კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

30 თებერვალი

პავლე გორსალიას სიტყვებზე შორენას ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და მღელვარებისგან ნიკაპი აუკანკალდა, ღრმად ამოისუნთქა და სტუმარს ჰკითხა:

– სად და რომელ საათზე მიბარებს მამათქვენი?

– ამას ახლავე შევიტყობ, – თქვა პავლემ და მობილურზე დარეკა. ლაპარაკი რომ დაასრულა, შორენას უთხრა: – ახლა მამას ველაპარაკე და ასე მითხრა, თუ თქვენ წინააღმდეგი არ ხართ, თვითონ მოვა.

– მობრძანდეს, – რაც შეიძლება მშვიდად უთხრა პავლეს შორენამ, თუმცა ნიკაპი ისევ უკანკალებდა.

– კარგი, დავურეკავ და თქვენს მისამართს ვეტყვი, – თქვა პავლემ, მობილურზე დარეკა და მამამისს შორენას სახლის მისამართი უკარნახა, შემდეგ ტელეფონი გათიშა და მასპინძელს უთხრა, – თუ არ შეწუხდებით, ერთი ჭიქა წყალი დამალევინეთ.

– რა თქმა უნდა, – მიუგო შორენამ სტუმარს და ჰკითხა, – ყავას ხომ არ მიირთმევთ?

– არა, გმადლობთ, ჩემთვის ყავა არ შეიძლება, გული მაწუხებს.

– ჩაი ან ცივი წვენი?

– თუ არ შეწუხდებით, ცივ წვენს დავლევ.

შორენა სამზარეულოში გავიდა და ერთი წუთის შემდეგ ოთახში გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოაგორა, რომელზეც წყლით სავსე დოქი, წვენები, ნამცხვარი და შოკოლადები ელაგა.

– არ მოგერიდოთ, მიირთვით, – უთხრა შორენამ პავლეს და სტუმარს წვენი დაუსხა.

პავლემ ჭიქა გამოცალა, შორენას მადლობა გადაუხადა და უთხრა:

– საკმაოდ გამიჭირდა თქვენი მოძებნა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ამიხსნა, როგორ უნდა მომეგნო თქვენთვის, ამის გაკეთება მაინც რთული აღმოჩნდა და ექვსი თვე მოვანდომე. მით უმეტეს, ძალიან დაკავებული ვარ – უამრავი სამუშაო მაქვს და ვერ ავუდივარ.

– რა პროფესიის ბრძანდებით?

– არქეოლოგი ვარ.

– არქეოლოგი? – გაიმეორა შორენამ.

– დიახ. ექსპედიციებში დავდივართ, გათხრებს ვაწარმოებთ, სიძველეებს ვეძებთ და ვიკვლევთ. ერთი შეხედვით, ძალიან მოსაწყენი საქმე ჩანს, მაგრამ მე ამ საქმეზე ვარ შეყვარებული და შემიძლია, თვეების განმავლობაში ვთხარო, ვეძებო და ვიკვლიო.

– ამჟამად რას ეძებთ და იკვლევთ? – ზრდილობის გამო ჰკითხა შორენამ სტუმარს, რადგან არქეოლოგია არც აინტერესებდა და არც გაეგებოდა რამე.

– რას და ძველ ქართულ საგანძურს. უფრო სწორად, ამჟამად ერთი ჩანაწერის ტექსტს ვსწავლობ და ვშიფრავ, რომელშიც ძველი ქართული საგანძურის ადგილმდებარეობაა მითითებული და, თუ მას მივაგენით, ეს იქნება ეპოქალური აღმოჩენა, – უთხრა შორენას პავლემ, რომელიც ისეთი აზარტით ლაპარაკობდა, როგორც თავის საქმეზე უზომოდ და უანგაროდ შეყვარებულ მეცნიერებს სჩვევიათ.

– ძალიან საინტერესოა, – თქვა შორენამ.

– მართლა გაინტერესებთ? – თვალები გაუბრწყინდა პავლეს.

– რა თქმა უნდა, – იცრუა შორენამ.

– მაშინ, მოკლედ მოგიყვებით.

– ბრძანეთ.

– ერთმა ახალგაზრდა გოგონამ, ჩემმა კოლეგამ, წმიდა გიორგის ცხენის ნალი აღმოაჩინა ლაშა-გიორგის საიდუმლო გამოქვაბულში, შემდეგ ამ ნალისა და სხვა საგანძურის რუსეთში წაღება მოინდომეს, რასაც პატრიოტმა ქართველებმა შეუშალეს ხელი – საგანძური გადამალეს და რუსები ხახამშრალები დატოვეს. თუმცა, ამ ყველაფერს იმ ადამიანების სიცოცხლე შეეწირა: ქართველ აკადემიკოსს გული გაუსკდა, ის გოგონა კი, რომელიც შემდგომ მონაზონი გახდა, სავარაუდოდ, რუსეთში, ციხეში ან საგიჟეთში გარდაიცვალა.

