კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-5(527)

თუ არ დაიჭირე, ქურდი არ არის... – როგორ იმედისმომცემად ჟღერს, არა?! მაგრამ, რომ დაგიჭერენ, მერე ცოტა ძნელია, დაამტკიცო, რომ ქურდი არ ხარ. ვერაფერი გაიგეთ? ვერც მე! თუმცა, ამით საქმის არსი ოდნავადაც არ იცვლება. მთავარია, არ დაგიჭირონ!

...ვახოს შიშისგან გაფართოებული თვალები კიდევ უფრო გაუდიდდა, როცა მისმა დამკავებელმა, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩუმად რომ იჯდა, მოულოდნელად მარტო დატოვა და რამდენიმე წუთში, უკან ორი ფინჯანი ახლადმოდუღებული ყავით დაბრუნდა. ვახოს გული აუჩუყდა.

– რა გინდათ თქვენ ჩვენგან? – ჰკითხა აცრემლებულმა და აქსუტუნდა.

– პირადად მე – არაფერი, – რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ მხრების აჩეჩვით მიუგო დაბალმა და შემრიგებლურად გაუღიმა.

– მართლა? რა უცნაურია, – ვახომ ეჭვით დახედა ყავის ფინჯანს, – შეიძლება, დავლიო?

– აუ, შენ ფიქრობ, რომ საწამლავი ჩაგიყარე? – ჩვენ მკვლელები არ ვართ. აქამდე ვერ მიხვდი?

– აბა, ვინ ხარ? – შეიჭმუხნა ვახო, მაგრამ ფინჯანთან მიკარება მაინც ვერ გაბედა.

– დალიე... კარგი ყავაა, თუ გინდა, შენს ფინჯანს მე ავიღებ და შენი მე მომეცი.

ვახომ გაიცინა:

– კარგი მექანიზმია, ასე უფრო ადვილია ადამიანის მოტყუება.

– აუ, შენ როგორი ფრთხილი ყოფილხარ. შემიძლია ორივე ჭიქიდან მოვსვა, შენთვის პრობლემა თუ არ იქნება. აი, შეხედე, – დაბალმა ორივე ფინჯანი მიიჩოჩა და თითო ყლუპი ორივედან მოსვა, – უცნაურია, როგორ წახვედი რისკზე და როგორ გადაწყვიტე ამდენი ხალხის მოტყუება, როცა ყავის დალევისაც კი გეშინია.

– ვინ მოვატყუე. აბა, რას ამბობთ? მე არავინ მომიტყუებია.

– შენ თუ არა, შენმა მეგობარმა ხომ მოატყუა. თუმცა, ამაზე ჩემთან კი არა. რეზოსთან მოგიწევს ახსნა-განმარტების მიცემა.

– აჰა, რეზო უფროსია. კარგია, ეს მაინც რომ გავარკვიე. თქვენ მართლა „იქიდან” ხართ?

დაბალმა გაიცინა:

– ეჭვი ამაშიც გეპარება? საბუთი ხომ განახეთ?

– მე კომპიუტერის სპეციალისტი ვარ. ეგეთ საბუთებს ათ წუთში ვაკეთებ, თანაც ისეთებს, ნამდვილისგან რომ ვერ გაარჩევ, – ჩაიცინა ვახომ.

– აბა, რა გინდა, ფორმა უნდა მეცვას აუცილებლად და განყოფილებაში მყავდე დაკითხვაზე? რა აუცილებელია? ჩვენ ახალი მეთოდით ვმუშაობთ, – გაიბღინძა დაბალი და შეიფერა.

– რა ვიცი. მეც სწორედ მაგიტომ გამიჩნდა ეჭვი. თანაც, არავინ იცის მაგ თქვენს „მეთოდიკაში” რა იგულისხმება, იქნება ლიკვიდაციაც...

– ლიკვიდაცია? ოო, შენ მართლა ძალიან შეგშინებია. ნუ იფიქრებ ამაზე, შემიძლია, გარანტია მოგცე, რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

– რაღაც დარწმუნებული არ უნდა იყო იმაში, რასაც ამბობ.

დაბალმა ყავა მოსვა და გაიცინა:

– მშიშარა თაღლითები... ძალიან გავერთე. შენ ახლა ყავა დალიე და დამშვიდდი. მე გავალ და ვნახავ, შენი მეგობარი რეზოსთან თავს როგორ გრძნობს, მაგრამ, პრობლემები რომ არ შეგვიქმნა და უკეთესად დაიმშვიდო ნერვები, კარს გარედან ჩავკეტავ.

– მოიცა, მარტო არ დამტოვო, – შეშფოთდა ვახო.

– ხომ გითხარი, დამშვიდდი-მეთქი. – დაბალმა მაგიდიდან გასაღები აიღო. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და დაანახვა. – ეწევი? თუ გინდა, დაგიტოვებ.

– არ ვეწევი, მაგრამ დატოვე, შეიძლება მოვწიო, – ამოიოხრა ვახომ.

მაღალმა, ანუ რეზომ, ოთახის კარი მჭიდროდ დახურა და თავის ხელქვეითთან საუბარი საყვედურით დაიწყო:

– მე შენ გითხარი, მარტო დატოვე და გარეთ გამოდი-მეთქი?! რატომ იღებ გადაწყვეტილებას ჩემ გარეშე?

– ნუ ნერვიულობ, კარი გარედან ჩავუკეტე.

