კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუცვალეს თუ არა თეა თუთბერიძეს ბავშვი სამშობიარო სახლში, ვინ მოუნათლა მას შვილი და ვისი მოძებნა გადაწყვიტა მან კონკურსის წესით

მას შემდეგ, რაც თეა თუთბერიძე დედა გახდა, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – ძველ საქმეებს არ ჩამოშორდა, მაგრამ ყველაფერს ძიძების კონკურსი და პედიატრებთან ვიზიტებიც დაემატა. მარტოხელა დედის ყოფა არ უჭირს, პირიქით, ამბობს, რომ ისეთი ცხოვრება აქვს, როგორიც უნდოდა, თუმცა, ძველი დროისგან განსხვავებით, სკანდალებს უკვე თავს არიდებს – შვილის ნათლობა პატრიარქის აღსაყდრების დღეს კი დაამთხვია, მაგრამ პატარა გეგას ნათლობის ცერემონიალი იმ დროს მოაწყო, როცა ტაძარში მისი ახლობლების გარდა არავინ იყო.

თეა თუთბერიძე: ჩემი ცხოვრება ისევ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. პასიური არც ფეხმძიმობის დროს ვიყავი, მაგრამ აქტიურ რეჟიმს გეგას გაჩენისთანავე დავუბრუნდი. ბავშვი ერთი კვირის დაბადებული იყო, როცა ეკა ხოფერიასთან წავედი გადაცემის ჩაწერაზე. დათო პაიჭაძემ რომ დამინახა, მითხრა: მე მგონია, ახლა წევხარ, ორი ადამიანი გადგას თავზე და აქ შენი ფეხით მოხვედიო? ახლა უკვე ჩვეულებრივად დავდივარ სამსახურში. საღამოს 9-10 საათამდე სახლში ვერ შემოვდივარ. ყოველდღე მაქვს ლექციები ილიას უნივერსიტეტში. იქ კიდევ სკოლის დირექტორებთან დაკავშირებული საქმეები. ამ ეტაპზე საქმიან ცვლილებებს არ ვგეგმავ. ყოველთვის იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მინდა, რომ გავაკეთო. ახლაც ყველაფერს ისე ვასწრებ, როგორც ადრე ვასწრებდი. როცა მჭირდება, სახლში ღამის ორ საათზეც მოვდივარ, საქმეების გარდა, მეგობრებთან ურთიერთობებსაც ვახერხებ. ბოლო დროს ცოტა საფიქრალი მომემატა, მაგრამ ეს სასიამოვნოცაა.

– ბავშვის გაზრდაში ვინ გეხმარება?

– ძიძა, რომელსაც ძლივს მივაგენი. კონკურსი მქონდა გამოცხადებული, რომ კარგი ძიძა შემერჩია, როცა ძიძა მიდის, ჩემს მოსვლამდე ბავშვთან ან ნათესავები რჩებიან, ან მეგობრები. ხანდახან ამ ფუნქციას ბავშვის და მამამისის მამიდები იღებენ საკუთარ თავზე. მე ვერავის ვერაფერს დავავალდებულებ. თვითონ საკუთარი სურვილით არიან ჩართულნი ბავშვის გაზრდაში. ჩემი და გუგას ურთიერთობა მხოლოდ ჩვენი საქმეა. მე ნორმალური ურთიერთობა მაქვს ყველასთან, ვისაც ჩემთან ურთიერთობა სურს. ჩემთვის მთავარია ბავშვს ნათესაური წრე არ დაეკარგოს.

– შენ თავად თუ დაოსტატდი ბავშვის გაზრდაში?