– ციხეში ან საგიჟეთში? – გაიმეორა შორენამ.

– დიახ, დიახ და სწორედ იმ მონაზვნის ჩანაწერები აღმოვაჩინე და იმას ვშიფრავ.

– ძალიან საინტერესოა. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ გაშიფვრას და საგანძურის პოვნას?

– უფრო კი, მაგრამ ძალიან გამიჭირდება, თუმცა ძალებს არ დავზოგავ, – თქვა პავლემ და სინანულით დაამატა: – აი, იმ ბერის ჩანაწერებიც რომ მომცა, რომელიც იმ მონაზონთან ერთად მოღვაწეობდა, მაშინ ყველაფერი უფრო იოლი იქნებოდა, მაგრამ მამა გაბრიელის კვალი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში წყდება და მასზე არაფერი ვიცი.

ჯაბა საძინებლის კარზე იყო აკრული და პავლე გორსალიას სიტყვებზე მას გული აუჩქარდა, რადგან კარგად მიხვდა, რა საგანძურსა და რომელ ხალხზე ლაპარაკობდა ახალგაზრდა არქეოლოგი. მით უმეტეს, რომ მამა გაბრიელის შემდეგ სწორედ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ქართული საგანძურის ადგილმდებარეობა იცოდა და თავადვე იყო მისი მცველი.

გაბრიელის ხსენებაზე შორენამ პავლეს უთხრა:

– მე საგიჟეთში ვმუშაობ. ერთი გაბრიელი ჩვენთანაც წევს და, როგორც ამბობენ, ის ადრე მღვდელი იყო.

შორენას სიტყვებმა ჯაბას გული უფრო აუჩქარა, რადგან არ უნდოდა, რომ პავლე გორსალიას მისი ადგილმდებარეობა შეეტყო, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა, რადგან შორენას ვერ ხედავდა და ვერ ანიშნებდა, რომ გაჩუმებულიყო.

– რა ხნისაა ის გაბრიელი, თქვენთან რომ წევს? – ჰკითხა პავლემ შორენას, მაგრამ პასუხი არ მიუღია, რადგან კარზე ზარი დარეკეს და შორენა გასაღებად წავიდა.

ათიოდე წამის შემდეგ გოგონა ბერის სამოსში გამოწყობილ მამაკაცთან ერთად გაბრუნდა, რომელმაც ჯერ სახლი დალოცა, შემდეგ პავლეს გადაეხვია, ბოლოს სავარძელში ჩაჯდომის ნებართვა ითხოვა და დაჯდა.

– აი, ესაა მამაჩემი, – უთხრა პავლემ შორენას და ბერს მიაჩერდა.

პეტრემ ჯერ შვილი შეათვალიერა, შემდეგ შორენას შეხედა და უთხრა:

– შენც ისეთი მშვენიერი ხარ, როგორიც დედაშენი იყო.

დედის ხსენებაზე გოგონას გული აუჩქარდა და თვალებზე ცრემლი მოადგა, მაგრამ ხმა არ ამოუღია და ბერს სიტყვა არ გააწყვეტინა, რომელიც განაგრძობდა:

– აქ იმიტომ მოვედი, შვილო, რომ პატიება გთხოვო და ვაღიარო, რომ სწორედ მე ვარ ის უღირსი კაცი, რომელმაც შენი თავი წაართვა დედაშენს, შენ კი ობლობისთვის გაგწირა.

– მიპატიებია, მამაო და მეც მაქვს თქვენთან ერთი თხოვნა, – მიუგო შორენამ ბერს.

– გისმენ, შვილო.

– მამაო, დედაჩემის ამბავი მაინტერესებს და მითხარით, ცოცხალია თუ არა და სადაა? – ჰკითხა შორენამ ბერს.

– დედაშენი, ელენე, მე რომ აქედან წავედი, ცოცხალი იყო და მონასტერში ცხოვრობდა. მისი მეორე საქმიანობის შესახებ მარტო მე ვიცოდი და მოსკოვში რომ გადამიყვანეს სამუშაოდ, ჩემი აგენტების კარტოთეკაც თან წავიღე, რომელიც შემდგომ გავანადგურე. უშიშროებიდან რომ წამოვედი და რწმენაში ჩავდექი, დედაშენი მხოლოდ ერთხელ მოვიკითხე, მაგრამ ვერ გავიგე, სად იყო და მას მერე აღარ მომიკითხავს.

– ესე იგი, ვერ ვიპოვი? – თქვა შორენამ.

– არის ერთი ადამიანი, რომელმაც შეიძლება, დედაშენის ადგილსამყოფელი იცოდეს.

– ვინ?