– რას მელაპარაკები! ძალიან გონივრული რაღაც გაგიკეთებია, – დასცინა რეზომ, – აბა, დაკეტილი ოთახიდან როგორ გაგვექცევა?! შენ ხომ გაგაფრთხილე, ყველაფერი ჩემთან შეათანხმე-მეთქი? საქმე ძალიან სერიოზულია, მაგრამ შენ, ეტყობა, ეს ვერ გაიგე. ძალიან, ძალიან ცუდია... თუ ასე გააგრძელებ, მოვითხოვ, რომ ჩემგან სხვაგან გადაგიყვანონ. მე უსიტყვო მორჩილებას ვარ მიჩვეული, – დაბალი ჭარხალივით გაწითლდა. რეზომ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.

– შეურაცხყოფად ნუ მიიღებ, ჩემს სიტყვებს. მუშაობას რომ იწყებდი, არ იცოდი, სად მიდიოდი? არ გაგაფრთხილეს?

– მე ქუჩიდან არ მოვსულვარ, – ბრაზით ჩაილაპარაკა დაბალმა, – პატრონი მყავს და ისიც ძალიან კარგად ვიცოდი, სად მოვდიოდი. შეიძლება, თანამდებობა ჩემსაზე მაღალი გაქვს, მაგრამ თავმოყვარეობა ჩემი სისუსტეა. არ მინდა, ისე გაიგო, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. საერთოდ არაფრად მაგდებ, ჩემი სახელიც კი არ იცი.

– თუ ამას შენთვის ასეთი მნიშვნელობა აქვს, ლევანი გქვია, თუ, ლევიკო გირჩევნია? პრობლემა არ არის, – ჩაიცინა რეზომ.

ლევიკო დატუქსული ბავშვივით გაიტრუნა. რეზო მის ყველაზე მტკივნეულ ადგილს შეეხო და ამით მიახვედრა, შენ შესახებ იმაზე გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე შენ გგონია, ან წარმოგიდგენიაო. რეზომ ირონიულად განუმარტა:

– მოკლედ, ჩემო ლევიკო, საქმე ასეა: აქ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვაკეთებ. მე ვაკეთებ, შენ – მეხმარები. ვერაფერი შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ თბილისში დავბრუნდებით. იქ შეგიძლია, განცხადება დაწერო და სხვა განყოფილებაში გადახვიდე. მე კარგ რეკომენდაციას არ დაგამადლი. ახლა კი, კეთილი ინებე და სიტყვის შეუბრუნებლად გააკეთე ის, რასაც გეტყვი. ყველაფერი გაიგე? ჰო, ზედმეტი შეკითხვებიც არ დამისვა. შედი ამ ოთახში და დაკავებულთან კონტაქტში შესვლას მოერიდე. შეიძლება ლაპარაკი გაგიბას, მაგრამ შენ არ აჰყვე. იცოდე, გაფრთხილებ და ეს ბრძანებაა.

– გავიგე, თუმცა, მგონი, უფლება მაქვს ვიცოდე, რა ხდება.

– იმდენი იცი, რამდენიც საჭიროა და ამით დაკმაყოფილდი.

– რატომ? მეც ხომ ამ საქმეში ვარ როგორც ოფიციალური პირი, მგონი, მაქვს უფლება...

რეზო შეიჭმუხნა.

– გინდა, გითხრა, რისი უფლება მაქვს მე? კიდევ ერთხელ გაგიმეორო თუ, თბილისში რომ ჩავალთ, იქ გაგირკვიო უფლება-მოვალეობები?

დაბალს ისევ ეცვალა ფერი, მაგრამ მიხვდა, ვერაფერს გახდებოდა. რეზო ისე იღიმებოდა, აშკარად მუქარაზე უარესი იყო.

– მეგონა, მეც შემეძლო, რაღაც ისეთი მეთქვა – ანგარიშგასაწევი და სასარგებლო.

– ყველაზე სასარგებლო ის იქნება, თუ გაჩუმდები და მუშაობაში ხელს არ შემიშლი – მშვიდად თქვა რეზომ, გასაღები გამოართვა და კიდევ ერთხელ გაუმეორა – კონტაქტში არ შეხვიდე – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

...სოფომ ნელა დადგა ლანგარი მაგიდაზე.

– აი, მეტი ვერაფერი მოვახერხე, – რატომ არ ვიფიქრეთ, რომ მარკეტში რამე გვეყიდა?

– იყოს, არ მშია. ბუტერბროდებიც მეყოფა. ძალიან გვიანია. მოდი, დაჯექი, შენთან ახლოს ყოფნა მინდა. – ანდრომ მაჯაში მოჰკიდა ქალს ხელი და გვერდით მოისვა. მერე თავი კალთაში ჩაუდო და მიეხუტა.

– რა კარგად ვარ. ახლა თვალებს დავხუჭავ და შევეცდები, ყველაფერი დავივიწყო.

სოფომ გაიღიმა. თითები თმაში შეუცურა და მსუბუქად მოქაჩა: – არ გამოგივა დავიწყება, ეს ასეთი ადვილი არ იქნება, ყველაფერი როგორ უნდა დაივიწყო, როცა ჯერ არაფერი დამთავრებულა?

– მართალი ხარ. ამიტომ, ვფიქრობ, მე დავამთავრო, გავყიდო ყველაფერი და დავახვიო აქედან, – ანდრომ თვალებში შეხედა ქალს და მოულოდნელად ჰკითხა: – წამოხვალ ჩემთან?

სოფო გაოგნდა. იფიქრა, მომესმაო:

– რა თქვი? რა მითხარი?

– წამოხვალ-მეთქი ჩემთან?

– სად?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, აქედან ძალიან შორს ვიქნებით და ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრებთ.

– ამ ქვეყნის „არანორმალურობას” შენთვის ხელი არაფერში შეუშლია – ყველაფერს მიაღწიე, რაც გინდოდა.

– შენ რა იცი, მე რა მინდოდა? – ჩაილაპარაკა ანდრომ, – ცხოვრება მაინც თავის პირობებს გთავაზობს. ის გაპროგრამებს, შენ კი არა.