– ღამით ჩემთანაა, მაგრამ ისეთი ჭკვიანია, საერთოდ არ მაწუხებს. მე განსხვავებული ბავშვი ვყოფილვარ, საკმაოდ ცელქი. ამ მხრივ იმდენად არ მგავს, რომ მეგობრები იცინიან, ეტყობა, ბავშვი სამშობიაროში გამოგიცვალეს და ვის სტანჯავს შენი შვილი ახლა, ღმერთმა იცისო. გეგა მართლა ჭკვიანი ბავშვია, საერთოდ არ ტირის. ღამით გაიღვიძებს, მე ავტომატურად, უცებ ვუმზადებ საჭმელს. მთავარია, რაოდენობა არ ამერიოს. ბავშვი შეჭამს თუ არა, მაშინვე იძინებს. იცის, როგორ უნდა მოიქცეს. საღამოობით, თუ თავისუფალი დრო მაქვს, ბავშვს ზღაპრებს ვუკითხავ, ტაჯიკური ზღაპრებიც კი უკვე ზეპირად „ვიცით”. მინდა, პატარაობიდანვე შეეჩვიოს წიგნის სიყვარულს. ხშირად ინტერნეტით ვასმენინებ ზღაპრებს, მუსიკას, მულტფილმებსაც კი უყურებს. მოკლედ, ისეთი შვილი მყავს, როგორიც მინდოდა. მეგობრები ხუმრობენ: ზუსტად ისეთი ბავშვი გამოგივიდა, კარგად რომ დაგეგმავდა ადამიანიო. მე ვიცი, როგორიც მინდა, რომ ჩემი შვილი გაიზარდოს. მინდა, ისეთი ღირებულებები ჰქონდეს, რაც, სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს. მგონი, გავზრდი ასეთ შვილს. არ მინდა, მარტო საკუთარ თავზე ზრუნვით იყოს დაკავებული. ბევრი ისეთი რამ უნდა აინტერესებდეს, რაც მნიშვნელოვანია მისთვისაც და მისი ქვეყნისთვისაც. მინდა, იყოს მოქალაქეობრივად აქტიური და ეს გენეტიკურად გადაედოს ჩემგან (იცინის). მე ჯერ არ ვარ გადარეული და ფეთიანი დედა და მგონი, არც გავხდები. ბავშვს დამოუკიდებლობის საშუალებას ყოველთვის მივცემ. ხან მთელი დღის განმავლობაში არ ვრეკავ სახლში. ვიცი, რომ თუ საჭირო გახდა, ძიძა თვითონვე დამირეკავს. საოჯახო საქმისთვის დიდად ვერ ვიცლი, მით უმეტეს საჭმელების გასაკეთებლად. სიმართლე გითხრათ, ჩემი გაკეთებული საჭმელი, არც იჭმევა. ერთხელ სუპს ვაკეთებდი და ღომი გამომივიდა. ამ მხრივ, ძირითადად, მეგობრები და ნათესავები მეხმარებიან.

– მარტოხელა დედის როლში ყოფნა არ გიჭირს?

– არა, სულაც არ ვგრძნობ თავს ცუდად. არც მაშინ მინანია ეს გადაწყვეტილება, როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ახლა, მით უმეტეს, არ ვნანობ და არც არასდროს არ ვინანებ. ჩემი პირადი ცხოვრება ისეთია, როგორიც მინდა, რომ იყოს. ოღონდ, არ მკითხო, მარტო ვარ თუ არა, მაინც არ გიპასუხებ (იცინის). მე არც არასდროს მიოცნებია ქორწილზე, თეთრ კაბაზე. ამას იმდენად ვერ ვიტან, ჩემი ბიძაშვილის ქორწილშიც არ ვყოფილვარ. არ ვარ მეოცნებე ადამიანი, მყარად ვდგავარ მიწაზე. ისე ვცხოვრობ, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ასე რომ არ იყოს, რამეს შევცვლიდი. ჯერჯერობით ბავშვის ფინანსურ უზრუნველყოფასაც ვართმევ თავს, თუმცა ძალიან მეხმარებიან ჩემი მეგობრებიც. მე არავის არაფერს ვთხოვ, ყველა საკუთარი სურვილით უწყობს სიურპრიზებს გეგას. უკვე ბინაც დავიგირავე. ქირით ცხოვრებას ასე ვარჩიე. ეს ბინაც მეგობრებმა მომიძებნეს. კარგ ადგილას დავბანაკდი, ყველა წერტილთან ახლოს ვარ (იცინის).

– ბავშვს ასეირნებ ქუჩაში?