– დედა ქეთევანი, – მიუგო ბერმა, – და, რაც მთავარია, ის ცოცხალია, აქაა და, შეიძლება, რომ დაველაპარაკოთ. დღეს რომ თბილისში ჩამოვედი, ქეთევანს თვალი მოვკარი, რომელიც დამხვდურებს შორის იყო და მანაც მიცნო. ასე რომ, შვილო, მთავარია, დედაშენი ცოცხალი იყოს და, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაგნებთ.

– როგორ ფიქრობთ, მამაო, ცოცხალი იქნება დედაჩემი?

– მე თუ ცოცხალი ვარ, წესით, დედაშენიც ცოცხალი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, იმედი ვიქონიოთ, რომ ასეა.

– შეიძლება, რაღაც გკითხოთ, მამა პეტრე? – ჰკითხა შორენამ ბერს.

– მკითხე, შვილო, მაგრამ, მე მამა სერაფიმე მქვია, პეტრე ჩემი საერო სახელია.

– მაპატიეთ, მამა სერაფიმე, მაინტერესებს, რატომ მიატოვეთ თქვენი კარიერა, რომელიც, როგორც ვიცი, ძალიან წარმატებული იყო და რატომ გახდით ბერი?

– აი, ამის გამო, – თქვა ბერმა და პავლესკენ გაიშვირა ხელი, – დიდების ზენიტში ვიყავი, როდესაც ჩემს ერთადერთ ვაჟიშვილს გულის უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა და ექიმებმა ყველანაირი იმედი გადამიწურეს. სად არ მყავდა, ვის არ გავასინჯე, რა ფულს არ ვიხდიდი, მაგრამ, ამაოდ, ოპერაციის გაკეთებას ვერავინ ბედავდა. თითქოს პირი შეკრესო, ყველა მეუბნებოდა: როგორც კი საოპერაციო მაგიდაზე დავაწვენთ და დანას დავადებთ, მოკვდებაო. ერთი სიტყვით, არ რისკავდნენ, რადგან გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არსებობდა. დრო კი გადიოდა. ბავშვი თვალსა და ხელს შუა დნებოდა და ვერაფრით ვშველოდი. ამ დროს შევიტყვე, რომ ცნობილი კარდიოლოგი, პროფესორი პანტელეიმონ ჯაში, არალეგალური ოპერაციისთვის ციხეში იჯდა და დახვრეტას ელოდა.

პროფესორი ჯაშის ხსენებაზე საძინებლის კარზე აკრულ ჯაბას ააკანკალა, რადგან თავად მისგან ჰქონდა მოსმენილი ამ ისტორიის ნაწილი და გუნებაში გაიფიქრა: „აი, თურმე, ვინ ყოფილა ის იდუმალი პისტოლეტიანი ბობოლა“.

– ჰოდა, – განაგრძო ბერმა, – მოსკოვიდან თბილისში ჩამოვედი, ჯაშს ინკოგნიტოდ შევხვდი და ჩემი შვილის გადარჩენის სანაცვლოდ სიცოცხლეს დავპირდი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დავემუქრე, რომ საკუთარი ხელით გავუხვრეტდი კეფას და პისტოლეტი მივადე.

– ჯაში, ჯაში... რა ნაცნობი გვარია, – თქვა შორენამ, რომელიც ვერ მიხვდა, რომ ლუქსში მწოლიარე პანტელეიმონ ჯაში სწორედ ის გენიალური ექიმი იყო, რომელზეც ბერი ლაპარაკობდა.

– მოკლედ, ის ჯაში ციხიდან გამოვიყვანე, მოსკოვის ერთ-ერთი გარეუბნის კონსპირაციულ აგარაკზე მან ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთა და სიკვდილისგან იხსნა. მე კი ღმერთისთვის აღთქმა მქონდა დადებული, რომ, თუ ჩემი შვილი გადარჩებოდა, უშიშროებიდან წამოვიდოდი, ბერად აღვიკვეცებოდი და არასდროს გავტეხდი სიტყვას. საბოლოოდ, ეს ასეც მოხდა და როგორც ხედავ, ბერი ვარ, ჩემი შვილი კი ცოცხალია, საღ-სალამათი და თავის საყვარელ საქმეს ემსახურება. მაპატიე, შვილო, კიდევ ერთხელ მაპატიე, რომ ასე გაგიუკუღმართე ცხოვრება და დედ-მამის მზრუნველობის გარეშე აღიზარდე.

– შეიძლება, კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ?

– ბრძანე, შვილო.

– მამაჩემი ვინაა?

ბერს ყბა აუცახცახდა და შორენას უთხრა:

– ერთი ჩვენი თანამშრომელი იყო, მაგრამ, მანამდე დაიღუპა, სანამ შენ დაიბადებოდი. მოდი, მისი ვინაობა საიდუმლოდ შევინახოთ, რადგან ჯერჯერობით ასეა საჭირო.