– რა უცნაურად ლაპარაკობ. აქამდე, მსგავსი არაფერი გითქვამს, რამე შეიცვალა?

– ჰო, მე შევიცვალე.

– ნახევარი მილიონი ასეთი მნიშვნელოვანი თანხაა შენთვის, რომ შეგცვალა? კარგი რა, ანდრო. რატომ გინდა, თავი შემაცოდო და მომატყუო. რისთვის? შენ ეს ნამდვილად არაფერში გჭირდება. მე უამისოდაც... – სოფო გაჩუმდა. ბოლომდე აღარ დაასრულა სათქმელი. ანდროც აღარ ჩაეკითხა. ქალი მიხვდა, რომ ტყუილად გაუხარდა. კაცის სიტყვები გადაწყვეტილება არ იყო. უფრო იმპულსურად, მყისეულად წამოცდენილ სურვილს ჰგავდა – ანგარიშმიუცემელსა და გაუაზრებელს. სოფომ ჩუმად ამოიოხრა და გაუხარდა, ახლაც რომ არ წამოსცდა სიტყვები, დიდი ხნის განმავლობაში სათქმელად გამზადებული რომ ჰქონდა.

– რა ვიცი, ანდრო... შენ გასაქცევად არ გაქვს საქმე. თანაც, ოჯახი გაქვს და პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევი.

– მე არასდროს დავმალულვარ პასუხისმგებლობისგან, დიდი ხანია, ჩემი ცოლისთვის მხოლოდ სალარო ვარ, საიდანაც ფულს დაუგვიანებლად იღებს, ოჯახი კი... მარტივად რომ ვთქვა, არც მაქვს. ასე ნუ მიყურებ. ჰო, არ მაქვს. ოჯახი რა არის? სახლი? – არავითარ შემთხვევაში, სახლებს იმდენს ვიყიდი, რამდენიც გინდა, მაგრამ „ოჯახი” არც ერთი არ იქნება. ოჯახი ის არის, სადაც გელიან და იცი, რომ, სანამ არ მიხვალ, არ დაიძინებენ...

სოფო გაოცებული უსმენდა, მაგრამ კაცი უცებ გაჩუმდა და გაიცინა:

– აუ, რას ვბოდავ... რა დამემართა. არ დაიჯერო, სიხარულო, ცოტა გავჭედე. ასე ვიცი ხოლმე, როცა მაგრად ვნერვიულობ.

სოფომ თავი დააქნია:

– ფული, რა თქმა უნდა, ფული – ეს ერთადერთია, რაც შენ მართლა გიყვარს და გაინტერესებს. მეც კინაღამ დავიჯერე, რომ შენში ადამიანმა გაიღვიძა, ხელი გამიშვი და ბუტერბროდი მიირთვი, შიმშილიც ინსტინქტია.

– სიხარულო, ნუ ბრაზდები... – ფულზე კი არ ვფიქრობ, შეურაცხყოფილი ვარ. საშინლად შეურაცხყოფილი. იცი, ეს ჩემთვის რას ნიშნავს?

– არა და არც მაინტერესებს, – წყენით ჩაილაპარაკა ქალმა.

ანდრომ ალერსით მოუჭირა ხელი:

– ოღონდ ნუ გამიბრაზდები და შენი ხათრით, ბუტერბროდსაც შევჭამ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამის ორი საათია და ჩემს კუჭს ის მძიმე ტვირთად დააწვება.

– როგორც მე, ხომ?

– მოიცა, შენ რა შუაში ხარ? სოფო, გეყოფა, რა! მე აქ, შენთან, მშვიდად ყოფნა მინდა და ამიტომაც წამოვედი. როგორ ფიქრობ, ღამის გასათევს ვერ ვიპოვიდი?

სოფომ არ უპასუხა, მაგრამ, ისევ შეეცადა, ხელი გაეთავისუფლებინა, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა მისი მცდელობა – კაცს მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული.

– კარგი, როგორც გინდა. სიტყვასაც აღარ გეტყვი. ღამე ისე გაატარე, როგორც გსურს. მე ჩუმად ვიქნები, ნივთივით. შენთვის ხომ მაინც ყოველთვის ნივთი ვიყავი.

– აი, ახლა კი ძალიან ცუდად იქცევი, ძალიან ცუდად! – წყენა ვერ დამალა ანდრომ, – როდის იყავი ჩემთვის ნივთი, ეს რა უბედურებაა? ნახევარი საათიც არ გასულა, რაც ჩემთან ერთად წასვლა შემოგთავაზე. შენთვის ეს არაფერს ნიშნავს? სულ არაფერს?

– უნდა ვიზეიმო? – დამცინავად წარმოთქვა სოფომ, – თუ, დავიწყო ტანსაცმლის ჩალაგება? იქნებ, გამეკეთებინა კიდეც ეს, ასე კარგად რომ არ გიცნობდე.

– სოფო, მე, ტყუილად, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც უნდა ვთქვა, არაფერს ვამბობ. მართლა წავიდოდი სადმე შორს შენთან ერთად, მაგრამ ეს საუბარი უკვე მორჩა, აი, ასე ვთქვათ, მოკვდა... როგორ ფიქრობ, შენი დაქალი ცოტათი მაინც არ არის აზრზე, სად შეიძლება იყოს მისი ქმარი?

– არ ვიცი. საერთოდ, ლიკა არასდროს თამაშობს.

– რას მეუბნები! ყველა ქალი თამაშობს. და თუ არ თამაშობს, ესე იგი, მას მაყურებელი არ ჰყავს.

– ძალიან ცუდად იცნობ ქალებს, მე – მით უმეტეს. უკვე ვნანობ, ჩემთან წამოსვლის ნება რომ მოგეცი. თან, ერთ რამესაც მივხვდი: – შენ არავინ გჭირდება.

