კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ევროპეისკი“ სვანის იუმორი და ეჭვქვეშ დაყენებული მამაკაცური ღირსება

საქართველოს ყველა კუთხეში მეგობარი მყავს და ყოველ მათგანს ვეჯიბრები მისი კუთხის სიყვარულშიო, – ამბობს ჩვენი დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი გოჩა მეგრელიშვილი. იუმორით გაჯერებული მისი ისტორიებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვითარდება.

ამბავი იმქვეყნად გატანებული

ფეხსაცმლისა

ეს ამბავი საკმაოდ დიდი ხნის წინათ მოხდა. ალბათ, ოთხმოციანი წლების შუახანები იყო. ჩემს მეგობარს ქუთაისში ბიძა გარდაეცვალა. ქართული წესი ხომ იცით, ყველა ახლობელი მიცვალებულის ოჯახს უდგას მხარში, ზოგმა რა დაივალა და ზოგმაც – რა. სამეგობრომ მიცვალებულისთვის ფეხსაცმლის ყიდვა ავიღეთ თავზე. მაშინ არ იყო ბაზრობები, განახლებული ქარვასლები და ბუტიკები. ამიტომ, წავედით ებრაელებში იმხანად მოდური „ინსპექტორების“ საყიდლად. 44 ზომა გვჭირდებოდა, მაგრამ ვერაფერით ვერ ვიშოვეთ, მხოლოდ 45 გვაქვსო. ადგილობრივი ებრაელები რომ მოვიარეთ, სურამისკენ ვაპირებდი გეზის აღებას, რომ ისევ ქუთაისელმა მეგობარმა, რომელიც თან მახლდა, შემაჩერა: „45 ზომა ვიყიდოთ, რაია, სასიარულო ხომ არ აქვს სადმეო”. მართლაც, ვიყიდეთ, ჩააცვეს, მოარგეს... დადგა გასვენების დღე. გამოვასვენეთ, დავასვენეთ კორპუსის წინ და ერთ-ერთმა დაატირა: ჩემებს გადაეცი, რომ კარგად ვართო; შემდეგ მეორემ დააბარა რაღაც, მერე მესამემ შეცვალა... ჩვენ წინა პლანზე ვდგავართ – დაბარებებს რომ მორჩებიან, სასახლე უნდა ავწიოთ და სასაფლაოსკენ წავიღოთ. ისევ ამ ქუთაისელმა გამარტყა ხელი. რა იყო-მეთქი – გავხედე. რა და, ბიჭო, ცხონებულს, იმდენი ჰქონია სასიარულო, ერთი წყვილი ფეხსაცმელი კიდევ უნდა გვეყიდაო, დაასკვნა.

ეს ამბავი მოვყევი ერთგან. მეგრელი მეგობარი მყავს და, რომ დავასრულე თხრობა, ეგ რა არისო, – მეგრული კილოთი მეუბნება, – ჩვენთან უბანში მოკვდა კლარაო. მანამდე მკვდარი იყო ბიკენტი. ზოგჯერ სიცოცხლეში არ სცემდნენ პატივს ადამიანს, გარდაცვალების შემდეგ კი ჩასასვენებელს ისე გაუვსებდნენ ტანსაცმლით და ათასი რამით, ლამის ვიდეო და ტელევიზორიც გაეყოლებინათ თან. ერთი სიტყვით, ბიკენტის ჭირისუფალი მისულა კლარას ჭირისუფალთან და უთქვამს: ნამეტნავად დიდ ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ, ბატონი ბიკენტისთვის ფეხსაცმლის ჩალაგება დაგვავიწყდა და, იქნებ, ქალბატონმა კლარამ გადასცესო. უჰ, მაგაზე, როგორ დაგზარდებათ ქალბატონი კლარაო, – იყო პასუხი. მართლაც, მოიტანეს, ჩაულაგეს კლარას ფეხსაცმელი და გაატანეს ბიკენტისთან. კლარას გასვენებიდან მეორე დილაა. ბიკენტის ოჯახში ადგა სიძე ხელებისა და თვალების ცეცებით საწოლიდან და წამოიძახა: „მაყვალა, ბლიად, სორე ჩქიმ ახალი „სალამანდრები?”. აღმოჩნდა, რომ კლარასთვის ცოცხალი კაცის „სალამანდრები“ გაუტანებიათ. ეს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ალბათ, ძალიან ცუდის მომასწავებელია – წაიყვანს, დაგვეღუპებაო, მოკლედ, ამ დღის შემდეგ ბიკენტის სიძეს სინათლეს აღარ ართვევინებენ – დენმა არ დაარტყასო, წყალს პიპეტკით ასმევენ, ჰერბარიუმში ჰყავთ, რა.