– კარგი, მამაო, ასე იყოს. ჩემთვის ახლა დედის პოვნაა ყველაზე მნიშვნელოვანი, – მიუგო შორენამ ბერს, – მე თქვენ მოსკოვში გეძებდით, ღმერთმა კი თქვენი თავი აქ გამომიგზავნა.

– მოსკოვში მეძებდით?

– დიახ, მამაო, ამ საღამოს უნდა გამოვფრენილიყავი და აეროპორტიდან მოვბრუნდი.

– აეროპორტიდან მობრუნდი? – გაოცებას ვერ მალავდა ბერი, – კი მაგრამ, რა იცოდი, რომ მოსკოვში ვიყავი, ან, სად მომძებნიდი ამხელა ქალაქში?

– მაცხოვრის ტაძარში მოგიკითხავდით.

– მართალია, იქ ვიყავი, მაგრამ, შენ რა იცოდი?

– დედას თითქმის მთელი ცხოვრებაა ვეძებ, თქვენს კვალზე კი ამ ცოტა ხნის წინ გამოვედი.

– როგორ?

– თქვენი ყოფილი კოლეგების – კახასა და ვიტალის მეშვეობით. სწორედ მე და ვიტალი ბაბუა მოვფრინავდით მოსკოვში.

– ახლა გასაგებია, – გაეცინა ბერს, – ვიტალი და კახა კარგი, საზრიანი თანამშრომლები იყვნენ. მოკლედ, ასე ვქნათ, შვილო: ხვალ მე დედა ქეთევანს დაველაპარაკები, დედაშენის ამბავს გამოვკითხავ და პასუხს პირადად შეგატყობინებ. ალბათ, ხვალ ამ დროს კიდევ ერთხელ გეახლები და ერთად მოვიფიქროთ, როგორ მივუდგეთ დედაშენს, რომ სიხარულისგან გული არ გაუსკდეს. ცოცხალი რომაა, ამაში დარწმუნებული ვარ. არ მგონია, რომ ღმერთს ის გაეწირა და ისე გაეშვა ამქვეყნიდან, რომ თავისი ღვიძლი შვილი არ ენახვებინა. მე წავართვი მას შენი თავი და მევე მიგიყვან მასთან. ახლა კი უნდა დაგტოვო და, სანამ წავიდოდე, კიდევ ერთხელ გთხოვ პატიებას.

– მიპატიებია, მამაო, ღმერთმა გაგახაროთ, – მიუგო შორენამ ბერს და მამა-შვილი სახლიდან გააცილა, შემდეგ ოთახში შემობრუნდა და სავარძელში მოკალათებულ ჯაბას ჰკითხა:

– გესმოდა?

– მშვენივრად, – მიუგო ჯაბამ, – ხომ ხედავ, როგორ შემოტრიალდა ყველაფერი? ღმერთმა გადმოგვხედა.

– ვხედავ, ვხედავ და მადლობა ღმერთს, – პირჯვარი გადაისახა შორენამ, – ახლა ერთი სული მაქვს, დედაჩემს როდის ვნახავ.

– მალე ნახავ, მალე, დარწმუნებული ვარ, რომ შენი ცხოვრება სასიკეთოდ მოტრიალდა, – უთხრა ჯაბამ შორენას და ჯერ თვალებზე აკოცა, შემდეგ ტუჩებში სცადა კოცნა, მაგრამ შორენამ თავი მოარიდა და უთხრა:

– ოღონდ ახლა არა, საყვარელო, საამისოდ განწყობილი არ ვარ.

– არ გიყვარვარ?

– მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ახლა არ მინდა, სხვა დროს იყოს და ნუ გამიბრაზდები.

– არ გაგიბრაზდები, – წყენით მიუგო ჯაბამ შორენას და სიგარეტი გააბოლა.

– მიყვარხარ, მართლა ძალიან მიყვარხარ და შენ გამო თავსაც გავწირავ, მაგრამ ახლა არა, კარგი? – უთხრა შორენამ ჯაბას, ლოყაზე აკოცა და ტელეფონს უპასუხა:

– გისმენთ!

– მე ვარ, შვილო, კახა, – მოესმა შორენას, – ჩემი ტელეფონი დაჯდა და სხვისგან გირეკავ. მოკლედ, საპატრიარქოში ვიყავი და გავარკვიე, რომ მომლოცველები ხვალ დილით მიჰყავთ დანიშნულების ადგილზე. ვინ სად წავა, წინასწარ არ იციან, ამიტომ, დილის 9 საათზე აქ უნდა ვიყოთ და ის კაცი ვნახოთ.

– კახა ბაბუა, როგორ ხარ? – ჰკითხა შორენამ.

– კარგად, შვილო, რატომ მეკითხები?

– დაღლილი ხარ?

– ისე რა. რატომ მეკითხები?

– ჩემთან მოსვლა შეგიძლია?

– რა თქმა უნდა, მით უმეტეს, რომ აქვე ვარ. რა მოხდა, ხომ მშვიდობაა?