– როგორ არ მჭირდება. მაგალითად, აი, ახლა შენ მჭირდები, თანაც ძალიან მჭირდები. გეხვეწები, ნუ გამიბრაზდები. ხომ იცი, ზოგჯერ როგორი აუტანელი ვარ.

– ჰმ, მხოლოდ ზოგჯერ?! – ჩაილაპარაკა სოფომ.

– სიხარულო, თუ მართლა გადავწყვიტე აქედან წასვლა, წამომყვები? – ანდრომ ისევ გაიმეორა ფრაზა, რომელმაც სოფო ააფორიაქა და სულში ყველაზე მგრძნობიარე სიმი შეურხია, მაგრამ...

– არა, – თქვა კატეგორიული ტონით.

– არა? რატომ? – გაოცება ვერ დამალა კაცმა.

– იმიტომ, რომ მე სათამაშო არ ვარ. არც იმ ასაკში ვარ, ნებისმიერი კაცის ხელის დაქნევაზე ჩანთა ჩავალაგო და გაურკვეველი მიმართულებით მოვუსვა. არა, ეს არ იქნება. თუ ვინმესთან ურთიერთობას დავიწყებ, ის სტაბილური და სერიოზული იქნება. მე ახლა ისეთი ურთიერთობა მჭირდება, მომავალი რომ ექნება.

– მივხვდი ქმარი გინდა, შვილები, დედამთილი, ქმრის ნათესავებისთვის სუფრის გაშლა, მერე ალაგება, საყიდლებზე სირბილი, ვალდებულებები, მოვალეობები. არა, არ იფიქრო, დაგცინი. პირიქით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, შენ არ მემეტები ამისთვის.

– ჰო?! ძალიან საინტერესოა... მაინც, რატომ არ გემეტები? – ირონიულად ჩაეკითხა სოფო.

– იმიტომ, რომ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ – შენი ყოველდღიურობა ძალიან დამსგავსებია მსხვერპლშეწირვის დაუსრულებელ პროცესს. აღმოაჩენ და, იმედგაცრუებულს, ძალიან გეტკინება გული. თავისუფლების ფასი არაფერია და შენ ეს თავისუფლება გაქვს.

– არ მჭირდება არც შენი ლოგიკა და არც შენი მითი თავისუფლებაზე. მორჩა, უნდა დავიძინო. შენ პლედს მოგიტან და დავწვები. ხვალ სამსახურში რომ არ წავიდე, გამომაგდებენ. იმ საწყალსაც უნდა მივხედო. მაგისი ამბავი რომ ვიცი, შეიძლება, ყველაფერზე ჩაიქნიოს ხელი, ცოდვაა.

– ლიკაზე კი არა, საკუთარ თავზე იფიქრე – ძალიან მოსაწყენი ცხოვრებისთვის იმეტებ.

– როგორმე თავად გადავწყვეტ ამას, – სოფო პლედის მოსატანად წავიდა.

ანდრომ გახედა მიმავალს, შუბლი შეიჭმუხნა და ხელი ისე გაიქნია, თითქოს აბეზარი ფიქრის მოშორება უნდოდა. ზარის ხმა ერთბაშად ვერც გაიგონა. საათს შეხედა და სოფოს გასძახა.

– ელოდებოდი ვინმეს? დაგვიანებული სტუმარი გეწვია.

სოფომ პლედი დივანზე მიაგდო და გაკვირვებულმა საათისკენ გაიხედა.

– ეტყობა, კარი შეეშალა ვიღაცას. ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?

– ხშირად ეშლებათ ხოლმე? – ირონიულად ჩაეცინა ანდროს, მაგრამ ქალის სახეს რომ შეხედა, მაშინვე შეარბილა ტონი და ოჯახის უფროსივით, საქმიანად და მკაცრად თქვა:

– დამშვიდდი, ძვირფასო, მე გავაღებ. ვიღაც მაწანწალა იქნება. შენ ოთახში დარჩი, მე მივხედავ.

სოფოს გაეღიმა.

ზარი განმეორდა.

– არა, არავის არაფერი შეშლია. ნეტავ, რამე უბედურება ხომ არ მოხდა, – შიშით ჩაილაპარაკა სოფომ და შემოსასვლელისკენ წასულ ანდროს უკან აედევნა.

მორიდებულობა და თავმდაბლობა ნამდვილად კარგი, სანაქებო თვისებაა, მაგრამ ყოველთვის სასარგებლო არ არის. მით უფრო მაშინ, როცა გარშემო ისეთი ადამიანებით ხარ გარშემორტყმული, მაგ თვისების ჭეშმარიტ არსზე წარმოდგენა რომ არ აქვთ. საკმარისია, თავმდაბლობის გამო და არა იმიტომ, რომ ასე გინდა, ცოტა ხნით ჩრდილში მოექცე, ანუ, ავანსცენიდან უკანა პლანზე, ან, სულაც, კულისებში გადაინაცვლო, რომ მაშინვე დაგივიწყებენ – ისეთ სქელ ფარდას ჩამოგიფარებენ ცხვირწინ, რომ დღის სინათლეს ვეღარასოდეს იხილავ. ოჰ, არ გქონდეთ იმედი, რომ ვინმე თქვენს ღირსებებს ან თავგანწირვას დააფასებს. ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია, არაფერი დაინახოს და ამით თავი არ დაიჩაგროს. რატომ უნდა აღიაროს სხვისი უპირატესობა, როცა ღირსება საკუთარ თავში ვერ უპოვია? თუმცა, ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. რჩევას გაძლევთ და არ თქვათ ახლა – რა გაგვიჭირა საქმე თავისი რჩევებით, არ შია, არ სწყურია, სადღაც მაგარ ადგილას მომჯდარა, ხედებით ტკბება და ჭკუასაც არხეინად გვარიგებსო. აი, სწორედ ამიტომაც ვცდილობ, სასარგებლო რჩევის მოცემას. მინდა, ყველამ გამოიყენოთ თქვენი შანსი და, ერთ დღესაც, ჩემსავით „ფეშენ” მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. „ფეშენი” – ანუ ფეშენებელურ-კომფორტული. მოკლედ, თავმდაბლობა კი არ დაივიწყოთ. უბრალოდ, დროებით უკანა პლანზე გადასწიეთ, სანამ იქ თქვენ თვითონ აღმოჩენილხართ.