წლისთავზე აიძულეს ბიკენტის ჭირისუფალი, ისევ მისულიყო კლარას ჭირისუფალთან და, კარგად რომ გამოიბრუჟნენ, უთხრა: ეს რა დაგვემართა, ბატონი ბიკენტისთვის გადასაცემი ფეხსაცმელი რომ გავატანეთ ქალბატონ კლარას, ის, თურმე, ჩვენი სიძე რომაა, ზურიკო, იმის არ ყოფილაო?! კლარასიანებმა შეიცხადეს. ემოციიდან ისევ ბიკენტის ჭირისუფალმა გამოიყვანა და კარგა ხნის წინ მოფიქრებული გამოსავალიც შესთავაზა: ოდნავ მოვთხრით, ცოტას წამოვუწევთ სასახლეს თავს და მარტო ფეხსაცმელს ამოვიღებთო... ახლა, წარმოიდგინეთ, მეგრელს ეუბნებიან, მკვდარს ამოგითხრითო... შეიცხადეს – თქვენ რა, ეჭვი გეპარებათ ქალბატონი კლარას პატიოსნებაშიო?! ის იმ დღესვე გადასცემდა იმ ფეხსაცმელს ბიკენტისო. ბიკენტისიანებმა შეხედეს, რომ გასაქანი არ ჰქონდათ, მაგრამ, არ დაიბნენ: არც ბიკენტია, ჩემო ბატონო, უნამუსო. რომ ნახავდა, ის ფეხსაცმელი მისი არაა, უკან არ გამოატანდა ქალბატონ კლარასო?!

ცოლისა და საყვარლის პოლემიკის უჩვეულო ფორმა

გვარსა და სახელს არ დავასახელებ. ვისზეც გიამბობთ, თავმჯდომარე არაა, მაგრამ მამაკაცია და, ერთ ღამესაც, საყვარელთან დარჩა. დილას ადგა, გადაიცვა ტანსაცმელი და, უცებ აღმოაჩინა, რომ პერანგი აქვს გასარეცხი. ამიტომ, გამოსაცვლელად ოჯახში შეიარა. მივიდა სახლში, გაიძრო წელს ზემოთ და რას ხედავს ცოლი – ზურგზე პომადით აწერია: „მიყვარხარ”. ამის დანახვაზე ქალმა ატეხა ყვრილი, წივილი, ერთი ამბავი. ეს კი სამსახურშია წასასვლელი, ნაბახუსევია, თავი უსკდება. არც სკანდალები უნდა... ამიტომ ცოლის დამშვიდება განიზრახა და უთხრა: რა გაჩხუბებს, შე დალოცვილო, აგერ არა ვარ? მიმაწერე წინიდან პასუხი და წავუღებ უკანო.

წაწლობა ქუთაისურ-სვანურად

ერთხელ მეგობარმა თავისთან, სვანეთში დაგვპატიჟა. ჩავედით, შეგვეგებნენ, გაიშალა სუფრა, რომელსაც განუმეორებელი გარეგნობის გოგო ემსახურება, თვალს რომ ვერ მოსწყვეტ, იმისთანა. მაგრამ ოჯახში ვართ და, წესს, რიგს, ტრადიციას, ყველაფერს ვიცავთ. შუა ქეიფში სვანი მასპინძელი ეუბნება თბილისელ სტუმარს: ამ სუფრასთან შენ გარდა ყველა ცოლშვილიანები ვართ და, ამიტომ, აქაური წესის თანახმად, წაწალი უნდა შეგირჩიოთო. არადა, წაწლობა საერთოდ არაა სვანური ტრადიცია, მაგრამ თბილისელმა ამის შესახებ არ იცოდა და წამოეგო კიდეც. იმდენად მიმნდობი და პატიოსანი იყო, რომ ვერ იუარა, როდესაც ოჯახის უფროსებმა განუცხადეს: ეს გოგონა ამაღამ ლოგინში წაწლად უნდა მოგიწვინოთო. შემდეგ ტრადიციის არსიც აუხსნეს და გააფრთხილეს: დილით, როდესაც გაიღვიძებთ, ამ გოგომ პირი უნდა დაგაბანინოს. იცოდე, თუ დაბანისას წყალი არ დაგისხა, ესე იგი, ღამით რაღაც ისეთი მოხდა თქვენ შორის, რაც არ უნდა მომხდარიყო და ცუდად იქნება შენი საქმეო. მოკლედ, დასრულდა ქეიფი, დაღამდა, ყველა დასაძინებლად მოასვენეს და ეს გოგოც მიუწვინეს გვერდით თბილისელს, შუაში კი ხანჯალი ჩაარჭვეს. გადაბრუნდა მამაკაცი კედლისკენ, ცუდად არის და როგორ გადმობრუნდება აქეთ.... თურმე, შუაღამისას გოგომ დაარტყა ზურგზე ხელი და უთხრა: თუ არ გადმობრუნდები და არ გადმოწვები ჩემკენ, დილას, ჩემი ფეხები, დაგაბანინებ პირსო. გაგიჟდა მამაკაცი – ოღონდ დღეს არა, ხვალ, ზეგ, სხვაგან, მთაში, ბარში, სადაც გინდა იქ, ოღონდ აქ არაო. მოკლედ, ქალი რისი ქალია... შეაცდინა.