– მშვიდობაა, მშვიდობა. მოდი და ყველაფერს მოგიყვები.

კახა, სულ რაღაც, ათიოდე წუთში მივიდა შორენასთან და როგორც კი ფეხი შედგა ბინაში, ჰკითხა:

– რა მოხდა?

– ნახევარი საათის წინ აქ მამა სერაფიმე იყო, იგივე პეტრე გორსალია, – უთხრა შორენამ კახას.

– პეტრე გორსალია იყო აქ?! – გაიმეორა გაოცებულმა კახამ.

– ის და მისი ვაჟი – პავლე.

– რას მელაპარაკები?! კი მაგრამ, როგორ, რატომ?

შორენამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო კახას და ბოლოს უთხრა:

– ხვალ მოვა და დედაჩემის ამბავს მომიტანს. ასე მითხრა, მე წავართვი მას შენი თავი და მევე უნდა მიგიყვანო მასთანო.

– მაგ ცოდვაში ჩვენც გვირევია ხელი, მაგრამ გორსალიას მაინც ვერავინ შევედრებით პირველობაში, – თქვა კახამ.

– სამჯერ მთხოვა პატიება, კახა ბაბუა და, ასე მითხრა, შენ მიმართ ჩადენილი ცოდვები დამრჩა მოსანანიებელიო.

– მოსანანიებელი მე და ვიტალისაც ბევრი გვაქვს და, საერთოდ, ყველას, ვინც „კაგებეში“ თუ სხვა მსგავს სამსახურში მუშაობდა, – თქვა კახამ და შორენას ჰკითხა: – ნერვიულობ დედაშენთან შეხვედრის წინ?

– საკმაოდ.

– მამაზე არ ჰკითხე?

– ვკითხე, მაგრამ ყველანაირად აარიდა პასუხს თავი და ასე მითხრა, მოდი, მისი სახელი ჯერჯერობით საიდუმლოდ შევინახოთ, მით უმეტეს, რომ მამაშენი შენს გაჩენამდე დაიღუპაო.

– დაიღუპაო?

– ჰო, ასე თქვა.

– თუ მეხსიერება არ მღალატობს, იმ პერიოდში არავინ დაღუპულა ჩვენს უწყებაში.

– აბა, რაში სჭირდება ტყუილი? – თქვა შორენამ.

– მოიცა, მაინც გადავამოწმებ, – თქვა კახამ, მობილურზე ნომერი აკრიფა, ვიტალის დაურეკა და როდესაც მისი პასუხი მოისმინა, დაკეცა და შორენას უთხრა, – სწორად მხსომებია, იმ პერიოდში არავინ დაღუპულა, გორსალია ცრუობს.

– კი მაგრამ, რაში სჭირდება?

– ეგ არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ, რაც მამაშენზე გითხრა, ტყუილია, – გაიმეორა კახამ.

– ამ საქმეში ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია, – საუბარში ჩაერთო ჯაბა, რომელიც მანამდე უხმოდ ისმენდა შორენასა და კახას ლაპარაკს, – ბევრი რამე ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული და, შეიძლება, ბევრი მოულოდნელობა მოხდეს.

– წავალ, უკვე გვიანია და ყველას დასვენება გვჭირდება. იმედია, ხვალ მამა სერაფიმე კარგ ამბავს მოიტანს და, როგორც კი მოიცლი, დამირეკე და შემატყობინე, – თქვა კახამ, ქალ-ვაჟს გამოემშვიდობა და წავიდა.

შორენამ კახა გააცილა. ოთახში რომ შემობრუნდა, საათმა თერთმეტჯერ ჩამოკრა.

– ყავას დალევ? – ჰკითხა გოგონამ ჯაბას, – ერთი მოვადუღო თუ ორი?

– ამ შუაღამეს რა დროს ყავაა, დაძინებას არ აპირებ?

– რა დამაძინებს, ხვალინდელ დღეს გულისფანცქალით ველოდები – ვინ იცის, რა ამბავს მოიტანს მამაო, – მიუგო შორენამ ჯაბას და კითხვა გაუმეორა: – დალევ?

– მომიდუღე, – უთხრა ჯაბამ და ტელევიზორი საინფორმაციო არხზე გადართო, სადაც ჯამბულ ონიანის დაჭრისა და ჯანმრთელობის ძველ ამბავს გადმოსცემდნენ. შემდეგ კი კადრში საგიჟეთის შენობა გამოჩნდა, რასაც ჟურნალისტის კომენტარი მოჰყვა პირდაპირ ეთერში.

ჯაბა სულგანაბული უსმენდა სიუჟეტს და, როგორც კი დასრულდა, შორენას გასძახა:

– ხედავ, რა მომხდარა?

– რა? – ჰკითხა შორენამ, რომელმაც ოთახში გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოაგორა და ჯაბას უთხრა, – ყავას კონიაკი დავაყოლოთ.