...რეზომ რამდენიმე წუთი მდუმარედ უყურა აწრიალებულ, დამფრთხალ ვახოს, რომელსაც მისი სიჩუმე კიდევ უფრო აფორიაქებდა და აღიზიანებდა. აცახცახებული თითებით ძლივს გამოაძრო კოლოფიდან სიგარეტი და სანთებელა, რამდენჯერმე უშედეგოდ გააჩხაკუნა, გამწარებულმა სიგარეტი შუაზე გადატეხა, სანთებელასთან ერთად მაგიდაზე მიაგდო და მოთმინებადაკარგულმა იყვირა:

– ბოლოს და ბოლოს, მეტყვით, თუ არა რა გინდათ ჩემგან და რას მიპირებთ? – რეზომ ოდნავ გაიღიმა და მაგიდის კიდეზე შემომჯდარმა მშვიდად განუმარტა.

– რა მინდა თქვენგან?! ამას ახლავე გეტყვი. ხოლო, რას გიპირებთ, ეს უკვე შენი პასუხების მიხედვით გამოჩნდება – ყველაფერი მარტო ამაზეა დამოკიდებული.

– გააჩნია, თქვენ რა პასუხს ელოდებით. იქნებ, ჩემი პასუხი სულაც არ მოგეწონოთ, – საწყლად ჩაილაპარაკა ვახომ, – მე შემიძლია, სიმართლე გითხრათ, მაგრამ თქვენნაირებს სწორედ სიმართლე არ მოსწონთ-ხოლმე.

– „თქვენნაირებს”... – რეზო სანთებელას მისწვდა, თითის ერთი ჩამოკვრით აანთო და ალს ჩააშტერდა, – „თქვენნაირებს”... ძალიან ცუდი შთაბეჭდილების ყოფილხართ ჩვენზე. რატომ? როდისმე პრობლემები შეგქმნიათ „ჩვენნაირებთან”? როდისმე რომელიმე ჩვენიანს უსამართლოდ შეუწუხებიხართ? რამე ტყუილად დაუბრალებიათ და შეუვიწროებიხართ? ძალიან საწყენი პოზიციაა, შეურაცხყოფაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ვახომ შუბლზე გამოსული ოფლი მოიწმინდა:

– ანუ, დაპატიმრებული ვარ?

– არა, ჯერ არა, ჯერ ბრალი უნდა წაგიყენოთ, მაგრამ მანამდე პასუხები მჭირდება.

– მივხვდი, რაც გჭირდებათ.

რეზომ თავი გააქნია:

– არა, ვერ მივხვდი. აი, მაგალითად, სიგარეტი არ გჭირდება, თუმცა, მაინც ცდილობდი, მოგეკიდებინა. არ გამოგივიდა და, იცი, რატომ? – არ გინდოდა. ძალიან მარტივია. მთავარია, საკუთარი სურვილების ზუსტად ჩამოყალიბება და იმის გარკვევა ისწავლო, რა გჭირდება და რა – არა. ადამიანები მაშინ უშვებენ საბედისწერო შეცდომას, როცა იმას ეპოტინებიან, რაც რეალურად არ სჭირდებათ. გინდა სიგარეტი?

– არა, – დაიგმინა ვახომ, – არ მჭირდება – ამაში უკვე დამარწმუნეთ. თქვენ გინდათ, ფსიქოლოგიურად გამანადგუროთ. ეს თქვენი პროფესიაა და გამოგივათ კიდეც. მე წინააღმდეგობას ვერ გაგიწევთ.

– ძალიან კარგი. ესე იგი, მიხვედრილი ხართ. მომწონს: საუბარი გაცილებით გაგვიადვილდება და ბევრი ლაპარაკიც არ დაგვჭირდება. პრინციპში, ყველაფერი თითქმის გარკვეულია. უბრალოდ, მინდა რაღაც საკითხები შევაჯერო და მოვრჩე ამ საქმეს.

– არ მესმის, ჩემგან რას მოითხოვთ და, საერთოდ, არაფერი დამიშავებია.

– აჰა, დაიწყო. ეგ სიმღერა ძველია და ათასჯერ მოსმენილი. მე არ გეუბნები, რომ თაღლითური გეგმა შენი მოფიქრებულია. შენმა მეგობარმა ყველაფერი თქვა.

ვახომ შეხედა თავდაჯერებულად მოღიმარ რეზოს.

– იცით, მე ჯერ თქვენი თანამდებობაც ვერ გამირკვევია.

– რა გაინტერესებს, მკითხე.

– გამომძიებელი ხართ?

– დაახლოებით. შენ თუ გინდა, იფიქრე, რომ ვარ გამომძიებელი. ყველა შემთხვევაში, სრული უფლება გაქვს, შეკითხვებზე პასუხი მოითხოვო.

– კაზინოს მეპატრონემ გვიჩივლა? ნაბიჭვარი! აი, ასეთ იდიოტურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, იმიტომ არასოდეს არაფერი გვეშველება.