გათენდა. ადრიანად ჩამწკრივდნენ ყველანი არიან სვანური ქუდებით. ამ გოგომ გაიღვიძა, მოიყვანეს ხელ-პირის დასაბანად, იმან კი, წყლის დასხმის მაგივრად, კოკა ხელიდან გააგდო და კისერში ჩააფარა: გუშინ ამ ვაჟბატონმა მიქარაო. რაო?! – სვანებმა. საწყალი ბიჭი გადახტა და გაიქცა, მაგრამ სვანეთში სად გაასწრებდა. მოჰყავთ და დასძახიან, პაპაჩვენის საძვალეზე უნდა დაგაკლათო. ის კი ეხვეწება, არ მომკლათო. განაჩენის დროს, ჩვენმა მასპინძელმა, რომელსაც „ევროპეისკი სვანს” ვეძახდით სამეგობროში, განაჩენის სახით გამოუცხადა: ბიჭო, არ გკლავთ, ქუთაისიდან „პუტანკა” გვყავდა ამოყვანილი და ის დაგიწვინეთ, მაგრამ, ისე ძმაო, შენ კაცი არ ყოფილხარ, ამდენი ხანი როგორ მოითმინეო.

ერთადერთი

სიამოვნება

ქუთაისში ვმუშაობდი. ჩვენი დაწესებულების ფანჯარასთან ვდგავართ, გვერდით თანამშრომელი – ტარიელი მიდგას. გავიხედე და, ვხედავ, შენობისკენ ძალიან უხერხული ნაბიჯებით მოემართება ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა. ბიჭო, ტარიელ, რა სჭირს ამას-მეთქი – ვკითხე, – მაგას, ბატონო გოჩა, ტუფლები უჭერსო, მივიღე პასუხად. იმდენად სერიოზულად მითხრა, გულწრფელად შევიცხადე – მერე ერთი ზომით დიდს ვერ იყიდის-მეთქი? იცით რაშია საქმე? მაგას გოგო და ცოლი ბოზები ჰყავს, ბიჭი – მორფინისტი და, ერთადერთ სიამოვნებას ისღა ანიჭებს, სახლში რომ მივა და ტუფლებს გეიხდისო, – გაიკრიჭა ტარიელა.

ნაბახუსევი გურული

ეს ამბავი გურიაში მოხდა. მისი მთავარი გმირი ნაბახუსევზე მეზობელთან გადავიდა და უთხრა: ბიჭო, ზურია, ასი გრამი არაყი გექნება, დამალევინეო. არ მაქვსო, – მიიღო პასუხად. კარგი, მაშინ არაყს ლევანიეს ვეტყვი, შენ მჟავე გამეიტანეო. ამაზეც ხელები გაასავსავა ზურიამ. ჯანდაბას, ერთი ღერი სიგარეტი მომაწევინე და მოვნახავ ჩემს გზასო, – არ მოეშვა. არც სიგარეტი მაქვსო, – იყო ზურიას პასუხი. ჭიშკარი ჩამოხსენი, ვინმეს მოსახლე არ ეგონო, შენი ოჯახი დეიქცა, რავა აფერი არ გაქვსო, – გაწიწმატდა ნაბახუსევი გურული.

მარტოდმარტო მოქეიფე

მეგობარი მყავს, კახა ალანია, ექიმი კაცი. გული აწუხებს და დედამისისგან გაფრთხილებული ვართ – ხმას არ გაგცემთ, კახა რომ კიდევ დასალევად წაიყვანოთო. ერთხელაც, რამდენიმე დღე მოგვიხდა გადაბმა. მეხუთე დღეს მცხეთაში განვაგრძეთ ქეიფი. უცებ, რეკავს კახას ტელეფონი და ყურმილი რომ აიღო, გვესმის: ჰო, დედა!.. ჩვენ უცებ გავცივდით. იქიდან, ალბათ, ჰკითხა – სად ხარო, რადგან კახამ – მცხეთაში ვქეიფობო, – უპასუხა. ამას მოჰყვა ჩამოთვლა ვინ და ვინ ვართ და... მე შემომხედა – გავაქნიე ხელები ნიშნად იმისა, აქ არ ვარ-მეთქი; გახედა შემდეგს – იმანაც იგივე; მოკლედ, ხუთნი ვიყავით და ყველამ ხელები გავასავსავეთ. კახამაც არ დააყოვნა და ყურმილს ჩასძახა: მარტო ვზივარ, დედა, მარტო ვქეიფობო.


скачать dle 11.3