– რა დროს კონიაკია, სამხეცის ამბავი გასკდა და ნახევარი საგიჟეთი დააპატიმრეს.

– რას მელაპარაკები?! – გაოცდა შორენა, – საიდან, როგორ?

– არ ვიცი. ასე თქვეს, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციებს უახლოეს წუთებში მოგაწვდითო.

– რა დღეში იქნება რაჟდენ რაჟდენოვიჩი?! – გაეცინა შორენას, შემდეგ ხელი ჩაიქნია, – ჯანდაბას მაგის თავი! ეგ ადრე იყო დასაჭერი და ღირსია.

– ღირსია, – დაეთანხმა შორენას ჯაბა და, ის იყო, კონიაკის ჭიქას მოჰკიდა ხელი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.

– ვინ უნდა იყოს? – იკითხა შორენამ, წამოდგა და სანამ კართან მივიდოდა, ჯაბას ანიშნა, დაიმალეო. შემდეგ გორგოლაჭიანი მაგიდა სამზარეულოში გააგორა და ჭუჭრუტანაში გაიხედა.

– მე ვარ, შოკი, რაჟდენი, შემომიშვი! – გაისმა კარის მეორე მხრიდან საგიჟეთის დირექტორის აგზნებული ჩურჩული.

შორენამ კარი გააღო და ოთახში მოკლეფეხება პროფესორმა შემოირბინა, სავარძელში ჩაეშვა და მასპინძელს ჰკითხა:

– ხომ მარტო ხარ, შოკი?

– დიახ.

– კიდევ კარგი. არადა, ვფიქრობდი, ტყუილად ხომ არ მივდივარ, შოკი მოსკოვში იქნება-მეთქი.

– ფრენა გადაიდო. თქვენ რა გჭირთ? – ჰკითხა პროფესორს შორენამ, რომელიც მიხვდა, რომ ის დაპატიმრებას გადაურჩა.

– პოლიციას გამოვექეცი. ერთი საათის წინ ჩემს დასაჭერად მოვიდნენ და წიგნების კარადიდან დავუსხლტი ხელიდან.

– წიგნების კარადიდან?

– დიახ, წიგნების კარადიდან. იმის უკან ნიშაა, რომელიც სარდაფში ჩადის და იქიდან გავიქეცი. ეს საიდუმლო გასასვლელი ჯერ კიდევ კლინიკის პირველმა დირექტორმა გააკეთა, რომელსაც დევნის მანია ჰქონდა და, ყოველი შემთხვევისთვის, გასაქცევად ემზადებოდა. საბოლოოდ ის ჩვენს კლინიკაში მოკვდა, მე ვმკურნალობდი მას და მისგან შევიტყვე ეს საიდუმლო. ხედავ, შოკი, როგორ გამომადგა? როცა პოლიციამ ჩემი კაბინეტის კარი შეამტვრია, მე უკვე ქუჩაში ვიყავი და პოლიციელებს ოსტატურად გავეპარე. სახლში ვერ მივიდოდი, ვერც ნათესავებთან და შენთან ამიტომ მოვედი. თანაც, შენთან ყოფნას რა სჯობია! ხომ არ გამთქვამ, შოკი, ან, ხომ არ გამაგდებ? ხომ იცი, მე შენთვის ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული და ცოტა პატივი შენც მეცი.

– პოლიცია რას გერჩით?

– სამხეცის გამო. სამხეცე გაიშიფრა.

– როგორ?

– სულაბერიძეების ნათესავებმა ჩამიშვეს. ის ჟურნალისტი, თურმე, შემოპარული ყოფილა ჩვენთან, რომ წიგნი დაეწერა და სამხეცეში განგებ ჩაგვაყვანინა თავი. მოკლედ, ჩაწყობილი ამბავი იყო და ბეწვზე ვარ გადარჩენილი.

– თქვენ ეს საიდან გაიგეთ?

– ხარიტონმა დამირეკა, დარაჯმა და იმან შემატყობინა, მან კი ეს ყველაფერი პოლიციელებისგან შეიტყო, რომლებიც სამხეცეში ჩადიოდნენ. ხომ გახსოვს, სამხეცეში საიდუმლო ჩასასვლელი ხარიტონის სამორიგეოსთან რომ არის!

– მახსოვს, მახსოვს, მაგრამ ხარიტონმა ასე როგორ გარისკა, პოლიციელების არ შეეშინდა?

– მას მე ფულს ვუხდიდი – დამატებით 200 დოლარს თვეში, სამაგიეროდ, ის ყველაფერს მიყვებოდა, რაც საგიჟეთში ხდებოდა, – თავმომწონედ თქვა პროფესორმა, – ხედავ, სად გამომადგა ხარიტონი?