– ჰოო?! ქვეყანასთან გაქვთ პრეტენზია? რატომ? თაღლითობის უფლება რომ აღარ მოგეცით? ეგ თქვენ გგონიათ, რომ ფული სამართლიანად მოიგეთ. მე ძალიან ადვილად დაგიმტკიცებთ, რომ მოიპარეთ. ეს იგივე ქურდობაა, ჩემო კარგო. თუ არ იცი...

– ჩვენ ფული პატიოსნად მოვიგეთ.

რეზომ ისევ აანთო სანთებელა და ვახოს გაუღიმა. ვახო მიხვდა, რომ ამ კაცთან ლაპარაკი და თავის მართლება ძალიან გაუჭირდებოდა.

– ჩვენ ფული პატიოსნად მოვიგეთ, – გაიმეორა ისევ ჯიუტად, – თუმცა, ლაშამ მოიგო, მე, უბრალოდ, ვახლდი.

– მეც ვიცი, რომ მთავარი ლაშაა, შენ კი – უბრალო თანმხლები, მაგრამ, მექანიზმი მაინტერესებს. ვაღიარებ, საკმაოდ ნიჭიერები ხართ. კაზინოს დაცვაც გააცურეთ, ფსიქოლოგიც და საგანგებოდ, თქვენს გამოსაჭერად დაქირავებული ადამიანებიც, მაგრამ, მე ვერ მომატყუებთ.

– არც ვაპირებ. არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ლაშა ბედნიერი შემთხვევის წყალობით იგებდა.

– აი, ასე... მივიდოდა და წინასწარ იცოდა, რომ მოიგებდა?

– დიახ, წინასწარ იცოდა.

– კარგი ვერსიაა. თანხაც ხომ არ იცოდა, რამდენი უნდა მოეგო?

– დიახ, ეგეც იცოდა.

– კარგია. კიდევ უფრო საინტერესოა, ვიდრე წარმოვიდგენდი, მაგრამ, ერთი პატარა დეტალი გამოგრჩა: თაღლითი იმიტომ თაღლითობს, რომ გაუმართლოს. შენი ლაშა, სხვა თაღლითებისგან განსხვავებით, მეტისმეტად თავდაჯერებულია და აი ამაში უმართლებდა, მეტი არაფერი. ასე რომ, მე თქვენი ზღაპრის ყველაზე მთავარი ნაწილი მაინტერესებს.

– ზღაპარს ნამდვილად ჰგავს... – ამოიოხრა ვახომ, – მაგას ვერ უარვყოფ. ამიტომ, არ დამიჯერებთ. მოდი, დამაპატიმრეთ. სასამართლოზე დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს.

– გგონია, რომ დაამტკიცებ? ეს ასე მარტივი არ იქნება. გირჩევნია, მე დამარწმუნო შენს სიმართლეში და გაგიშვებ.

– რა?! – ვახომ იფიქრა, მომეყურაო.

– გაგიშვებ! – გაიმეორა რეზომ და ისევ ისე, უცნაურად გაიღიმა. ვახოს ეს ღიმილი კი არ ამშვიდებდა, პირიქით, უსიამოვნო განცდას უჩენდა.

– არ მჯერა.

– გეუბნები, გაგიშვებ-მეთქი. შენ თვითონ იფიქრე, რატომ მოგიყვანეთ კონსპირაციულად ბინაში. განყოფილებაში უფრო ადვილი არ იქნებოდა თქვენი დაკითხვა?

– ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ თქვენი მუშაობის სპეციფიკას არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება, ამ ფორმით ჩვენი ნდობის მოპოვება გინდათ.

– შეიძლება, ეგეც არის. ცუდი რატომ იქნება, თუკი ერთმანეთს ვენდობით?

– ცალმხრივი ნდობის არ მჯერა.

– არ იქნება ცალმხრივი.

– ჰოო?! ანუ, დამიჯერებთ, რაც არ უნდა გითხრათ?

– გააჩნია, რას მეტყვი.

– იმას, რომ ლაშას უბრალოდ გაუმართლა. მართლა გაუმართლა. იცოდა, რასაც აკეთებდა და ეს სრულიად შემთხვევით მოხდა.

– აი, თურმე რა ყოფილა. ახლა არ მითხრა, სიზმარში ნახაო.

– დიახ, სწორედ რომ, სიზმარში ნახა.

რეზომ ჯერ ჩაიცინა. მერე ხმამაღლა გადაიხარხარა:

– რა მაგარია! დიდი ხანი დაგჭირდა ამის მოსაფიქრებლად თუ ექსპრომტია? აა, შეიძლება, წინასწარ შეათანხმეთ, სანამ თქვენი თაღლითური გეგმის განხორციელებას შეუდგებოდით.

– ლაშაც ზუსტად ამას გეტყვით.

– დარწმუნებული ვარ, რომ ამას მეტყვის. ორივე ერთდროულად ნახულობდით სიზმრებს თუ მონაცვლეობით – ხან შენ, ხან ის? ყველაზე დიდი თანხა რომელს დაგესიზმრათ?

– არ გამოვა ჩვენ შორის ნდობა. დამაპატიმრეთ და მორჩება ჩემი ტანჯვა. ან, სიცრუის დეტექტორთან წამიყვანეთ და დარწმუნდებით, რომ არ ვიტყუები.

– აჰა, მაშასადამე, სიცრუის დეტექტორი გვჭირდება! უფრო მაღალი ტექნოლოგიებიც ხომ არ ჩავრთოთ საქმეში? სულგუნით გატენილი ხაჭაპური ხომ არ მოგიტანო?

– დამცინით?

– მე?! პირიქით, შენ დამცინი. მე მკითხავი არ ვარ, რომ ასტრალობაზე, ვარსკვლავებზე და იღბალზე ვილაპარაკოთ. მოკლედ, გეკითხები და პასუხსაც კონკრეტულს ვითხოვ. კიდევ ვინ იყო ამ საქმეში?