– არა, ამისთვის ვერ ვიცლი. დილაობით ძიძა ასეირნებს ხოლმე, მე მიმყავს მასაჟზე, პედიატრთან. ექიმის დირექტივებს ყოველთვის ვიზიარებ და ბავშვს ამის მიხედვით ვზრდი. რამდენჯერმე გეგა სტუმრად წავიყვანე მეგობრებთან და ნათესავებთან. მანქანაში ჩავსვამ ხოლმე და ისე მშვიდადაა, თითქოს სახლში იყოს.

– როგორც ვიცი, პატარა გეგა უკვე მონათლე. როგორ ჩაიარა ნათლობის ცერემონიალმა, ვინ არიან მისი ნათლიები?

– გეგას 18 ნათლია ჰყავს. არავისთვის მითქვამს უარი, ვინც კი სურვილი გამოთქვა. ნათლიათა შორის არიან – ბექა მინდიაშვილი, დათო პაიჭაძე, ირინა ცინცაძე. საკმაოდ მოკრძალებული ნათლობა გვქონდა – ცერემონიალი და მერე პატარა წვეულება რესტორანში. გეგა მამის ბებიასთან დავტოვეთ. ისე დავამთხვიეთ, რომ ბავშვის ნათლობის დროს ეკლესიაში თითქმის არავინ იყო. ბავშვი მამა ზაზამ და მამა კახაბერმა მონათლეს. ამ ცერემონიალს ყველა სასულიერო პირს ნამდვილად ვერ ვანდობდი. მეგობრებმა შემომთავაზეს, რომ ბავშვი 25 დეკემბერს მოგვენათლა სამების ტაძარში. მაგრამ, 25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა და ნათლობა სამებაში რომ ჩაგვეტარებინა, ბევრი ამას შეგნებულ პროვოკაციად ჩამითვლიდა და იტყოდა: თეა თუთბერიძის შვილი სამებაში მონათლეს, თან ნათლიები ბექა მინდიაშვილი და ბევრი „ისეთი” ადამიანი იყოო, ამას მოვერიდე, თუმცა ბავშვი მაინც ამ დღეს მოვნათლეთ.

– სკანდალები შენთვის უცხო არაა, ამას რატომ მოერიდე?

– რელიგიური თემა სხვებისთვისაა სასპეკულაციო, მაგრამ არა ჩემთვის. ამას გარდა, მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი სკანდალებში მოხვდეს. ვისაც რა უნდა, ის თქვას ჩემზე, მაგრამ ჩემს შვილთან დაკავშირებით არაფერში მჭირდება სკანდალები. ჩემი შვილი და ოჯახის წევრები არანაირ კავშირში არ არიან იმასთან, რასაც მე ვაკეთებ და სწორად მივიჩნევ. სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ვერიდები ისეთ ადგილებში მისვლას, სადაც რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ ადამიანებს შეიძლება, შევხვდე. ძალიან ბევრჯერ მქონდა შემთხვევა და ასეთი ადამიანებისგან საოცარ რეაქციებს ვაწყდები ხოლმე. ისე შემომიბღვერენ, ისეთ რამეს მეტყვიან... მე მაქვს ჩემი მეთოდი ასეთ ხალხთან. როცა ისინი ჩხუბს იწყებენ, ისე ვუღიმი, ძალიან იბნევიან, აღარ იციან, უნდა მეჩხუბონ თუ არა. ჩემი გამოყვანა მდგომარეობიდან არც ისე ადვილია (იცინის). ისე, მე და გეგა ვცხოვრობთ მშვიდად. როგორც კი ბავშვი ორი წლის გახდება მივიყვან ბაღში, რომ რესოციალიზაცია თავიდანვე შეძლოს, მერე წავალთ სკოლაში.

– წარმომიდგენია, იმ სკოლის დირექტორის მდგომარეობა, სადაც შენი შვილი ისწავლის.

– მე არ ვიქნები ისეთი დედა, რომელსაც არ დააინტერესებს ვინ, რას და როგორ ასწავლის ჩემს შვილს. ამ მხრივ ძალიან აქტიური ვიქნები. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ინვესტიცია, რასაც შვილში ჩადებ, ეს არის ბავშვის განათლება. ასე რომ, იმ სკოლის დირექტორის მდგომარეობა, სადაც ჩემი შვილი ისწავლის, ნამდვილად არ „მშურს” (იცინის).


скачать dle 11.3