– ყოჩაღ, ხარიტონ! – თქვა შორენამ და დარჟენ რაჟდენოვიჩს ჰკითხა, – მომავალში რას აპირებთ, სულ აქ ხომ არ იქნებით?

– კარგი კი იქნებოდა, მაგრამ, არ შეიძლება, პოლიცია მომაგნებს. აქ, ასე, ხუთი-ექვსი დღე გავჩერდები, მერე კი წავალ.

– მე რომ ხვალ მოსკოვში მივფრინავ?

– მერე, რა უჭირს. გასაღები დამიტოვე და რომ წავალ, კარს ჩავკეტავ, გასაღებს კი ფოსტის ყუთში ჩავაგდებ.

– ფოსტის ყუთში?

– რა, არ შემიფარებ? ნუთუ ხელს მკრავ და დევნილ კაცს პოლიციის კლანჭებში ჩამაგდებ?

– მაპატიეთ, რაჟდენ რაჟდენოვიჩ, მაგრამ თქვენი დატოვება მხოლოდ ხვალ დილამდე შემიძლია.

– ბინას არ მანდობ?

– არა, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ, იძულებული ვარ, გითხრათ, თუმცა ძალიან არ მინდა ამის გამხელა.

– რის გამხელა?

– „ბოიფრენდი“ მყავს, ბატონო პროფესორო, და მასთან ერთად მივფრინავ მოსკოვში. ის პოლიციელია და, აქ რომ გნახოთ, ჩემთვისაც ცუდია და თქვენთვისაც.

– რა პრობლემაა, შოკი, მე დილით წავალ და რამდენიმე საათით სადმე დავიმალები, შემდეგ უკან დავბრუნდები და ხუთი-ექვსი დღე აქ გავჩერდები.

– რომ გაიშიფროთ? მაშინ ხომ მეც შარში მაგდებთ?

– ნუ გეშინია, არ გავიშიფრები.

– არ გეწყინოთ, პროფესორო, მაგრამ მხოლოდ დილამდე შემიძლია თქვენი აქ დატოვება.

– კარგი, კარგი, – ტონი შეცვალა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა, – ყავას დამალევინებ?

– ახლავე მოგართმევთ, – უთხრა შორენამ პროფესორს და სამიოდე წუთის შემდეგ გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოაგორა ოთახში, რომელზეც ყავა, ნამცხვრები და ბუტერბროდები ელაგა, – მიირთვით, მოშიებული იქნებით!

პროფესორი კონიაკს დასწვდა და ორი ჭიქა შეავსო, შემდეგ შორენა წყლის მოსატანად გაგზავნა, მის ჭიქაში პატარა აბი ჩააგდო და რომ დაბრუნდა თავისი ჭიქა ასწია და მასპინძელს უთხრა:

– შენ გაგიმარჯოს! დალიე...

– არა, გმადლობთ, – მიუგო შორენამ პროფესორს, რომელთან ერთად დალევაც მას არ უნდოდა.

პროფესორმა მეორე ჭიქა შეივსო, კვლავ შორენა ადღეგრძელა და გოგონას დალევა შესთავაზა, მაგრამ ისევ უარი მიიღო.

– რატომ არ სვამ? – ჰკითხა შორენას პროფესორმა, რომელმაც გოგონას ჭიქაში აღსაგზნები აბი ჩაუგდო და იმედი ჰქონდა, ამგვარად ჩაიგორებდა ლოგინში.

– ვერ ვიტან სასმელს, – თქვა შორენამ, რომელმაც იეჭვა, რომ პროფესორი რაღაც მიზეზის გამო აძალებდა მას დალევას, ამიტომ თავისი ჭიქა დაუდო წინ, რათა ეჭვები შეემოწმებინა და უთხრა, – თქვენ მიირთვით.

– ეგ შენი ჭიქაა, მე კი ჩემი მაქვს, – თქვა პროფესორმა და შორენას ჭიქა გოგონასკენ მისწია, თავისი კი კონიაკით შეავსო და მესამედ დალია, ჭიქა რომ დადგა, შორენას გაუმეორა: – დალიე!

– არა, – თავი გააქნია შორენამ და პროფესორს თვალი თვალში გაუყარა, რომელიც პათოლოგიურად უმზერდა მას.

– დალიე!

– არა!

– დალიე! – ხმას აუწია აგზნებულმა პროფესორმა, მოულოდნელად მცირე ზომის პისტოლეტი ამოაცურა საზაფხულო კოსტიუმიდან და შორენას მიუშვირა.

– თქვენ რა, გაგიჟდით? პისტოლეტი იქით გასწიეთ! – თქვა გოგონამ ჯაბას გასაგონად, რომელიც საძინებლის კარზე იყო აკრული და ვერ ხედავდა, რა ხდებოდა სასტუმრო ოთახში.

– ლოგინში გავგიჟდები, ჩემო გიჟო, მას მერე, როცა შენ კონიაკს დალევ, – უთხრა პროფესორმა აგზნებული ხმით შორენას და პათოლოგიურად გაუღიმა.