– არავინ. მარტო მე და ლაშა.

– კარგი, დავუშვათ, დავიჯერე. ლაშამ დაგეგმა ყველაფერი?

– მაგ კითხვაზე აღარ გიპასუხებთ, აღარც დანარჩენებზე – რა აზრი აქვს, მაინც არ დაიჯერებთ სიმართლეს.

– სიმართლეს, რომ სიზმარში ნახეთ, როგორ უნდა მოგეგოთ?!

ვახო გაჩუმდა, მხოლოდ თავი დააქნია ოდნავ. რეზომ სიგარეტს მოუკიდა და თვალებმოჭუტული ჩააშტერდა გამოსატეხ ობიექტს.

ახლა მაქვს დრო და საშუალება, იმაზე ვიფიქრო, რაზეც არასდროს მიფიქრია და, ვიმსჯელო, კიდეც. მაგრამ, რომ იმსჯელო, აუდიტორია გჭირდება და ამიტომაც ვიყენებ თქვენს მოთმინებას ბოროტად. თუმცა, ბოროტი ნამდვილად არ ვარ. არც იმის მჯერა, მერე გაბოროტდაო. ან ხარ ბოროტი, ან – არა. ეს ძალიან მარტივია. ბოღმა კიდევ სხვა რამეა. კარგი არც ეგ არის, მაგრამ, ბოროტებამდე ვერ ქაჩავს. მოკლედ, მე ახლა ბევრი ადამიანის შურის სამიზნე ვარ და მათ გასაგონად ვამბობ: შორიდან ბევრი რამე იმაზე გაცილებით ლამაზი ჩანს, ვიდრე რეალურად არის. სანამ ვინმეს ბედს ინატრებ, ჯერ კარგად უნდა გაარკვიო – იქნებ, ამაში სახარბიელო არც არაფერია...

ანდრო შიშით მიაჩერდა ზღურბლზე აღმართულ დათოს, რომელსაც სახეზე ეწერა, კარგი საქმისთვის რომ არ იყო მისული.

– სოფო, შენი ძმა მოვიდა. რა იყო, რა ფერი გადევს, მოგდევს ვინმე? ხმა ამოიღე, მშვიდობაა? კაზინო ხომ არ დამწვარა? სოფო, მოხედე ამას, წყალი მაინც მოუტანე, თორემ, რაღაც ჭირს.

სოფოს არც სჭირდებოდა ამის თქმა, უკვე გარბოდა წყლის მოსატანად. დათოს გაფითრებულმა სახემ და მზერაში აღბეჭდილმა შიშმა გვარიანად დააფრთხო და მაშინვე სამზარეულოსკენ გაიქცა.

– შეგაშინეთ? ბატონო ანდრო, არ მინდოდა, უფრო სწორად, აქ არ გელოდით. თუმცა, რა სისულელეს ვამბობ, მე დღეს საერთოდ არ ვაპირებდი აქ მოსვლას...

– გავიგე, მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. შემოდი, შემოდი, თორემ, უკვე მეც შემეშინდა. აი, სოფოც მოდის და წყალიც მოაქვს.

– არ მინდა წყალი, კარგად ვარ. ლიფტის ფული არ მქონდა და კიბეზე ამოვირბინე... სოფო, პრობლემაა...

სოფო გაფითრდა და წყალი მოსვა.

– ასეც ვიცოდი, ვგრძნობდი... დედაა ხომ, ცუდად? ახლავე ჩავიცვამ და მოვდივარ!

– არა, დედა კარგად არის, მამაც. მაგრამ...

– მაგრამ რა? თქვი ნუ გადაგვრიე! შენ ვინ ყოფილხარ, კაცო! – გაბრაზდა ანდრო.

– ჰო, თქვი, – შეეხვეწა სოფოც, – რა მოხდა?

– ლიკა დაიკარგა. ეძებენ... – დათომ დამნაშავესავით შეხედა ორივეს.

– ვინ დაიკარგა? ლიკა? მოიცა, რას ნიშნავს, „დაიკარგა“? – ვერ მიხვდა სოფო და დაბნეულმა ანდროს გადახედა.

– მამამისი დამხვდა ჩვენთან, შენი მისამართი მთხოვა. მობილური გათიშული აქვსო. სახლის ტელეფონსაც არ პასუხობდი. კინაღამ შენზეც რაღაც ცუდი ვიფიქრე, – დათომ შეფარული საყვედურით გახედა ანდროს. გულის სიღრმეში ძალიანაც არ მოსწონდა დასთან მისი ურთიერთობა, მაგრამ, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია, თავის არჩევანში, ხმას არ იღებდა. თვითონ ანდროს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ, ურთიერთობის ფორმა არ მოსწონდა. თან, ანდროს ცოლი ჰყავდა...

– შენ ახლა აქ ლიკას მოსაძებნად მოხვედი? – ცოტათი გაკვირვებულმა იკითხა ანდრომ.

– ჰო. მამამისს ეგონა, რომ სოფოსთან დარჩა ღამის გასათევად და ისინი არ გააფრთხილა. იცი, რა დღეში არიან? ლამის ტიროდა ამხელა კაცი. სად ეძებოს, არ იცის. მითხრა, თუ სოფოსთანაც არ არის, ისღა დამრჩენია, მორგები და საავადმყოფოები ჩამოვიაროო. გადარეულები არიან.

– აქ არ არის. საერთოდ არც მინახავს იმის მერე, რაც კაზინოდან წავიდა.

– ლიკა დღეს კაზინოში იყო? სათამაშოდ? – დათო გაშტერდა, – ნამდვილად? მე რომ არ შემინიშნავს?! შენ ნახე?

