი ზურიკო ანჯაფარიძე: იქ მართლაც უმაღლეს დონეზეა ყველაფერი. რადგან ვოკალურ განყოფილებაზე ვსწავლობ, უდიდესი ყურადღება ხმას ექცევა. ასევე, სხვა საგნებსაც. ჩემი პედაგოგი გახლავთ მაესტრო ზურაბ სოტკილავა, რომლის შესახებ უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო. მოსკოვის კონსერვატორიაში ხშირად იმართება ვოკალისტების კონცერტები. ვცდილობ, ყველას დავესწრო, თუმცა სხვა სახის კონცერტებსაც ვესწრები. მაგალითად, ძალიან სასიამოვნო იყო მევიოლინის, იური ბაშმეტის კონცერტი.

– უფროსი ზურაბ ანჯაფარიძე მოსკოვში ძალიან უყვარდათ. თქვენ როგორ გრძნობთ იქ თავს, როგორც მისი შვილი?

– ყოველი ნაბიჯზე იგრძნობა ეს სიყვარული. დიდი მომღერლისა და დიდი პიროვნების შვილი რომ ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობაა. რადგან ამ პროფესიით ვაპირებ წასვლას, იმ ხარისხის მომღერალი უნდა ვიყო, როგორიც ეკადრება ზურაბ ანჯაფარიძეს. ვიცი, რომ ყოველთვის მამაჩემს შემადარებენ. მამაჩემი იმდენად დიდი კედელია, ხშირად ვამბობ: ზურგს ჩინეთის დიდი კედელი მიმაგრებს-მეთქი.

– ქართველისთვის მოსკოვში ცხოვრება დღეს რთული ჩანს.

– აქედან რაც ჩანს, იქ კიდევ უფრო რთულია: საშინელი ამინდები, უზარმაზარი ქალაქი, მუდმივი საცობები. როგორც ადამიანი ყველაფერს გაუძლებ, მაგრამ, მომღერლისთვის აუტანელია, რადგან ეს სირთულეები ხმაზეც მოქმედებს. კიდევ კარგი, საბედნიეროდ, ჩემს ხმაზე არ უმოქმედია. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ გამორიცხულია, მოსკოვში დავრჩე.

– რას ნიშნავს თქვენთვის მამათქვენის სახელობის ვარსკვლავი ზეცაში?

– ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს სერტიფიკატი არის იმის დასტური, რომ კოსმოსში, ერთ-ერთი გამოკვეთილი ვარსკვლავი ცაში მამაჩემის სახელს ატარებს. თორემ, მიწაზე არ არსებობს. ზურაბ სოტკილავას რომ შესთავაზეს, მისი სახელობის ვარსკვლავი გაეხსნათ, უარი განაცხადა, რადგან მიწაზე ვარსკვლავი არ ისურვა. ზურიკო ანჯაფარიძის ფრაკიც გადმოგვცეს. ასევე „გერმანის” ჩექმები, რომელიც „ლა სკალაში” ეცვა 1964 წელს. ამ ყველაფრის გადმოცემა მოხდა 12 ივლისს, დედაჩემის დაბადების დღეს. ხშირად მეხუმრებიან ხოლმე. ხომ არ გავიწყდება შენი სახელი და გვარი რომ არის კოსმოსშიო.


скачать dle 11.3