– გეყოფათ, პროფესორო, იარაღი შეინახეთ და, აი, ამ საძინებელში მოისვენეთ.

– დალიე! – კბილებში გამოსცრა პროფესორმა.

– რაჟდენ რაჟდენოვიჩ, – ტაქტიკა შეცვალა შორენამ, – პისტოლეტი შეინახეთ და საძინებელში წამოდით, ვხედავ, რომ მართლა ძალიან გინდივართ და მეც მომინდით...

– ჯერ დალიე და შემდეგ მოგინდები! დალიე, ჩქარა დალიე, თორემ გესვრი!

შორენა ხედავდა, რომ პროფესორი უკიდურესად იყო აღგზნებული და შეიძლება, მართლა გაესროლა. ამიტომ მან კონიაკით სავსე ჭიქა ასწია, მკვეთრი მოძრაობით პროფესორს შეასხა სახეში, შემდეგ გორგოლაჭებიანი მაგიდა დააჯახა, თავად კი სამზარეულოსკენ გაიქცა, თან იკივლა:

– მიშველე, ჯაბა, მიშველე!

ჯაბას აღარც სჭირდებოდა შორენას მიხმობა, რადგან ყველაფერს მშვენივრად მიხვდა, პროფესორის გასაკვირად, ვეფხვივით გამოვარდა ოთახიდან და რაჟდენოვიჩს პისტოლეტზე ფეხი აუკრა.

გაისმა გასროლა. პროფესორს ტყვია ნიკაპში მოხვდა და თავში ამოუვიდა. რაჟდენოვიჩი იატაკზე უსულოდ დაეცა და იქვე გარდაიცვალა.

ჯაბამ იატაკზე დაგდებულ პროფესორს შეხედა, შემდეგ პულსი გაუსინჯა და თქვა:

– მოკვდა! ღმერთო ჩემო, ესღა გვაკლდა!..

– მოკვდა? – ხმას აუწია შორენამ და დაკივლება დააპირა, მაგრამ ჯაბამ მას პირზე ააფარა ხელი და უთხრა:

– არ გინდა. რა ჩვენი ბრალია. ხალხი შეიყრება და დიდ შარში გავეხვევით.

– აბა, რა ვქნათ? – თქვა სახეწამოჭარხლებულმა შორენამ, რომელიც თვალს არიდებდა მოკლულ პროფესორს.

– თავიდან უნდა მოვიშოროთ.

– კი მაგრამ, როგორ? ამხელა კაცის ასე შეუმჩნევლად გატანა ხურობა ხომ არაა?

– და მაინც, აქედან უნდა მოვიშოროთ.

– ბაბუებს დავურეკავ.

– არაა საჭირო, მე თვითონ მოვიშორებ ამ მძორს, – თქვა ჯაბამ და ჩაიცვა. შემდეგ შორენას მიეფერა და უთხრა: – დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. რა ჩვენი ბრალია, რომ მან თავდასხმა მოაწყო. დამშვიდდი და დამელოდე.

ჯაბამ პროფესორის პისტოლეტი ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ რაჟდენ რაჟდენოვიჩი მხარზე აიკიდა, სიმთვრალის იმიტაცია მოაწყო და მკვდარი პროფესორი ჯერ ლიფტით ჩაიყვანა ქვევით, შემდეგ ქუჩაში გავიდა და ბარბაც-ბარბაცით მტკვრის სანაპიროსკენ აიღო გეზი, რომელიც ხუთასიოდე მეტრში მდებარეობდა.

– რა ქენი, ჯაბა? – ჰკითხა ყმაწვილს შორენამ, როდესაც ჯაბა დაბრუნდა.

– მშვიდობიანად მოვისროლე მტკვარში.

– ღმერთო, რა საშინელებაა!

– საშინელება ის იქნებოდა, რომ „დავმწვარიყავით“, ახლა კი რა გვიჭირს, – მიუგო ჯაბამ გოგონას, გულზე მიიხუტა და თმაზე მიეფერა.

საათმა ერთხელ ჩამოკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამის პირველი საათი იყო.

– წავალ, ყავას მოვადუღებ, – თქვა შორენამ, რომელსაც შემთხვევის ადგილი იდეალურად დაესუფთავებინა.

– კონიაკიც გამოაყოლე! – მიაძახა შორენას ჯაბამ და ტელევიზორის ჩართვა დააპირა, მაგრამ კარზე ზარის ხმა გაისმა.

– ნეტავ ვინაა? – გაფითრდა შორენა.

– მიდი, ნახე, მე კი დავიმალები.

– კუდი ხომ არ მოგყვა?

– არა, ნუ გეშინია, მიდი, ნახე ვინაა, – უთხრა შორენას ჯაბამ და საძინებელში დაიმალა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3