– რა თქმა უნდა, ვნახე. ანდროსთან იყო მოსული რაღაც საქმეზე და შენ იმიტომ ვერ შენიშნე. არც შემოსულა დარბაზში.

– სოფო, შენ იცი, სად წავიდა? მეტყვი? შეიძლება თავისიანებთან იჩხუბა და ახლა ასე სჯის იმ ხალხს. მაგრამ მერე, რომელიმეს რამე რომ მოუვიდეს, ძალიან ინანებს. ხომ, იცი როგორც ხდება, ხოლმე – გული, წნევა და.

– მე არ ვიცი, სად არის, – ჩაილაპარაკა სოფომ ფიქრიანად და ტუჩი მოიკვნიტა, – მართლა არ ვიცი, არაფერი უთქვამს.

– აუ, რა ვუთხრა ახლა იმ კაცს? – გულს შემოეყარა დათოს, – ერთადერთი, შენი იმედი ჰქონდათ. ვისთან შეიძლება იყოს, აბა?! შემთხვევით, მისი რომელიმე დაქალის ტელეფონის ნომერი ხომ არ იცი? მომეცი, დავრეკავ.

– არ ვიცი. საერთო მეგობრები არ გვყავს. არასოდეს ვყოფილვარ ამ მხრივ აქტიური და ლიკაც საკმაოდ კარჩაკეტილია. იმასაც ვერ გეტყვი, რომ, შეიძლება, რომელიმე თანამშრომელთან შეეძლო დარჩენა. არავისთან შემინიშნავს მისი განსაკუთრებული სიახლოვე.

– ესე იგი, იმაზე გაცილებით ცუდად ყოფილა საქმე, ვიდრე წამომედგინა, – ამოიოხრა დათომ, – რა საქმეზე იყო მოსული? ამას მის გაუჩინარებასთან ხომ არ ექნება რამე კავშირი?

სოფო გაჩუმდა და ისეთი პაუზა გააკეთა, თითქოს ანდროს აცდიდა პასუხის გაცემას.

ისიც მიხვდა და სწრაფად წარმოთქვა:

– არა, არა, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემი სესხის ოფიცერია და რაღაც საკითხის გასარკვევად ვთხოვე მოსვლა, არაოფიციალურ გარემოში. დავილაპარაკეთ და წავიდა. სულ ეს იყო.

დათომ საცოდავად შეხედა დას:

– სოფი, რა ვქნა?

– არ ვიცი. ვერ ვხვდები, სად უნდა წასულიყო. მანქანით კი იყო, მაგრამ, საერთოდ, ძალიან ნელა დადის. თუმცა, გამორიცხვა არაფრის შეიძლება. – კარგი, მე წავალ. ელოდება ის კაცი. ალბათ, მოსაძებნადაც გავყვები.

– შენ გაჰყვები?

– ჰო, აბა, რა ვქნა, უცხო ხომ არ არის! შენც ხომ არ წამოხვალ?

სოფომ მხრები აიჩეჩა.

– მე?

– ჰო, მეცოდებიან. წარმოიდგინე, რამე ცუდი რომ იყოს მომხდარი.

– კარგი რა, ცუდი რა უნდა მომხდარიყო! ნუ მაშინებ, – ჩაილაპარაკა სოფომ ყოყმანით და უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად დაამატა: – ცუდი, რომ მომხდარიყო, რამე, აქამდე გვეცოდინებოდა. მეც ვფიქრობ, რომ მშობლებთან მოუვიდა უსიამოვნება. დედამისს ხომ იცნობ, დედაჩვენს ბევრი არაფრით ჩამოუვარდება. იშვიათი ნიჭი აქვს, გუნება მოგიწამლოს. ეტყოდა რაღაცას და რაც ლაშას დაშორდა სულ ასე არ არიან?

– არ ვიცი. მე ჩემი პრობლემებიც მყოფნის, რომ სხვისი ოჯახის საქმეები არ ვარკვიო. მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ მაქვს. შუაღამე გადავიდა და ლიკა მოსაძებნია. მშობლებს თუ ეჩხუბა, ბავშვმა რა დაუშავა? წავალ და ვიზამთ რამეს...

– მართლა მორგში აპირებთ, მისვლას?– ჰკითხა ანდრომ. პირველად დაეტყო ამ ამბით აფორიაქება.

– ასე თქვა იმ კაცმა. კიდევ – საავადმყოფოებში. თუ არ მოდიხარ, შენი მანქანა მაინც მათხოვე, აქამდე ტაქსით მოვედი, მაგრამ გავუშვი. სად ვეძებო ახალი ტაქსი, თან, სარბენი გვექნება, ხომ ხვდები.

სოფომ თავი დაუქნია და ოთახში შებრუნდა. ანდრო და დათო რამდენიმე წუთით პირისპირ დარჩნენ. ანდრომ მზერა მოარიდა და ჩაილაპარაკა:

– შენ ხომ არ გგონია, რომ მე ლიკას ვაბამდი, ან რამე მსგავსი იყო? – თავის მართლებასავით გამოუვიდა და გაუკვირდა, ეს რა სისულელე ვთქვიო.

– არა. არ მგონია. მაგრამ, ფაქტია, რომ იმ გოგოს რაღაც შეემთხვა და მშვიდად ვერ დავიძინებ, სანამ არ გავიგებ, ავად არის თუ კარგად.

სოფო ოთახში შემოვიდა და ძმას გასაღები გაუწოდა:

– დამირეკე, კარგი?

– ტელეფონს თუ ჩართავ, დაგირეკავ აუცილებლად, – საყვედურის კილოთი უთხრა დას.

სოფო გაწითლდა და გადაწყვეტილება ერთბაშად მიიღო:

– მომიცადე. კედებს ჩავიცვამ და მეც მოვდივარ!..

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3